Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

1085

მზად ვარ, სიმართლისთვის დავიკისრო პასუხისმგებლობა!”

ნაწილი V

დამოუკიდებლობამოპოვებული დივიზია, რომელიც სტალინის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა, მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებდა, როგორც დივიზიის მეთაურს, მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, სწორედ მაშინ გაფუჭდა ამინდი და არ მეძლეოდა ჩემი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება. ავდრის მიუხედავად, გადავწყვიტე, განმეხორციელებინა ღამის ფრენები და პარტიზანების საბრძოლო მასალებით მომარაგებაზე გადავსულიყავი. აგრეთვე, კავშირს ვამყარებდი ოკუპირებულ ლატვიალიტვაესტონეთთან. აქტიურად ვიყავი ჩართული ბულგარეთისა და პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობებში.

სტალინმა სასწრაფოდ გამომიძახა კრემლში. მიბრძანა, დაუყოვნებლივ გადმომეტანა დივიზიის შტაბი მონინოდან მოსკოვში, რადგან ბევრ დროს ვანდომებდი კრემლამდე მისვლას”.

გოლოვანოვმა თავი შეიკავა, მაგრამ სტალინისათვის სიტყვა არ შეუბრუნებია. პაუზა დიდხანს გაგრძელდა.

“შენთვის, მგონი, რაღაც გაუგებარია?

_ არა, ამხანაგო სტალინ, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მოსკოვში ასე სწრაფად გადმოსვლას სჭირდება შენობა, რომელშიც განვთავსდებით.

_ ეს სწორია! _ გააქნია თავი სტალინმა, მერე “ვერტუშკასთან” მივიდა და ვიღაცასთან დარეკა:

_ თქვენთან ახლა მოვა გოლოვანოვი. სასწრაფოდ უნდა გადმოიყვანოთ და განათავსოთ მოსკოვში. ყურმილი დადებული არ ჰქონდა, რომ მე მომმართა:

_ იცი, ვინ არის ხრულიოვი?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

_ ახლავე წადი მასთან, ის გადმოგიყვანთ და მოგაწყობთ მოსკოვში.

ანდრეი ხრულიოვს მხოლოდ სატელეფონო საუბრით ვიცნობდი. კაბინეტში შესვლისთანავე ვიგრძენი, რომ მივედი კაცთან, რომელიც ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე იყო. სწრაფი, მოქნილი, სიცოცხლით სავსე, პირდაპირი. გამომკითხა ოჯახური მდგომარეობა, რათა ჩემს საყოფაცხოვრებო პირობებზეც ეზრუნა, შემდეგ კი სასწრაფოდ გამიძღვა კაბინეტიდან, წამოიყოლა კიდევ ორი კაცი და გავედით ქალაქში დივიზიის შტაბისთვის შენობის მოსაძებნად.

როდესაც მოსკოვში შენობას ვეძებდით, ვთხოვე ხრულიოვს, თუ შესაძლებლობა იქნებოდა, შენობა აეროდრომის ახლოს ყოფილიყო, რათა მართვა ოპერატიულად განხორციელებულიყო.

_ მაშინ თქვენთვის საუკეთესო იქნება ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიის შენობა, რომელიც იქვეა აეროდრომთან.

_ მაგრამ ის ხომ დაკავებულია? _ მივუგე მე.

_ მერე რა, გადმოდით აქ, ღმერთმანი.

_ კი მაგრამ, როგორ მოხდება ამხელა აკადემიის ასე სწრაფად გათავისუფლება? _ ვკითხე მასპინძელს.

_ თქვენ როდის შეძლებთ გადმოსვლას, ამხანაგო გოლოვანოვ? _ კითხვითვე მიპასუხა მან.

_ შემიძლია ხვალვე, _ მიუგე მე.

_ ძალიან კარგი. გადმოდით. ხვალ დილით გათავისუფლებული იქნება შენობა, რომელშიც შეგიძლიათ განათავსოთ დივიზიის შტაბი.

“აი ეს არის ორგანიზაცია და ორგანიზატორი”, _ გავიფიქრე და ერთმანეთს ღიმილით დავშორდით.

მეორე დღის ბოლოს სტალინმა დარეკა და მკითხა, ვიყავი თუ არა გადმოსული მოსკოვში.

ვუპასუხე, რომ მთელი შემადგენლობით ვარ მოსკოვში, სადაც დავრჩი დიდი სამამულო ომის დამთავრებამდე.

