Home რუბრიკები პოლიტიკა გოგი თოფაძის ანგარიში ამომრჩეველთა წინაშე

გოგი თოფაძის ანგარიში ამომრჩეველთა წინაშე

671

წერილი, რომელსაც გაზეთსაქართველო და მსოფლიოსფურცლებიდან დღეს წარვუდგენ ფართო საზოგადოებას, არის დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის ძნელად სავალ გზაზე ჩვენი პარტიის მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა და ერთგვარი პროგრამაც იმისა, თუ როგორ ვაპირებთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრასა და მოგვარებას, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

90-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა ჩვენთან ერთბაშად მომრავლებული უცხოელი მრჩევლები ჯიუტად გვიკიჟინებდნენ და გვმოძღვრავდნენ _ არ გინდათ არც საკუთარი წარმოება, არც სოფლის მეურნეობა გჭირდებათ, სატრანსპორტო დერეფნად უნდა იქცეთ, გაზსადენი თუ ნავთობსადენი გაატაროთ და ტურიზმით ირჩინოთ თავიო. სრულიად აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი წინადადებების განხორციელება ჩვენი ეკონომიკის ნგრევას გამოიწვევდა, ყოველ შემთხვევაში, არაფერ სასიკეთოს არ მოუტანდა დამოუკიდებლობის გზაზე ახალდამდგარ ქვეყანას. აშკარა იყო ისიც, რომ პატივცემულ მრჩევლებს თავიანთი ინტერესები ამოძრავებდათ და საქართველოს ავ-კარგი არ ადარდებდათ.

იმ დროს საქართველოს მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე გახლდით, რომელშიც თითქმის ყველა მეწარმე იყო გაერთიანებული და თითოეული მათგანი მშვენივრად აცნობიერებდა, რამდენად მცდარი და მანკიერი აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ამ თავსმოხვეული გეზის განხორციელება. მაშინ ბევრი ვიკამათეთ, ვიბრძოლეთ, აშკარად დავუპირისპირდით ამგვარი “კეთილისმსურველების” პოლიტიკას, რომლის მძიმე შედეგები შემდგომში ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ საკუთარ თავზე იწვნია. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის მიზანმიმართული ნგრევა, რომელიც ორი ათწლეული გაგრძელდა და, რამდენადაც მრეწველთა კავშირს არანაირი რეალური ბერკეტი არ გააჩნდა ვითარების გამოსასწორებლად, გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა პოლიტიკური პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ხედვა, რომელიც თავისთავად იმ ანბანურ ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუძლებელია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე და ნებისმიერი სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, უწინარეს ყოვლისა, მისი მოსახლეობის ნებას უნდა გამოხატავდეს, გაიზიარეს ამომრჩევლებმა და 1999 წლის აპრილში დაფუძნებულმა პარტიამ ხუთიოდე თვის შემდეგ პარლამენტში არჩევისთვის საჭირო შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახა მაშინდელი მართლაც რომ დაუნდობელ და უთანასწორო პოლიტიკურ დაპირისპირებათა პირობებში. “მრეწველები” ერთადერთი ოპოზიციური ძალა ვიყავით იმ მოწვევის პარლამენტში, რომელშიც ორი სახელისუფლო პარტია _ “მოქალაქეთა კავშირი” და “აღორძინება” დომინირებდა, მაგრამ ძალთა ამგვარი განაწილების პირობებშიც არ შეგვიწყვეტია ბრძოლა, პარლამენტის ტრიბუნიდან ხმამაღლა ვლაპარაკობდით იმ ნეგატიურ მოვლენებსა და ტენდენციებზე, რომლებიც სერიოზულად აბრკოლებდა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენი აქტიურობა, უწინარეს ყოვლისა, საკანონმდებლო საქმიანობისკენ მივმართეთ: დავწერეთ ახალი საგადასახადო კოდექსი, რადგან არსებული აბსოლუტურად მიუღებელი იყო როგორც წარმოების, ისე სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გატანა პარლამენტში მხოლოდ პირველი მოსმენით მოხერხდა. მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის ჩვენს მცდელობას, ისევ გარეშეთა გულის მოგება და მათი ინტერესების ლობისტობა ამჯობინა.

იმ მოწვევის პარლამენტში მაინც შვძელით ჩვენ მიერ ინიცირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონის ამოქმედებისთვის მიგვეღწია. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ ხეტყის ბარბაროსული ჭრისა და დაუმუშავებელი მორების ქვეყნიდან გატანის აკრძალვა. მეოცე საუკუნის ბოლოს, მართლაც მხოლოდ ველურობის გამოხატულებად თუ ჩაითვლებოდა საქართველოს ტყის საფარის ასეთი მიზანმიმართული განადგურება. მით უმეტეს, რომ დამუშავებული ხის მასალის ექსპორტი შვიდჯერ თუ რვაჯერ უფრო მომგებიანი იყო და არის ქვეყნის ბიუჯეტისთვის.

