Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

1378

მზად ვარ, სიმართლისთვის დავიკისრო პასუხისმგებლობა!”

ნაწილი VIII

“1942 წლის აგვისტოში ფრონტიდან სასწრაფოდ მოსკოვში გამომიძახეს, რაც არაერთხელ მომხდარა, _ იგონებს გოლოვანოვი. _ მოსკოვში პირველად ჩემი არმიის შტაბში მივედი, რათა გავცნობოდი საომარ ვითარებას და მთავარსარდალთან მოუმზადებელი არ მივსულიყავი. დოკუმენტებს ვეცნობოდი, რომ ტელეფონმა დარეკა. ყურმილში სტალინის ხმა გაისმა:

_ როგორ მიდის საქმე, რა მდგომარეობაშია მიმდინარე საომარი მოქმედებები ფრონტზე და რა ხდება შტაბში?

დაწვრილებით ავუხსენი, როგორც საშტაბო მუშაობის, ასევე საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა” (რაც უკეთესად თვითონ მთავარსარდალმა იცოდა _ გრ. ონიანი).

ცოტა ხნის დუმილის შემდეგ სტალინმა უთხრა გოლოვანოვს:

_ მოიწესრიგე თავი. გაიკეთე ყველა საბრძოლო ორდენი და მედალი, ერთი საათის შემდეგ იყავი ჩემთან!

ყურმილში წყვეტილი სიგნალი გაისმა.

“სტალინი დარეკავდა, მომესალმებოდა, ყოველგვარი შესავლის გარეშე საქმეზე გადავიდოდა და დავალებას მომცემდა. ამას ყველა შეჩვეული ვიყავით, მაგრამ, თავი წესრიგში მოიყვანე და ჩინ-მედლებით ჩემთან გამოცხადდიო, _ პირველად მოვისმინე”.

მიუხედავად იმისა, რომ გოლოვანოვი თავის აღნაგობითა და ზრდილობით გამორჩეული იყო გარშემო მყოფთაგან, არ უყვარდა ზედმეტი განმასხვავებელი ნიშნებით საზოგადოებისგან გამოყოფა, რის გამოც არც ერთ ორდენსა თუ მედალს არ ატარებდა და არც ჯილდოების მეორე პირები ჰქონდა გაკეთებული. რადგან პირველ ჩინ-მედლებს ხანგრძლივი შენახვის გამო ბრწყინვალება ჰქონდა დაკარგული, მოუწია, საგულდაგულოდ გაეპრიალებინა, რათა სტალინისგან შენიშვნა არ მიეღო “თავის მოწესრიგების საკითხში”.

“დანიშნულ დროს პოსკრებიშჩევთან გამოვცხადდი, მან კი გეორგიევსკის დარბაზის პირველ სართულზე მდებარე ოთახზე მიმითითა, სადაც არასოდეს ვყოფილვარ.

კარი რომ შევაღე, იქ იყვნენ: ვოროშილოვი, მოლოტოვი, შჩერბაკოვი და კიდევ ორი კაცი.

მალევე მეორე კარიდან სტალინი გამოჩნდა თანმხლები პირებით, ერთი _ განსაკუთრებული დიდი ტანით და დიდი თავით. ვიცანი ინგლისის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი, რომელსაც ახლდა დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გენერალური შტაბის უფროსი ალან ბრუკი.

სტალინმა ჩერჩილს ყველა დამსწრე წარუდგინა და ბოლოს, როდესაც გვარი გოლოვანოვი ახსენა, ჩერჩილი ახლოს მოვიდა და დაბეჯითებით დამიწყო თვალიერება. მისი გამომეტყველება აშკარა გაკვირვებას გამოხატავდა, როგორ შეიძლებოდა ასეთ ახალგაზრდას ასეთი დიდი პასუხისმგებლობა დამკისრებოდა. მე ხომ იქ მყოფთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ჩერჩილს ხელი ბოლოს სწორედ მე ჩამოვართვი.

