Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

948

მზად ვარ, სიმართლისთვის დავიკისრო პასუხისმგებლობა!”

ნაწილი III

სტალინის ბრძანებით, ავიაციის გენერალმაიორი ვასილი მოლოკოვი და გენერალლეიტენანტი პავლე რიჩაგოვი სტალინის კაბინეტში გამოცხადდნენ. მასპინძელი მათ შუა ოთახში შეეგება:

_ სასწრაფოდ უნდა დასხდეთ გოლოვანოვთან ერთად და გადაწყვიტოთ პოლკის ჩამოყალიბების საკითხები და მისი დისლოკაციის ადგილი.

მისაღებში გამოსული რიჩაგოვი მკერდით დამეჯახა და მითხრა:

 _ მალე მოიტეხ კისერს შენი უცნაური წინადადებებით, უმჯობესი იქნება, რაც შეიძლება მალე შეცვალოთ თქვენი სულელური გადაწყვეტილებები. გამოჩნდა რა მეორე კოკინაკი, მალე, ალბათ, მესამეც გამოჩნდება

_ ვერ ვხვდებოდი, _ იგონებს გოლოვანოვი, _ რატომ არ ეუბნებოდა ამის შესახებ სტალინს, როდესაც ის ამ საკითხებს იხილავდა, რატომ უქნევდა თანხმობის ნიშნად თავს ან რატომ გაიძახოდა ხშირად: “მართალია”. ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა სტალინის კაბინეტში ერთი კაცობის გამოჩენა, მის გარეთ კი _ მეორის (როდესაც ამის დრო დადგება, რიჩაგოვზე კარგი მასალა მაქვს დასაწერი _ გრ. ონიანი)”.

რიჩაგოვის ასეთი განწყობის მიუხედავად, კოლექტივი თავგამოდებით მუშაობდა სპეციალური ავიაპოლკის შექმნის საკითხებზე. კომპლექტდებოდა მისი შემადგენლობა, არჩევდნენ შტაბის უფროსს და პოლკის მეთაურის მოადგილეთა კანდიდატურებს, სხვა ათას წვრილმანს.

პოლკი სულმოუთქმელად ელოდა პოლიგონზე გასვლას და წვრთნის დაწყებას.

სმოლენსკში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. გოლოვანოვს სასწრაფოდ მოსკოვში უხმობდნენ. ისიც თავისი ეკიპაჟით დაუყონებლივ გაემგზავრა და მოსკოვის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა, მაგრამ აეროდრომზე დახვდა მოულოდნელი ამბავი _ სამოქალაქო ავიაციის მინისტრის განკარგულებით, მას ჩამოერთვა ეკიპაჟი (სამოქალაქო ავიაციის) და დღეიდან ამ ეკიპაჟის თანხლებით ფრენა აღარ შეეძლო.

მალე სტალინსა და სხვა ხელმძღვანელ ამხანაგებთან ერთად სამუშაო მაგიდასთან ისხდნენ და საკითხებს იხილავდნენ.

“ჩემთვის ცნობილი შეიქნა, რომ ცალკე ჩამოყალიბდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ავიაპოლკი #212, რომლის მეთაურობაც მე მქონდა დავალებული”.

სხდომა დამთავრდა და გოლოვანოვმაც დანიშნულების ადგილს მიაშურა.

“არ გასულა დიდი დრო, რომ კვლავ გამომიძახეს სტალინთან. სმოლენსკიდან პირდაპირ კრემლს მივაშურე. სტალინთან შესულს, მისალმების შემდეგ, პირდაპირ საქმიან კითხვებზე მომიწია პასუხის გაცემა:

_ როგორ წყდება თქვენთან შტაბის მეთაურის საკითხი?

_ შტაბის უფროსად შერჩეული მყავდა აკადემიადამთავრებული, ძალზე გამოცდილი მეთაური მაიორი ჟივცოვი, მაგრამ მოვიდა ჩემთან და მთხოვა, ბრიგადის შტაბის უფროსად მაწინაურებენ და ხელს ნუ შემიშლით წინსვლაშიო. დავეთანხმე. შემდეგ კი შტაბის უფროსად დავნიშნე მაიორი ბოგდანოვი. უნდა მოგახსენოთ, ამხანაგო სტალინ, რომ მაიორი ბოგდანოვი არის საუკეთესო ოფიცერი, რომელსაც არც ერთი საფეხური არ გამოუტოვებია არმიაში, ისე მივიდა მაიორის წოდებამდე. ჩემი თხოვნაა, დატოვოთ მაიორი ბოგდანოვი შტაბის უფროსად ჩემს პოლკში”.

