Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა და ქილა ოცნება

ბიძინა და ქილა ოცნება

923

ეს სტატია 2013 წელს გერმანიაში ყოფნისას დავწერე და საქართველოში გამოვგზავნე. სამწუხაროდ, მისი გამოქვეყნებისგან იმხანად თავი შეიკავეს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. მე დევნილობიდან სამშობლოში დავბრუნდი. 

გერმანიას კი გასულ წელს მილიონამდე ლტოლვილი მიაწყდა. საერთო ჯამში, გაეროს მონაცემებით, 2015 წელს პირველად მსოფლიოს ისტორიაში ლტოლვილებისა და იძულებით გადადგილებულ პირთა რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა და 65,3 მილიონს მიაღწია. გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილების მტაცებლურმა სურვილმა, თავსმოხვეულმა ფერადმა რევოლუციებმა, სახელმწიფო გადატრიალებებმა თუ პირდაპირმა სამხედრო აგრესიამ თავისი შედეგები გამოიღო. ამ ფონზე ახლახან ევროკავშირის ერთერთი გავლენიანი წევრის _ ინგლისის მოსახლეობამ ამ გაერთიანებას უარი უთხრა. დღეს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში აშკარად შეიმჩნევა სოციალური და ნაციონალური ტენდეციების გაძლიერება. ამ ყველაფრის უმთავრეს მიზეზად დასავლელი უბრალო ადამიანები და რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსები მიიჩნევენ საბჭოთა კავშირის შემდგომ დარჩენილ ერთადერთ ზესახელმწიფოს _ შეერთებული შტატებს.

საით მივდივართ ჩვენ? რას გვიქადის მომავალი? _აი თემები, რომლებმაც მაიძულა, ჩემი თვალსაზრისი ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამომეტანა.

ზურაბ დგებუაძე,                                                                                     

საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეყოფილი პოლიტიკური დევნილი

კადრები წყვეტენ ყველაფერს!

ხეს ვერ გაზრდი იმ დროზე ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს

ილია ჭავჭავაძე

 2013 წლის იანვარში რამდენიმე გაზეთში გამოქვეყნდა ჩემი ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც გულისტკივილით ვამბობდი: “ნამდვილად არ მოველოდი, თუ “ქართული ოცნება” და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი საკადრო საკითხებში ასეთ შეცდომებს დაუშვებდნენ-მეთქი. არადა, უფრო ადრე, 2012 წლის ივნისში, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” გამოქვეყნებულ სტატიაში “პოპულისტების, დემაგოგებისა და მარიონეტების ასპარეზი” მთავარი ოპოზიციური ძალის გასაგონად ვამბობდი: “გამარჯვება ისეთი რთული არ იქნება, როგორც ქვეყნის სტაბილურობა და რეალური აღმშენებლობა. განვლილი პერიოდის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ამჯერად სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ერთ დროს გაფეტიშებულ ცნობილ ლოზუნგს “კადრები წყვეტენ ყველაფერს”. საუბედუროდ, პოლიტიკურმა დილეტანტიზმმა არა მხოლოდ წარმოების საშუალებები, არამედ კვალიფიციური კადრებიც გაანადგურა. სასწავლო პროცესების “ამოვარდნამ” და გაუაზრებელმა რეფორმებმა კიდევ უფრო მოარყია ის საძირკველი, რომელზეც უნდა იდგეს ცივილიზებული სახელმწიფო. ეს საკითხი, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლად რჩება. არასწორად განვითარებული ტრადიცია, მეგობრულ-ნათესაური ჩარჩოები კარიერის მწვერვალზე მოხვედრილ კაცს ხშირად საშუალებას არ აძლევს, სწორი არჩევანი გააკეთოს. წარმატებულ პოლიტიკურ ლიდერს ზოგჯერ უძნელდება ჯანსაღი და საქმის მცოდნე ადამიანების შემოკრება. მაღალი თანამდებობების ირგვლივ სარეველასავით ხარობენ უნიჭო კარიერისტები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, ახლოს არ გაიკარონ მოკრძალებული ინტელექტუალები. ამ საშიში ტენდენციის დაძლევა შესაძლებელია გონიერი საკადრო სისტემით და კონკურენტუნარიანი გარემოს დამკვიდრებით. დადგა დრო, კატეგორიული უარი ვთქვათ ქარიზმულ, საეჭვოდ პოპულარულ სახეებზე და ქვეყნის მომავალი ფუტკარივით მოფუსფუსე პროფესიონალებს მივანდოთ”.