ურთიერთგაცნობის შემდეგ სტალინმა ყველა ერთად მიგვიპატიჟა სუფრასთან. მაგიდას უსხდა სულ 10 თუ 12 კაცი. მაგიდა დიდი არ იყო, მაგრამ სრულიად საკმარისი იყო იმ 10-12 კაცისათვის. მე კლიმენტ ვოროშილოვის მოპირდაპირე მხარეს მოვხვდი. თეფშის გვერდით არყის ბოთლი იდგა, რომელშიც მოჩანდა წითელი წიწაკა, როგორც ვოროშილოვი განმარტავდა, კუჭის წამალი. ვოროშილოვის მარჯვნივ ბრუკი იჯდა, შემდეგ _ ჩერჩილი, ჩერჩილის გვერდით _ სტალინი. მის გვერდით მოლოტოვი და შემდეგ სხვები.

სტალინმა ჩერჩილს ჭიქაში ღვინო დაუსხა და სადღეგრძელო შესვა მოკავშირეებზე. სადღეგრძელო უკლებლივ ყველამ შესვა.

ვოროშილოვმა არყის ბოთლი გახსნა და არცთუ პატარა სასმისები პირამდე გაავსო. ერთი მათგანი ბრუკს მიაწოდა:

_ გთხოვთ, შესვათ დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სადღეგრძელო. ჩვენი წესის თანახმად, ასეთი სადღეგრძელო ბოლომდე ისმევა, რა თქმა უნდა, თუ მეორე მხარე ამის სურვილს გამოთქვამს. ვოროშილოვმა არაყი ბოლომდე გადაჰკრა.

მე დაკვირვებით ვუყურებდი სტუმარს, რას მოიმოქმედებდა. სასმისი მანაც გაბედულად აიღო ხელში, მაგრამ პირთან მიტანილი სასმისიდან არყის მძაფრი სუნის გამო, ეტყობოდა, დალევის სურვილი გაუქრა. მაგრამ სამხედრო ყველგან სამხედროა და მანაც სასმისი პირშივე ამოაყირავა და არაყი უცბად გადაჰკრა. ვუყურებდი, როგორი გაჭირვებით გადადიოდა ბრუკის ყელში სითხე და როგორ ღვრიდა ცხარე ცრემლს დალევის შემდეგ.

მეორე ჭიქის დალევაზე ბრუკმა ვოროშილოვს კატეგორიული უარი განუცხადა.

ამ მომენტში ინგლისის პრემიერმინისტრს, რომელსაც დიდად არ ეპიტნავებოდა მსუბუქი სასმელები, უკვე ხელში აღებული ჰქონდა კონიაკის ბოთლი და სტალინის სასმისს ავსებდა. სტალინმაც იმავე კონიაკის ბოთლით შეავსო ჩერჩილის სასმისი. სადღეგრძელოები ისმებოდა ერთი მეორეზე. სტალინი და ჩერჩილი კონიაკს ზუსტად რიგრიგობით სვამდნენ _ ერთ სადღეგრძელოს სტალინი ამბობდა, მეორეს _ ჩერჩილი.

ჩერჩილმა უშველებელი სიგარა ამოიღო და ნელ-ნელა მოუკიდა. აშკარად ჩანდა, ეს ჩერჩილისათვის სპეციალურად დამზადებული სიგარა იყო. სტალინმა კი თავისი ჩიბუხი გააწყო და გამონაბოლქვი თეთრი ღრუბლით იფარებოდა სტალინისა და ჩერჩილის სახეები. მაგიდის ყველა წევრი სტალინისა და ჩერჩილის ორთაბრძოლას ადევნებდა თვალს”.

ჩერჩილი, _ იგონებს გოლოვანოვო, _ ცნობილი იყო, როგორც მაგარი სასმელების მოყვარული და დიდი რაოდენობით მსმელი, რაც არავის და არასდროს სმენია სტალინზე. ძალიან განვიცდიდით, რით დამთავრდებოდა მათი პაექრობა. თვალის მოუშორებლად ვაკვირდებოდი როგორც ერთს, ისე მეორეს.

ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და საუბარიც აჩქარდა, ამის მიუხედავად, ყველა სიტყვას შესანიშნავად თარგმნიდა თარჯიმანი პავლოვი. მაგრამ იმ ღამეს დავრწმუნდი, რომ პავლოვის გარეშეც სტალინს კარგად ესმოდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ნათქვამი და პასუხსაც სცემდა.

თარჯიმან პავლოვს ხელში ეჭირა რვეული, რომელშიც უნდა გაეკეთებინა სტენოგრამა, მაგრამ საეჭვო იყო, მოასწრებდა თუ არა ის ამ საქმეს, როდესაც მდგომარეობა არაორდინარული იყო.

