Home რუბრიკები საზოგადოება “ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრს ჰქონდა განცდა, რომ ხელისუფლებას დაავიწყდა სამეგრელო და...

“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრს ჰქონდა განცდა, რომ ხელისუფლებას დაავიწყდა სამეგრელო და მეგრელები”

1041

ქვეყანაში მორიგი საპარლამენტო არჩევნების წელია. ასეთ დროს მოსახლეობას უკვე ჩავლილი არჩევნები ახსენდება. ერთ-ერთი საარჩევნო წელიწადი, რომელიც მართლა არასოდეს დაავიწყდებათ, 2003-ია, წელი, როდესაც “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში “ვარდების რევოლუციით” მოვიდა.

სააკაშვილმა და მისმანაცმოძრაობამტერორით, ძალადობით, მუქარითა და სისხლით ცხრა წლის განმავლობაში შეინარჩუნა ხელისუფლება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დაზარალებული ოჯახების უმრავლესობა სამეგრელოდან არის. საზოგადოებისთვის ცნობილია .. კასრების საქმე, რომელიც სწორედ სამეგრელოშია ჩადენილი და ამ კასრებში ნაპოვნ ვიდეოკადრებზე ადამიანების მიმართ უსასტიკესი მოპყრობაა აღბეჭდილი. ყველასთვის არის ცნობილი ახალაიების კლანი, რომლის ხსენება დღემდე შიშის ზარს სცემს სამეგრელოს მოსახლეობას, რაც იმაზე მეტყველებს, რომნაცმოძრაობასსამეგრელოში მხარდამჭერები დღესაც ჰყავს.

 “ნაცმოძრაობასგარკვეული მხარდაჭერა (სხვადასხვა მონაცემით, 10-15-პროცენტიანი) აქვს თავისი აქტივის, კომპრომატებით გამოჭერილი, ფინანსურად დამოკიდებული თუ ტვინგამორეცხილი ამომრჩევლის ხარჯზე. ბუნებრივია, ამ პარტიისა და სახელმწიფო აპარატის ბევრი მოქმედი და ყოფილი წევრი, რომლებსაც, მიუხედავად საკმარისი სამხილებისა, არავინ დააკისრა პასუხისმგებლობა და ბევრი დააწინაურეს კიდეც, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავებინაცმოძრაობისმხარდამჭერები არიან როგორც სამეგრელოში, ასევე სხვა რეგიონებშიც.

იმაზე, თუ რა ხდება საკუთრივ ზუგდიდში, გვესაუბრება ზუგდიდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი გელა კვიკვინია დაოცნებისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბატონი მერაბ ქვარაია.

გელა კვიკვინია:

_ “ოცნების” ხელისუფლების უეფექტო მუშაობამ ხალხს იმედი გაუცრუა. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში სამეგრელოში ხორციელდებოდა ან პიარდებოდა რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი. დაიწყო კურორტ ანაკლიისა და განმუხურის მშენებლობა, რომელსაც მოჰყვა ტურისტების ნაკადის ზრდა, პიარდებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება… გაშენდა თხილის პლანტაციები და ამ მცენარის მოყვანით მიღებული შემოსავალი საკმაოდ სტაბილური იყო. დაიწყო, ასევე, კენკროვანი ხილის მოშენება. მოსახლეობა ასეთ პროექტებს იმედით უყურებდა და ფიქრობდა, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კი ვერ განაგრძო “ნაცმოძრაობის” მიერ დაწყებული ვერც ერთი პროექტი. ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მხოლოდ ახლა იწყება საუბარი, ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა, არც ანაკლიასა და განმუხურს შემატებია რაიმე ღირებული.

მოსახლეობა ვერ იღებს შემოსავალს თხილიდან, რომელიც ბოლო წლებში სხვადასხვა მავნებლის ზემოქმედების გამო დაბალხარისხიანი და, შესაბამისად, დაბალშემოსავლიანი შეიქნა. წელს თხილის ხარისხი და ფასი უპრეცედენტოდ დაბალია. ამას მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული კლანების თხილის ბაზარზე თამაშსა და სხვადასხვა გარიგებას აბრალებს. ვერ გეტყვით, მართალია თუ არა ეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გალიდან შემოტანილი თხილის ფასით ქართული თხილის ფასის გარკვეული რეგულაცია მართლაც ხდება.