ომის განმავლობაში ბევრჯერ შევხვედრივარ სტალინს: თათბირებზე, პირად საუბრებში, ბინაში, ვახშამზე. იგი სულ ერთნაირ ფორმაში და მშვიდ განწყობაზე იყო, მაგრამ, თუ ზერელობას, საქმის უცოდინარობასა და მისი მოტყუების მცდელობას ვინმეს შეამჩნევდა, პირდაპირი მნიშვნელობით, ქარიშხლად იქცეოდა ხოლმე, თუმცა შეეძლო ნერვების მალე დაოკებაც.

სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტში ერთ-ერთ საბრძოლო ოპერაციას იხილავდნენ. მომხსენებელი ჟუკოვი იყო. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოხსენება დიდხანს გაგრძელდა. სტალინი, როგორც ყოველთვის, მომხსენებელს სიტყვას არ აწყვეტინებდა, ბოლომდე უნდა მოესმინა აზრი. თვითონ კი დინჯად მიმოდიოდა წითელ ხალიჩაზე და ჩიბუხს აბოლებდა. გიორგი ჟუკოვმა მოხსენება რომ დაასრულა, სტალინი მიუახლოვდა მაგიდას, რომელზეც გაშლილი იყო ოპერატიული რუკა, რომელსაც ჟუკოვი მოხსენებისას იშველიებდა. სტალინი დაჰყურებდა რუკას, ცოტა ხნის შემდეგ კი ჟუკოვს მიმართა.

_ ერთი მითხარით, ეს რა არის? _ და რუკაზე რაღაცის აღმნიშვნელ ნიშანზე მიუთითა.

ჟუკოვი რუკაზე დაიხარა და უმალ წამოწითლდა.

_ ამხანაგო სტალინ, ეს ოფიცრის შეცდომაა.

რუკაზე დაცვის ხაზი იქ კი არ იყო გავლებული, სადაც უნდა ყოფილიყო, არამედ ჭაობზე.

_ სასურველია, აქ უფრო მომზადებული და დაზუსტებული მონაცემებით მოდიოდეთ!

იქ დამსწრეთათვის ეს იყო სამაგალითო გაკვეთილი, რომელიც სტალინმა უმოკლეს დროში ჩაგვიტარა.”

“როდესაც რომელიმე საკითხზე წავკამათდებოდით, _ იგონებს გოლოვანოვი, _ ის იმწუთასვე არ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას თავის სიმართლეში და ჩემს შეცდომაში. გავიდოდა ორი, ექვსი თვე, ზოგჯერ წელიწადიც, გამახსენებდა ძველს და მეტყოდა:

_ მაშინ თქვენ მართალი არ იყავით.

განვლილ პერიოდში ნათელი ხდებოდა, რომ სტალინი მართალი იყო.

_ თვითმიხვედრის მეთოდი აღზრდის მეთოდიკაში ძალზე ეფექტიანია, _მითხრა სტალინმა

_ რა გინდათ ჩემგან, მე ხომ უბრალო მფრინავი ვარ?! _ ცოტა გაღიზიანებულმა მივმართე სტალინს.

_ მე კი _ უბრალო ბაქოელი პროპაგანდისტი, _ მიპასუხა მან და მკაცრად გამაფრთხილა:

_ ასეთი ლაპარაკი მხოლოდ ჩემთან შეგიძლია, სხვას ასე არასოდეს ელაპარაკო!

იმ მომენტში ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა სტალინის ეს გაფრთხილება, მაგრამ შემდეგ ცხოვრებამ დამანახვა, რომ სტალინი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ბრძენი და შეუცდომელი იყო.

სტალინის ლექსიკიდან ამოღებული იყო სიტყვა “მე”, ამ სიტყვას საუბრისას არასოდეს იყენებდა, თუ პირადად მას არ ეხებოდა. დადგენილი წესი იყო, მისთვის მიგვემართა ასე: “ამხანაგო სტალინ”. ასევე იწერებოდა საქმიან ქაღალდებსა და მიმართვებზე.

ერთხელ თათბირზე მოწვეულმა ამხანაგმა სტალინს სახელითა და მამის სახელით მიმართა. სტალინმა მას, რა თქმა უნდა, არაფერი უთხრა, მაგრამ მისი ჟესტიკულაცია და გამოხედვა ნათლად მიგვანიშნებდა იქ დამსწრე ამხანაგებს, რომ ამის მოსმენა მისთვის ძალზე უსიამოვნო იყო.