ჩერჩილი შეუზღუდავად გადმოსცემდა თავის თვალსაზრისს, ამის გადაფარვას კი ბრუკი სხვადასხვა ხერხით _ სიცილით ან ხმამაღალი საუბრით ცდილობდა, მაგრამ ჩერჩილის საქციელს ვერაფერი გადაფარავდა. ის აშკარად მთვრალი იყო.

სადღეგრძელოები გრძელდებოდა. ჩერჩილს თვალები ეხუჭებოდა. ჩანდა, რომ უკვე აღარ შეეძლო საუბრის გაგრძელება. სტალინი კი, თითქოს არაფერი დაულევიაო, მშვიდად იღიმოდა. სუფრა დასასრულისკენ მიდიოდა. საუბარი მეტი იყო, ვიდრე სმა. ყველაზე მეტს ჩერჩილი ლაპარაკობდა. ბოლოს წამოდგნენ, ჩერჩილს სასწრაფოდ ეახლნენ და ოთახიდან ხელით გაიყვანეს. სხვებმაც დატოვეს ოთახი.  მე კი ვიდექი და სტალინს შევყურებდი. სტალინი იმასაც აკვირდებოდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი. ბოლოს ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა. მშვიდი, კეთილი ხმით მითხრა:

_ ნუ გეშინია, რუსეთს არ დავათრობ. ჩერჩილი კი, ალბათ, ბევრს ინანებს, როდესაც ეტყვიან, რაც აქ ილაყბა, _ ცოტა ხანს ჩაფიქრდა და განაგრძო:

_ როდესაც დიდ სახელმწიფო საქმეს აკეთებ, ნებისმიერი სასმელი წყლად მოგეჩვენება, თუ ეს გათვითცნობიერებული გაქვს და სათანადო სიმაღლეზე დგახარ. ნახვამდის! _ სტალინი დინჯი, აუჩქარებელი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.

ამ შეხვედრიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ უდიდესი საჰაერო თავდასხმა მოვაწვეთ დანციგზე კენიგსბერგის რაიონში. ესკადრილია მოხვდა საშინელ ჭექაქუხილში, რომელმაც აიძულა ეკიპაჟი, დაბომბვა ეწარმოებინა სარეზერვო სამიზნეებზე. ავიაციამ უზარმაზარი ზარალი მიაყენა ფაშისტებს, მაგრამ ჭექაქუხილისგან ჩვენც დავზარალდით. 10 ეკიპაჟი ვერ დაბრუნდა აეროდრომზე. მომხდარს საშინლად განვიცდიდი, _ იგონებს გოლოვანოვი.

გვიან ღამით, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, სტალინმა დარეკა:

_ როგორ მიდის საქმე, როგორ ჩაიარა დაბომბვამ?

ავუხსენი, რომ კენიგსბერგის რაიონში ესკადრილია ჭექა-ქუხილის ზონაში მოხვდა, რის გამოც მოგვიწია სარეზერვო სამიზნეების დაბომბვა.

_ ეს როგორ, მეტეოსამსახურმა არ მოგცათ ცნობა ჭექა-ქუხილის შესახებ?

_ დიახ, ამხანაგო სტალინ, მეტეოსადგურებმა გაგვაფრთხილეს ჭექა- ქუხილის შესახებ.

_ აბა, ამ შემთხვევაში ვინ მისცა თვითმფრინავებს გაფრენის უფლება? ამისათვის ვიღაცამ უნდა დაიკისროს პასუხისმგებლობა.

_ თვითმფრინავებს აფრენის განკარგულება მე მივეცი და მე დავუშვი შეცდომა, ამ შემთხვევაში დამნაშავე სხვა არავინ არის.

ჩამოვარდა ხანგრძლივი დუმილი.

_ და თქვენ ხშირად იძლევით ასეთ განკარგულებებს, როდესაც მეტეოსადგურები გეუბნებიან, რომ ჭექა-ქუხილის საშიშროებაა?

_ ამხანაგო სტალინ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ 10 შემთხვევიდან 8-ჯერ ვარღვევ გაფრთხილებას.

_ მითხარით, რამდენი ეკიპაჟი არ დაბრუნდა აეროდრომზე?

_ 10 ეკიპაჟი, ამხანაგო სტალინ.

_ გჯერათ, რომ ისინი დაბრუნდებიან თავიანთ აეროდრომებზე?

_ არა, მე ამის იმედი არ მაქვს.

