Home რუბრიკები საზოგადოება დაპირებიდან დაპირებამდე

დაპირებიდან დაპირებამდე

529

არჩევნებამდე 1 თვე დარჩა. ყველა, ვისაც არ ეზარება, ან მაჟორიტარად იყრის კენჭს, ან საკუთარი პარტიით და, რაც მთავარია, ყველას იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვა.

ქართული ოცნება სწრაფ განვითარებას, კეთილდღეობას და წინსვლას გვპირდება, სამართლიანობის აღდგენის დაპირებისთვის, სავარაუდოდ, ბანერზე ადგილი აღარ დარჩა, თორემ, ალბათმაგის დაწერასაც  აპირებდნენ. “ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე 45 000 სამუშაო ადგილს და ეკონომიკურ აყვავებას აანონსებს; იმასაც ამბობს, აღარ გაწამებთ, დედა მოგვიკვდეს და მეხი დაგვეცესო. სანდრას რომ ჩაუხედავს მეუღლის თვალებში, სამშობლოს დარდ-ვარამი დაუნახავს და აქედან გამომდინარე გაუკეთებია ეს დასკვნა.

რა დამთხვევაა _ სამართლიანობის აღდგენაზე არც ნაციონალები საუბრობენ; ეტყობა, მათაც არ აქვთ ადგილი ბანერზე, ალბათ, სარეკლამო ვიდეოშიც ვერ ჩაატიეს. ისედაც პატარა ქრონომეტრაჟი აქვს და, აბა, როგორ მოესწრებოდა ამის თქმა, თორემ დარწმუნებული ვარ, ამ საქმეს ღირსეულად გაართმევენ თავს ზურაბ ადეიშვილი, ივანე მერაბიშვილი და ძმები ახალაიები. მათი ჩამოსვლა-გამოსვლა და სამართლიანობის წამში აღდგენა ერთია.

აქეთ ალასანია იქადნება, მოვდივარო; ბატონი პეტრიაშვილიც თითს გვიქნევს… არადა, წესიერად სკამზე ვერ დამჯდარა და ტრიბუნასთან ვერ მისულა, რამე ფათერაკს რომ არ გადაეყაროს.

იქით უსუფაშვილი გვეძახის, _ გავთავისუფლდეთო! რა თქმა უნდა, აბა, ვინმე გაიხსენებს რესპუბლიკური პარტიის ყოფნას ვინმეს ქოლგის ქვეშ? ის ხომ თავისუფლებისა და ზეგავლენებისგან დაცლილი პარტიაა. ის ხომ მუდამ მარტო იბრძოდა ამ დიდ ომში და გამარჯვებასაც თავისი ძალებით ახერხებდაბატონი ბურჭულაძე მოდის და თან ვერ მოდის. მაჟორიტარი, დღეს დაასახელებს, ხვალ მიდგან გარბის. კიდევ კარგი, ლეგენდარული “გირჩი” და ვაშაძე შემოესწრო, თორემ ხომ დარჩებოდნენ ის და ხათუნა მტირალნი წყლისა პირსა.

მემარჯვენეებმაცპოლიტიკური ფეხი გამოყვეს _ ბატონი კაციტაძე კვლავ ავი დედამთილის ამპლუას ინარჩუნებს და  დღემდე ვერავინ გაიგო, რა ფუნქციას ასრულებს ქართულ პოლიტიკური რეალობაში ან რა ფუნქციას ასრულებს პარტია “ახალი მემარჯვენეები”.

ნანა ყეინიშვილმა დიდი ყვირილით დატოვა “ოცნება” და ისიც თქვა, მეამაყება, რომ ვტოვებო და დაგვიანონსა, პარტია “ჩვენების” სახელით ვიყრი კენჭს, იქ მომეცით ხმაო. რა საინტერესოა, ქალბატონი ნანაც დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს ან, უბრალოდ, “დუხიდან” არ ვარდება.

ლეიბორისტული პარტია კვლავ ფორმაშია. დიდ მთქმელ ბატონ შალვას ღირსეული მემკვიდრე, ბატონი გიორგი გუგავა ეზრდება. ბატონი შალვა 2012 წელს თუ გვპირდებოდა, მდიდარს წავართმევ და ღარიბს გადავცემო, ახლა დუშეთი-ყაზბეგისა და მისი შემოგარენის დაპყრობას აპირებს: ეს _ მე და დანარჩენი ხელისუფლება _ ლეიბორისტებსო.

საინტერესო და, ამასთანავე, უცნაური პროგრამა აქვთ ინაშვილთარხანმოურავებს, ანუ “პატრიოტთა ალიანსს”.

ბატონი დავით-თარხან მოურავი გაჭირვებული ადამიანებისთვის სპეცტანსაცმლის შეკერვას და უფასო მწვანე ავტობუსის დანიშვნას აპირებს, ანუ ყველა გაჭირვებულისთვის შეიკერება სპეცტანსაცმელი და ყველა უფულოსთვის საათში ერთხელ ივლის უფასო მწვანე ავტობუსი, ცოტა უცნაურია, ზედმეტად ხომ არ ხდება ადამიანების საჯარო კლასიფიცირება?

ბატონ გუბაზსაც გამოეღვიძა: ეს რა ხდება, ქვეყანა თავზე გვენგრევა, ჩვენ მივხედავთ ამ ქვეყანასო. მან ხომ ერთხელ უკვე გადაარჩინა საქართველო არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას.

ბატონი პრეზიდენტიც კი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებთან  არანაირი კავშირი არ  აქვს და ჯერჯერობით არც პოლიტიკური საფრთხე ემუქრება, რეგიონ-რეგიონ დადის, ახალგაზრდებს ხვდება, მოძღვრავს  და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ მათი ხმა მათი მომავალია.

დასასრულ, ამომრჩეველი კვლავ მივა საარჩევნო ყუთთან, კვლავ მისცემს ხმას სასურველ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ  კვლავ იქნებიან გაჭირვებულები, ავადმყოფები, უკანონო პატიმრები, მშივრები, უსახლკაროები; მომავალი ხელისუფლება კი კვლავ შავ სათვალეს გაიკეთებს, შავ ჯიპში ჩაჯდება და, დიდი ალბათობით, მომავალ არჩევნებამდე თვალსაც ვერ მოჰკრავთ.

გრიგოლ ინგაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here