Home რუბრიკები ისტორია სტალინი და ჟუკოვი

სტალინი და ჟუკოვი

1713

ნაწილი II

მარშალი ჟუკოვი ამბობს: _ “დიდი სამამულო ომის ისტორია” _ ეს აბსოლიტურად მოგონილი ისტორიაა, რომელიც არ ასახავს იმ ომს, რომელიც იყო. ისტორია, რომელიც დაიწერა, “ონა ატვეჩაეტ დუხუ სოვრემენნოსტი” (ვლადიმერ ბეშანოვი, “ათი სტალინური დარტყმა”, 2003 ., გვ. 745). როგორც ჩანს, საქმე ეხება სტალინის მიერ დაწერილ წიგნსდიდი სამამულო ომისშესახებ. ვლადიმერ ბეშანოვი შენიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ დიდი სამამულო ომიდან დიდი დრო გავიდა, ამ ისტორიას ბევრი არაფერი მომატებია, გარდა მოვლენების გაყალბებისა. და იქვე მოჰყავს (გვ. 775):

“სტალინგრადის ბრძოლებში ჟუკოვის გადამწყვეტი როლის შესახებ მე ვერსად ვერაფერი ამოვიკითხე. გიორგი კონსტანტინეს ძე იქ არ ყოფილა. გენერალურ შტაბში კი ვინ რას ხაზავდა და ვინ რას ითვლიდა ან ვასილევსკის ფანქარს წვერს ვინ უთლიდა, სტალინგრადის აღებას არ ნიშნავს. ვინ შეარჩია ყველაზე კარგი ვარიანტი, ვინ დანიშნა მისი განმახორციელებლები, ვინ ახდენდა ძალთა შორის კორდინაციას? _ ეს იყო ერთი კაცი _ უმაღლესი მთავარსარდალი სტალინი.

სტალინი იყო უშუალო ავტორი სტალინგრადის გათავისუფლებისა, თუ ეს ვინმეს ძალიან აინტერესებს”.

ჟუკოვი დაუფარავად ამბობს:

“მან სრულყო და დაამშვენა სამხედრო ხელოვნების ისტორია”. და იქვე სცემს პასუხს ვლადიმერ ბეშანოვი:

_ “თუ ეს ხელოვნებაა, მაშინ რაღაა ფოლკლორი?

მაგალითისათვის ავიღოთ ბარონი მიუნჰაუზენი, რომელმაც გვაცნობა, რომ მთვარეზე გაფრინდა 1770 წელს. ნუთუ ეს რამით ამცირებს არმსტრონგის პრიორიტეტს?”

მე ჟუკოვს მიუნჰაუზენს არ შევადარებ, მაგრამ უწიგნურ კაცს, რომელმაც 20 000 წიგნის წამკითხველსა და შენიშვნების გამკეთებელს წიგნი დაუწუნა, ცოტა თუ აკლია მიუნჰაუზენამდე.

ისტორიის გაყალბებასა და ბევრი ისტორიკოსის ყბადაღებულ სიცრუეზე ბევრჯერ გამომითქვამს ჩემი მოსაზრება და დამიწერია, მაგრამ დიდი სამამულო ომის ისტორიის ფალსიფიცირება უკვე ყველაფრის საზღვარს სცილდება.

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

1. ჟუკოვი წერს, რომ სტალინი 4 საათსა და 30 წუთზე ძლივს გააღვიძეს და, როდესაც ომის დაწყება შეატყობინა, სტალინი შოკში ჩავარდა, ესმოდა როგორც მისი მძიმე სუნთქვა, ასევე ხშირი გულისცემა.

2. მოლოტოვი წერს: “გერმანიის ელჩმა საბჭოთა კავშირში _ შულენბერგმა ღამის 3 საათზე დამირეკა და სასწრაფოდ მიღება მთხოვა, რათა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი საბუთი გადმოეცა. მყისვე სტალინს დავურეკე და ვუთხარი, რომ გერმანიის ელჩმა მიღება მთხოვა, რათა ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადმომცეს.

სტალინმა მიპასუხა:

_ მან, ალბათ, ომის გამოცხადების მემორანდუმი უნდა გადმოგცეს, საერთაშორისო სამართლის ნორმები რომ არ დაარღვიონ. შეხვედრა რაც შეიძლება დაუგვიანე, ვიდრე სამხედროები ომის დაწყებას ოფიციალურად შეგვატყობინებენ”.

მოლოტოვის ნათქვამიდან გამომდინარე, ჟუკოვის მოხსენებით ომის დაწყების შესახებ სტალინი შოკში არ ჩავარდებოდა.

