Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

825

სიმართლისთვის მზად ვარ, დავიკისრო პასუხისმგებლობა!”

ნაწილი II

სტალინისა და მარშალ გოლოვანოვის ურთიერთობაში, რომელიც მარშალს აღწერილი აქვს ბიბლიურ იშვიათობად ქცეულ წიგნში, სარკის ანარეკლივით ჩანს სტალინის ბუნება, ხასიათი და თვისებები დანახული და აღწერილია ზუსტად, ყოლველგვარი შელამაზებისა და დამახინჯების გარეშე.

საგაზეთო ფორმატი არ იძლევა საშუალებას, მთლიანად გადმოგცეთ ეს ფრიად მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაშრომი, მაგრამ მოკლედ მოგითხრობთ შეხვედრებზე, რომლებზეც წყდებოდა ქვეყნის, ხალხისა და ომის ბედი. მკითხველმა არ უნდა იფიქროს, რომ მარშალი გოლოვანოვი სულ სტალინის კაბინეტში იჯდა და იქიდან მართავდა თავის საავიაციო შენაერთებს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო, მაგრამ, როდესაც მათი შეხვედრების მომენტებს ერთმანეთის მიყოლებით გადმოგცემთ, შეიძლება მკითხველი შეცდეს, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს. ამასთანავე, შეიძლება ყველა ამონარიდი სიტყვასიტყვით არ მქონდეს ციტირებული, მაგრამ გარწმუნებთ, მონათხრობი მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზეა აგებული.

“საჰაერო გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ორივე მიმართულებით, აღსავსე იყო მთელი რიგი მოულოდნელობებითა და ფათერაკებით. ავდარი ურთულეს პირობებს გვიქმნიდა, მაგრამ ყველა წინააღმდეგობა დაძლეული იქნა. მოსკოვში დავბრუნდით. გადაქანცულმა, როგორც იქნა, სახლამდე მივაღწიე და ოჯახთან შეხვედრით გავიხარე”, _ იგონებს გოლოვანოვი.

მფრინავმა მეუღლისაგან შეიტყო, რომ მას რამდენიმეჯერ დაურეკეს მალენკოვის (იმჟამად ცეკას მდივანი) სახელით და იკითხეს მისი ამბავი, თანაც დატოვეს ტელეფონის ნომერი, _ გამოჩენისთანავე დარეკოსო.

“მართალი უნდა ვთქვა, იმ მომემტში მეც არ ვიცოდი, ვინ მეძებდა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ, ეს ის ხალხია, რომელიც მორიგ გაფრენას აპირებს რომელიღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე-მეთქი”, _ წერს გოლოვანოვი.

ამ ფიქრებში იყო გართული, მეუღლემ ტელეფონის ზარს რომ უპასუხა:

_ ახლავე, ეს წუთია, სახლში შემოვიდა.

გოლოვანოვი ტელეფონთან მივიდა.

_ ამხანაგო გოლოვანოვ! მე ცეკას მდივნის, მალენკოვის, თანაშემწე გაწუხებთ, სუხანოვი. მას სურს, დაგელაპარაკოთ, რისთვისაც სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეთ.

_ როგორ მოგაგნოთ? _ შეეკითხა გოლოვანოვი.

_ რაც შეიძლება მალე დანაყრდით, მანქანას კი გამოგიგზავნით და ის მოგიყვანთ ჩვენთან.

_კარგი, _ უპასუხა მფრინავმა და სუფრას მიუჯდა.

სამთავრობო მანქანამ გოლოვანოვი ცენტრალურ კომიტეტში მიიყვანა. სუხანოვმა გოლოვანოვი მალენკოვს წარუდგინა. მალენკოვი უკვე ჩაცმული იყო და მომზადება არ დასჭირვებია. მან სტუმარს სთხოვა, გაჰყოლოდა. მალე მანქანაში ისხდნენ და მიჰქროდნენ წითელ მოედანზე. ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. მანქანა ორსართულიანი სახლის სადარბაზოსთან გაჩერდა. სწრაფად გადმოვიდნენ და მეორე სართულზე ავიდნენ.

“მალენკოვი გაუჩინარდა, ხოლო ჩემკენ დაბალ-დაბალი თავგადაპარსული კაცი გამოემართა.

_ თქვენ გოლოვანოვი ხართ, არა?

_ დიახ, _ ვუპასუხე.