სტალინი დათანხმდა, რისთვისაც გოლოვანოვმა მადლობა გადაუხადა.

“_კიდევ ხომ არ გაქვთ თხოვნა? _ ჰკითხა სტალინმა.

_ მაქვს, _ უპასუხა გოლოვანოვმა. მასპინძელმა გაკვირვებით შეხედა სტუმარს.

_ მინდა გთხოვოთ, ამხანაგო სტალინ, დამიტოვოთ ჩემი სამოქალაქო ეკიპაჟი და გადმომცეთ ჩემ განკარგულებაში ჩემი თვითმფრინავიც. შეჩვეული ვარ და მათთან ერთად მინდა გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმე. ძალიან გთხოვთ!

_ გადავცეთ? _ ჰკითხა იქ დამსწრე პოლიტბიუროს წევრებს სტალინმა.

_ გადავცეთ, გადავცეთ, _ იყო პასუხი.

_ აი, ხომ ხედავთ, _ მომმართა სტალინმა, _ წაიყვანეთ თქვენი თვითმფრინავიც და ეკიპაჟიც. სამოქალაქო ავიაციის მინისტრს კი მე თვითონ მოველაპარაკები.

თავისუფლად ამოვისუნთქე, ბედნიერი ვიყავი, _ იგონებს გოლოვანოვი.

_ ახლა მე მაქვს თქვენთან შეკითხვა: ძველ სამსახურში რამდენი გქონდათ ხელფასი თვეში?

_ სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით, მე, როგორც შეფ-პილოტს, თვეში განსაზღვრული მქონდა ხელფასი 4000 მანეთის ოდენობით.

_ რამდენს იღებს პოლკის მეთაური თვიური განაკვეთის მიხედვით, _ ჰკითხა სტალინმა თავდაცვის მინისტრს, საბჭოთა კავშირის მარშალ ტიმოშენკოს.

_ ჩვენთან ასეთი ხელფასი მინისტრსაც არ აქვს. პოლკის მეთაურს თვიური განაკვეთი ჩვენთან 1600 მანეთით განისაზღვრება, ამხანაგო სტალინ.

სიჩუმე ჩამოვარდა.

_ მითხარით, საერთოდ, რამდენს გამოიმუშავებდით ხოლმე თვეში?

საუბარმა გოლოვანოვისთვის არასასიამოვნო სახე მიიღო.

_ ამხანაგო სტალინ, მე ფულს არასოდეს დავხარბებივარ და არც არასოდეს დავეხარბები. მეკუთვნის 1600 მანეთი? ეს ხელფასი ჩემთვის სრულიად საკმარისია.

_ არა, მე გეკითხებით, საერთოდ რამდენს გამოიმუშავებდით თვეში?

_ ბევრს. ცოტა ხამამაღლა უპასუხა გოლოვანოვმა.

გოლოვანოვი წუხდა, მისთვის ასე სასიამოვნოდ დაწყებული საუბარი ასეთ საკითხზე მსჯელობით რომ მთავრდებოდა.

სტალინი ჩაფიქრდა. დაიწყო სიარული წითელ ხალიჩაზე და ჩიბუხის გაბოლება. პაუზის შემდეგ მომიახლოვდა, წინ გამიჩერდა და მითხრა:

_ აი რა, ამხანაგო გოლოვანოვ! როგორც პოლკის მეთაურს, სახელმწიფოს ხარჯზე გექნება უფასო კვება, უფასოდ მოგეცემათ ფეხსაცმელი და ტანსაცემლი, ამას დაემატება უფასო სახელმწიფო ბინა, ყველაფერ ამის გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეთ თქვენი ხელფასით.

რატომ უნდა იყოს უკმაყოფილო ადამიანი, როდესაც ის მიდის საპასუხისმგებლო სამუშაოზე? ეს როგორ, ამხანაგებო? _ მიმართა იქ დამსწრე ამხანაგებს სტალინმა.