ნაპოლეონი ამბობდა, რომ საიდუმლო საიდუმლოდ რჩება მანამ, სანამ ის ერთმა კაცმა იცის.

სტალინმა კი ნაპოლეონის ეს ხატოვანი გამოთქმა საქმით შეცვალა. სტალინის საიდუმლო შეიძლებოდა სცოდნოდა კიდევ ერთ ადამიანს, მეორეს, მესამეს და მეოთხეს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სტალინის გაფრთხილება “ეს მხოლოდ მე და შენ უნდა ვიცოდეთ”, მესამეს მეორე პირისგან გაეგო.

სტალინს ძალიან უყვარდა მამაცი და გამბედავი ადამიანები, სწორედ ამის წყალობით 1941 წელს ორჯერ გადარჩა ივანე კონევი მკაცრ სასჯელს. იგი მხოლოდ და მხოლოდ სტალინის მფარველობამ გადაარჩინა.

ფრონტის სარდალი კონევი გმირობისა და მამაცობის მაგალითს აძლევდა არა მხოლოდ თავისი ფრონტის მეომრებს, არამედ სამაგალითო იყო ყველა საბჭოთა მეომრისა და სარდლისათვის.

კონევმა ფრონტის წინა ხაზიდან მიიღო ცნობა, მეომართა ერთმა ნაწილმა მიატოვა თავის პოზიცია და გაიქცა ბრძოლის ველიდანო. კონევი დაუყოვნებლივ გაემართა იმ პოზიციებზე, რომლებიდანაც მებრძოლები გაიქცნენ და თვითონ დაიწყო მეომრების ორგანიზება და ბრძოლა. მან პირადი მაგალითით, თავგანწირული ბრძოლით აღადგინა პოზიციები და შტაბში გამარჯვებული დაბრუნდა.

“სტალინთან ვიყავი კაბინეტში, _ იგონებს გოლოვანოვი, _ როდესაც მთავარსარდალმა ფრონტის სარდალი კონევი ტელეფონით გამოიძახა და მწარედ გალანძღა იმ მოქმედების გამო, რომელიც ჩაიდინა.

_ არ არის ფრონტის სარდლის საქმე, უშუალოდ იბრძოლოს თოფით ხელში. ეს, უკიდურეს შემთხვევაში, პოლკის მეთაურმა შეიძლება გააკეთოს.

მაგრამ ეს ლანძღვა და საყვედურები, არათუ ამდაბლებდა კონევის ავტორიტეტს, პირიქით _ ის უსაყვარლეს ადამიანად იქცეოდა ხოლმე მთავარსარდლისათვის.

ერთ დღეს ჩემს სამუშაო მაგიდაზე, სხვა საქმიან ქაღალდებათან ერთად, აღმოჩნდა დასვრილი სამკუთხა კონვერტი, რომელსაც გარედან ეწერამოქალაქე სარდალ გოლოვანოვს”. წერილი ასეთი მომართვით არასოდეს მიმიღია. კონვერტი სასწრაფოდ გავხსენი და, პირველ რიგში, წავიკითხე გამომგზავნის სახელი. წერდა მანსვეტოვი (მანსვეტაშვილი), ნუთუ ეს ის მანსვეტოვია ჩემთან რომ მუშაობდა შორეულ აღმოსავლეთში? წერილი ჩავიკითხე და ნამდვილად ის აღმოჩნდა. მატყობინებდა, რომ ის 1937 წელს დააპატიმრეს, როგორც იაპონიის ჯაშუში და სასჯელს იხდის მაგადანში, კოლიმაზე. მანსვეტოვი მარწმუნებდა, რომ არავითარი ჯაშუში არ არის, მხოლოდ ჩამომავალია ქართველი თავადიშვილებისა, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ ერთი დეზებიანი მამლის გარდა. მთხოვდა, დავხმარებოდი სიმართლის დადგენაში.

მანსვეტაშვილი თავისი წარმოშობის გამო უპარტიო იყო, მაგრამ, მისი ბუნებიდან და სამსახურეობრივი ერთგულებიდან გამომდინარე, ნაწილის მეთაურად დავნიშნე აღმოსავლეთ ციმბირის სამოქალაქო ავიაციის ფლოტში. მანსვეტაშვილის მდგომარეობამ ძალზე შემაშფოთა და საღამოს კრემლის ბინაში სტალინს ვესტუმრე. ცოტაოდენი საუბრის შემდეგ მოვუყევი მიღებული წერილის შინაარსი და დახმარება ვთხოვე.

