Home რუბრიკები საზოგადოება ექსპერტები ამტკიცებენ, რომ 20-ლარიანსა და 10-ლარიანს შორის დიდი სხვაობაა

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ 20-ლარიანსა და 10-ლარიანს შორის დიდი სხვაობაა

934

მოგეხსენებათ, როგორც ყველა წინასაარჩევნო პერიოდში, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წინაც კიდევ ერთხელ გამოცხადდა პენსიის მომატების შესახებ. ამჯერად პენსიამ მთელი 20 ლარით მოიმატა, მაგრამ ქართველი ხალხის უმადურობის შესახებ ხომ უკვე არაერთხელ გვითხრეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები გვეუბნებოდნენ, უფრო მანამდე _ ედუარდ შევარდნაძე და მისი მხარდამჭერები და კიდევ უფრო მანამდე _ ზვიად გამსახურდია და მისი მხარდამჭერები.

მოკლედ, ეს უმადური ქართველი ხალხი ვერასოდეს აფასებს საკადრისად ამ ჩვენს საამაყო პოლიტიკურ ლიდერებს. ასე მოხდა ამჯერადაც: პენსიის 20 ლარით მომატების დაპირება არავინ არაფრად ჩაუგდო ბატონი ბიძინას მთავრობას, პირიქით _ აქირქილდნენ კიდეც; “რა იყო, 20 ლარს რომ გვიგდებენ, მათხოვრები ხომ არ ვართო?!”

აი, ამ საკითხის გარკვევას შეეცადა ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი და, როგორც ყოველთვის, გაარკვია კიდეც. აღმოჩნდა, რომ ქართველი ერი მართლაც უმადურია და სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი სულაც არ უყურებს პენსიონერებს, როგორც მათხოვრებს. ამაში დაგვარწმუნა ერთმა შემთხვევამ, როდესაც ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი უთვალთვალებდა ნოდარ ხადურსა და ბიძინა ივანიშვილს. მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრისას ბიძინას წინ გადაუდგა ერთი ხანში შესული ქალბატონი და მიმართა: “ბატონო ბიძინა, თუ შეიძლება ერთ წუთით, თხოვნა მაქვს თქვენთან”.

ბიძინა ივანიშვილმა იმ წამს იშიშვლა 10-ლარიანი და გვერდით მომავალ ხადურს (მაინც, ყოველი შემთხვევისთვის) კონსულტაცია სთხოვა: “ნოდარ, ეს, მგონი, მათხოვარია და რა ვქნა, მივცე 10-ლარიანი?”

გამოცდილი ფინანსთა მინისტრი უმალ გაერკვა ვითარებაში და ბელადს შეცდომის დაშვების საშუალება არ მისცა: “არა, ბატონო ბიძინა, ეგ მათხოვარი არ არის, ეგ პენსიონერია და ჯობს, 20-ლარიანი მისცეთ!”

ნოდარის ამ სიტყვებზე ბიძინაც უმალ მოეგო გონს, სასწრაფოდ ჩააბრუნა საფულეში 10-ლარიანი, მერე იქიდან ახალი, ტკიცინა წითელი 20-ლარიანი ამოიღო და პენსიონერს გადასცა(!).

აი, ასეთი შემთხვევის შემდეგ ნუთუ მოუბრუნდება ენა ვინმეს იმის სათქმელად, ბიძინა ივანიშვილი მათხოვარსა და პენსიონერს ვერ არჩევსო?

მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მაინც ბოლომდე უმადურები რჩებიან და გველებივით სისინებენ _ “აუფ, დიდი ამბავი! 10 ლარის მაგივრად 20 ლარი თუ მისცეს პენსიონერებს, ვითომ რა დიდი განსხვავებაა?”

ამაზე, რა თქმა უნდა, საკუთარი პოზიცია გამოთქვეს “20/30”-ის ექსპერტებმა. მათი დაჟინებული მტკიცებით, 10-ლარიანსა და 20-ლარიანს შორის ზუსტად იმდენივე განსხვავებაა, რაც 20-ლარიანსა და 30-ლარიანს შორის(!). ერთი ეგაა, რომ 30-ლარიანი კუპიურა ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი “20/30”-ის ექსპერტების რჩევით მალე ამ ხარვეზსაც გამოასწორებს ქართულ ეკონომიკაში.

ჰო, კიდევ 10-ლარიანსა და 20-ლარიანს შორის ის განსხვავებაცაა, რომ ერთი მოლურჯო ფერისაა, მეორე კი _ მოწითალო. ამასთანავე, ერთს აკაკი წერეთელი ახატია, მეორეს _ ილია ჭავჭავაძე… მოკლედ, ვინც უმადური არ არის და დიადი ბიძინას ღვაწლის დაფასების სურვილი აქვს, ძალიან კარგად ხედავს ამ განსხვავებებსო, _ ამბობენ “20/30”-ის პროფესიონალი, ძალიან გამოცდილი და პირუთვნელი ექსპერტები.

ბეჩა ბაბაია

1 COMMENT

  1. პენსიონერები არიან ამომრჩეველთა ოქროს ფონდი. ძირითადად ეგენი იღებენ მონა-
    წილეობას არჩევნებში. ჰოდა ოფიციალურად ყიდულობენ ხმებს, თანაც იაფად( ნაცები
    თურმე 50 ლარს უხდიან), კანონსაც არ არღვევენ, რა მარაზმია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here