ძველი თაობის წარმომადგენლები დამემოწმებიან, რომ ლოზუნგი “კადრები წყვეტენ ყველაფერს!” დიდ საბჭოეთში მართლაც ცნობილი დევიზი იყო. თუმცა, საბჭოთა სისტემა გამონაკლისი არ ყოფილა. სხვათა შორის, იმ ევროპასა და დასავლეთში, რომლისკენაც ნაციონალები და “მეოცნებენი” მიისწრაფვიან, ეს პრინციპი კიდევ უფრო დახვეწილი და განვითარებულია. ამიტომაც არის, რომ პოლიტიკური ელიტის ცვლილება გავლენას ვერ ახდენს სახელმწიფოს სტაბილურობაზე. იქ ქვეყნის სტაბილურობა, პოლიტიკურ მესიანიზმს კი არა, პროფსინალთა კასტას ეფუძნება. სამწუხაროდ, პოლიტიკურ სცენაზე მეტეორივით შემოვარდნილმა მილიარდერმა იმედი გაგვიცრუა. მან “პოლიტიკური მიწისძვრებიდან” უმოკლეს ვადაში პასუხისმგებლობის ტვრითი მოიხსნა, გაკაშკაშებული “სცენიდან” ხელი დაგვიქნია და ისევ კულისებში გაუჩინარდა. ტახტს ამოფარებულმა გვირგვინოსანმა, წარმოუდგენლად გაახალგაზრდავებულ და საეჭვო კადრებთან ერთად, სხვა მრავალი თავსატეხიც შემოგვაჩეჩა. ივანიშვილმა სააკაშვილის რეკორდიც კი მოხსნა, როცა თავის “მემკვიდრედ” ახალგამოჩეკილი პოლიტიკური ლიდერი, 31 წლის ღარიბაშვილი დაასახელა. გინესის რეკორდების წიგნში შესატანად შეიძლება ჩაითვალოს შინაგან საქმეთა მინისტრად ნაციონალების “კალთაში განებივრებული” 28 წლის ჭიკაიძის დანიშვნა, ხოლო მთავარი პროკურორის სკამზე გერმანიაში ქურდობისთვის ნასამართლევი და ასევე ნაციონალების ხელში დაფრთიანებული ფარცხალაძის დასმა უვიცობისა და უზნეობის ზენიტს ჰგავდა. საქართველოში დემოკრატიის აღზევებასა და კაი ცხოვრებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ, ამ მხრივ, ივანიშვილმა უმოკლეს ვადაში მართლაც გააკვირვა მსოფლიო. 35 წლის ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ საფეხბურთო კარიერის წყალობით მაინც უნდა იცოდეს, რომ “პროფესიონალი” “მოყვარულების” გუნდს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს.

ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააცურეს. დიდი რეჟისორები ამჟამად ახალი კლონის შესაქმნელად ემზადებიან. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სულაც არ გამიკვირდება, თუ მომავალში ხელისუფლების მწვერვალზე ოდნავ სახეშეცვლილ ნაციონალებს ვიხილავთ. თუმცა ამას საქართველოსათვის მნიშვნელობა არ აქვს, უბრალო არითმეტიკაა: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