მიბრძანა, ოთახში შევსულიყავი, იქიდან კი კაბინეტზე მიმითითა:

_ შებრძანდით!

ამ შენობაში არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიცოდი, ვის უნდა შევხვედროდი, _ იგონებს გოლოვანოვი.

“როგორც კი ოთახში შევედი, ადამიანებს, ნაცნობ სახეებს წავაწყდი, რომლებიც სურათებზე, კინოფილმებსა და მავზოლეუმის ტრიბუნაზე მინახავს. სტალინი ჩემკენ წამოვიდა, ხელი გამომიწოდა და ღიმილით მომესალმა.

_ გავეცანი თქვენს მოხსენებით ბარათს, ძალიან საინტერესო და აუცილებელია ის, რაზეც გიფიქრიათ და რის გაკეთებასაც აპირებთ. ამ დავალების შემსრულებლის შესაფერის კანდიდატად თქვენ მიმაჩნიხართ”.

გოლოვანოვი ფიქრობდა, რომ წერილს რეაგირება აუცილებლად მოჰყვებოდა, მაგრამ ყველაფერი ასე ელვისებურად თუ მოხდებოიდა,

ვერ წარმოედგენა.

“_ რას იტყვით, ამხანაგო გოლოვანოვ?

მე სათქმელი არაფერი მქონდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა უნდა გამეკეთებინა ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მობმოდა თავი ამ უზარმაზარ საქმეს.

სტალინი არ ჩქარობდა, მან დინჯად გაიარგამოიარა წითელ ხალიჩაზე და ჩიბუხი გააბოლა. მერე მომიახლოვდა, ჩემ წინ გაჩერდა, თვალებში ღიმილით ჩამხედა და მშვიდად მითხრა:

_ ჩვენ, ამხანაგო გოლოვანოვ, არ გვყავს 100-150-თვითმფრინავიანი შენაერთები. ჩვენთან არის პოლკი, დივიზია, კორპუსი და არმია. ასეთია ჩვენი სამხედრო დანაყოფების სახელწოდებები. ახალი სახელწოდებებისა და დასახელებების გამოგონება, ვფიქრობ, საჭირო არ უნდა იყოს.

_ როგორ გადავწყვიტოთ საკითხი? _ მიმართა სტალინმა იქ მყოფ მარშლებს, მინისტრებსა პოლიტბიუროს წევრებს.

არ ვიცი ვინ, მაგრამ ვიღაცამ წარმოთქვა, რომ შექმნილიყო შესაბამისი არმია, სხვამ კორპუსის ჩამოყალიბების იდეა წამოაყენა. სტალინი გულისყურით უსმენდა ყველა გამომსვლელს.

_ თქვენ ამაყი კაცი ხართ, ამხანაგო გოლოვანოვ? _ მომმართა სტალინმა.

_ თავს არავის დავაჩაგვრინებ, _ ვუპასუხე მე.

_ ამიტომ არ გეუბნებით. საუბარია არმიასა და კორპუსზე. ჩემი აზრით, პირველ შემთხვევაში ახალშექმნილი ერთეული არ უნდა გადავტვირთოთ “პარტიანკებისა” და სხვადასხვა საგნის მომარაგებით. იქ უნდა გვყავდეს ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროსა და ამინდში შეასრულებენ ურთულეს დავალებებს. ისინი არ უნდა შევიყვანოთ რომელიმე კორპუსის, დივიზიის ან არმიის დაქვემდებარებაში. უმჯობესია, დავიწყოთ პოლკიდან, რომელსაც ექნება სწრაფი ზრდის პერსპექტივა, გამომდინარე თავისი მოქმედებებიდან. Pპოლკი უნდა დაექვემდებაროს ცენტრს (აქ, რა თქმა უნდა, თავისი თავი იგულისხმა).

სიამოვნებით ვუსმენდი სტალინს და ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ამ აზრის სტალინზე უკეთ ჩამოყალიბება”.

ბელადმა კიდევ ერთხელ გადახედა გოლოვანოვს და, დაინახა რა კმაყოფილება მის სახეზე, თავისთვის ჩაილაპარაკა:

_ პოლკი უნდა დაკომპლექტდეს საუკეთესო სპეციალისტებით, რათა ექვსი თვის შემდეგ შეძლოს დივიზიად გარდაქმნა, ერთი წლის შემდეგ მისგან ჩამოყალიბდეს კორპუსი, ხოლო ორი წლის შემდეგ _ არმია”.