3. მიქოიანი იგონებს: “1941 წლის 21 ივნისს პოლიტბიუროს რამდენიმე წევრი სტალინთან კუნცევოს აგარაკზე ვიყავით, ვივახშმეთ და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. შუაღამეს გადაცილებული იუო, როცა აგარაკი დავტოვეთ”.

4. სტალინის პირადი ექიმი ვინოგრადოვი: 1941 წლის 21 ივნისის ღამეს კუნცევოს აგარაკზე სტალინთან გამომიძახეს. ოთახში რომ შევედი, სტალინი ტახტზე წამოწოლილი დამხვდა.

_ ექიმო, მიშველე რამე, სიცხისგან ვიწვი და ყელი ძალიან მტკივა.

ყელში ჩავხედე და ვნახე, ანგინა ჰქონდა, მაღალი ტემპერატურით. სტალინს ვუთხარი, რომ აუცილებლად სტაციონარში უნდა გადაგვეყვანა, მაგრამ მტკიცე უარი განმიცხადა. დავიწყე ყელის ამოწმენდა იოდის ხსნარით და მდგომარეობა ცოტა შეუმსუბუქდა. მივიღე ყველა ზომა, რაც კი იმ პირობებში შეიძლებოდა. მე აქ დავრჩები, _ მივმართე სტალინს.

_ რა საჭიროა, უკეთ ვარ. თქვენ შინ წაბრძანდით. ხვალ, მართალია, კვირაა, დასვენების დღე, მაგრამ, თუ აუცილებელი საქმე არ გაქვთ, მოსკოვიდან არ გახვიდეთ”.

და ასეთი ათეულობით მაგალითის მოყვანა შეიძლება 1941 წლის 21-22 ივნისის ღამეზე.

თუ უწინ ისტორიის წერა ფულის, სახელის, აგარაკისა და მსუბუქი ავტომანქანის მოპოვების საფუძველი იყო და სხვა არაფერი, ახლა ისტორია დაკვეთის შესრულების, სიცრუის, ფალსიფიკაციის, ზომბირებისა და ადამიანთა ტვინის გამორეცხვის საშუალებად იქცა.

ფალსიფიკაციის, თვალის ახვევის, მაამებლობის, არაკაცობისა და უმადურობის მემორანდუმია მარშალ ჟუკოვის მემუარების პირველი გამოცემა, რომლის გამოც ჟუკოვმა უამრავი შეურაცხმყოფელი წერილი მიიღო არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანებისგან, რის გამოც მოუწია მემუარების გადამუშავება და გამოშვება, მაგრამ თავისი პირველკაცობა და დამახინჯებული ფაქტები მეორე გამოცემაშიც არანაკლები დოზით წარმოადგინა.

მარშალი ჟუკოვი ამთავრებს რა საკუთარ თავზე შეთხზული ლეგენდების წერას, წიგნის ბოლო ფურცლებს (845-ე, 846-ე და 847-ე) უთმობს მემუარების შემაჯამებელ დასკვნას სათაურით “იმის შესახებ, რის გარეშეც ვერ შევძლებდით გამარჯვებას” (ვბეჭდავთ სიტყვასიტყვით _ გრ. ონიანი).

“დიდი სამამულო ომი სოციალიზმისა და ფაშიზმის უდიდესი სამხედრო შეჯახება იყო. ეს იყო საერთო-სახალხო ბრძოლა ვერაგი კლასობრივი მტრის წინააღმდეგ, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საბჭოთა ადამიანების ყველაზე ძვირფას შენაძენს _ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მონაპოვრებს, საბჭოთა ხელისუფლებას.

კომუნისტური პარტია წინ წარუძღვა ჩვენს ქვეყანას, მრავალეროვან საბჭოთა ხალხს ფაშიზმის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში. ომის პირველი დღიდან უკანასკნელ დღემდე ვმუშაობდი უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკში და ვხედავდი, რა გიგანტურ ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდნენ პარტიის ცენტრალური კომიტეტი და საბჭოთა მთავრობა, რომლებიც მტკიცედ რაზმავდნენ ხალხს და მის შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო ყაიდაზე გარდაქმნიდნენ სახალხო მეურნეობას, ყველაფერს აკეთებდნენ გერმანელ ფაშისტთა ურდოების გასანადგურებლად.

