Home რუბრიკები საზოგადოება იგავი მილიარდერ მეფისა, კვირიკ ვაზირისა და თინა ჯადოქრისა

იგავი მილიარდერ მეფისა, კვირიკ ვაზირისა და თინა ჯადოქრისა

793

იყო ერთი მეფე, მეტსახელად მილიარდერ მეფეს ეძახდნენ. არავინ იცის, როდის და სად იშოვა მილიარდები, მაგრამ ყველა ამ სახელით მოიხსენიებდა მის სამეფოში. ჰყავდა ამ მეფეს კვირიკ ვაზირი, კაცი ფრიად გულისხმიერი, ჭკვიანი და ლიბერალი. ამ ბოლო სიტყვის მნიშვნელობა მთელ სამეფოში ზუსტად არავინ იცოდა, მაგრამ თვითონ კვირიკ ვაზირი საკუთარ თავს ასე უწოდებდა და სხვას რა გზა ჰქონდათ, ამგვარად მოიხსენიებდნენ ხოლმე _ კვირიკ ვაზირ ლიბერალი.

იყო კიდევ ამ სამეფოში თინა ჯადოქარი. როცა მოუნდებოდა, ხან ამ ქვეყნის იურისტებს მოაჯდებოდა ხოლმე თავზე, ხანაც _ სამხედროებს. პარლამენტის თავმჯდომარის თავმჯდომარედაც მოიხსენიებდა ხალხი, რადგან იგი პარლამენტის თავმჯდომარეს მუდამ თავზე აჯდა.

არ უყვარდა ხალხს თინა ჯადოქარი. მოითხოვდნენ მილიარდერ მეფისგან მის მოშორებას სამეფოდან, მაგრამ მილიარდერი მეფე, თითქოს მოჯადოებულიაო, ვერაფრით იშორებდა თავიდან თინა ჯადოქარს.

ერთხელაც, მილიარდერი მეფის ყურს მისწვდა, _ ხალხი უკვე ისეა გაბრაზებული, შეიძლება შენც აღარ გაღიარონ მეფედ, თუკი თინა ჯადოქარს არ მოიშორებო. რა ექნა მილიარდერ მეფეს? თვითონ, აკი მოგახსენეთ, მოჯადოებული იყო და არ შეეძლო თინა ჯადოქრის მოშორება. ადგა და ეს ამოცანა თავის ერთგულ ვაზირს _ კვირიკ ლიბერალს მიანდო.

_ რა პრობლემააო? _ შემპარავად იკითხა კვირიკ ლიბერალმა.

 _ მას შემდეგ, რაც გამოვაცხადე, რომ შავი ეტლებით აღარ ვივლიდი, ხალხს ისედაც ჰგონია, კაი ტიპი ვარ და, თინა ჯადოქრის მოშორებასაც თუ ჩემს თავზე მივიწერ, ხალხი კიდევ უფრო შემიყვარებსო!

_ ეგ ეგრეაო, _ მჭმუნვარედ უთხრა მილიარდერმა მეფემ, _ მაგრამ თავად თინა ჯადოქარი რომ შემოგწყრება, რაღას გააწყობო?

_ ეგ ამბავი მე მომანდეთ, ჩემო მილიარდერ-მეფევ და მე ვიცი და ჩემმა ლიბერალობამ, ხვალვე წარმოგიდგენთ ჩვენი სამეფოს ახალ სახეებსო! _ ეშმაკური ღიმილით უპასუხა კვირიკ ვაზირმა.

ასეც მოხდა, მეორე დღეს კვირიკ ვაზირმა მილიარდერ მეფესთან რამდენიმე გოგობიჭი შეიყვანა და მოახსენა: _ აგერ, ჩემო მილიარდერო მეფევ, ჩვენი სამეფოს ახალი სახეები ესენი იქნებიან თინა ჯადოქრის ნაცვლადო!