სტალინი მიუახლოვდა გოლოვანოვს და ღიმილით მიმართა:

_ თქვენ თანახმა ხართ ყოველივე ამაზე?

_ სრულიად, ამხანაგო სტალინ!

_ აი უკვე შევთანხმდით, _ ღიმილით წარმოთქვა სტალინმა და კვლავ მომმართა:

_ დამთავრდა თქვენი კაზაკური თავისუფლება, დაანებეთ თავი ფრენას და მიხედეთ საორგანიზაციო საქმეს. სასწრაფოდ მოგვეცით თქვენი წინადადებები. მალე გამოგიძახებთ. ნახვამდის.

გარეთ გამოვედი. კრემლის კურანტებმა რვაჯერ ჩამოჰკრეს, სამი საათი გავიდა, რაც მოსკოვში ჩამოვფრინდი, მხოლოდ სამი სააათი და ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. უნებურად მომაგონდა ყველაფერი _ ჩემი ცხოვრების ბედნიერი, წარმატებული პერიოდიც და მშიერი მგელივით საშიში დაუნდობელი ვითარებაც, რომელიც განადგურებით გვემუქრებოდა მეც და ჩემს ოჯახსაც.

თვალწინ მედგა წარსულის ეპიზოდებიც და კრემლში ახლახან მიღებული შთაბეჭდილებებიც. ვცდილობდი, გავრკვეულიყავი ჩემს გრძნობებში სტალინისადმი.

იმ მომენტში ჩემთვის ის იყო ფოლადისგან ჩამოსხმული უსულგულო ადამიანი, რომელიც არაფერზე დაიხევდა უკან ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის პოლიტიკის გასატარებლად. მე, ცხადია, ყოველთვის მახარებდა იმის გათვითცნობიერება, რომ ჩემი ქვეყანა მალე დაეწეოდა და გაუსწრებდა მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს მრავალი სახეობის პროდუქციის წარმოებაში და ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ. მომაგონდა ჩემი ერთადერთი და, რომელიც შვილებით მარტოდმარტო დარჩა მძიმე მატერიალურ პირობებში, რადგან მისი ქმარი დახვრიტეს, როგორც “ხალხის მტერი”.

მთელი სიცოცხლე ერთგულად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას. 1919 წელს ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, ბრძოლებში რომ ვმონაწილეობდი;Oოციან წლებში ვმუშაობდი კომკავშირის ნიჟეგოროდის საქალაქო კომიტეტში, ვიბრძოდი კონტრევოლუციისა და საბოტაჟის წინააღმდეგ. ვიყავი განსაკუთრებული დანიშნულების ნაწილებში, შემდეგ _ ძერჟინსკის სახელობის ცნობილ დივიზიაში, ვიბრძოდი ბასმაჩების წინააღმდეგ შუა აზიაში. ოცდაათიან წლებში გულმოდგინედ ვსწავლობდი ფრენას, შემდეგ ვმუშაობდი მოსკოვის სახელმწიფო სამხედრო ფლოტის სამმართველოში, ვსწავლობდი ბატაისკის უმაღლეს საფრენოსნო სკოლაში, ვასრულებდი სახელმწიფო დავალებებს ყარაყუმში.

შემდეგ დამნიშნეს ირკუტსკში, სახელმწიფო სამხედრო ფლოტის სამმართველოს უფროსად, საქმეს კარგად ვუძღვებოდი და ამიტომ პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით მიმავლინეს საფრანგეთში ბრმად დაფრენის სისტემის გასაცნობად, ერთი თვის შემდეგ დავბრუნდი და დავიწყე ამ მნიშვნელოვანი საქმის პრაქტიკაში დანერგვა.

იდგა 1937 წელი, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მეც კი დამადანაშაულეს “ხალხის მტრებთან” ურთიერთობაში. მალე გამომიძახეს პარტიის ირკუტსკის საოლქო კომიტეტის ბიუროზე და ჩამომართვეს პარტიული ბილეთი. იძულებული შევიქენი, მეჩივლა პარტიის ცენტრალურ საკონტროლო კომისიაში.

