Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპა: მესამე ტერაქტი ერთ კვირაში

ევროპა: მესამე ტერაქტი ერთ კვირაში

503

22 ივლისს, გვიან საღამოს, მიუნხენში ტრაგედია დატრიალდა. სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენში მცხოვრებმა ირანული წარმოშობის გერმანიის მოქალაქემ, 18 წლის დევიდ ს.-მ პისტოლეტიდან სროლა ატეხა მიუნხენის სავაჭრო ცენტრ “ოლიმპიასთან”. დაიღუპა 9 ადამიანი, დაიჭრა _ 27, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია, ტერორისტმა თავი მოიკლა.

მიუნხენის პოლიციის უფროსის _ ჰუბერტუს ანდრეს განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი მიუნხენში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ადგილობრივი სამართალდამცველების თვალთახედვის არეში არასოდეს მოქცეულა. “ის მოსწავლეა. მის ბინაში ჩავატარეთ ჩხრეკა და “ისლამურ სახელმწიფოსთან” მისი კავშირი არ დადასტურდა. როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. ფსიქიკურ მდგომარეობას კი მოგვიანებით დავადგენთ. რაც შეეხება დაღუპულებს, მათგან ორი 16 წლის იყო, სამი _ 14-ის, ერთი _ 17-ის, ერთი _ 19-ის, ერთი _ 20-ისა და ერთიც _ 45 წლის. დაიჭრა 27 ადამიანი, მათ შორის _ 10 მძიმედ”, განაცხადა პრესკონფერენციაზე მიუნხენის პოლიციის შეფმა.

კარგად ორგანიზებული გერმანული საპოლიციო მანქანის რეაქცია მომხდარზე სწრაფი იყო. ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო დანაშაულის ლოკალიზებისთვის, გაკეთდა: სავაჭრო ცენტრში შესასვლელები გადაკეტეს, ტრანსპორტი გააჩერეს, ცენტრში მყოფი მომხმარებლები გამოიყვანეს, მაგრამ მთავარი ვერ დაადგინეს რატომ ატეხა სროლა 18 წლის ყმაწვილმა. ამიტომ არც ისე დამაჯერებელია მიუნხენის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის _ გლორია მარტინსის სიტყვები: “ჩვენ ვიპოვეთ პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია ვიმზიროთ მომავლისკენ და დავიწყოთ ხვალინდელი დღე”.

აქ გასახსენებელია 18 ივლისის ტრაგედია, როდესაც ნაჯახითა და დანით შეიარაღებული 17 წლის ლტოლვილი შეძახილით “ალაჰ აკბარ!” თავს დაესხა ვიურცბურგში მიმავალი მატარებლის მგზავრებს და 1 მოკლა, 4 კი მძიმედ დაჭრა. ეს შემთხვევაც ბავარიის ტერიტორიაზე მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერორისტული აქტები პოლიტიკური არდადეგების პერიოდს დაემთხვა, ანგელა მერკელის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ამას აუცილებლად გამოიყენებენ საბაბად გერმანიის კანცლერზე შესატევად. მემარცხენეები, ალბათ, ლტოლვილებისთვის უფრო ჰუმანური პირობების შექმნას მოითხოვენ, მემარჯვენეები კი მიგრაციული პოლიტიკისა და ლტოლვილების პირობების გამკაცრებას.

გერმანიაში ირანული დიასპორის რაოდენობა დიდია. ის 1980-1988 წლებში ირან-ერაყის ომის დროს გაჩნდა და შეძლო გერმანულ ცხოვრებასთან ადაპტაცია. ცხოვრობენ თავიანთ სამყაროში და პოლიციას პრობლემებს არ უქმნიან. ირანელები არასოდეს უჭერდნენ მხარს საერთაშორისო ტერორიზმის იდეოლოგიას. და, თუკი დადასტურდება ამ დამნაშავის კავშირი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ეს გერმანიაში ახალ საზოგადოებრივ პროცესებს დაუდებს სათავეს და დაადასტურებს ოპოზიციის თეზისს, რომ გერმანია ეთხოვება კეთილდღეობის ქვეყნის იმიჯს და ეფლობა საშინაო კონფლიქტებში, მიზეზი კი ანგელა მერკელის მთავრობის პოლიტიკაა.

თანამედროვე გერმანია სრულიად არ ჰგავს 10 წლის წინანდელ გერმანიას. ცვლილებაში კი მთავარი როლი ლტოლვილებმა შეასრულეს. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია ბავარიაში, რადგან ყველაზე აყვავებულ ფედერალურ მიწაზე ამჟამად ყველაზე მეტი უარყოფითი პროცესები ვითარდება. და, თუკი დამოუკიდებლად ცხოვრებისკენ ბავარიელთა ისტორიულად ჩამოყალიბებულ მისწრაფებას გავითვალისწინებთ, რთული მისახვედრი არ არის, რა შინაარსის ლოზუნგებით გამოვლენ ახლა ბავარიელი პოლიტიკოსები.

საფრანგეთში მოწყობილი ბოლო ტერაქტის კომენტარისას გერმანული პრესა მინიშნებით წერდა საფრანგეთის უშიშროების ძალების უგულისყურო მოქმედებაზე, გერმანული პოლიცია სატვირთო ავტომობილს ნიცის სანაპიროზე არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდაო. ამაში არის ჭეშმარიტების მარცვალი. გერმანული პოლიცია შესანიშნავად არის ორგანიზებული და შეუძლია, შეუპოვრად და სწრაფად იმოქმედოს, მაგრამ, როგორც მიუნხენის ტრაგედიამ აჩვენა, ტერორიზმი ისეთი მრავალსახოვანი და მოქნილია, რომ მისი თავიდან აცილება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

XXI საუკუნის ტერორიზმი აშშ-ის მეთაურობით დასავლეთის პოლიტიკის შედეგია და, ვიდრე ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, ტერორის სტიქია არ ჩაცხრება.

მომზადებულია სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here