_ ეს სერიოზული საქმეა და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. სტალინმა მოულოდნელად შეწყვიტა საუბარი და ყურმილში წყვეტილი სიგნალი გაისმა.

დღის განმავლობაში მივიღეთ ცნობა, რომ 5 ეკიპაჟი სხვა აეროდრომზე დაფრინდა. გულში ცოტა იმედი ჩამესახა. გავიდა რამდენიმე საათი და მაცნობეს, რომ კიდევ 3 ეკიპაჟი დაბრუნდა აეროდრომებზე. სტალინთან დავრეკე და მოვახსენე ვითარების შესახებ”.

შენიშვნა:

როგორც მკითხველისთვის არის ცნობილი, სტალინის პირველი სახელმწიფო სამსახური თბილისის მეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომლობა იყო, ამიტომ, როგორც ყველა სამსახურს, ამ დარგსაც და მის მნიშვნელობასაც კარგად იცნობდა. იმხანად საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო შემდეგი ანეკდოტი:

სტალინმა სინოპტიკოსები გამოიძახა და ჰკითხა, თუ რამდენი პროცენტია საიმედოობა მათ მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზისა.

უპასუხეს, რომ ჩვენი პროგნოზის 40% სწორია, 60% კი _ არასწორიო. ამბობდნენ, სტალინმა უპასუხა, _ ეს მონაცემები უკუღმა გამოაცხადეთ და 60% სწორი გამოგივათ, 40 % კი _ არასწორიო.

გოლოვანოვმაც კარგად იცოდა, არა მხოლოდ მოარული ანეკდოტის შინაარსი, არამედ გამოცდილებაც ჰკარნახობდა, ინტუიციით განესაზღვრა თავისი ავიაციის ბედი.

 “მითხარით, ამხანაგო გოლოვანოვ, რა დასკვნები გააკეთეთ თქვენ მოქმედებაზე ამ შემთხვევის შემდეგ?

_ მე, ამხანაგო სტალინ, კატეგორიულად გავაფრთხილე ჩვენი მფრინავები, არ შევიდნენ ჭექა-ქუხილის ზონაში, რომ დაუშვებლად ჩათვალონ რისკზე წასვლა. ვუბრძანე, რომ ასეთ შემთხვევაში დაბომბვა განახორციელონ სათადარიგო სამიზნეებზე, რომლებიც მონიშნული აქვთ სტრატეგიულ რუკებზე.

_ და გგონიათ, რომ ეს განკარგულება საკმარისი იქნება თქვენი მფრინავებისთვის?

_ დიახ, ამხანაგო სტალინ. ჩვენს არმიაში მფრინავები სანიმუშო წესრიგის ადამიანები არიან.

_ და ფიქრობთ, რომ კვლავ განაგრძოთ თქვენი არმიის საბრძოლო მოქმედებები, როგორც აქამდე _ სინოპტიკოსებთან შეთანხმების გარეშე?

_ დიახ, ამხანაგო სტალინ”.

სტალინმა კავშირი მყისვე გათიშა. მან უამრავი მამაცი და გაბედული ადამიანი გამოიყვანა ციხიდან და სარდლად თუ მინისტრად დანიშნა, ამიტომ ძალზე ემძიმებოდა ისეთი გაბედული და საზრიანი სარდლის მოცილება, როგორიც იყო გოლოვანოვი, მაგრამ მისი ასეთი უტიფრობა, უშიშრობა და მიზნის მისაღწევად რისკზე წასვლა სტალინისთვის მიუღებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შორსმოქმედი საავიაციო დივიზია პირადად მის განკარგულებაში იყო, გადაწყვიტა, გოლოვანოვისთვის მუხრუჭი გაეკეთებინა, არა ინიციატივისა და გაბედულების შესაზღუდად, არამედ ხიფათის შესამცირებლად და შორსმოქმედი ავიაცია მეტეოსამსახურის მთავარ სამმართველოსთვის დაექვემდებარებინა, რათა მეტეოსამსახურის უფროსს გოლოვანოვისთვის თავგანწირვის საშუალება არ მიეცა.