სანამ პასუხს ველოდებოდი, ბევრი უსიამოვნება გადავიტანე, სამუშაოს არ მაძლევდნენ და, ოჯახი რომ გადამერჩინა, იძულებული შევიქენი, გამეყიდა ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. ეს იყო უმძიმესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ ჩემი მეგობრების, რომლებთანაც ვმუშაობდი 1925-30-იან წლებში, დროული გაფრთხილების წყალობით შევძელი ირკუტსკიდან მოსკოვში გამოქცევა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ასე გადავურჩი დაპატიმრებას. იმხანად ბევრი გაურბოდა ჩემთან ურთიერთობას, დანახვისას სწრაფად გადადიოდნენ ქუჩის მეორე მხარეს.

ბოლოს და ბოლოს, დამნიშნეს მძიმე ხომალდების 27-ე რაზმში, რომელიც მოსკოვში იყო განლაგებული, მაგრამ ემორჩილებოდა სახელმწიფო სამხედრო-საჰაერო ფლოტის ოქტიუბინსკის სამმართველოს, რომლის უფროსად დაინიშნა ჩემი ყოფილი მოადგილე აღმოსავლეთ ციმბირის სამმართველოში _ რულკოვი, ის ჩემთან ერთად მუშაობდა წლების განმავლობაში და ვიფიქრე, რადგან კარგად მიცნობდა, ჩემი წამება დამთავრდებოდა, მაგრამ მოვტყუვდი _ ჩემმა მეთაურმა ვასილ ივანეს ძე რულკოვმა (სხვათა შორის, უპარტიო ამხანაგმა), მითხრა, რომ მე, პირველი კლასის პილოტი, მასთან რაზმში დამნიშნეს მეორე პილოტად. როცა რულკოვს მიზეზი უკითხავს, აუხსნეს, შეიძლება საზღვარგარეთ გაფრინდესო. მეთაურმა ეს, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა და, რადგან კარგად მიცნობდა, ყველაფერი მიამბო.

არ დამავიწყდება რაზმის მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის მორალური მხარდაჭერა, რომელიც იმხანად ძალიან მჭირდებოდა. გადიოდა დრო და პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეკითხვა გაგზავნილი ირკუტსკში, უპასუხოდ რჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, მოვიდა პასუხი, რომელშიც აღნიშნული იყო: პარტიიდან იმიტომ გაგრიცხეთ, რომ თქვენი უყურადღებობით მდინარე ლენაზე რომელიღაც აეროპორტის უფროსი ლოთობდა, გაფლანგა ფული და გაიქცაო. ამასთანავე, როგორც გაირკვა, ცენტრალურ კომიტეტში ინახებოდა მასალა, შეთანხმებული პარტიის ირკუტსკის საოლქო კომიტეტთან, ლენინის ორდენით ჩემი დაჯილდოების თაობაზე.

ყველა დოკუმენტი, რა თქმა უნდა, დამიბრუნეს, ხოლო პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ირკუტსკის საოლქო კომიტეტს მიუთითეს კომუნისტების ბედისადმი არასერიოზული დამოკიდებულების გამო.

ხელმძღვანელ თანამდებობებზე უარი ვთქვი და ისევ რიგით მფრინავად დავიწყე მუშაობა. ეს პროფესია, ჩემი აზრით, ხელოვნება, ყოველთვის მხიბლავდა და, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის დავფრინავდი. ყველა ადამიანს თავისი გატაცება აქვს.

საკმაოდ სწრაფად დავიკავე ღირსეული ადგილი წამყვან მფრინავთა შორის, დავფრინავდი იმ პერიოდისთვის დიდი სამგზავრო მანქანებით, შემდეგ იყო ხალხინ-გოლი, მერე _ ფინეთის ომი და ბოლოს _ აეროფლოტის შეფ-მფრინავობა.

ყველა ჩემი უბედურების მიზეზი, ცხადია, მხოლოდ სტალინი მეგონა… ახლა კი შევხვდი ადამიანს, რომელიც სულაც არ შეესაბამებოდა ჩემს წარმოდგენას, პირიქით _ მივხვდი, რომ მასთან შეიძლება ლაპარაკი, მას აინტერესებს შენი აზრი. გეხმარება, გამოხვიდე ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობიდან, გკარნახობს აზრს, რომელიც ვერ ჩამოგიყალიბებია. ყველაზე მეტად გამაოცა ავიაციის საკითხების ცოდნამ, მივხვდი იმასაც, რომ ფიქრობდა ფაშისტურ გერმანიასთან მოსალოდნელ ომზე. ეს ყველაფერი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო.