შეხედა მილიარდერმა მეფემ და რას ხედავს: ერთს ქალის კაბა აცვია მუხლს ქვემოთ დაშვებული, მეორეს _ პატარა გოგოსავით, დახეული შარვალი და “ტოპი” მაიკა, მესამეს _ მამაკაცის პიჯაკ-შარვალ-ჰალსტუხი, მეოთხეს _ კედები და მაისური, სტუდენტი ბიჭივით და ა. შ., მაგრამ ახედავს სახეზე და ყველა მათგანს მაინც თინა ჯადოქრის სახე აქვს.

გაოგნდა მილიარდერი მეფე და ჰკითხა კვირიკ ვაზირს: _ კაცო, რა ხდება ეს? ესენიც მოაჯადავა თინა ჯადოქარმა, თუ მე მაქვს ისეთ ჯადო, რომ ამათ სხვადასხვა ტანით ვხედავ, სახით კი ყველა მაინც თინა ჯადოქარს ჰგავსო?

_ საქმეც ეგააო, _ ეშმაკურად მიუგო კვირიკ ვაზირმა, _ ესენი, ჩემო მილიარდერო მეფევ, სინამდვილეში ყველანი მაინც თინაჯადოქრები არიან, უბრალოდ, სხვადასხვა სხეულში ჩასახლებულნი. მათ, ყველას, სხვა სამეფოებში აქვთ ნასწავლი და დამთავრებულითინა ჯადოქრობადა შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიიღონ თინა ჯადოქრის სახე. ჰოდა, თქვენც ხალხს მათ წარუდგენთ როგორც ახალ სახეებს და ხალხიც მოგენდობათ. თანაც ეტყვით, რომ მათ სხვა სამეფოს დიპლომები აქვთ. ხომ იცით, ეს რა მაგიურად მოქმედებს ჩვენს გოიმ ხალხზე. სამაგიეროდ, აღარც თინა ჯადოქარი განრისხდება, რადგან მისი სულიერი შვილები მისი სახისანი გვეყოლებიან ისევ ჩვენს სამეფოში მაღალ თანამდებობებზე და ამით ორ კურდღელს დავიჭერთ _ ხალხსაც გულს მოვულბობთ, რადგან ისინი ამათ ნამდვილ სახეს ვერ ხედავენ და ვერ ხვდებიან, რომ ისევ თინა ჯადოქრები ესხდებათ თავზე და, თავის მხრივ, თინა ჯადოქარიც კმაყოფილი იქნება და ობამა ღვთაებასთან ვეღარაფერს დაგვიშავებსო.

ობამა ღვთაების ხსენებაზე მილიარდერ მეფეს ფერფური წაუვიდა და ნატოს ლოცვა 41-ჯერ უკუღმა წარმოთქვა. მერე კი კვირიკ ვაზირს თვალი ჩაუპაჭუნა და თინა ჯადოქრებს სათითაოდ ჩამოართვა ხელი.

ჩვენი მეზღაპრე კორესპონდენტი იტყობინება, რომ ამ იგავის მორალი ქართველმა ხალხმა, წესით, უკვე 4 წელიწადია, კარგად უნდა იცოდეს, მაგრამ ფაქტობრივად, ალბათ, კიდევ ერთხელ გადაყლაპავსო…

სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგეთ, რას გულისხმობს იგი “გადაყლაპვაში” ან, საერთოდ, რატომ მოგვწერა ექსკლუზიური ინფორმაციის ნაცვლად ეს იგავ-არაკი, მაგრამ მაინც თავი დავიზღვიეთ და გადავწყვიტეთ, დაგვებეჭდა. ვინ იცის, იქნებ ჩვენ ვართ გაუგებრები და შეუგნებლები და ეგებ თქვენ გაიგოთ რამე და გამოიტანოთ სწორი დასკვნები ყოველივე ამისგან, ძვირფასო მკითხველო?!

აგია იგიელი

1 COMMENT

  1. ზროხა ანზორას გოგო ჯადოქარი კიარა, მონა ქალის ეტალონია, ბიძო კი გოიმი თაღლითია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here