_ მანსვეტაშვილის შესახებ რაღაც ისეთი არაფერი მახსენდება, _ თქვა მან, _ კარგად იცნობ მანსვეტაშვილს?

_ რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ. თუ გაითვალისწინებთ მის მდგომარეობას, საქმეს გადახედავენ და გამოუშვებენ. გთხოვთ, დამრთოთ ნება, ავიყვანო შორსმოქმედ ავიაციაში.

_ თუ ენდობი და პასუხისმგებობას დაიკისრებ მასზე, ახლავე ვთხოვთ ამხანაგებს, გადახედონ მის საქმეს და, თუ შესაძლებელი იქნება, მოავლინონ იგი თქვენთან.

სტალინი ტელეფონთან მივიდა და ნომერი აკრიფა.

_ ჩემთანაა ამხანაგი გოლოვანოვი, შუამდგომლობს მისი ყოფილ ნაწილის მეთაურს. მიმაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს საქმე, გოლოვანოვი უსაფუძვლოდ არ მოითხოვდა საქმის გადასინჯვას.

სტალინი მომიბრუნდა და მითხრა:

_ წადით თქვენთან და იქიდან დაურეკეთ ბერიას.

როგორც კი მივედი შტაბში, მითხრეს, რომ უკვე ორჯერ დარეკეს ბერიას დავალებით და დაიბარეს, გამოჩენისთანავე დაურეკოსო.

_ რა ხდება შენთან, რა ქვეყნის გამყიდველებისთვის დადიხარ? _ უხეშად მითხრა ბერიამ.

მივხვდი, რომ ბერია ნაწყენი იყო, რადგან მე უშუალოდ სტალინს მივმართე თხოვნით. ავუხსენი, რაშიც იყო საქმე და სადაც იმყოფებოდა მანსვეტაშვილი.

ცოტა ხნის შემდეგ ბერიამ თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ მანსვეტაშვილი მალე იქნებოდა ჩემთან, ოღონდ უნდა დამეწერა წერილი მისი გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ და მოთხოვნა მისი ჩემთან გადმოგზავნის თაობაზე.

_ მომავალში, თუკი ასეთი საკითხის დაყენება დაგჭირდებათ, ნუ შეაწუხებთ სტალინს და პირდაპირ მე მომმართეთ, _ დასძინა ბერიამ.”

იმავე დღეს გოლოვანოვმა ბერიას სახელზე გაგზავნა წერილი და მოთხოვნა, სადაც მანსვეტაშვილი დახასიათებული იყო, როგორც შესანიშნავი ადამიანი და მფრინავი, რომ გამორიცხული იყო, ის რომელიმე ქვეყნის ჯაშუში ყოფილიყო და რომ ის ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია, რის გამოც მას _ გოლოვანოვს სურს, მანსვეტაშვილმა სამსახური განაგრძოს შორსმოქმედ ავიაციაში.

ცოტა ხნის შემდეგ მაცნობეს, რომ მანსვეტაშვილი მალე იქნებოდა ჩემთან. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ იგი ჩემთან მოვიდა, რითაც ძალზე გავიხარეთ მეც და მანაც. გავამწესე ერთერთი ნაწილის უფროსად, იბრძოდა შესანიშნავად, რისთვისაც რამდენიმეჯერ წარვადგინე კიდეც მთავრობის ჯილდოებზე. მანსვეტაშვილმა დიდი სამამულო ომი მაიორის წოდებითა და უამრავი ორდენითა და მედლით დაამთავრა.

სამუშაო კაბინეტში მორიგე ოფიცერი შემოვიდა და მომახსენა, რომ ჩემთან შემოსვლას ითხოვს ავიაკონსტრუქტორი ანდრეი ტუპოლევი.

_ ახლავე შემოიყვანეთ, _ვუბრძანე ოფიცერს.

_ ამხანაგო სარდალო! საქმე ის არის, რომ ტუპოლევი ზედამხედველობის ქვეშ არის და მარტო შემოვიდეს თუ ზედამხედველებთან ერთად?

_ რა თქმა უნდა, მარტო, _ვუთხარი მე.

ეს ბუმბერაზი ავიაკონსტრუქტორი ოთახში შემოვიდა. გამიღიმა, მომესალმა. მე მოკრძალებით მივუთითე სავარძელზე. ტუპოლევის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის გამო თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობდი.