უზნეობასა და უსამართლობაზე დაფუძნებული პოლიტიკის მწარე ნაყოფი

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლას წითელ ზოლად გასდევდა კომპრომატების ომი, რომელსაც ამორალური ხასიათი ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. ციხის კადრები. მავანმა ისეიღვაწა”, რომ ცოცხითგაუპატიურებულნიღაბჩამოხსნილ მსხვერპლს სახეზე ღიმილიც კი შეარჩინა. და მაინც, რეჟისორებმა მიზანს მიაღწიეს _ ემოციური ქართველები ქუჩაში გამოიყვნეს, ხოლო “ოცნება” და “ნაცმოძრაობა” პარლამენტსა და მთავრობაში შეაბრძანეს. და მაინც, რა იყო ისეთი გაუგონარი, რამაც საზოგადოება ფეხზე დააყენა? _ არაფერი განსაკუთრებული. საპატიმრო ადგილებში ცემა-ტყეპა, წამება, გაუპატიურება და ათასი საზიზღრობა სააკაშვლის პერიოდში რომ არ დაწყებულა და წარსულში კიდევ უფრო “ნოყიერი ნიადაგი” ჰქონდა, ჩვენმა საზოგადოებამ არ იცოდა?! ამაში ვერავინ დამარწმუნებს. კომპრომატების ომში ამორალური და ამაზრზენი საქციელი კიდევ ის იყო, რომ ამ საზიზღრობის ჩამდენებმა და შემქმნელებმა გმირობა მოინდომეს. უფრო მეტიც, გაცილებით დიდმა დამნაშავეებმა მორალის კითხვა დაიწყეს. ყველა ჯურის ავაზაკი, ყოფილი თუ მოქმედი, მაღალი თუ დაბალი რანგის მოხელე შარაგზაზე გამოეფინა და აყაყანდა, _ ეს რა ჭირი შეგვყრიაო. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის ტალახის სროლამ კარგად წარმოაჩინა ორივე მხარის ჭეშმარიტი სახე. ნაციონალების მიერ შემოგდებულმა ერთმა კომპრომატმა დამიტოვა განსაკუთრებული შთაბეჭდილება. ერთერთი ფარული აუდიოჩანაწერიდან აშკარად ჩანს, რომ თანამდებობას დახარბებულ მოქიშპეებსმეფის კარზეაღსაზევებლად დიდი მტრობა აქვთ. აუდიოჩანაწერიდან ისმის ორი ახალგაზრდა მამაკაცის საუბარი, რომელიც დეგრადირებული ქუჩის ბიჭების დიალოგს უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანების წუხილს. იქ დანთხეულ ზიზღსა და ბილწსიტყვაობაზე მეტადპირაქაფებულიახალგაზრდა კაცის ვერაგულმა განზრახვამ შემაძრწუნა. იგი მოსაუბრეს მხიარულად ამცნობს, რომ მიუღებელი ქალბატონისგასაჟიმავადდა ამ მეთოდით მის ჭკუაზე მოსაყვანად უკვე შერჩეული ჰყავსკურო”. კომპრომატების ხელოვნებაში განსწავლული ეს ახალგაზრდა კაცი კი არის ივანიშვილის მემკვიდრე _ ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი რომ უდავოდ “ნიჭიერი” ახალგაზრდაა, ამ აუდიოჩანაწერიდანაც კარგად ჩანს, თუმცა, ვფიქრობ, “პროფესიონალზმში” მას თავისი სიმამარი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის _ კახა თარგამაძის თანამებრძოლი, გენერალი თამაზ თამაზაშვილიც წაეხმარა. არადა, ბატონი ივანიშვილი საქვეყნოდ გაიძახოდა, _ ყველაზე მეტად რაშიც ვერკვევი და მესმის, ეს საკადრო საკითხებიაო. სხვათა შორის, პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილ უმდიდრეს კაცს მავანი ხშირად შეახსენებდა ხოლმე რუსეთში დანაშაულებრივი გზით ნაშოვნ ქონებას. გაღიზიანებული ივანიშვილი კი მენტორული ტონით უმტკიცებდა “უმწიფარ” ჟურნალისტებს, რომ მისი წარსული უმწიკვლოა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მეც ვარ, ვინც კარგად იცის, როგორ იშვა საბჭოურ სივრცეში მილიონობით გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე ერთი მუჭა მდიდრების კასტა. სწორედ იმ პერიოდში, როცა ბატონი ბიძინა რუსეთში დიდ ფულს “ჭრიდა”, მე იქ გაცრეცილი პიჯაკით ვხვდებოდი უმაღლესი თანამდებობის პირებს. ერთ-ერთი ასეთი მაღალი დონის შეხვედრა 1993 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ვოლგოგრადში გაიმართა. ამ დიდ ღონისძიებას, “ეს-ენ-გე”-ს შინაგან საქმეთა მინისტრების გარდა, ავსტრიის იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა. დასავლეთევროპელი