ჩვენს ძალებს აათკეცებდა სოციალისტური ერებისა და ხალხების მტკიცე ერთიანობა, მუშათა კლასისა და გლეხობის კავშირი, ყველა მშრომელის, ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის მტკიცე დარაზმულობა პარტიის ლოზუნგის, პარტიის დროშის გარშემო: “ყველაფერი ფრონტისათვის, ყველაფერი გამარჯვებისათვის!”.

საბჭოთა ცხოვრების წესის გავლენით, პარტიის უდიდესი აღმზრდელობითი მუშაობის შედეგად ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ადამიანი იდეურად დარწმუნებული თავისი საქმის სიმართლეში, განმსჭვალული სოციალისტური სამშობლოს ბედისთვის პირადი პასუხისმგებლობის ღრმა შეგნებით.

სადაც უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი _ ფრონტზე, ქვეყნის ზურგში, მტრის ზურგში, ფაშისტურ ბანაკებში თუ იძულებით სამუშაოზე გერმანიაში, ყველგან და ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რათა მოეახლოებინა ფაშიზმზე გამარჯვების საათი”.

“ვერაფერი აანაზღაურებს მსხვერპლსა და ნგრევას”, _ თქვა ლეონიდ ბრეჟნევმა თავის მოხსენებაში დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 50 წლისთავზე, _ რომელიც ომმა მოგვიტანა. მან ხალხს არგუნა მწუხარება, რომლის გამოც დღესაც არ შეშრობია ცრემლი მილიონობით დედას, ქვრივსა და ობოლს. რა უნდა იყოს კაცისთვის უფრო დიდი სატკივარი, ვიდრე ახლობლების, ამხანაგებისა და მეგობრების დაღუპვა; რა უნდა იყოს უფრო საზარელი სანახავი, ვიდრე შენი შრომის განადგურებული ნაყოფი, რომელსაც მთელი ძალ-ღონე, ნიჭი, მშობლიური მხარის სიყვარული შეალიე. რა უნდა იყოს იმაზე მწარე, ვიდრე გადაბუგული ნასახლარებიდან ავარდნილი კვამლი. ცეცხლითა და მახვილით ნაწამები, ნანგრევებად ქცეული დახვდათ შინ დაბრუნებულ საბჭოთა ჯარისკაცებს ფაშისტ ბარბაროსთაგან განთავისუფლებული ძვირფასი მიწა-წყალი.

მაგრამ რა გატეხავდა საბჭოთა ადამიანის ნებისყოფას, რა შეაჩერებდა სოციალიზმის ძლევამოსილ წინსვლას. მსხვერპლმა გული დაგვწყვიტა მაგრამ, ამასთანავე, თითოეულ საბჭოთა ადამიანს გამარჯვების სიხარულით უცემდა გული. დაღუპულთა გმირობა ძალას ჰმატებდა ცოცხალთ”.

და არავის აქვს უფლება, დაამციროს საბჭოთა ხალხის უდიდესი საბრძოლო და შრომითი გმირობა დიდ სამამულო ომში!

მე ჩემი წიგნი ვუძღვენი საბჭოთა ჯარისკაცს. მისი სისხლითა და ოფლითაა მოპოვებული გამარჯვება ძლიერ მტერზე. მან შეძლო პირდაპირ ჩაეხედა თვალებში სიკვდილისთვის, გამოიჩინა უმაღლესი მხედრული სიმამაცე და გმირობა. განუსაზღვრელია სამშობლოსთვის ჩადენილი მისი გმირობის სიდიადე. საბჭოთა ჯარისკაცმა უკვდავი ძეგლი დაიმსახურა მადლიერი კაცობრიობისგან.

ყველა რანგის ოფიცრებმა _ უმცროსი ლეიტენანტებით დაწყებული მარშლებამდე _ ბრწყინვალედ გამოიჩინეს თავი, როგორც სამშობლოს მგზნებარე პატრიოტებმა, მრავალმილიონიანი ჯარების საომარ მოქმედებათა ნაცადმა და უშიშარმა ორგანიზატორებმა. ღრმად ცდება ის, ვინც ერთმანეთისგან ყოფს საბჭოთა ჯარისკაცსა და ოფიცერს. თავიანთი წარმოშობით, აზრით, შეხედულებებითა და მოქმედებით ისინი ერთნაირად ერთგულნი და საიმედო შვილები არიან საბჭოთა სამშობლოსი.

ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში საბჭოთა კავშირის ისტორიული გამარჯვების სიდიადე არის ის, რომ საბჭოთა ხალხმა დაიცვა არა მხოლოდ თავისი სოციალისტური სახელმწიფო, არამედ იგი თავგანწირვით იბრძოდა პროლეტარული ინტერნაციონალური მიზნისთვის _ ფაშიზმისგან ევროპის ხალხების დასახსნელად.

