Home რუბრიკები პოლიტიკა ჩვენ გვინდა, რომ შემოგივარდეთ მოედანზე და გასწავლოთ კარგად თამაში

ჩვენ გვინდა, რომ შემოგივარდეთ მოედანზე და გასწავლოთ კარგად თამაში

504

16 აგვისტოს “მემარცხენე ალიანსის ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მაჟირიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ცნობილი ჟურნალისტი, პოეტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე წარადგინა.

“მემარცხენე ალიანსმა” ვაზისუბნის მოსახლეობას და, საზოგადოდ, საქართველოს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარვადგინეთ ცნობილი ჟურნალისტი, პოეტი და ბლოგერი, ბაკურ სვანიძე. ჩვენი არჩევანი გაკეთებულია იმ მოტივებით, რომ ეს პიროვნება მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს იმ შემართებით, რა შემართებითაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამ წლების განმავლობაში. ბაკურ სვანიძე სწავლობდა თბილისის 25-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. მიღებული აქვს პროფესიონალი ჟურნალისტის საერთაშორისო სერტიფიკატი, ცნობილი 2007 წლის მოვლენებისა და “იმედის” გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ ბაკურ სვანიძეს, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს, მას მერე, რაც მან გამოხატა თავისი სამართლიანი სამოქალაქო პოზიცია, პრობლემები შეექმნა პროფესიულ ცხოვრებაში _ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, იდევნებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ 2012 წელს ამ ადამიანმა თავის თავში იპოვა სულიერი და მორალური ძალა, რომელმაც შეაძლებინა, მონაწილეობა მიეღო “ინფო 9”-ის დაფუძნებასა და მშენებლობაში. ეს პიროვნება იბრძოლებს როგორც თავისი, ასევე თქვენი უფლებების დასაცავად. ასე რომ, თქვენი იმედი გვაქვს, ამომრჩევლის, ასეთი კანდიდატი ვიხილოთ საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში”, _ განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ.

“ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ყურადღებას გავამახვილებ უფრო ზოგად მიმართულებებზე, ვიდრე ლოკალურზე. წყლის, ასფალტის, სკვერის და ა.შ. პრობლემები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყურადღებაა მისაქცევი, მაგრამ ვთვლი, რომ დღეს უფრო სერიოზულ თემებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ქვევიდან ზევით კი არ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები, არამედ, როდესაც ზევიდან ქვევით მოწესრიგდება ყველაფერი, ყველა ლოკალური პრობლემაც ადვილად მოგვარდება.

დღეს ლაპარკობენ, რა უნდა მსახიობს, სპორტმენს ან ჟურნალისტს პარლამენტშიო. ის, რომ ჩვენ გვიჩნდება პარლამენტში შესვლის სურვილი, ისევე, როგორც ცუდი საფეხბურთო მატჩის დროს გაგვჩენია სურვილი, შევვარდეთ მოედანზე და უკეთ ვითამაშოთ, ჩვენი ბრალი არ არის, თქვენი ბრალია, თქვენ თამაშობთ ძალიან ცუდად. მე არ ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ვერ ახორციელებენ თავიანთ მიზნებს ქართულ პოლიტიკაში. მე ვსაუბრობ პარლამენტში, მთავრობაში წარმოდგენილ პოლიტიკოსებზე. თქვენ თამაშობთ ძალიან ცუდად და გვიჩენთ სურვილს, რომ შემოგივარდეთ მოედანზე. თქვენ თუ კარგად ითამაშებთ, ეს სურვილი აღარ გაგვიჩნდება. ჩვენ გვინდა, რომ შემოგივარდეთ მოედანზე და გასწავლოთ კარგად თამაში”, _ განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაკურ სვანიძემ.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here