მინისტრი დამაფიქრებელი მოხსენებით გამოვიდა. სწორედ ეს გარემოება გახდა საბაბი იმისა, რომ 1993 წლის 6 ნოემბერს გაზეთ “კრიმინალურ ქრონიკაში” გამოვაქვეყნე სტატია “ვიდრე მაფია მომძლავრდება”. ამ სტატიაში სწორედ ავსტრიის იუსტიციის მინისტრის მოხსენების მონაკვეთი მაქვს მოყვანილი: “ბოლო წლებში შეიმჩნევა სახიფათო ტენდენცია. ორგანიზებულმა მაფიამ დაიწყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფინანსური საშუალებების ეკონომიკის სფეროში დაბანდება. იქმნება საშიშროება, რომ იგი ზემოქმედებას მოახდენს საზოგადოებრივი სისტემის საფუძველზე. ჩვენ რუსეთის გენერალურ პროკურორს ხმამაღლა ვუთხარით საყვედური იმის შესახებ, რომ საბანკო სისტემაში კორუფციაა, ხშირია გაფლანგვისა და ქურდობის ფაქტები. 160 ბანკი და საწარმო კომპრომეტებულია იმით, რომ იქ საქმიანობენ კრიმინალური დაჯგუფებები. მაფია ცდილობს სახელმწიფოში გაძლიერებას, რათა მიაღწიოს საბანკო სისტემაზე ზეგავლენას… ჩვენ სამჯერ გავაფრთხილეთ რუსეთის გენერალური პროკურორი, რომ რუსეთში ეკონომიკის ძირითად სადავეებს დამნაშავეები ეუფლებიან და, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე მათ პოლიტიკური ხელისუფლების მწვერვალზეც ვიხილავთ”. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, სხვისი უბედურებით “გაბედნიერებულმა” კაცებმა, თუ სინდისის ნატამალი შერჩათ, მართლა უჩუმრად უნდა აკეთონ კეთილი საქმეები და ასე გამოისყიდონ მილიონთა წინაშე ჩადენილი ცოდვები. ეს ბატონები ნურც იმაზე გამოიდებენ თავს, აქაოდა, პოლიტიკა არ მიზიდავს და არსდროს მქონია პოლიტიკოსებთან კავშირიო. ბატონი ბიძინას გასაგონად მინდა განვაცხადო: ზოგჯერ თუ გამონათქვამები და განვლილი ცხოვრება გავიწყდებათ, მაშინ იგი ვიღაცამ უნდა შეგახსენოთ. თქვენ უკვე საჯაროდ დაუდასტურეთ საზოგადოებას, რომ, კარგა ხანია, პოლიტიკაში ხართ. ამის თვალსაჩინო მაგალითია თქვენი პასუხი 9 აპრილის მემორიალთან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე “აფინანსებდით თუ არა რუსეთში გენერალ ლებედის საარჩევენო კამპანიას?”. მე მეამაყება, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ელცინის საარჩევნო შტაბის წევრი ვიყავი და მის საარჩევნო კამპანიას ვაფინანსებდი. მე მოვნახე მექანიზმი, როგორ უნდა გაემარჯვა იმ დროს ელცინს. ძალიან მძიმე პერიოდი იყო მაშინ. არსებობდა დიდი საფრთხე, კომუნისტებს რევანში აეღოთ და ის სისტემა, რომლის წინააღმდეგაც 1989 წელს ასე აქტიურად იბრძოდნენ ქართველები, უკან შემოებრუნებინათ. მაშინ ელცინს მხარს უჭერდა მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება. სხვა უკეთესი არჩევანი მაშინ არ გვქონდა. მეორე მხარეს იდგნენ კომუნისტები. ლებედი იქ მექანიზმად იყო გამოყენებული, რადგან მან მოახერხა კომუნისტების ხმების დაბალანსება და, საბოლოო ჯამში, ელცინმა გაიმარჯვა. მე ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის, რასაც დღესაც სიამაყით ვიხსენებ”. ახლა ეს ფრაზა გავაანალიზოთ. ივანიშვილი ამაყად ამბობს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩვენების პერიოდში ელცინის საარჩევნო კამპანიას ვაფინანსებდიო. იქვე აღიარებს, რომ პარალელურად გენერალი ლებედის არჩევნებსაც აფინანსებდა, რათა მას ელცინის სასარგებლოდ კომუნისტებისთვის ხმები წაერთმია, თანაც ეს ვირეშმაკური ფანდი თვითონ ბატონ ბიძინას მოუფიქრებია. რა გამოდის? _ გამოდის ის, რომ მედროვე თანამემამულე დაუფარავად გვეუბნება, _ იმ კაცს ვეხმარებოდი, რომელმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვაო. განა ელცინის უდიდესი დამსახურება არ არის, რომ დღეს აფხაზეთიდან 250 000 ათასი ქართველია გამოძევებული, ხოლო ომში 30 000 ქართველი დაიღუპა?

