Home რუბრიკები პოლიტიკა ბაბაჯანას ქოშები და გადაწყვეტილ-გადაუწყვეტელი ამომრჩეველი

ბაბაჯანას ქოშები და გადაწყვეტილ-გადაუწყვეტელი ამომრჩეველი

764

ამ წინასაარჩევნოდ ენდიაიმ გადაწყვიტა, რომ მის ნდობადაკარგულ კვლევებში მთავარი პრობლემა გამოკითხულთა რაოდენობა იყო და, თუ მათი საყვარელი სააკაშვილის პერიოდში, 2012 წლის ნოემბერში, 2 ათას კაცსაც არ ეკითხებოდა აზრს, 2013 წლის მარტში 3 ათას 103 რესპონდენტი გამოკითხა, ბოლო კვლევით კი, 4 ათას 113-ის აზრიგაარკვია”.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 4,4-დან 3,7 მილიონამდე შემცირდა, გამოდის, რომ ამ ყბადაღებული ორგანიზაციის კვლევა ამჯერად გაცილებით “სანდოა”, მაგრამ “ენ-დი-აიმ”, ბაბაჯანასი არ იყოს, კვლევების გამყალბებლის სახელი ვერა და ვერ მოიშორა.

იმდენად ვერ მოიშორა, რომ კორექტულობით ცნობილმა პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმაც კი პირდაპირ განაცხადა: “სამწუხაროდ, არ გავცნობივარ ენ-დი-აის კვლევის შედეგებს, თუმცა კვლევებთან დაკავშირებით მაქვს საკმაოდ საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულება, ვინაიდან წარსულში ხშირად ყოფილა, რომ ეს კვლევები არ ასახავს შემდგომ მიღებულ რეალობას. ჩვენთვის მთავარია, მოთმინებით დაველოდოთ არჩევნებს, მშვიდობიანად ჩავატაროთ წინასაარჩევნო პერიოდი და შემდგომ საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, რა არის მათთვის პრიორიტეტი, რომელი ჯგუფია უფრო მისაღები, რომელი გუნდია უფრო მისაღები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი უალტერნატივოდ გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით”.

როგორც ირკვევა, ინტერვიუები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარებულა. ქართულად გამოკითხულები ხომ ისეთ სურათს იძლეოდნენ, ვერავინ რომ ვერ უგებდა თავსა და ბოლოს, ახლაბეშბეშსმიჩვეული აზერბაიჯანელები რასაც უპასუხებდნენ, გასაგებია. თბილისელ სომხებს კი ქართული არ ეშლებათ და იცინიან, კვდებიან სიცილით!

გაეცინებათ, აბა, რა იქნება, როცა “ტაბულა ბიცოლას” სათაურად აქვს გამოტანილი, რომ ამომრჩეველზე გავლენას ახდენს მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები”. არადა, თვითონ ენ-დი-აის ასე უწერია: “გადაწყვეტილ ამომრჩეველზე გავლენას ახდენს ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები _ 45%, მრევლისა და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები _ 35%, პოპულარული ადამიანების შეხედულებები – 25%, დამსაქმებლისა და თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულებები _ 21%”.

ახლა გამოიცანით, ტაბულა ბიცოლასდასაქმებულები განიცდიან თუ არა მის გავლენას და ვის მისცემენ ხმას? _ სავარაუდოდ, იმ პარტიას, რომელიც მისი “ახალი სახის” _ ოთო კახიძის სახით აცხადებს: ენ-დი-აის კვლევამ გამოკვეთა, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სურათია. იზრდება უმუშევრობა, არის სიღარიბე, უიმედობის განცდა და ხელისუფლება ამ პრობლემებს ვერ პასუხობს. ეს კვლევაში ცალსახად დადასტურებულია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა, რომელსაც გეგმა, ხედვა და შესაბამისი კომპეტენცია აქვს, თუ როგორ გამოიყვანოს ქვეყანა შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან, როგორ შეამციროს უმუშევრობა, გაზარდოს პენსია და იაროს წინ”.

ერთადერთი, ალტერნატივის როლი არ ეთმობათ და პირდაპირ აუქციონი აქვთ გამოცხადებული სოციალურ დაპირებებზე ნაცებსაც და მათ სატელიტებსაც. კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 41%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა იქნება, ტერიტორიული მთლიანობის ქვედა ადგილებზე გადატანა კი კვლავ საფირმო ნიშნად რჩება. კიდევ როგორ უნდა ახსნან, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ ხელშემშლელი ფაქტორია?