ამ ფიქრებში გართული ჩემი ბინის კართან აღმოვჩნდი. ჩვენს ცხოვრებაში ყოველგვარ გაუგებრობებს შეჩვეული ჩემი მეუღლე შეშფოთებული შემომყურებდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ჩუმად გავიხადე და ოთახში შევედი. მეუღლე შემომყვა.

_ მითხარი, რა მოხდა?

_ სტალინთან ვიყავი, _ ვთქვი ჩუმად.

_ რა? _ მეუღლემ თავში იტაცა ხელი.

ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, ვუთხარი, რომ ჩემი მუშაობით კმაყოფილნი არიან, რომ სურთ, გამიწვიონ ჯარში, რომ მეყოფა თავისუფალი კაზაკივით ცხოვრება და ახლა სერიოზული საქმეების დროა. ჩემმა მეუღლემ აღარ იცოდა, ეცინა თუ ეტირა. ბოლოს გამოთქვა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, საიდან შეიძლებოდა სტალინს სცოდნოდა, ვიღაც გოლოვანოვის შესახებო, მაგრამ მე არაფერი წამომცდენია, გარდა იმისა, რომ თვითონაც გაოცებული ვიყავი სტალინთან ჩემი გამოძახებით. ეს ჭეშმარიტება იყო.

ჩემი მეუღლე, როგორც ქალებს სჩვევიათ, დიდხანს მსჯელობდა ყველა დადებით და უარყოფით მხარეებზე და ბოლოს მივიდა დასკვნამდე, რომ დროა, დავამთავრო მფრინავის მოუსვენარი ცხოვრება და დავიწყო უფრო სერიოზული საქმეები. მისი გადაწყვეტილებით მეც კმაყოფილი დავრჩი და ჩვენი ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მეუღლემ მკითხა:

_ კი, მაგრამ, შენი ეკიპაჟი? _ იფიქრე მასზე?”

 ცოლი-ქმარი მთელი ღამე საუბრობდა იმაზე, როგორ ელვისებურად შეიცვალა მათი ცხოვრება და როგორ თავგანწირვით უნდა ემსახურონ სამშობლოსა და პირადად სტალინს.

მეორე დილით დაიწყო განსაკუთრებული მნიშვნელობის 212-ე პოლკის ჩამოყალიბებისა და დაკომპლექტების მეტად რთული სამუშოები. საჭირო იყო, არა მხოლოდ პოლკის ჩამოყალიბება, არამედ საფუძვლის მომზადება ისეთი პოლკისთვის, რომელსაც მალე სტატუსი უნდა შეცვლოდა და დივიზიად გადაკეთებულიყო. გოლოვანოვი ამისათვის თითქმის მზად იყო და გაბედულად შეუდგა საქმეს.

მეორე დღის ბოლოს გოლოვანოვი კრემლში გამოიძახეს.

“_ აბა, რა მოიფიქრე? _ ჰკითხა სტალინმა მისალმების შემდეგ”. გოლოვანოვმა მოკლედ აუხსნა, რა დაგეგმა, რა პრინციპებით აპირებდა პოლკის დაკომპლექტებას. სტალინს მოახსენა, რომ პოლკი უნდა დაკომპლექტდეს სამოქალაქო ავიაციის მფრინავებისგან, რადგან მათ უკეთ

იციან ბრმა ფრენის ტექნიკურ-პრაქტიკული ჩვევები, ხოლო, თუ ახალი კადრების აღზრდას დავიწყებთ ბრმა ფრენებისთვის, ძალიან დიდ დროს დაგვაკარგვინებს და თქვენს დავალებას ვერ შევასრულებთო.

_ არ არის ცუდი აზრი, მაგრამ მიპასუხეთ, ვინ უნდა გაიყვანოს თვითმფრინავი იმ მიმართულებაზე, რომლიდანაც ობიექტებს ბომბებს დაუშენს. სამოქალაქო ავიაციაში ასეთი კადრები არ გყავთ. ვინ იქნება რადისტი? _ არც ეს გყავთ. ამაზე რას მეტყვით? _ მკითხა სტალინმა.

_ თავზარი დამეცა. მივხვდი, რომ საქმე მქონდა ადამიანთან, რომელიც შესანიშნავად ერკვეოდა საფრენოსნო საქმეში და იცოდა, რასაც ამბობდა.