ამასთანავე, ძალიან ცუდად იმუშავეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა. თხილისა და სხვა სასოფლოსამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ მასობრივი პროგრამების განსახორციელებლად თითქმის არაფერი გაკეთებულა. შარშან მოისპო ენდემური კოლხური ბზა და გარემოს დაცვის სამინისტრო მხოლოდ შორიდან შეჰყურებდა ამ ეკოლოგიურ კატასტროფას.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრს ჰქონდა განცდა, რომ ხელისუფლებას დაავიწყდა სამეგრელო და მეგრელები. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიაზეც აისახება და სწორედ აქედან მომდინარეობს გულგატეხილობა და, ასე ვთქვათ, “ნოსტალგია” “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ.

“ჩემი შტაბის ხელმძღვანელი გრიგოლ მიქავა არასოდეს ყოფილა “ნაცმოძრაობის” წევრი”

მერაბ ქვარაია:

 _ ბატონო მერაბ, რით ახსნით თვალსაზრისს, რომნაცმოძრაობასსამეგრელოში მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე სხვა რეგიონებში?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ 2003 წლის რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა რატომღაც გადაწყვიტა, სამეგრელო მისი დასაყრდენი ყოფილიყო და “ნაციონალური მოძრაობა” აქ პოზიციების “გამყარებას” შეეცადა. რეგიონში მათ დაიწყეს ყველა ასაკის, ყველა კატეგორიის ადამიანებზე ზემოქმედება. მათი მთავარი მიზანი იყო სამეგრელოს დამორჩილება და ეს იყო ხილული თუ უხილავი წნეხი ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ყველაზე მეტად სამეგრელო დაიჩაგრა და ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ რეგიონში დააპატიმრეს.

ამას სტატისტიკური მონაცემები მოწმობს.

მე 2005 წელს დამაპატიმრეს ისეთი აბსურდული ბრალდებით, რომლის თავსა და ბოლოში თვითონაც ვერ გაერკვნენ, მაგრამ 2012 წელს გავთავისუფლდი _ მას შემდეგ, რაც სრულად მომახდევინეს სასჯელი. სამეგრელოში რომ ჩამოვედი, ხალხი დაზაფრული იყო, ადამიანები ერთმანეთს ვერ ანდობდნენ გულის ნადებს. ეს იყო საკონცენტრაციო ბანაკის ტიპის ტერიტორია. შემდეგ გაიმართა 2012 წლის არჩევნები, რომელშიც აქტიურად ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ იყო რეკვა, მუქარა, დაბარებები და წნეხის კასკადი. რაც შეეხება 2012 წლის არჩევნების შედეგებს, მათ ეს გამარჯვება გაყალბებით, დაშინებით, ძალოვანების ზემოქმედებით მოიპოვეს. 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში სხვა რეალობა დადგა. “ქართულმა ოცნებამ” ადამიანების თავისუფლების მხრივ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა და ეს ტალღა მოვიდა სამეგრელოშიც. სწორედ ასეთ გარემოში ჩატარებულ არჩევნებში შეძლო “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს _ საპრეზიდენტო და 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება. ანუ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში იმარჯვებდა მაშინ, როცა არ იყო თავისუფალი გარემო, მაგრამ, როგორც კი ხალხი გათავისუფლდა, “ქართულ ოცნებას” არც ერთ არჩევნებში არ გასჭირვებია გამარჯვება.

_ ის, რაც სამეგრელოში ხდებოდა, ყველასთვის ცნობილია. თუმცა დღეს, ბევრი ექსპერტის აზრით, “ნაცმოძრაობასყველაზე მეტი მხარდამჭერი სამეგრელოში ჰყავს. ამას რით ახსნით?

_ არჩევნებზე ყოველთვის არის “საჭიდაო”, მაგრამ მაინც ვფიქრობ, საუბარი ნაცების შესაძლებლობებზე სამეგრელოში გადაჭარბებულია…

_ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. საქმე ის არის, რომ ზუგდიდში მოსახლეობა დღემდე საუბრობს შიშზე, რომლის გაქრობაცოცნებამვერ შეძლო. საუბრობენ იმაზეც, რომ სამეგრელოს პოლიციაში, და არამხოლოდ იქ, დღემდე რჩებიან თანამდებობებზე ის თანამშრომლები, რომლებიც თავის დროზე ადამიანებს აშინებდნენ და მათ წამებასაც არ ერიდებოდნენ. მათ შორის ასახელებენ თქვენი შტაბის უფროს გრიგოლ მიქავას. შემიძლია დაგისახელოთ კიდევ რამდენიმე ადამიანი. მაგალითად, სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, ვინმე ხურცილავა, რომელიც დღეს სამეგრელოს გუბერნატორის _ ლევან შონიას მარჯვენა ხელია. ეს პიროვნება შემჩნეულია ადამიანების წამებაში. ხურცილავას მოადგილეა გია ფაჩულია, რომლის გვარიც საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის, მკვლელობის საქმეში ამოტივტივდა. ვინმე შოთა წიწავა ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების რაზმიდან გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც თბილისში ყველა მიტინგის დარბევასწარმატებითგაართვა თავი და დღემდე სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს თანამშრომელია. ფოთის ძალოვან სტრუქტურაშია გადაყვანილი ახალაიების კლანის წევრი, მეტსახელადლოქო”, ადამიანი, რომელსაცგაუპატიურებების სულისჩამდგმელადმოიხსენიებენ. ამას გარდა, დააწინაურეს ისეთი კადრები, რომლებიც 2012 წელს არჩევნებშინაცმოძრაობისწარუმატებლობის შემდეგ ცრემლს ვერ იკავებდნენ. მაგალითად, ზურგის სამსახურის .. -4-ის თანამშრომელი გერონტი შამათავა, აგრეთვე, მალხაზ ფიფია. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომლებიც დღემდე შიშის ზარს სცემენ სამეგრელოს და, კერძოდ, ზუგდიდის მოსახლეობას.

 _ ჩემი შტაბის ხელმძღვანელი გრიგოლ მიქავა არასოდეს ყოფილა “ნაცმოძრაობის” წევრი.

“ქართული ოცნების” პოლიტიკა დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებების დაცვაზეა აგებული. თუ პარტიული კუთვნილების გამო ადამიანები სამსახურიდან არ გაუშვიათ, ეს გასაგებია. სამსახურიდან უნდა წასულიყვნენ და, საერთოდ, საჯარო სექტორი უნდა დაეტოვებინათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული, გარეული იყვნენ მანკიერებებში, იმ სიბინძურეში, რომელიც ხდებოდა საქართველოში. მერწმუნეთ, ამ მახინჯი სისტემიდან თუ ვინმე შემორჩა საჯარო სექტორს, შეიძლება გვიან, მაგრამ სამართალი აუცილებლად დაეწევა.

_ მცირე დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი გამეგო, რომლებიც წამებასა და ძალადობაში არიან ეჭვმიტანილნი და დღემდე თანამდებობებზე სხედან. სამწუხაროა, ამ საკითხით თქვენ რომ არ დაინტერესდით. ზუგდიდში არიან პოლიციელები, რომლებიც დაისაჯნენ, მაგრამ ახლა უკვე თავისუფალნი არიან და ისევ მუქარით ცდილობენ ხალხის დაშინებას. მაგალითად, ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია სოფლის მოსახლეობას, მათ შორის, რწმუნებულსაც, ემუქრება, რომ ფეხებს დაამტვრევს, თუოცნებისსასარგებლოდ იმუშავებსამის მოწმეებიც არიან.

_ ვისაც რაიმე დანაშაულში აქვს ხელი გასვრილი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. საზოგადოების მხრიდან მართლაც არის მოთხოვნა სამართლის სწრაფად აღსრულებაზე, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ _ უდანაშაულო ადამიანები არ უნდა დაისაჯონ, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც დაუშვა წინა ხელისუფლებამ. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ძებნილია, ყოფილი პრემიერმინისტრი სასჯელს იხდის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი გისოსებს მიღმაა… მერწმუნეთ, კანონს ვერავინ დაემალება. მთავარია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქმნის სახელმწიფოს, რომელშიც კანონი უზენაესია.

_ სამეგრელოში მცხოვრები გლეხი ძირითად შემოსავალს თხილიდან იღებს, რომელიც წელს გაფუჭდა. თხილს, რომლის იმედიც ჰქონდათ და რომელიც შარშან ცხრაათი ლარი ღირდა, წელს ჩალის ფასიც არ ღირს. ამჟამინდელი ხელისუფლება მოსახლეობას არ დახმარებია, ზარალი როგორმე რომ შეემცირებინა. თქვენი აზრით, როგორ მოიქცეოდნენ და რას გააკეთებდნენ წინასაარჩევნოდ დაზარალებული გლეხებისთვის ნაციონალები?