საბჭოთა ადამიანებს არ დავიწყნიათ სხვა ქვეყნების ხალხების წვლილი საერთო მტერზე გამარჯვებაში. ჩვენს არმიას, ჩვენს ხალხს ახსოვს და დიდად აფასებს წინააღმდეგობის მებრძოლთა გმირობასა და სიმამაცეს.

საბჭოთა კავშირი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ხალხის ყოველი სწრაფვა, დიდი თუ მცირე, ემსახურება ერთ მიზანს _ ჩვენს ქვეყანაში კომუნიზმის აშენებას. ამისათვის ჩვენ ომი როდი გვჭირდება, მაგრამ, ყოველმხრივ რომ დავიცვათ საბჭოთა ადამიანების მშვიდობიანი შრომა, ჩვენ უნდა შევისწავლოთ სოციალისტური სამშობლოს დაცვის საბრძოლო გამოცდილება, ავიღოთ მისგან ყველაფერი, რაც დაგვეხმარება ქვეყნის თავდაცვის, ჯარების სწავლებისა და აღზრდის უფრო ეფექტურად უზრუნველყოფაში.

ომის არ ეშინია მას, ვინც კარგადაა მისთვის მომზადებული და იცის თავისი ადგილი ქვეყნის თავდაცვაში. დაბნეულობასა და პანიკურ მდგომარეობას, ჩვეულებრივ, იქ აქვს ადგილი, სადაც ქვეყანა, ჯარები და ხალხთა მასები ჯეროვნად არ არიან მზად ომისთვის; სადაც არ არის სათანადო ორგანიზებულობა და მტკიცე ხელმძღვანელობა მკაცრი გამოცდის მომენტში. სამხედრო საქმეში მომხდარ ტექნიკურ რევოლუციასა და არმიისა და ფლოტის დიდი ორგანიზაციული გარდაქმნის გამო, იმის გამო, რომ ახლა მთავარი დამრტყმელი საცეცხლე ძალა სარაკეტო შეიარაღებაა, ხშირად ამბობენ, _ დადგა “ღილაკის ომის” ერა, ადამიანი კი მასში მხოლოდ დამხმარის როლს შეასრულებსო. ეს თვალსაზრისი არ არის სწორი.

მიუხედავად სარაკეტოდა ატომური იარაღის უდიდესი მნიშვნელობისა, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ომის მასშტაბი, ხასიათი და წარმოების წესი, ადამიანი მასში ასრულებდა, ასრულებს და კვლავაც შეასრულებს მთავარ როლს. Uუახლესი იარაღი, მათ შორის, მასობრივი მოსპობის საშუალებებიც, ვერ ამცირებს ხალხთა მასების როლს ომში. სულერთია, ომში მუდამ საჭირო იქნება დიდი მასების მონაწილეობა, ერთი მხრივ, უშუალოდ შეიარაღებულ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, სამხედრო წარმოებაში, შეიარაღებული ბრძოლის ყოველმხრივ უზრუნველყოფაში.

დიდხანს ვფიქრობდი, რით დამემთავრებინა ეს ჩემი მოგონებები, ვისთვის და რისთვის მიმეძღვნა წიგნის ბოლო სტრიქონები.

მინდოდა, ერთგვარად შემეჯამებინა (ბუნებრივია, წიგნში მოყვანილი დასკვნები ავტორის პირადი მოსაზრებებია), გამეანალიზებინა ყოველივე, რისი მოწმეც ვიყავი, რაშიც პირადად ვმონაწილეობდი, მაგრამ ამის გაკეთებას ხომ წიგნში ვცდილობდი. და ახლა აქ ამის ხელახლა განმეორება ზედმეტად მიმაჩნია. ერთი რამ კი მინდა კიდევ და კიდევ ვთქვა და ვთქვა არა ჩემი, არამედ ლენინის სიტყვებით, მართალი და მშვენიერი სიტყვებით:

“ვერასოდეს დაამარცხებენ იმ ხალხს, რომლის მუშათა და გლეხთა უმრავლესობამ გაიგო, იგრძნო და დაინახა, რომ ისინი იცავენ… იმ საქმეს, რომლის გამარჯვება მათი და მათი შვილებისთვის უზრუნველყოფს კულტურის მთელი სიკეთით, ადამიანის შრომის ყველა ქმნილებით სარგებლობის შესაძლებლობას”.