გოლოვანოვმა სტალინს განუმარტა, რომ მეტეოსამსახურების ბრძანებით და მათი პროგნოზით რომ ეფრინა და ემუშავა, სამსახურეობრივი მოვალეობა 10 %-ითაც არ ექნებოდა შესრულებული, რომ დღეს ომია და ომს სხვა მეტეოსამსახური და სხვა ადამიანები სჭირდება, რომ შორსმოქმედი საავიაციო არმია მზადაა, თავი შესწიროს სამშობლოს ინტერესებს და ამის შეფერხება არაპატრიოტული და არასახელმწიფოებრივი მიდგომა იქნება.

გოლოვანოვის რაინდულ მოქმედებას მხარი მარშალმა ვასილევსკიმაც დაუჭირა და სტალინის შევარდენი კვლავ უშიშრად დაჰქროდა ევროპის ცაზე, სადაც მან და მისმა გმირმა მფრინავებმა უამრავი ოქროს ვარსკვლავი მოსწყვიტეს თავისუფლებისმოყვარე საბჭოთა კავშირისთვის.

პარტიზანულმა მოძრაობამ უდიდესი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერელთა დამარცხების საქმეში.

“პარტიზანული მოძრაობის ლიდერი ვასილ ელიუტინი, რომელიც ერთ-ერთ დიდ პარტიზანულ შენაერთს ხელმძღვანელობდა ბრიანსკის ტყეებში, სტალინის კაბინეტში გავიცანი. გაცნობიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ კლიმენტ ვოროშილოვმა მთხოვა, 2 თვითმფრინავი მარილი გამეგზავნა ელიუტინისთვის ბრიანსკში, რადგან იქ პარტიზანებს შორის ცინგა ყოფილა გაჩენილი. დავალება იმავე ღამეს შევასრულე და, სიმართლე უნდა ითქვას, ამისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიმიქცევია. ცოტა ხნის შემდეგ მთავარსარდალს მოვახსენე ფრონტზე შექმნილ მდგომარეობაზე. მასპინძელი კმაყოფილი დარჩა. ველოდებოდი მისგან ახალ დავალებას, მაგრამ ის თითქოს არ ჩქარობდა.

_ სხვა ფრენები არ გაგიხორციელებიათ? _ მშვიდად იკითხა სტალინმა.

_ არა, ამხანაგო სტალინ.

_ ხომ არაფერი დაგავიწყდათ?

უმალ გადავხედე ახლო პერიოდში ჩემ ნამოქმედარს, მაგრამ არაფერი გამახსენდა.

_ არა, ამხანაგო სტალინ, არაფერი დამვიწყებია.

_ კი მაგრამ, ელიუტინთან შენ არ გაფრინდი?

_ დიახ, ამხანაგო სტალინ, ელიუტინთან 2 “დუგლასი” გაფრინდა, იქ მარილი ჩავიტანეთ. მის პარტიზანულ გაერთიანებაში მებრძოლებს ცინგა გაუჩნდათ. ვოროშილოვმა დამავალა და მისი დავალება აუცილებელ შესასრულებლად ჩავთვალე.

_ ამის შესახებ რატომ არაფერი მითხარით? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ყველაფერს მომახსენებდით, რის გაკეთებასაც დაგავალებდნენ?

_ ვიფიქრე, რომ ეს წვრილმანი საქმე იყო და თქვენი შეწუხება საჭიროდ არ ჩავთვალე, ამხანაგო სტალინ.

_ ომის დროს წვრილმანი საკითხი არ არსებობს. ვფიქრობ, თქვენ საუკეთესო მეხსიერება გაქვთ და არ შეიძლება, ასეთი რაღაცები გავიწყდებოდეთ. თქვენთან პრეტენზია არ მაქვს, რადგან პარტიზანებში ასეთი რამ გაჩნდა და უნდა დახმარებოდით მათ, და კარგად მოიქეცით, რომ დაეხმარეთ, მაგრამ ეს უნდა ვიცოდე თქვენგან და არა სხვისგან, ამხანაგო გოლოვანოვ! შეიძლება, გთხოვონ რაღაც, მაგრამ მისი შესრულება ჩვენი თვალსაზრისით მიუღებელი იყოს.

მთავარსარდალმა ცოტა გაიარა წითელ ხალიჩაზე და განაგრძო:

_ ვთქვათ და, პარტიზანულმა გაერთიანებამ მოგთხოვათ მათი სურსათით მომარაგება რეგულარულად _ეს სამართლიანი იქნება?

არ ვიცოდი, საით მიჰყავდა საუბარი და გაჩუმებული ვიყავი.