_კარგი, _ განაგრძო სტალინმა, _ მფრინავი, რა თქმა უნდა, ძირითადი, მთავარი ფიგურაა ეკიპაჟის, მაგრამ მხოლოდ მას არ შეუძლია იფრინოს შორეული მიზნის მისაღწევად, ამისთვის მას სჭირდება თანაშემწე. თქვენთან, სამოქალაქო ავიაციაში, მოიერიშე მფრინავები არიან? _ არა. არც ესენი გყავთ. ამაზე რას იტყვით, ამხანაგო გოლოვანოვ, შეიძლება თუ არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციით დავაკომპლექტოდ შორსმოქმედი ავიაპოლკი?

სტალინის საუბარმა დამარწმუნა, რომ, მასთან სრულიად მოუმზადებელი მივედი. მე პოლკს ვაკომპლექტებდი ცალმხრივად და სტალინთან საუბრისას გაირკვა, რომ საერთოდ ვერ ვერკვევოდი პოლკის ჩამოყალიბების საკითხებში. სტალინი, რა თქმა უნდა, ამას მიხვდა. ის ნელ-ნელა მიმოდიოდა წითელ ხალიჩაზე და ჩიბუხის ბოლში აზუსტებდა, ჩემში რომელი მხარე სჭარბობდა _ დადებითი თუ ის, რომელიც ახლა დაინახა”.

ბოლოს სტალინი მიუახლოვდა გოლოვანოვს, შინაურულად გაუღიმა და თვალიც კი ჩაუკრა. როგორც ჩანს, მასპინძელმა იგრძნო სტუმრის უხერხულობა და ამით სრულიად მოიშალა ზღვარი საავიაციო საქმის უნიკალური ცოდნის პატრონსა და უბრალო მფრინავის ურთიერთობაში. სტრესის მოსახსნელად სტალინმა ვითომ მისთვის გაურკვეველ საკითხებზე დაუსვა გოლოვანოვს შეკითხვები.

“_ გასაგებია, ამხანაგო სტალინ, _ უთხრა გოლოვანოვმა, მე მოუმზადებელი აღმოვჩნდი ამ შემთხვევაში, მაგრამ შევეცდები, გამოვასწორო. ამხანაგო სტალინ, ხომ არ აჯობებს, შტურმანები და რადისტები ავიყვანოთ სამხედრო-საჰაერო ძალებიდან, ხოლო მფრინავები _ სამოქალაქო ავიაციიდან?

_ თუ ესკადრილიასა და შტაბსაც დავაკომპლექტებთ სამხედროებით, გაცილებით უკეთესი იქნება, _ ღიმილით მომმართა სტალინმა. მოადგილედაც სამხედრო დაინიშნეთ. თქვენ, ამხანაგო გოლოვანოვ, ძალიან ახლოს უნდა მიხვიდეთ და მყარი მდგომარეობა გქონდეთ შორეულ ფრენებზე, რომლებშიც უნდა ჩადოთ მთელი თქვენი ცოდნა და ენერგია, წვრილმანი საქმე კი აკეთონ თქვენმა მოადგილეებმა და თანაშემწეებმა. მე ამას გირჩევთ.

ყოველივე ეს სტალინმა იქვე, ჩემთან საუბარში ჩამოაყალიბა თუ უფრო ადრე ჰქონდა ნაფიქრი და ჩამოყალიბებული, დღესაც ვერ მივმხვდარვარ.

_ ესე იგი, გამოდის, რომ მოვილაპარაკეთ, არა? _ გაიღიმა სტალინმა.

_ მოვილაპარაკეთ, ამხანაგო სტალინ, _ შევეცადე, სახეზე სერიოზულობა გამომეხატა და ღიმილით არ მეპასუხა მისი ღიმილისთვის.

_ აი ეს კარგია! ახლა კი გამოვიძახოთ სამხედრო-საჰაერო და სამოქალაქო ავიაციის ფლოტის სარდლები და მათთან შევათანხმოთ ჩვენი გეგმები.

სტალინმა თითი ღილაკს დააჭირა და კაბინეტში პოსკრებიშევი შემოვიდა.

_ სთხოვეთ მოლოკოვსა და რიჩაგოვს, მოვიდნენ!

გრიგოლ ონიანი

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here