ზევით მოყვანილი ტექსტი დაწერილია 1970 წელს, მაშინ, როდესაც სტალინის სარეაბილიტაციო მემუარებისა და წერილების გამოქვეყნება უკვე არათუ შეზღუდვას, არამედ ფარულ წახალისებასაც კი ექვემდებარებოდა. რატომ ერთხელაც არ ახსენა უკვე მხცოვანმა მარშალმა და ოთხი წლის განმავლობაში სტალინის ერთადერთმა მოადგილემ თავისი მემუარების დასკვნით ნაწილში, არათუ სტალინის სახელი, არამედ ომის წარმმართველი ძალა _ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი( ÃÊÎ )?

როგორი ნიჭიერი, გაბედული და სტრატეგიულიც უნდა ყოფილიყო ჟუკოვი, თუ სხვა გამოჩენილი მხედართმთავარი, მათ ხომ არ შეეძლოთ ერთობლიობაში მოეყვანათ ქვეყნისა და ფრონტის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა.

მიხეილ ოშლაკოვი თავის წიგნში “სტალინი. გამარჯვების მთავარი სახელი” 133-ე გვერდზე წერს:

“მართვის სრულიად ახალი სისტემა, რომელიც სტალინმა შექმნა და უწოდა მას “გოსუდარსტვენი კომიტეტ ობორონი” ( ÃÊÎ), თუ სიმართლე გინდათ, იცოდეთ, ის, ამასთანავე, სტალინის ახალი ფსევდონიმიცაა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ გენერალურ შტაბს არ შეეძლო შეზღუდულად ემართა ფრონტზე მებრძოლი უზარმაზარი არმიები და, ამასთანავე, ეხელმძღვანელა ქვეყნისთვის. უნდა შექმნილიყო მართვის ახალი სისტემა, რომელიც წარმართავდა ჯარების სწორ მოქმედებას და გააკონტროლებდა ზურგს, რეზერვებს, სახელმწიფო უშიშროებას, თავდაცვის მრეწველობას, ტრანსპორტს და თანაც იქნებოდა მცირე, მაგრამ ადვილად სამართავი აპარატი. სწორედ ასეთ სამხედრო და სამოქალაქო მართვის კონცენტრაციას შეეძლო ეფექტიანი მოქმედება”.

რომელ სამხედრო მინისტრს ან ფრონტის სარდალს შეეძლო გაეცა განკარგულება ომის გამო, შეეჩერებინა 600 კილომეტრზე გაყვანილი რკინიგზის მშენებლობა “ბამზე” და უმოკლეს დროში, 6 თვეში, ასტრახანიდან მახაჭყალამდე აეშენებინა ახალი რკინიგზის ხაზი?

სამამულო ომისა და შემდგომ პერიოდში სტალინი იყო ზემძლავრი ძრავა, რომელზედაც მიბმული იყო ათასგვარი თასმა და ამ ძრავას მოძრაობაში მოჰყავდა, არა მხოლოდ ადამიანები და მანქანები, არამედ კოსმოსური გონისა და აზროვნების წყალობით, შემოქმედებითი წყარო ხდებოდა მეცნიერებისთვის, კონსტრუქტორებისთვის, მუსიკისა და ხელოვნების მუშაკებისთვის.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იმ მონოლოგის წარმოთქმა და დაწერა, რომელიც ზემოთ მოვიყვანე, არის გამოხატულება პიროვნებისა და მდგომარეობის მიმართ მონური მორჩილებისა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თავმოყვარეობასა და მადლიერებასთან.

ხალხინ-გოლის გმირად ჟუკოვის წარმოჩენა მისი მხედრული გენიის წყალობით არ მომხდარა. რემარკის გამოთქმა: “გმირობა კულმინაციამდე ასული შიშის გამოხატულებაა” სწორედ ჟუკოვზეა ზედგამოჭრილი.

ხალხინ-გოლზე ბრძოლაში დაშვებული შეცდომებისთვის სტალინი ჟუკოვს სასჯელის უმაღლესი ზომით დაემუქრა, რის გამოც მას ან გმირობა უნდა ჩაედინა ხალხინ-გოლის ბრძოლაში, ან სიცოცხლეს უნდა დამშვიდობებოდა. ასე მიიყვანა კულმინაციამდე სტალინის მუქარამ ჟუკოვი და გმირი გახადა. ჟუკოვს კი ამის შემდეგ ათქმევინა:

“სტალინს შეეძლო შეუძლებელი შესაძლებლად გაეხადა”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here