გაისმა შეძახილები: “სწორია, სწორია”.

სტალინი ჩემკენ შემობრუნდა, _ კმაყოფილი ხართ?

_ რა თქმა უნდა, სრულიად კმაყოფილი, ამხანაგო სტალინ.

_ ეს კარგია. დროა, ჩაიცვათ სამხედრო ფორმა და გამოცხადდეთ სამსახურში. ფორმა თუ შეგიკერეს?

_ ალბათ, მალე შემიკერავენ, _ მივუგე მე.

ჩემი დანიშვნისა და სამხედრო წოდების მონიჭების შესახებ ბრძანება ჯერაც არ მქონდა მიღებული, მაგრამ ეს ამბავი სტალინისთვის არ მითქვამს, რადგან შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყოლოდა ზოგიერთისთვის”.

თითქმის ყველა საკითხი ამოწურული იყო, როცა გოლოვანოვმა წასვლის ნებართვა ითხოვა, მაგრამ სტალინმა უბრძანა, დარჩენილიყო. იქ დამსწრეთა უმრავლესობამ უკვე დატოვა სტალინის კაბინეტი, მაგრამ დარჩნენ: მოლოტოვი, მალენკოვი და მიქოიანი.

_ ამხანაგო გოლოვანოვ, როგორც ყველა სამხედროს, მტკიცედ უნდა გწამდეთ, რისთვის და რა ოპერაციებისთვის უნდა მოამზადოთ თქვენი ხელქვეითები, ამიტომ მინდა, რაღაც გითხრათ.

სტალინი გაემართა კაბინეტში დაკიდებული მსოფლიოს უზარმაზარი რუკისკენ, მეც გავყევი. გაჩერდა და რუკაზე მიმითითა.

_ ხედავ, როგორ გვახვევია გარშემო მტრები, მაგრამ იცოდე, აი, ამათგან, _ თითი გაიშვირა დიდი ბრიტანეთისკენ, _ და მათგან, _ მიმანიშნა საფრანგეთზე, _ საფრთხე ჯერჯერობით არ გვემუქრება. ახლო მომავალში ომი მოგვიწევს აი ამათთან, _ და თითი გერმანიის ტერიტორიას მიადო. თქვენი ვალდებულებაა, ზუსტად შეისწავლოთ ყველა სამხედრო და სამრეწველო ობიექტი გერმანიის ტერიტორიაზე. ყველანაირი საშუალებითა და მეთოდით უზრუნველყოთ მათი განადგურება, როდესაც დრო დადგება. და იცოდეთ, რომ ეს დრო მალე დადგება.

მშვიდი და დამაჯერებელი ტონი იყო იმის ნიშანი, რომ იმას, რასაც სტალინი ამბობდა, იქნებოდა ისე და არავითარ შემთხვევაში სხვანაირად.

_არის თუ არა ყოველივე ეს გასაგები თქვენთვის?

_ ყველაფერი გასაგებია.

_გისურვებთ წარმატებას.

_ ნახვამდის, _ დავემშვიდობე სტალინს”.

გარეთ გამოსული გოლოვანოვი ფრთებშესხმული იყო სტალინის სიბრძნითა და მომნუსხველი მოქმედებით, აგრეთვე, იმით, რომ ხვალიდან ბრძანებასა და მოქმედების გეგმას მიიღებდა და სამხედრო წვრთნას შეუდგებოდა.

სმოლენსკში ჩასული გოლოვანოვი დღე და ღამეს ასწორებდა, რათა სრულად დაეკომპლექტებინა პოლკი და სასწრაფოდ დაეწყო სამხედრო წვრთნები. სამოქალაქო ავიაციაში გაწაფული მფრინავები სწრაფად ეუფლებოდნენ სამხედრო ხელოვნებას. გოლოვანოვმა პოლკში ჩაიყვანა ორი თვითმფრინავი “დუგლასი”, რომლებიც სასწრაფოდ გადააკეთეს საჰაერო ლაბორატორიებად. თვითმფრინავების კაბინებსა და კამერებში განთავსებული იყო რადიონავიგაციის სისტემები. სპეციალისტები შესანიშნავად მართავდნენ ყოველგვარ ამინდში ყველა მიმართულებით მფრინავ ბომბდამშენებს. პოლკის მეთაურმა უფროსი და უმცროსი შემადგენლობა ერთ ბირთვად შეკრა, ყველა ერთ მიზანს ემსახურებოდა, “ყველა _ ერთისთვის და ერთი _ ყველასათვის!” _ ასეთი იყო პოლკის მოსამსახურეთა საბრძოლო დევიზი.