საუბარი დავიწყეთ ბომბდამშენ ÒÓ-2-ის გამოყენებაზე შორსმოქმედ ავიაციაში. მიუხედავად თვითმფრინავის სიმტკიცისა და საიმედოობისა, შორეული ფრენებისათვის მისი გამოყენება შეუძლებელი იყო, რადგან მხოლოდ ერთი პილოტით იმართებოდა. შორეული ფრენებისათვის კი ასეთი რამ მიზანშეუწონელი და შეუძლებელიც იყო.

ტუპოლევმა მითხრა, როგორ შეიძლება მფრინავის კაბინის გაკეთება ისე, რომ მასში ორი ადამიანი მოთავსებულიყო. ვუსმენდი და ვფიქრობდი: როგორი პატრიოტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ის იმყოფებოდა, კვლავ სახელმწიფოსა და მისი ავიაციის გაძლიერებაზე ფიქრობდეს. ჩემს თავზე გადახდილი უსიამოვნებები გამახსენდა და ტუპოლევის მდგომარეობამ გული შემიწუხა. გადავწყვიტე, საკითხი სტალინის წინაშე დამეყენებინა. კრემლში მალე მოვხვდი. სტალინმა საქმიანი საუბრის შემდეგ მკითხა, რა არის ახალი შენს ცხოვრებაშიო. მოვუყევი ავიაკონსტრუქტორ ტუპოლევის სტუმრობის შესახებ და მისი ბომბდამშენის ჩვენს არმიაში გამოყენების თაობაზე.

მხედართმთავარი დაინტერესდა ტუპოლევის თვითმფრინავის გამოყენების შესაძლებლობით შორეული მოქმედების ავიაციაში.

სტალინს იგივე ვუთხარი, რაც კონსტრუქტორ ტუპოლევს, რომ ერთი მფრინავით შორს მანძილზე ფრენა შეუძლებელია და ამ ხარვეზის გამოსწორების მიზნით კი ტუპოლევმა დამაჯერებელი წინადადებები წამოაყენა.

მიუხედავად იმისა, რომ საუბარი დასრულდა, სტალინმა შემატყო, რომ წასვლას არ ვჩქარობდი, რის გამოც მან ღიმილით მითხრა, _ თქვენ თითქოს გინდათ, რაღაც მკითხოთ.

_ ამხანაგო სტალინ, რატომ ზის ტუპოლევი? _ ჩემი კითხვა სტალინისათვის მოულოდნელი იყო.

_ ამბობდნენ, ინგლისის თუ ამერიკის სასარგებლოდ მუშაობდაო.

იცოდა, რომ პასუხი არადამაჯერებელი და საეჭვო იყო.

_ ნუთუ თქვენ, ამხანაგო სტალინ, გჯერათ, რომ…

სტალინმა სიტყვა გამაწყვეტინა და კითხვითვე მიპასუხა:

_ შენ გჯერა? _ გადავიდა შენობით მომართვაზე და ჩემკენ წამოვიდა, ახლოს გამიჩერდა და თვალებში ჩამხედა.

_ არა, არ მჯერა! _ ვუპასუხე მტკიცედ და უშიშრად.

_ და არც მე მჯერა! _ უცბადვე მიპასუხა.

ასეთ პასუხს არ ველოდი და გაოგნებული ვიდექი.

_ კარგად იყავი, _ ასწია ხელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი დრო სტალინთან ყოფნისა ამოიწურა.

რამდენიმე დღის შემდეგ შევიტყვე ანდრეი ნიკოლოზის ძე ტუპოლევის განთავისუფლების შესახებ და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

უამრავ ადამიანს გაუწია შუამდგომლობა და დახმარება გიორგი ჟუკოვმა და სიმონ ტიმოშენკომ. განსაკუთრებით კი _ ტიმოშენკომ, მან უამრავი ადამიანის ბედი შემოაბრუნა სასიკეთოდ და ციხეში ჩაჯდომისგან ბევრი იხსნა.

მახსოვს ასეთი შემთხვევაც: შორეული ავიაციის მფრინავი გამოიძახეს სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტში, საგანგებოდ აღნიშნეს მისი გმირობა და თავდადება. გადასცეს ოქროს ვარსკვლავი.