ახლა იმასაც მივაპყროთ ყურადღება, როგორ ამართლებს ივანიშვილი თავის საქციელს: კომუნისტები რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, ქართველები რისთვისაც იბრძოდნენ 1989 წელს, ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდაო. მგონი, სადავო არ არის, რომ იმხანად აღტყინებული ქართველობა ერთიანი საქართველოსთვის იბრძოდა და არა ივანიშვილის მილიარდებისთვის. ქართველ პატრიოტებს არც ის ადარდებდათ, კომუნისტები რევანშის შემთხვევაში დაიწყებდნენ თუ არა ივანიშვილის ქონების ექსპროპრიაციას. ასე რომ, პროდასავლელი “ძმების” გასაგონად ვამბობ: ივანიშვილი თქვენი კაცი უფროა, ვიდრე რუსეთის ინტერესების გამტარებელი ან საქართველოსთვის თავდადებული რაინდი. დიდი შანსია, რომ იგი სწორედ საერთაშორისო ელიტური ბიზნესწრეებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციული ინტერესების გამტარებელი აღმოჩნდეს, ვიდრე სამშობლოს ბედ-იღბალზე მზრუნველი პატრიოტი. ასეა, ფულის მოტრფიალე კაცებს მეტწილად ეშმაკთან აქვთ კუდი გადანასკვული, მათი ქველმოქმედება და სათნოება კი ადამიანებისთვის თვალში შეყრილი ნაცარია. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიო ძალზე დაპატარავდა. დიდმა კაპიტალმა შეძლო ვიწრო სახელმწიფოებრივი ბარიერების გარღვევა და თავის საცეცებში სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების მოქცევა. ფული და ძალაუფლება ინტერნაციონალური გახდა. ის, რაც ვერ მოახერხეს კომუნისტებმა და სოციალისტებმა, შეძლო მსოფლიო კაპიტალმა, თუმცა დღეს ევროპაში საპირისპირო დინებაც შეიმჩნევა. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, რომელიც ცივილიზაციის ნაყოფია, ხშირად ცალკეულ პიროვნებებს სრულიად დაუმსახურებლად აძლევს საშუალებას, უზარმაზარი კაპიტალი ჩაიგდოს ხელში, რაც უკვე ნიშნავს ქონების არასამართლიან გადანაწილებას. სხვათა შორის, მსხვილი კაპიტალის თავაშვებულობით შეშფოთებულ ევროპაში შემთხვევითი არ არის მემარცხენეების გამოცოცხლება. დღეს ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში ლიბერალიზმი ადგილს სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტიურებული პარტიებს უთმობს. ისიც ფაქტია, რომ ცნება “სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო” გერმანიის კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპია. ამ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში ნებისმიერი უმუშევარი მოქალაქე და მასთან გათანაბრებული პირი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, საჭმელ-სასმელითა და უფასო სამედიცინო მომსახურებით. ევროპის ქვეყნებში მდიდრებმა და დასაქმებულმა საშუალო ფენამ კარგად იციან, რომ უმუშევარი და შრომის უუნარო თანამოქალაქე უნდა არჩინონ. ეს მათი მორალური ვალდებულებაა. ასე რომ, იქ, სადაც ადამიანების უდიდესი ნაწილი შიმშილობს, სიმდიდრე არა მხოლოდ დიდი უსამართლობაა, არამედ დიდი უზნეობაც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, როცა ეს სიმდიდრე მილიონობითი ადამიანის უბედურების ხარჯზეა ნაშოვნი.