მაიორი ბოგდანოვი, პოლკის შტაბის უფროსი, რომელიც გამოირჩეოდა, როგორც სამხედრო საქმის მცოდნე და დისციპლინის დამცველი, ხშირად აფრთხილებდა პოლკის მეთაურ გოლოვანოვს, რომ პოლკა, სამხედრო და საფრენოსნო მომზადებაში უმაღლეს დონეზე ყოფნის მიუხედავად, ძალზე მოიკოჭლებდა სამწყობრო დისციპლინაში, რაც შეიძლება ძალზე ძვირად დასჯდომოდა კარგად გაწრთვნილ სამხედრო შენაერთს.

სამოქალაქო ავიაციაში თავისუფლებას შეჩვეული მფრინავები ვერ ეგუებოდნენ მწყობრი ნაბიჯით სასადილოში შესვლა-გამოსვლას და სხვა სავალდებულო სამხედრო წესებს, რომლებიც სამოქალაქო ავიაციაში არ მოქმედებდა. სწორედ ამ პერიოდში პოლკის დისლოკაციის ადგილზე მოსკოვიდან ავტორიტეტული კომისია ჩავიდა სამწყობრო დისციპლინის შესამოწმებლად. შემოწმებამ ცხადყო, რომ ამ საკითხზე მუშაობა პოლკში სრულიად არადამაკმაყოფილებლი იყო, რის გამოც კომისიამ შეადგინა არცთუ სასიამოვნო აქტი, რომელზეც, რა თქმა უნდა, პოლკის მეთაურებმაც მოაწერეს ხელი.

შტაბის უფროსის, მაიორ ბოგდანოვის გაფრთხილება, რომელიც ყურად არ იღო პოლკის უფროსმა, უსიამოვნების საბაბი შეიქნა. გოლოვანოვი დარწმუნებული იყო, რომ ძალიან შეახურებდნენ, მაგრამ გულში იმედის ნაპერწკალი არ უქრებოდა _ “იქ” ხომ გულშემატკივარი ჰყავდა.

გავიდა რამდენიმე დღე, შემოწმების აქტის გამო გოლოვანოვი არავის გამოუძახებია, არც რამე დირექტივა მოსულა. სასჯელის ბრძანების კიდევ რამდენიმე დღით დაგვიანების შემდეგ გამოცდილმა მაიორმა ბოგდანოვმა გოლოვანოვს მიულოცა, _ შენს დასჯას ვიღაცამ ვეტო დაადო და მომავალში მოსალოდნელი აღარ არისო.

ამის შემდეგ გოლოვანოვმა, როგორც დისციპლინებულმა სამხედრომ, რათა არ შეერცხვინა თავისიპატრონისსახელი, პოლკის სამწყობრო მომზადებაც უმაღლეს დონემდე აიყვანა.

“ჩემი დანიშვნიდან ოთხი თვის შემდეგ, 1941 წლის 7 მაისს, 12 საათზე, შევაღე სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის _ პავლოვის კაბინეტის კარი.

მაგიდასთან იჯდა თავგადაპარსული, სრული აღნაგობის სამხედრო პირი არმიის გენერლის სამხრეებით. პავლოვი მომესალმა და მკითხა, ამდენ ხანს რატომ არ გამოცხადდი, მე ხომ სტალინისგან მიღებული მაქვს ბრძანება, ყველაფერში დაგეხმაროო.

ვიდრე მის შეკითხვაზე პასუხის გაცემას დავასრულებდი, _ იგონებს გოლოვანოვი, _ პავლოვმა სიტყვა გამაწყვეტინა და განმიცხადა, რომ ჩემი პოლკი უშუალოდ მის დაქვემდებარებაში გადავიდოდა.

ვუპასუხე, ამ საკითხს მე არ ვწყვეტ-მეთქი.

_ ახლავე დაველაპარაკები სტალინს.

მან ყურმილი აიღო და მოსკოვი შეუკვეთა. რამდენიმე წუთში ხაზზე სტალინი იყო.