ოთო კახიძის პარტიას თამაშს ერთგვარად უფუჭებს ის, რომ საარჩევნო გადაწყვეტილებაზე გავლენას შემდეგი ფაქტორები ახდენს: მხოლოდ გადაწყვეტილ ამომრჩეველთა 38%-ის პასუხით, ეს არის ნდობა პარტიების კონკრეტული წარმომადგენლის მიმართ _ 78%, პარტიის წარსული საქმიანობა _ 73%, პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები _ 70%, პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი _ 46%.

წარსული საქმიანობა, როგორც ჩანს, ჯერაც მძლავრი ფაქტორია, რაკი ამომრჩეველი სულ უფრო ხშირად ხვდება ნაცმოს ცოცხებით, რაც, ძირითადად, პარტიის მდედრობითი სქესის კანდიდატებში ისტერიკას იწვევს. არადა, ამომრჩევლის ლანძღვას ის ურჩევნიათ, შეხვედრებზე აქანდაზი წაიღონ, თუმცა არავინ იცის, შესაძლოა, იმ აქანდაზზეც შემოსვას ამომრჩეველმა და იქ მიუჩინოს ადგილი, სადაც “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო და ნამდვილად იმსახურებენ!

ახლა ყურადღებით:

“გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე (57%) გავლენას პატრულის წარსული საქმიანობა ახდენს (62%), ასევე ნდობა პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ _ 59%, პარტიის საარჩევნო პროგრამა და დაპირებები _ 54%, მრევლის (მღვდლის) პოლიტიკური შეხედულებები _ 29% და სხვ.

კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არასდროს, 21%-მა არ იცის პასუხი; ასევე, 21% ასახელებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 19% _ “ქართულ ოცნებას”, არ არსებობს ასეთი პარტიაო, მიიჩნევს 15%, უარს ამბობს პასუხზე 8%.

სხვა პარტიებს ასახელებს 6%”.

უალტერნატივო ლიდერი უარყოფით განწყობებში კვლავნაციონალური მოძრაობაა”, მაგრამ გააჩნია, როგორ შეფუთავ ამას და თანაც, ეს დედისგან დაწყევლილი პარტია რაღაცაში მაინც ხომ უნდა იყოს ლიდერი?! “ქართული ოცნებაამ ნეგატიურ რეიტინგში მეორე ადგილზეა და მადლობები იხადოს, რომ მესამეზე არ ჩააჩოჩეს პაატა ბურჭულაძის სცენაზე გამომხტარი პარტიის შემდეგ.

ისე, 57%-მა ჯერაც რომ ვერ გადაწყვიტა, სად წავიდეს და ვის მისცეს ხმა, კარგს არაფერს უქადის “ქართულ ოცნებას”. ეს ხომ ის ამომრჩეველია, რომელმაც 2012 წელს სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენის მოიმედე სააკაშვილი პოლიტიკური მოუსავლეთის გზას გაუყენა. უფრო სწორად, მან კი გაუყენა, მაგრამ “მეოცნებე” პოლიტიკოსებმა ჩალაგებული ჩემოდნები უკანვე ამოალაგებინეს და რეანიმაციის ყველა ხერხს მიმართეს ნაციონალების სახით “ქართული დემოკრატიის გადასარჩენად.”

გადაარჩინეს და კოალიციიდანაც ნაწილ-ნაწილ გაიპარნენ, თუ დავაზუსტებთ, გააპარეს და მედასავლეთეების მთელი კოლონა შექმნეს; ისინი ერთმანეთს კი წაართმევენ ხმებს, მაგრამ “ოცნება”, ერთი კაცის ვარაუდით, მაინც “ჭარბ ნდობას” მოიპოვებს.

ენდიაის რეალობა კი ასეთია: კითხვაზე _ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, თქვენი აზრით, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, 39% პასუხობს, რომარ იცის”, “ქართულ ოცნებას” 36% ვარაუდობს გამარჯვებულად, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” _ 11%, პაატა ბურჭულაძის პარტიას _ 3%, სხვას _ 5%”.

შეგახსენებთ, 2015 წლის აგვისტოს კვლევაში 20% ფიქრობდა, რომ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა, სინამდვილეში კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდა და “ოცნება-ნაციონალებმა” სამოცი ორმოცზე გაიყვეს მანდატები. “ოცნებიდან” გაპარულები იმასაც ამბობენ, რომ ერთი ელჩის მეცადინეობით, პირიქით, შედეგზე ვაჭრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ქუდზე გამოსულმა ხალხმა გადაწონა და ნაციონალები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ.