პარტიამ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და, იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა სახელმწიფო რესურსს იყენებდა ერთპარტიული პარლამენტის ჩამოსაყალიბებლად და ამას არც მალავდა, ხალხის მხარდაჭერით, რომელმაც მოიწონა ჩვენი სამოქმედო პროგრამა და დადებითად შეაფასა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში “მრეწველი დეპუტატების” საქმიანობის შედეგები, კვლავ გადავლახეთ დაწესებული საარჩევნო ბარიერი. იმ მოწვევის პარლამენტში ჩვენ კვლავ დავრჩით ერთადერთ პოლიტიკურ ძალად, რომელიც მმართველ პარტიას სერიოზულ ოპონირებას უწევდა. მაგრამ 235-კაციან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თანაც იმდროინდელ ურთულეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში “მრეწველთა” 10-კაციანი ფრაქცია ბევრს ვერაფერს მოახერხებდა. ცდას, რა თქმა უნდა, არ ვაკლებდით, უამრავი საჭირბოროტო თემის, უამრავი მწვავე საკითხის გახმიანებაც ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. როცა დავრწმუნდი, რომ მმართველი გუნდის “მონოლითური ერთობა” არაფრის გაგონებას არ აპირებდა, საკუთარი განცხადებით ვთქვი უარი საპარლამენტო მანდატზე.

შემდეგ უკვე 2012 წელიც დადგა. გამოჩნდა ადამიანი, მამულიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც სრულიად წარმოუდგენელი რამ გააკეთა. პირადად მე ნამდვილად ვერ ვხედავ სხვა პიროვნებას საქართველოში, რომელსაცნაცმოძრაობისბაკქანალიის აღკვეთა შეეძლო. თუ მართლაც მოკლე მეხსიერება არ გვაქვს, უნდა ვაღიაროთ, რომ ყოფილი ხელისუფლება ყოვლად უღირსი, დანაშაულებრივი მეთოდებით მართავდა ქვეყანას და უფსკრულისკენ მიაქანებდა მას. გაჩნდა გადარჩენის, სასიკეთო შემობრუნების იმედი და მრეწველთა პარტიაც “ოცნების” კოალიციაში გაერთიანდა. რა თქმა უნდა, კოალიციის სუბიექტების პოლიტიკური ორიენტაციები ამ გაერთიანებას საფუძვლად არ დადებია და არც საამისოდ წინაპირობა ყოფილა. მთავარი იყო უკვე სრულიად აუტანელი ვითარების შეცვლა, არსებული სისტემის დემონტაჟი და მაინცდამაინც ამან განაპირობა გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული ხედვის მქონე პოლიტიკური ძალების ერთად დგომა.

2012 წლის საარჩევნო პერიპეტიები ყველასთვის ცნობილი შედეგით დასრულდა, და “მრეწველებიც” უკვე კოალიციური უმრავლესობის ფარგლებში ვცდილობდით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტების შემუშავებას. ჩვენმა ფრაქციამ და იმ კომიტეტმა, რომელსაც ზურაბ ტყემალაძე, ედგა სათავეში, ძალიან ბევრი ეკონომიკური თუ სხვა საჭირბოროტო მიმართულების ინიციატივა მოამზადა და გაიტანა კიდეც. სწორედ ჩვენი ინიციატივით მოხდა, რომ ამ, ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში, სადაც ადგილობრივ ფერმერსაც აკლია სახნავსათესი სავარგული თუ საქონლის საძოვრები, გამოცხადდა უცხოელებისთვის სასოფლოსამეურნეო მიწის მიყიდვის მორატორიუმი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ კანონის ამოქმედება შეაჩერა და საკითხი ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი.

როცა გაჩნდა საფრთხე, რომ კოალიციის წევრ ერთ-ერთ პარტიას უნდა წარმოედგინა საკანონმდებლო ინიციატივა ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით, სწორედ ჩვენი ფრაქცია დაუპირისპირდა მას და სასწრაფოდ მოითხოვა საწინააღმდეგო ნორმის დაფიქსირება კონსტიტუციური კანონის დონეზე.

ჩვენი ინიციატივით მომზადდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რამაც საგრძნობი შეღავათი მოუტანა ზოგადად ბიზნესს.

მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩემი საკანონმდებლო ინიციატივით აიკრძალა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანა და წარმოება საქართველოში, ასევე, მსგავსი პროდუქციის შემოტანა სათანადო მარკირების გარეშე. ასეთი გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევები ადასტურებს, თუ რა ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის გენმოდიფიცირებულ საკვებსა და ცოცხალი სათესლე მასალის გამოყებენით მოწეულ პროდუქციას. იმავე კვლევებით დამტკიცდა, რომ ასე მომრავლებული და საუბედუროდ გაახალგაზრდავებული გულ-სისხლძარღვთა თუ ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ რისკფაქტორთა შორის მსგავსი საკვების მოხმარებაც შედის. მსოფლიოში ამის საწინააღმდეგოდ მილიონიანი საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა, ჩვენთან კი ვითარება სრულიად უკონტროლო იყო და თვითდინებაზე მიშვებული რჩებოდა წლების განმავლობაში.

ამ მიმართულებით წარმართული ჩვენი საქმიანობის პირველ ეტაპზე მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, ყველა სავაჭრო ობიექტში ცალკე განთავსდა გენმოდიფიცირებული ნაწარმი შესაბამისი წარწერებით. უკვე სავალდებულოდ იქცა მათი მარკირება, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებისა და სავალალო შედეგებისგან მისი დაცვის აუცილებელი წინაპირობაა. ამის კვალზე მივიღეთ მეორე, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი, რომლის თანახმად ჩვენთან ვერ შემოიტანენ გენმოდიფიცირებულ ცოცხალ ორგანიზმებს (სათესლე მასალას). ამგვარი აკრძალვა ბევრ ქვეყანაში კანონითაა დადგენილი.

უნდა გავიმეორო, რომ მრეწველთა ფრაქციამ და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა, ზურაბ ტყემალაძის ხელმძღვანელობით, ბოლო მოწვევის პარლამენტში, ალბათ, ყველაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენა.

ოპონენტების კიჟინისა და ზოგიერთი წამყვანი ტელეარხის აშკარად მიკერძოებული პოზიციის მიუხედავად, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბოლო ოთხ წელიწადში ახალმა კოალიციურმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოახერხა. უპირველეს ყოვლისა, უარი თქვა მმართველობის დესპოტურ მეთოდებზე, რომლებითაც ყოფილი ხელისუფლება განახორციელებდა ტერორს საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ძალადობას ლამის უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანად აქცევდა.

უამრავი რამ გაკეთდა ბიზნესის გათავისუფლების თვალსაზრისითაც. ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ ცოტა ხნის წინათ ქვეყნის მოსახლეობის 12 პროცენტი ან პატიმარი იყო, ან პრობაციონერი.

დაიგო გზები, აშენდა ახალი საწარმოები, შეიქმნა არაერთი ფონდი, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა “აწარმოე საქართველოში”, თანადაფინანსების ფონდი და სხვ. ჯერ, ალბათ, ადრეა სოფლის მეურნეობის საბოლოო აღორძინებაზე ლაპარაკი, მაგრამ დღეს არაერთი პროგრამა, არაერთი შეღავათიანი პირობა გაუჩნდათ ფერმერებსაც და მეწარმეებსაც საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად.

ცალკე თემაა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გამართული სხვადასხვა დონის დემოკრატიული არჩევნები, რომლებიც ყოველგვარი დარღვევის გარეშე ჩატარდა.

გაიზარდა ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, განსაკუთრებით _ ჩვენს უნიკალურ მთიანეთში, სადაც არაერთი თანამედროვე დონის სასტუმრო აშენდა.

დიდი ნაბიჯი გადაიდგა მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის დამკვიდრებით. თუ სულ ცოტა ხნის წინათ ჩვენი მოქალაქეები ვერ ახერხებდნენ ძვირად ღირებული ოპერაციების გაკეთებას, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

ათწლეულობით დაგროვილი პრობლემებისა და ამდენი დაკარგული დროის მიუხედავად, გასულ ოთხ წელიწადში მაინც ბევრი რამ მოესწრო, და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება; მომავალი ოთხი წელი უფრო ნაყოფიერი და წარმატებული უნდა გამოდგეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველაფრის მოსწრებას, კოალიციის ყველა დანაპირების შესრულებას, წინამორბედი ხელისუფლების დანატოვარმა დიდმა ვალებმაც და დაცარიელებულმა ხაზინამაც შეუშალა ხელი. მილიარდზე მეტი დოლარი დაგვრჩა გასასტუმრებელი იმ დროიდან, როცა ძალიან ბევრ სუბიექტს წინსწრებით ახდევინებდნენ გადასახადებს.