პავლოვმა ვერ მოასწრო იმის თქმა, რომ მასთან გოლოვანოვია და მისი დაქვემდებარების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, რომ, ეტყობა, სტალინმა კითხვა დაუსვა. პავლომა უპასუხა:

_ არა, ამხანაგო სტალინ, ეს მართალი არ არის. სწორედ ეს წუთია, დავბრუნდი სასაზღვრო ზონიდან, გერმანელთა ჯარების მოახლოება საზღვართან არ შეინიშნება და, საერთოდ, ჩემი დაზვერვა საუკეთესოდ მუშაობს. კიდევ ერთხელ შევამოწმებ მდგომარეობას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ვიღაცის პროვოკაციული განცხადებაა. კარგი, ამხანაგო სტალინ.

_ როგორ იქნება გოლოვანოვის საქმე?

_ გასაგებია.

პავლოვმა ყურმილი დაკიდა.

_”ხაზეინი” უგუნებოდაა. ვიღაც სულელი არწმუნებს, გერმანელთა არმიები საზღვარს უახლოვდებიანო.

მე, რა თქმა უნდა, ვდუმდი.

_ არ უნდა “ხაზეინს” შენი ჩემდამი დაქვემდებარება, ისედაც ბევრი საქმე გაქვსო.

ვინ იფიქრებდა, რომ ზუსტად ორი კვირის შემდეგ სწორედ იმ ადგილას, რომელზეც სტალინი აფრთხილებდა პავლოვს, საზღვარი გაამაგრეო, საბჭოთა ქვეყნის საზღვრებს ფაშიზმისუძლეველიარმიები შემოანგრევდა და ქვეყანა კატასტროფის წინაშე დადგებოდა. მე ხომ ამის მოწმე ვარ, მე ხომ ყველაფერი ჩემი ყურით მოვისმინე. იყო თუ არა ეს სამშობლოს ღალატი? და ღალატი ვისგან _ სტალინისგან თუ პავლოვისგან? როგორც შემდგომ მრავალი გამოკვლევით დადგინდა, სამშობლოს სწორედ პავლოვის ღალატმა შეუქმნა კატასტროფა.

პავლოვის კაბინეტიდან გამოსვლისთანავე ჩემს პოლკს მივაშურე. გავეცი განკარგულება პოლკის სრული საბრძოლო მზადყოფნისთვის და დავიწყეთ წვრთნა ისე, როგორც ომში. წრთვნა მიმდინარეობდა ყოველდღიურად _ თვითმფრინავიდან ცვიოდა ბომბები და ზუსტად ხვდებოდა მიზნებს. ცხადდებოდა განგაში და განგაშის პირობებში მიმდინარეობდა ყოველივე ის, რასაც ზემოთ მოგახსენებდით.

ბოლო განგაში სწორედ 1941 წლის 21 ივნისის დილის 3 საათზე გამოვაცხადეთ. წვრთნამ ბრწყინვალედ ჩაიარა. პოლკის წარმატებული შედეგების გამო, მეორე დღე, კვირა, 22 ივნისი, პოლკის მთელი შემადგენლობისთვის დასვენების დღედ გამოვაცხადეთ.

შაბათს საღამოს, 21 ივნისს, ოფიცერთა სახლში დიდი კონცერტი გაიმართა, სადაც უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. მე კონცერტს არ დავესწარი. პოლკის მორიგეს დავალებები მივეცი და შინ დასასვენებლად გავეშურე. ჩემთან ერთად ოთახში შტაბის უფროსი, მაიორი ბოგდანოვი და ჩემი მოადგილე ბაიდუკოვი ცხოვრობდნენ. ისინი კონცერტზე დარჩნენ, ერთიც და მეორეც უცოლო იყო და კონცერტის შემდეგ, ალბათ, სადმე შეყვნენ. მე კი წიგნის კითხვამ გამიტაცა. დილამდე ვკითხულობდი. მზემ რომ შემოანათა, გადავწყვიტე, წამოვწოლილიყავი და დამეძინა. ჩაძინებული არ ვიყავი, ტელეფონის ზარი რომ გაისმა. ყურმილი ავიღე და მომესმა მინსკის სამხედრო ოლქის ჯარების მორიგის განწირული ხმა:

_ საბრძოლო განგაშია გერმანელები ქალაქ ლიდას ბომბავენ!

