Home რუბრიკები საზოგადოება აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ფერმერებთან

აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ფერმერებთან

484

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემების განსახილველად, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე გელა სამხარაული და კომიტეტის წევრები  შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ.  შეხვედრა სოფელ ნიქოზში შედგა.

კოოპერატივი „ნიქოზის“ სანერგე მეურნეობა სამი წლის წინ შეიქმნა და საქმიანობა 300 ძირი ნუშის ნერგის გამოყვანით დაიწყო. მათი დახმარებით, საქართველოს რამდენიმე რაიონში  ნუშის  ბაღები გაშენდა.

ფერმერებს პრობლემები კრედიტებტან დაკავშირებით აქვთ. ბანკები კრედიტებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებზეარ გასცემენ, რაც წარმოების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია.

„იმის გამო, რომ ჩვენ ვითვლებით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებად, ჩვენთვის ხელმიუწვდომელია კრედიტი. ჩვენ გვაქვს სწორად გათვლილი, კანონიერი ბიზნესი და ვითხოვთ ხელმისაწვდომ აგრარულ კრედიტს.  ჩვენ ჩვენს ქვეყნაში ვცხოვრობთ ისევე, როგორც კასპელი, ან თელაველი ფერმერი და ჩვენც უნდა ვისარგებლოთ იგივე პირობებით, მომავალი წლისთვის უკრაინიდან მოთხოვნა გვაქვს მილიონ ნერგზე და, საერთოდ, ალბათ ნუში და კაკანლის ნერგი მომავალ წელს მილიონნახევრამდე გვექნება. დამატებით იქნება შინდი, იაპონური მსხლები და ა. შ. იმედია ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ ამისთვის მინიმალური ხელშეწყობა გვჭირდება, რაც კრედიტის გაცემაში გამოიხატება“, – განაცხადა კოოპერატივის თავმჯდომარემ გიორგი მჭედლიძემ.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, ამ სანერგე მეურნეობას პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში მეურნეობის გაფართოებისათვის უკვე დაუმტკიცდა 79 ათას 920 ლარი.

სპეციალისტების განცხადებით, მსოფლიოში ნუშის მოსავლის თითქმის 90 პროცენტი ამერიკაზე მოდის, სადაც ნერგები, ძირითადად, შუა აზიიდანაა შეტანილი, საქართველოსთვის კი ნუში ენდემურია და იგი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროდ შეძლება იქცეს და ღვინის ექსპორტსაც კი გაუსწროს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით: „დღეს ყველაზე მწვავედ უმუშევრობის პრობლემა დგას. შრომითი უფლებები ვერ იქნება  რეალიზებული თუ არ შეიქმნა ამის წინაპირობები. ამ საკითხზე მუდმივად მიმდინარეობს საუბარი ყველა დონეზე და ყველა არსებული ბერკეტის გამოყენებით. გაკეთდა ბევრი რამ. მიმაჩნია, რომ ციფრებით საუბარი კონტრპროდუქტიულია, ამიტომ ზოგადად ვიტყვი, რომ  გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, მართალია  ეს  არ არის მასშტაბური შედეგი, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია სწორი მიდგომა, მთავარია ის რომ პრობლემები მცირდება. ამ პოლიტიკის ერთერთი ძირითადი კომპონენტია ის  სამთავრობო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სექტორში ხორციელდება.  ეს არ არის მოკლევადიან სარგებელზე გათვლილი პროექტები. კონკრეტულად შიდა ქართლის რეგიონში 602 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი, კაკალი და ნუში გაშენდება.  პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ჯამურად 4 მილიონ ლარზე მეტი  დაფინანსება გაიცა.  მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, საზღვრისპირა სოფლებში ყოველწლიურად მუშავდება 6,000 ჰა. მიწის ფართობი.  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში   გადაიარაღდა და გაფართოვდა 4 საწარმო. ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ტყვიავში ფუნქციონირებდა არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი პუნქტი „ნატურალ 7“. მესმის რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ შევძლებთ იმ გარემოს შექმნას, რომელიც ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას განაპირობებს, რაც თავისთავად სამუშაო ადგილების შექმნის და მაღალი შემოსავლების მთავარი წინაპირობაა“.

კიდევ ერთი პრობლემა საზღვრისპირა სოფლებში სარწყავი წყალია. მდინარე დიდ ლიახვზე მეღვრეკისის სატუმბი სადგური, რომელიც სარწყავი წყლით გორისა და ქარელის რაიონებს უზრუნველყოფს, არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ზონკარის წყალსაცავიდან წყლით არ მარაგდება.  გელა სამხარაულის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებზე აუცილებლად უნდა დადგეს საკითხი, რომ საქართველოს მხრიდან დროებით არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ზონკარის წყალსაცავის გამოყენება მოხდეს, ვინაიდან ეს უკავშირდება მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს და ეს თემა, რომელსაც უფრო მეტად ჰუმანიტარული დატვირთვა აქვს, კონფლიქტის საგნად არ უნდა იყოს განხილული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here