“ენ-დი-აის” კვლევით, “გადაუწყვეტელი” მოსახლეობის 31% ფიქრობს, ხვალ რომ არჩევნები იყოს, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა არჩევნებში; 6%-ის აზრით, _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; რაც შეეხება გადაწყვეტილს, 47%-ის აზრით, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებდა, 19%-ის აზრით, _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

ენ-დი-აის თამაში ნათელი და მარტივია: ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა კარგად უნდა იცოდნენ, მათ კიდურებზე გამობმული ძაფები ვის უჭირავს ხელში და მათი გალეგიტიმურებაც იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ როგორ მოიქცევა, რამდენად ხალისიანად დათმობს ეროვნულ ინტერესებს “სტრატეგიული პარტნიორის” სასარგებლოდ.

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ჭარბობს ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაში 18-დან 35 წლამდე. ეს ის კატეგორიაა, რომელზეც იმედებს სააკაშვილი და ოთო კახიძე ამყარებენ.

მაინც რა არის ეს 57%?

მეშვიდე დღის ადვენტისტები ვიცოდით, 50-იანელებიც ვიცოდით, 60-იანელები ხომ ვიცოდით და ვიცოდითხრუშჩოვისაც და მეცხრამეტე საუკუნისაც, მაგრამ ეს 57-იანელები ვინღა არიან? სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა ბატონ ბიძინას, ეს მაინც ხომ მოგვიტანა – 57% აზრზე არ არის, რა ქნას და ვის მისცეს ხმა.

ნავაროს ადგილმონაცვლე ლორა თორნტონი კი ამასობაში ნათელ მესიჯებს გვიგზავნის: “უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ამ ხელისუფლებაშიც არიან პირები, რომლებიც ენდობიან და ეყრდნობიან ჩვენს კვლევას. რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომელიც არ გვენდობა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მათთან კომუნიკაციის დამყარებას და ახსნას, რომ ჩვენი კვლევის უმთავრესი მიზანი მათი დახმარებაა; დახმარება იმაში, რომ აწარმოონ უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და უკეთ გაიგონ საზოგადოების აზრი საქართველოში, რადგან არ არსებობს სხვა ბევრი ისეთი ნეიტრალური მონაცემი, რომელიც მათ ამის საშუალებას მისცემს”.

პასუხისმგებლიანილორა ეხმარება ორ ძალას, რომლებსაც მორიგეობით ხელისუფლებაში ყოფნას სთავაზობს, ხოლო პოლიტიკურ ველზე სხვა ორიენტაციის ძალები რომ არ შეეპაროთ, კვლევებში ხან ბურჭულაძეს შემოაგდებენ, ხან _ ალასანიას და ხანაც _ ნათელაშვილს!

აკი კვლევაში ხაზგასმულია: “კითხვას _ მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 72%-მა დადებითად უპასუხა. ეს მაჩვენებელი, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით, 5 პუნქტითაა შემცირებული”.

16%-ისთვის მიუღებელია ევროკავშირის წევრობა, წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი 14% იყო.

ასევე, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით, 8 პუნქტითაა შემცირებული და 64%- შეადგენს მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს”. ევროგაერთიანებისგან სარგებელს უფრო მეტად ახალგაზრდები ელიან.

გარდა ამისა, წინა კვლევასთან შედარებით, 4 ერთეულითაა შემცირებული მათი რაოდენობა (64%), ვისაც ნატოს წევრობა სურს და გაზრდილია მათი რიცხვი, ვისთვისაც მიუღებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ამასთანავე, უმცირესობათა დასახლებებში ნაკლებია ნატოს მხარდაჭერა, რადგან უმეტესობა “არ ვიცის” პასუხობს.

ერთი სიტყვით, საგანგაშოა დასავლური ოპტიმიზმის 2-8 %-ით შემცირებაც კი. კონკურსი ცხადდება იმაზე, ვინ უფრო თავგამოდებით იყვირებს, რომ ნატოსა და ევროკავშირში უნდა შევიდეთ. ვინც არ იყვირებს, ნატოში კი არა, კვლევაშიც ვერ აღმოჩნდება.

თქვე ჩვენო 57-იანელებო, გამოიღვიძეთ და იმათკენ გაიხედეთ, ვისაც ენ-დი-აის კვლევაში საერთოდ არ გაჩვენებენ, თორემ ისე გადაგიწყვეტენ მომავალს (და წარსულსაც!), როგორც კვლევის ჩამტარებლების პატრონს უნდა. მოისროლეთ მაგათ კვლევებში დასახელებული ბაბაჯანას ქოშები და ბედსაც ეწევით, თორემ ამ “გადაუწყვეტელ” უბედურებას ერთხელ გადაწყვეტილი ბედი რომ სჯობს, 2012-ში მაგათაც დაინახეს და ჩვენც კიდევ ბევრჯერ ვნახავთ!

თამარ დავითულიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here