მთავრობის ეს მაღალი ჯილდო მფრინავმა თავის მეგობრებთან ვახშმით აღნიშნა რესტორანში. როდესაც სახლს მიუახლოვდა, ქალის განწირული კივილი მოესმა და სასწრაფოდ გაეშურა შემთხვევის ადგილისაკენ. დაინახა, რომ მამაკაცი ქალს საშინლად სცემდა. მფრინავმა იარაღით მოკლა მოძალადე. შემთხევის ადგილზე უცბად სამხედრო პატრული მივიდა. მფრინავი დააკავეს და მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

გმირობამინიჭებული ახალგაზრდის ტრაგიკული შემთხვევა სტალინს მოახსენეს. მოკლული კი აღმოჩნდა სატანკო მრეწველობის პასუხისმგებელი მუშაკი. საქმის სახელდახელოდ მოკვლევისა და სტალინისათვის მოხსენების შემდეგ, სტალინმა იკითხა, რით შეიძლებოდა მფრინავის დახმარება. უპასუხეს, რომ მხოლოდ თავდებით გამოშვება შეიძლებოდა სასამართლოს ჩატარებამდე.

 სტალინმა დაწერა განცხადება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე დამნაშავე მფრინავის თავდებად დადგომის შესახებ. სტალინის თხოვნა დააკმაყოფილეს, მფრინავი გაათავისუფლეს და აუხსნეს, რომ მას თავდებად სტალინი დაუდგა.

მფრინავი თავის პოლკს დაუბრუნდა. სტალინის თავდებობით გამოშვებული გმირი მფრინავი ცაში აიჭრა, გასაოცარი სიმამაცით იბრძოდა და იბრძოდა მანამ, სანამ მტრით გარშემორტყმული მოწინააღმდეგის თვითმფრინავს შეეჯახებოდა, შემდეგ კი თავისი ალმოდებული თვითმფრინავით მშობლიურ მიწას დაენარცხებოდა.

სტალინი ხშირად ამბობდა, _ ადამიანს ბევრი რამ შეიძლება აპატიო, თუ მას მხრებზე თავი ადგას.

სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალი ნიკოლაი კუზნეცოვი ფლოტის შტაბის უფროსის კანდიდატურას არჩევდა. სტალინმა ურჩია ,_ ყველაზე კარგი კანდიდატურა ივანე ისაკოვი იქნებაო.

კუზნეცოვმა უპასუხა:

_ ამხანაგო სტალინ, ის ცალფეხაა და გაუჭირდება ასეთ რთულ სამსახურში მუშაობა.

_ სჯობს, იმუშაო უფეხო კაცთან, ვიდრე უთავოსთან, _ მიუგო სტალინმა.

ასე დარჩა სამამულო ომის დამთავრებამდე ისაკოვი სამხედრო-საზღვაო ფლოტის შტაბის უფროსად, რომელსაც ადმირალის წოდებაც მიენიჭა”.

“ერთხელ ჩემთან, ბინაში მოვიდა ჩემი მოადგილე კავშირგაბმულობის დარგში ნიკოლაი ბაიდუკოვი, _ იგონებს გოლოვანოვი, _ რომელმაც მითხრა, თქვენთან შეხვედრა და საუბარი სურს რადიონავიგაციის ფუძემდებელს, რომელსაც უამრავი სიახლე აქვს მოსახსენებელიო.”

გოლოვანოვმა სასწრაფოდ მიიწვია აკადემიკოსი აქსელ ბერგი და დიდხანს ესაუბრა. ბერგთან საუბარმა დაარწმუნა გოლოვანოვი, რომ მისთვის (ბერგისათვის _ გრ. ონიანი) უნდა მოესმინა თვითონ სტალინს.

“სტალინმა ბერგი დაუყოვნებლივ მიიღო.

_ ჩვენ არსად გვეჩქარება, დრო ბევრი გვაქვს, თქვენ ისაუბრეთ, მე კი მოგისმენთ, თქვენ ჩემი ლექტორი იქნებით, მე კი თქვენი სტუდენტი, _ უთხრა სტალინმა სტუმარს. ბერგმა სამი საათის განმავლობაში ისაუბრა ისე, რომ სტალინს ერთი შენიშვნაც არ მიუცია. ბერგთან საუბრის დამთავრებისთანავე სტალინმა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია და სახელმწიფო თავდაცვის საბჭოში შექმნა რადიოლოკაციის სამეცნიერო საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც დაინიშნა მალენკოვი, ხოლო მის მოადგილედ _ აკადემიკოსი ბერგი.

ასე ოპერატიულად და დიდი გულისხმიერებით წყდებოდა ყველა საქმე, რომელიც სამშობლოს გადარჩენას შეეხებოდა.”

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here