თუ ვინმე შეგნებულად არ იბრმავებს თვალს, უნდა აღიაროს, რომ ქვეყანა დაწყნარდა, ხალხს აღარ ეშინია არც კრიტიკული აზრის გამოთქმის, არც თამამად ლაპარაკის და არც სამეურნეო საქმიანობის წამოწყებაწარმართვის. ეს უკანასკნელი უაღრესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა ყველაზე მტკივნეული პრობლემის _ ხალხის დასაქმების მოსაგვარებლად. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების გარეშე, სხვა ვერაფერი მოიტანს იმ შედეგს, რომელიც ერთნაირად სასურველია ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენი დიდი წინაპრებიც _ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვები ყოველთვის ხაზგასმით იმეორებდნენ, რომ მხოლოდ წარმოების განვითარება, სიფლის მეურნეობის აღორძინება, ახალ-ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა ჩააყენებდა საქართველოს მოწინავე ქვეყნების რიგში. მხოლოდ ამ გზით მოხერხდება დღევანდელ პირობებში მილიონზე მეტი იმ ჩვენი თანამემამულის სამშობლოში დაბრუნება, იმ ადამიანების, რომლებიც ბოლო წლების კატაკლიზმებმა იძულებით ლტოლვილებად აქცია. ქართველი კაცისთვის ოჯახი უპირველესი ფასეულობაა და, როცა ოჯახის რჩენას აქ ვერ ახერხებს, უცხოეთში გარბის, რათა იქიდან სცადოს თავისიანების პატრონობა. არადა, უცხო ქვეყნებიდან ეს ფულადი გზავნილები თითქმის უთანაბრდება ჩვენს ბიუჯეტს.

ახალი არჩევნების წინ კოალიცია უწინდელი სახით უკვე აღარ არსებობს და ეს, ალბათ, ბუნებრივიცაა. ცივილიზებულ ქვეყნებში კოალიცია მაშინ ყალიბდება, როცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებენ და მხოლოდ პარლამენტში შესულები იწყებენ კოალიციურ რეჟიმში საქმიანობას.

ჩვენთან ასე არ მომხდარა და სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ გაირკვა, რომ რიგ მნიშვნლოვან საკითხში, როგორიცაა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, თუნდაც იმავე ერთნაირ სქესიანთა დაქორწინებისა თუ იმპორტირებული სურსათის უვნებლობის თემები _ ერთმანეთისგან განსხვავებულ აზრზე ვიდექით. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა კოალიცია, ცალკე მიგვეღო მონაწილეობა მომავალ არჩევნებში და უკვე ახალ პარლამენტში გვეფიქრა ძალთა ახლებურ დაჯგუფებაზე.

კოალიციის დატოვების შემდეგ მოლაპარაკება გავმართეთ რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან, რომლებიც უცხოეთიდან არ იმართებოდა და რომელთა პოზიციაც ქართულად მივიჩნიეთ. საბოლოო ჯამში შევქმენით ახალი ბლოკი ძალიან საინტერესო, შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკურ პარტიასთანჩვენი სამშობლო”. ეს პარტია, საკმაო ხანია, საქართველოში აქტიურობს და ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაც მოასწრო _ იყო ეს ქველმოქმედება თუ ეკლესიების აღდგენა-აშენება. ისიც უთუოდ აღსანიშნავია, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ზვიად ჩიტიშვილი, ისევე, როგორც მისი პარტიის არაერთი სხვა წევრი, თავის დროზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, სადაც ბევრი თანამებრძოლი დაკარგეს. მათ ოჯახებს “ჩვენი სამშობლო” დღემდე არ აკლებს მზრუნველობას. ჩვენი შეხედულებები ბევრ საკითხში სრულად დაემთხვა ერთმანეთს და იმედი გვაქვს, სამომავლოდ ქვეყნისთვის სასარგებლო არაერთი საქმის გაკეთებასაც ერთობლივად შევძლებთ.

აქვე შევნიშნავ, რომ ზოგიერთი ოპონენტი უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების საქმიანობას ამრეზით უყურებს. კატეგორიულად არ ვეთანხმები ასეთ ობივატელურ პოზიციას. დასაძრახი არაფერი სჭირთ ასეთ ადამიანებს, მათ შორის, ბიზნესმენებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, გასცლოდნენ ყოფილი ხელისუფლების ტოტალური ძალადობის რეჟიმს, დაფუძნებულიყვნენ უცხოეთში, იქ გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა და ქველმოქმედება საქართველოში დარჩენილი თანამოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების დასახმარებლად.

ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ზვიად ჩიტიშვილიც ამ კატეგორიის ბიზნესმენია, საქვეყნო საქმისთვის თავგადადებული მოღვაწეა. საქველმოქმედო საქმიანობასთან ერთად იგი და მის მიერ დაარსებული პარტია “ჩვენი სამშობლო” აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების შედეგად ჩვენი ხალხების ერთგვარი გაუცხოების დაძლევაში, ხოლო ქართულ-ოსური ორგანიზაცია “გროსი” (რომელიც, აგრეთვე, მისი დაარსებულია), ჩართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგების, უწინარესად, კულტურული და საქმიანი კავშირების აღდგენის საქმეში სახალხო დიპლომატიის მეშვეობით.

რამდენიმე სიტყვით შევჩერდები ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. ამ საკითხის გამო, მეც და მთლიანად ჩვენს პარტიასაც პრორუსულობის იარლიყი მოგვაწებეს და თან სწორედ იმათ, ვისი მმართველობის დროსაც საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი დავკარგეთ, ხოლო ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი დარგები თუ მიმართულებები რუსული კერძო კაპიტალის საკუთრებაში გადავიდა.

ამის მიზეზად, უმთავრესად, ნატოსთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები იქცა. უკვე ათ წელიწადზე მეტია, ჩვენს მოსახლეობას ამ თემაზე არასწორ ინფორმაციებს აწვდიან. არადა, რეალობა სრულიად განსხვავებულია. ჩვენ ნატოს არაერთ მარალჩინოსანს შევხვედრივათ აქაც და უცხოეთშიც, რომლებიც დიპლომატიურად, მაგრამ სრულიად გასაგებად გვეუბნებიან _ ძალიან კარგი ხალხი ხართ, შესანიშნავი ქვეყანა გაქვთ, ვაფასებთ, რომ დემოკრატიული პრინციპების დანერგვას ცდილობთ, ევროკავშირისკენ გაქვთ გეზი აღებული, მაგრამ ნატოში ვერ მიგიღებთო. სხვათა შორის, არც ამის მიზეზებს მალავენ მაინცადამაინც. ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ ხმამაღლა განვაცხადეთ, რაც ძალიან ბევრს არ მოეწონა, თუმცა ვარშავის ბოლო სამიტმაც დაადასტურა, რამდენად გადაჭარბებულია ამ მხრივ მავანთა მოლოდინი.

არც ის მგონია პრორუსულობის გამოხატულება, თუ ქვეყნის სასიკეთოდ, რეალობას თვალს გავუსწორებთ და ვაღიარებთ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ლანძღვაგინებით მხოლოდ გულს ვიფხანთ, მავთულხლართები კი ყოველ ჯერზე ნახევარნახევარი კილომეტრით გადმოდის წინ. რეალობა ასეთია, მაგრამ არც იმის იგნორირება შეიძლება, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთი დიდი და ძლიერი სახელმწიფოა, რომლის გარეშე არაფერი წყდება დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში. საერთაშორისო დიპლომატიის ერთ-ერთი აქსიომა მტერთან დალაპარაკების უნარიცაა. დიპლომატია საკმაოდ ქმედითი იარაღია და ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა სწორედ მოლაპარაკებებით გადაწყვეტილა უმწვავესი საკითხები. მიგვაჩნია, რომ ეს უფრო სწორი მიდგომაა, ვიდრე ლანძღვა, მუქარა და ა.შ. ვერანაირი იარლიყების შიში ვერ გვაიძულებს ამ პოზიციის შეცვლას, მით უფრო მანამ, სანამ ქვეყნის უმთავრეს სატკივარად საქართველოს გაერთიანება გვრჩება.

დაბოლოს, ერთხელ კიდევ გავიმეორებ ადრე უკვე ნათქვამს: საქართველოში არსებული ყველა პრობლემის მოგვარების გზა სწორი, დამოუკიდებელი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საშინაო პოლიტიკისა და, ასევე, სწორი ეკონომიკური სტრატეგიის ჩამოყალიბებაა. მხოლოდ ასე მოხერხდება ფუჭად გაფლანგული დროის ანაზღაურებაც, ფეხზე მყარად დადგომაც და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გზაც ამის შემდეგ გამოიკვეთება.

გოგი თოფაძე,

პარტიამრეწველობა გადაარჩენს საქართველოსლიდერი, საქართველოს პარლამენტის ფრაქციამრეწველებისთავმჯდომარე

1 COMMENT

  1. აი, ეს არის რეალ- პოლიტიკის ნიმუში! აბა, ელაქუცეთ ძაღლებივით ყველას, ვინც ძვალს გადმოგიგდებთ და თქვენ თათქარიძეებივით წამოწექით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here