საგარეო ორიენტირი

აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა

გოტფრიდ ლაიბნიცი

ევროკავშირისლოკომოტივადაღიარებული გერმანია მართლაც გამოირჩევა მძლავრი ინდუსტრიით, მყარი სოციალური გარანტიებითა და მრავალეროვნულობით. სხვისი არ ვიცი და მე, პირადად, აქ ჩამოსულს, თავი მეორე საბჭოთა კავშირში მეგონა. არცთუ დიდი ხნის წინათ ხაკისფერი ნაციონლიზმით გახუნებულ მიწაწყალზე დღეს ინტერნაციონალიზმის ფერადი ნაყოფი ყვავის. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები, კარგა ხანია, ევროკავშირის წევრობის სტატუსს ფლობენ, მათი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თავის გადასარჩენად და ოჯახის გამოსაკვებად ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში მიემგზავრება. მეორე მხრივ, მიგრაციის საკითხი, საკმაოდ მტკივნეულია თვითონ მაღალგანვითარებული სახელმწიფოებისთვისაც. ამ პრობლემის დროულად მოუგვარებლობა, დიდი ალბათობით, ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდება. ამის საუკეთესო მაგალითია სოციალისტური ქვეყნების გამოცდილება _ ძმური კავშირიდან მტრობამდე და სისხლისღვრამდე ერთი ნაბიჯია. ამასთანავე, დასავლეთში გაცილებით სახიფათო ტენდენციები შეინიშნება. ავიღოთ თუნდაც შობადობის მაჩვენებელი გერმანიაში. დღეს უკვე თვითონ გერმანელები საუბრობენ ქვეყანაში შექმნილ სახიფათოდემოგრაფიულ პირამიდაზე”, რაც იმაში გამოიხატება, რომ გერმანული ტრადიციული ოჯახების ადგილსმეგობრობისინსტიტუტი იკავებს, შესაბამისად, საგანგაშოდ მცირდება ახალგაზრდების რაოდენობა, ხოლო პენსიონერებისა _ დღითიდღე იმატებს. რაოდენობრივი მატების სალდო აქ მხოლოდ ემიგრანტებზე მოდის. არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რომლებიც სწორედ ევროკავშირის სპონტანურად გაფართოების გამოძახილია. ნათელია, რომ ევროკავშირის საზღვრების გაფართოება, უწინარესად, უმსხვილესი კაპიტალის ინტერესებში შედის, მოგებული მხოლოდ ისინი რჩებიან, თუმცა ეს ყოველივე ძალზე სახიფათოა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.