ასეთი საგანგაშო შეტყობინა იმ პერიოდში ძალიან ბევრი იყო.

_ ამხანაგო მორიგევ, მოგვეცით პოლკის შემადგენლობის ერთი დღით დასვენების საშუალება.

_ გერმანელები ბომბავენ ქალაქებს, თქვენთან საუბრის მეტი დრო არ მაქვს.

დავუკავშირდი ჩემი პოლკის მორიგეს და მივეცი განგაშის “პაროლი”. სასწრაფოდ ჩავიცვი და გარეთ გამოვედი. დავინახე, როგორ გარბოდნენ მფრინავები აეროდრომისკენ, თან როგორ იკრავდნენ ღილებს და იჭერდნენ ქამრებს. გარბოდა ყველა, ვისაც კი რაღაც ევალებოდა სამხედრო აეროდრომზე.

_ ასაფეთქებელი მივცეთ? _ მეკითხება სირბილით მიმავალი სამხედრო, რომელიც საბრძოლო იარაღების საწყობს განაგებდა.

_ კითხვამ დამაბნია, რადგან ასაფეთქებლები დალუქულ ყუთებშია, რომლის გახსნას სპეციალური განკარგულება სჭირდება “ზევიდან”, განგაში კი ჩემი გამოცხადებული არ იყო. დააწყვეთ ასაფეთქებლები თვითმფრინავის ახლოს და არ გახსნათ ჩემი ბრძანების გარეშე. ყველა თვითმფრინავი და ეკიპაჟი საბრძოლველად მზად იყო, მხოლოდ ჩემი ბრძანების გაცემას ელოდებოდნენ. შტაბის უფროსს დავავალე, სასწრაფოდ დაკავშირებოდა მინსკს და მოეთხოვა ბრძანების გაცემა. უკან დაბრუნებულმა შტაბის უფროსმა მომახსენა, რომ მინსკთან კავშირი არ იყო”.

ასე ხშირად ხდება, _ იფიქრა გოლოვანოვმა, _ ესეც ხომ გამოცდაა, თუ რას მოიმოქმედებს ამ კრიტიკულ შემთხვევაში მეთაური.

 “ვუბრძანე, მოემზადებენათ მსხვილკალიბრიანი ფუგასური ბომბები და დაეწყოთ მზადება გასაფრენად.

დღის მეორე ნახევარში უკვე დანამდვილებით ვიცოდით, რომ ომი დაიწყო, მოვისმინეთ კიდეც მოლოტოვის მიმართვა ხალხისადმი.

სასწრაფოდ გამომიძახეს კორპუსის მეთაურთან, პოლკოვნიკ სკრიპკოსთან, რომელმაც გამაცნო ჩვენი პოლკის დავალება, დაგვებომბა ვარშავა.

შევეკითხე, აქვს თუ არა განკარგულება, გავხსნათ კონვერტი ლიტერით “?”, პოლკოვნიკისგან უარყოფითი პასუხი მივიღე.

ბრძანება ან წერილობითი განკარგულება თუ გაქვთ, რომ დავიწყოთ ვარშავის დაბომბვა?

არც ასეთი დოკუმენტი აღმოაჩნდათ.

_ ამხანაგო პოლკოვნიკო, _ მივმართე სკრიპკოს, _ ვინ მოგცათ ეს დავალება?

_ ამხანაგმა ჟიგარევმა (სამხედრო-საჰაერო ფლოტის სარდალმა _ გრ. ონიანი).

_ თქვენ თუ გახსენით პაკეტი? _ ვკითხე მე.

_ არა, პაკეტი არ გამიხსნია, განსაკუთრებული ბრძანების გარეშე პაკეტს არ გავხსნი.

_ და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ნაბრძანებია, ჩვენმა პოლკმა დაბომბოს ვარშავა?

_ მე კიდევ ერთხელ გადმოგცემთ ჟიგარევის სიტყვიერ განკარგულებას, განახორციელოთ საბრძოლო გაფრენა ვარშავაზე, _ ხმას აუწია სკრიპკომ.

მეორე დღეს აეროპოლკი ჰაერში აიჭრა და კურსი ვარშავისკენ აიღო.

გაგრძელება იქნება

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here