_ ყველაზე დიდი უბედურება იყო ის, რომ წინა ხელისუფლებას ყველაფერი არჩევნებზე ჰქონდა გათვლილი. რას გააკეთებდნენ, არ ვიცი, მაგრამ ხელოვნურად რაღაცის შეცვლა ყოველთვის უარესი შედეგის მომტანია.

_ ფიქრობთ თუ არა სუბსიდირებაზე? როდესაც კახეთში ვენახი ფუჭდება, სახელმწიფო გლეხებს ეხმარება. თქვენ თუ გაქვთ ასეთი რამ გეგმაში?

_ თხილთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელიც ერთადერთი შემოსავალია მეგრელი გლეხისთვის, ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა. მიმდინარეობს კვლევა, რათა თხილის გაფუჭების მიზეზი დავადგინოთ და თხილის პლანტაციებს ვუშველოთ. ამის შემდეგ შევძლებთ სუბსიდირებასაც და სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება გლეხებს. მთავარია, დავადგინოთ მიზეზი და გლეხები რეალურ და ქმედით ხელშეწყობას სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იგრძნობენ.

_კულუარებში ამბობენ, რომოცნებადა ნაცები მოლაპარაკებულნი არიან, ზუგდიდში, ქალაქის საარჩევნო ოლქში თქვენ გაიმარჯვებთ, ხოლო რაიონულ ოლქში _ სანდრა რულოვსი. ამ ეჭვს ისიც ადასტურებს, რომ ზუგდიდის რაიონშიოცნებისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია არ აქტიურობს, ხოლო ქალაქ ზუგდიდში _ ნაცების კანდიდატი ლევან კონჯარია. გარდა ამისა, თქვენზუგდიდობისდღესასწაულზე სანდრა რულოვსს სახალხოდ ხელი ჩამოართვით და განაცხადეთ, რომ უნდა შერიგდეთ და წარსული უნდა დაივიწყოთ. წარსულის დავიწყებაზე არა მხოლოდ თქვენ, არამედ ქვეყნის პრემიერიც საუბრობს.

_ ეს მორიგი ჭორია. ამაზე საუბარიც არ ღირს. ედიშერ თოლორაია აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევა და მისი შეხვედრები ხალხმრავლობით გამოირჩევა. საზოგადოება კეთილგანწყობილია ჩვენ მიმართ, რაც წინასაარჩევნოდ გვიქმნის იმ სურათს, რომ 8 ოქტომბერს დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

რაც შეეხება სანდრა რულოვსისთვის ხელის ჩამორთმევას, ნურავინ დამძრახავს კოლხ კაცს, რომ ქალის გამოწვდილ ხელს ხელი შევაგებე. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ამას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მართალია, შერიგება აუცილებელია, სიძულვილის ენით საუბარი სასურველი არ არის, მაგრამ არავინ აპირებს, შეურიგდეს იმ უმსგავსობას, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა. არავინ შეურიგდება ძალადობას, ტერორს, ადამიანის უფლებების შელახვას. ყველა ადამიანი შეურიგებელი უნდა იყოს ბოროტებასთან.

_ რატომ უნდა გენდოთ ხალხი კიდევ ოთხ წელიწადს?

_ “ქართულმა ოცნებამ” მთავარ ღირებულებად აქცია ადამიანი, მან მოიტანა თავისუფლება თითოეული მოქალაქისთვის. წნეხისგან გათავისუფლდა სასამართლო, ძალოვანი უწყებები, ბიზნესი; ხორციელდება უნიკალური პროგრამები ჯანდაცვის კუთხით და ადამიანებს ავადმყოფობის ნაკლებად ეშინიათ, ჩ ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის უფასო მკურნალობის პროექტი, რომელმაც ათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. რაც შეეხება კონკრეტულად მერაბ ქვარაიას მხარდაჭერას, მინდა გითხრათ, რომ ზედმიწევნით ვიცი, რა სჭირდება ზუგდიდს, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქალაქი, რა ტიპის დახმარება სჭირდება ზუგდიდელებს. Pარჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვაპირებ, უწინდებურად ვიცხოვრო ჩემს ქალაქში, შევქმნა მაჟორიტარის ძლიერი ბიურო, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, მოგვმართოს ნებისმიერ საკითხზე. ზუგდიდმა უნდა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ჰქვია ძლიერი მაჟორიტარის ყოლა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. საბედნიეროდ, მე ვხედავ ჩემი თანაქალაქელების ნდობას და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 8 ოქტომბერს “ქართული ოცნება” და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებენ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here