 მიმდინარე გლობალური პროცესები განსაკუთრებით საშიშია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. საბჭოური სისტემის ნგრევის შემდეგ გაუსაძლის ყოფაში ჩავარდნილი საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები განსაკუთრებით საგანგაშოა. ევროკავშირის წევრობა კი კიდევ უფრო გაზრდის საქართველოდან ძირძველი მოსახლების გადინებას. არ ვიცი, რას ეყრდნობიან პროდასავლელი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებსაც იდეა-ფიქსად დაუსახავთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. ფაქტია, რომ დაბალი განვითარების, მოუწესრიგებელი ქვეყანა ყოველთვის წაგებული დარჩება მაღალგანვითარებული სახელმწიფოების თანამეგობრობაში. განსაკუთრებით დამაფიქრებელია ის, რომ დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსოფლიოში ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა _ რუსეთი. ჩრდილოელი მეზობლის მიერ მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნების გარანტიას კი ვერც ევროკავშირი იძლევა და ვერც ოკეანისგაღმელი “მეგობრები”. უფრო მეტიც, დასავლეთმა უკვე დაამკვიდრა სახელმწიფოების დაქუცმაცების ჩვენთვის საშიში ტენდენცია. ამის მაგალითია იუგოსლავიის მწარე გამოცდილება (იუგოსლავიის ტერიტორიაზე დღეს შვიდი ჯუჯა სახელმწიფო წარმონაქმნი არსებობს).

არც ისე დიდი ხნის წინათ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ათი წლისწინადელ ამბავზე განაცხა დასაყურადღებო რამ: მოსკოვიდან დარეკეს და გაგვაფრთხილეს, _ საქართველოში ხელისუფლება აფხაზეთზე იცვლებაო. დავით თევზაძემ თავის ინტერვიუში საზოგადოებას ის მოსაზრებაც გაუზიარა, რომ 2003 წელს “ვარდების რევოლუციის” მეშვეობით ხელისუფლების ცვლილებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვა მოჰყვაო.

ახლა 2003 წლის დრამატულ მოვლენებს გადავავლოთ თვალი. იმხანად პარლამენტის შენობის წინ ორი დაპირისპირებული ძალა იდგა: ერთ მხარეს დასავლეთის მიერ ფრთაშესხმული “ვარდოსნების” გაბრუებული მასა ბობოქრობდა, მეორე მხარეს კი _ პრორუსული ორიენტაციის ასლან აბაშიძის მომხრეები. სწორედ იმ ასლან აბაშიძისა, რომელსაც დასავლეთისგან გაცუცურაკებულმა შევარდნაძემ ეთნოკონფლიქტების მოგვარება ოფიციალურად მიანდო. შევარდნაძეს ეს გადაწყვეტილება შემთხვევით არ მიუღია. იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები მხოლოდ რუსების ხელში იყო.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ბატონი თევზაძის ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. სწორედ ამ გაუაზრებელი და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ჩვენი გაუბედურებული ყოფა _ დაკარგული ტერიტორიები, უცხოეთში საშოვარზე გადახვეწილი თანამემულეები, უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა და საგანგაშოდ დასუსტებული ქვეყანა.

20 წელზე მეტია, რუსეთი პირდაპირ თუ არაპირდაპირ, აშკარად თუ შეფარვით გვაფრთხილებს, თუ დასავლურ თამაშს თავს არ დაანებებთ, სახელმწიფოს დაქუცმაცება არ აგცდებათო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ერთერთ გამოსვლაში ჩვენ გასაგონად ისიც კი განაცხადა, რომ იმხანად, როცა საქართველომ რუსეთს მფარველობა სთხოვა, ქვეყანა სამთავროებად და კუთხეებად იყო დანაწევრებულიო. რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომ ქართული ტერიტორიები რუსებმა ქართველებთან ერთად იარაღითა და სისხლით გამოსტაცეს უზარმაზარ მუსლიმანურ იმპერიებს.