_ უნდა გითხრათ, ამხანაგო გოლოვანოვ, რომ პარტიზანული შენაერთი არის მტრის ზურგში და შეიარაღებულია საბრძოლო მასალებით, ის არ არის რეგულარული არმიის ქვედანაყოფი. და თუ შეიარაღებული შენაერთი მტრის ზურგში ვერ პოულობს იმდენ საშუალებას, რომ თავი ირჩინოს, მაშინ ჩვენ არ გვინდა ასეთი პარტიზანული რაზმები. პარტიზანულმა რაზმებმა ხელში უნდა ჩაიგდონ მტრის საწყობები _ როგორც სურსათის, ასევე იარაღისა და აქედან არ უნდა ვუგზავნოთ მათ საჭმელ-სასმელი.

მათი სურსათით მომარაგება შესაძლებელია მაშინ, როდესაც პარტიზანული შენაერთი მოქცეულია ალყაში და მოსახლეობას არ აქვს არათუ პარტიზანების, არამედ თავის გამოკვების საშუალებაც კი. აი, ასეთ შემთხვევაში უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ სურსათით, არამედ ავიაციითაც. დავბომბოთ მოწინააღმდეგეთა პოზიციები და დავეხმაროთ როგორც მოსახლეობას, ისე პარტიზანებს.

ახლა მივხვდი, რომ სტალინს მხოლოდ ის აინტერესებდა, რატომ არ ვუთხარი მას ელიუტინისთვის მარილის გაგზავნის ამბავი.

_ ამხანაგო სტალინ, ჩემთვის არავის უბრძანებია პარტიზანებისთვის სურსათის მიწოდება.

_ ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ გაფრთხილებ, რომ გაიაზრო, თუ რა ამოცანების წინაშე დგახარ და დგას ჩვენი პარტიზანული მოძრაობა. როდესაც თქვენს საქმიანობაზე მოხსენებას გააკეთებთ, ცალკე გამოყავით პარტიზანებისთვის გაწეული დახმარებაც.

ამით დასრულდა ჩვენი საუბარი და მისგან ძალინ ბევრი დასკვნა გამოვიტანე.

1943 წლის ზაფხულში სტალინი უკვე ის სტალინი აღარ იყო, რომელიც 1941 წლის 7 ნოემბერს წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმის ტრიბუნაზე იდგა და, ამასთანავე, საბჭოთა კავშირის ყოფნა-არყოფნაც სასწორზე იდო. სტალინს უკვე დიდი ომები ჰქონდა გადახდილი:

მოსკოვი, სტალინგრადი, კურსკი. სტალინი უკვე დიდი რუსი მხედართმთავარი იყო. სწორედ იმ პერიოდში სტალინის კრემლის სამუშაო კაბინეტში ზეთში შესრულებული სუვოროვისა და კუტუზოვის უზარმაზარი პორტრეტები დაკიდეს. რატომ უფრო ადრე ან რატომ უფრო გვიან არა? სტალინმა სწორედ 1943 წელი ჩათვალა გერმანიის დამარცხების წლად და სწორედ მაშინ აკადრა დიდ რუს მხედართმთავრებს კიდევ ერთი რუსი მხედართმთავრის კაბინეტში მათი შემობრძანება.

მნახველები ფიქრობდნენ, რატომ მაინცდამაინც სუვოროვი და კუტუზოვი და სხვა არანაკლები რუსი მხედართმთავრები არა?

სტალინმა იცოდა, რასაც აკეთებდა.

მთავარსარდლის კაბინეტში ბევრი მსჯელობდა, რომელი იყო უფრო დიდი მხედართმთავარი _ სუვოროვი თუ კუტუზოვი.

როცა სუვოროვის თაყვანისმცემლები, კერძოდ, მარშალი კონევი, უპირატესობას სუვოროვს ანიჭებდა, სტალინი კურტუზოვის უბადლო ნიჭსა და მხედართმთავრულ გენიას ასაბუთებდა, ხოლო თუ ვინმე გულშემატკივრობას კუტუზოვისადმი უფრო მეტად გამოიჩენდა, მაშინ სუვოროვის უდიდეს როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობდა.

მოდარაჯე თვალი დარწმუნდებოდა, რომ სტალინს თვითონაც არ ჰქონდა ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, რომელი რუსი მხედართმთავარი სჯობდა.