ამნეზია სახიფათო დაავადებაა. ვითომ მართლა აღარ გვახსოვს, რომ XVII საუკუნის ბოლოს შინაური მტრობითა და მუსლიმანური ქვეყნების შემოტევით დასუსტებული ქართველი ერის ყოფნაარყოფნის საკითხი იდგა?! ნუთუ მართლა დაგვავიწყდა ან არ ვიცით, რომ XVII საუკუნის მიჯნაზე ირანის, ოსმალეთისა და ჩრდილოკავკასიელთა თარეშისგან გალეული ქართველობა საგანგაშო დემოგრაფიული ზღვარს _ 400 ათასს მიუხლოვდა?! ნუთუ მართლა არაფერი გვსმენიაქართლის ჭირზე”, ჩვენს დიდ წინაპრებზე, თუნდაც სულხანსაბასა და დავით გურამიშვილზე?! და თუ ეს ყველაფერი გვახსოვს, მაშინ დიდი მეზობლისგან უკუქცევა და ერთადერთ დაუძინებელ მტრად მისი შერაცხვა, უვიცობასთან ერთად, უზნეობაც არის.

ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში ერთ-ერთ საგაზეთო პულიკაციაში ვწერდი: “რეალობას ვერ გავექცევით, ქართული სახელმწიფოს მომავალი ამჯერადაც მჭიდროდ არის გადანასკვული საგარეო ორიენტირზე. შექმნილია რადიკალურად პროდასავლური სახელისუფლო ცენტრი. ამ სიტუაციაში ლოგიკური იქნებოდა მეორე საპირისპირო საყრდენის შექმნა, რომელიც ჩრდილოელ მეზობელთან მჭიდრო კანტაქტების აღდგენის რეალისტურ პროგრამას შესთავაზებს საზოგადოებას. ამგვარ პოლიტიკურ განლაგებაში მესამე ცენტრის ფუნქცია “ქართულმა ოცნებამ” უნდა იტვირთოს, სწორედ მან უნდა შეძლოს ორ პოლუსს შორის გაჭედილი პოლიტიკური ცნობიერება იმპერიათა ციცაბო ბილიკებზე ისე ატაროს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩეს. ჩვენ შეგვწევს უნარი, ჩავშალოთ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ ნებისმიერ ძალებს შორის დადებული ღია თუ ფარული გარიგება. ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრობა კი მხოლოდ გონიერებით, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებითა და მოთმინებით მიიღწევა”.

ასე ვფიქრობდი იმხანად, მაგრამ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დამარწმუნა, რომ კლონირებულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ, “ქართული ოცნების” სახით, წინამორბედის გზა განაგრძო. უფრო მეტიც, ახალმა მესიამ “კოაბიტირებულ” საზოგადოებას კიდევ ერთი სამშვიდობო ლოზუნგი გადმოუგდო _ “ნატოსა და ევროკავშირში რუსეთთან ერთად!”.

გონიერი მკითხველისთვის მიმინდვია დასკვნის გაკეთება, როგორ დაანაყრებს ეს პოლიტიკური მანანა გაუსაძლის ყოფაში ჩავარდნილ ერს. კიდევ რომელი კლონირებული ძალა მოევლინება მხსნელად გაწამებულ და გზააბნეულ ამომრჩეველს. მე კი ისევ ძველ თვალსაზრისზე დავრჩები და ამ ვრცელ წერილს შემდეგი სიტყვებით დავასრულებ: დადგა დრო, უარი ვთქვათ სახელისუფლო პარტიებიდან პოლიტიკური კლონების გამოყვანაზე. აუცილებელია, შეიქმნას ისეთი სამართლებრივი მოდელი, სადაც, ღმერთმა დაგვიფაროს და, იმ ერთ რჩეულს “აგური” რომ მოხვდეს ან “ფეხი გადაუბრუნდეს”, საზოგადოება ფეტვივით არ დაიბნეს, პოლიტიკური სისტემა ხუხულასავით არ ჩამოიქცეს. თუმცა აქ მარტოდენ სამართლებრივი მოდელი არას გვარგებს, თუ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა არ გაითავისა თამაშის ახალებური წესი _ არ გააცნობიერა პასუხისმგებლობა, რომელიც უკანონო ქმედებისთვის დასჯას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here