ერთხელ, როდესაც ფართო მსჯელობა ჰქონდათ სუვოროვისა და კუტუზოვის საბრძოლო და ადამიანურ თვისებებზე, ყველასგან მოულოდნელად სტალინმა განაცხადა:

_ სიამოვნებით შევაერთებდი ვასილევსკისა და ჟუკოვის ადამიანურ და მხედრულ თვისებებს და შემდეგ შუაზე გავყოფდი მათ.

ცოტა ხანს გაიარ-გამოიარა წითელ ხალიჩაზე და ყველა დარწმუნდა, რომ ვასილევსკიში სტალინი ჟუკოვს ხედავდა, ხოლო ჟუკოვში _ ვასილევსკის. ისე, როგორც სუვოროვში _ კუტუზოვს, ხოლო კუტუზოვში _ სუვოროვს.

1943 წელს გადაწყვიტა სტალინმა წითელი არმიისთვის ფორმისა და სამხრეების შეცვლა.

ერთხელაც გენერალიტეტი კრემლის სადემონსტრაციო დარბაზში მიიწვიეს, სადაც ზურგის სახალხო კომისრის _ ანდრეი ხრულიოვის მიერ გამოფენილი იყო წითელი არმიის ახალი სამხედრო ფორმის ნიმუშები. სტალინი ექსპონატებს შორის დადიოდა. ზოგ ნიმუშს იწონებდა, ზოგსაც _ იწუნებდა. ბოლოს შეჩერდა და ხრულიოვს მიმართა:

_ თქვენ აქ არ გაქვთ წარმოდგენილი რუსული არმიის ფორმა, რომელსაც ატარებდა ჩვეულებრივი რუსი ოფიცერი?

რუსი ოფიცრის ფორმა აღმოჩნდა, მაგრამ სადღაც კუთხეში, მოფარებულში, სტალინს რომ არ დაენახა. და როდესაც ეს ფორმა აჩვენეს, აღმოჩნდა, რომ ის არაჩვეულებრივი, უბრალო, ლამაზი, მოხდენილი მუნდირი იყო _ სამხრეებითა და ჩექმებით საყოველდღეო პერანგით (“გიმნასტიორკა”), აგრეთვე სააღლუმო, ოქროსფერი ძაფით მორთული. როდესაც სტალინმა მოისურვა, მოეთხროთ ამ ფორმის შესახებ, რამდენი ხანს ყალიბდებოდა და რა შესწორებები შეჰქონდათ მასში, უპასუხეს, რომ რუსეთის არმიის სამხედრო ფორმის სრულყოფა მიმდინარეობდა მრავალი წლის განმავლობაში. ისიც მოახსენეს, რომ მუნდირზე ოდესღაც ექვსი ღილი იყო მიკერებული, მაგრამ, როგორც გაირკვა, უფრო მოხერხებული გამოდგა ხუთღილიანი მუნდირი, უფრო იოლი შესაკრავ- გასახსნელი და ბოლო შესწორება მხოლოდ ეს იყო რუსულ ფორმაშიო.

_ ესე იგი, რუსული არმიის ფორმის სრულყოფა მიმდინარეობდა მისი არსებობის მთელი ხნის განმავლობაში?

_ დიახ, _ იყო პასუხი.

_ სხვა ფორმები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი რაღაა? _ იკითხა სტალინმა.

_ აქ წარმოდგენილი სამხედრო ფორმები ახალშექმნილი მოდელებია, _ იყო პასუხი.

_ რატომ ვეძებთ გამოუცდელ და უცხო სამხედრო ფორმას, როდესაც გვაქვს შემოწმებული, ლამაზი და მოხერხებული სამხედრო ფორმა? _ ჩაილაპარაკა სტალინმა.

ასე ჩამოყალიბდა და შეიქმნა ძლევამოსილი რუსული არმიის უკვე გამოცდილი და შემოწმებული სამხედრო ფორმა, რომელმაც დიდებით გამოიარა დიდი სამამულო ომი და ომის შემდგომი პერიოდი 1991 წლამდე.

დასასრული

შემდეგ ნომერში

გრიგოლ ონიანი

შენიშვნა: წინა ნომრის მასალაში მოყვანილი ფრაზა _”ავიაკატასტროფები კიდევ ბევრი იქნება, რადგან პირადად თქვენ გვავალებთ, ვიფრინოთ კუბოებით” _ ეკუთვნის არა გენერალ ჟიგარევს, არამედ გენერალ რიჩაგოვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here