Home რუბრიკები საზოგადოება როდის გამოვა მზე და ვანო?

როდის გამოვა მზე და ვანო?

783

ასულ კვირაში სტრასბურგმა ვანო მერაბიშვილი დაჩაგრულად გამოაცხადა და ეს ამბავინაციონალურმა მოძრაობამგალესილი დანის გამომეტყველებით ამცნო ერსა და ბერს

როგორც უმაღლესი სასამართლო ინსტანციიდან ირკვევა, მერაბიშვილი ციხიდან იმ მომენტში გაიყვანეს, როდესაც ქვეყანაზე ფიქრით გადაღლილს ცოტა ხნით ჩასძინებოდა, თუმცა ხერხემალს ჩათვლემა არ აცალეს და კაცს, რომელიც სიარულისას კრძალვით იყურებოდა ძირს, ემანდ რამეს ფეხი არ დავაბიჯო და უფლებები არ შევულახოო, უდიერად მოეპყრნენ.

ამ ამბავმა მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა. ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ამერიკის ელჩ იან კელისთვის სიხარულისგან წნევას აუწევია და მთელი დღე ძმრიან ტაშტში ჩაყოფილი ფეხებით უყურებია “კურიერისთვის”. როგორც სანდო წყარო ამბობს, კაცს ძლივს დავურეგულირეთ წნევა და კიდევ ეს უნდოდაო?!

ბარაკ ობამას სიხარულისგან პულტი უსვრია და ახალთახალი პლაზმური ტელევიზორი უნებურად დაუმტვრევია.

ანგელა მერკელს ტრადიციული ფაღარათი დამართნია. როგორც უკვე იცით, გერმანიის კანცლერი გადაჭარბებული ემოციების დროს მსგავს სიტუაციაში ვარდება და რამდენიმე საათი საპირფარეშოდან ვერ გამოდის.

გიგა ბოკერია საჩქაროდ გავარდნილა მარგველასთან, _ ეს საქმე უნდა გამიხერხო, ეს კაცი გამომაყვანინო და მერე ჩვენ მოგხედავთო.

მარგველას უთქვამს, ჩემო გიგა, იცი, როგორ პატივს გცემ და უარს არაფერზე გეუბნები, მაგრამ ცოტა ხანს მოვიცადოთ და “ვსიო ბუდეტ ხარაშოო”.

ბოკერიაც დაიმედებული წასულა შინ.

გახარებულ გიორგი კანდელაკს დაურეკავს კონგრესმენ რასელისთვის, ჩვენი ვანო გამართლდაო, და იმას უკითხავს, ეგ ვინღაა ან შენ ვინ ხარო. კანდელაკს უთქვამს, მე ვარ, კაცო, წარბა გიოო, აი ის, მაშინ ტექსტი რომ გამოვატანე შალვასო.

აა, გამახსენდა. ჰო, არის რამე საქმეო? _ უკითხავს რასელს. კანდელაკს უპასუხია, კი არის, შალვა წერს ახალ ტექსტს და საღამოს “ფეისბუქში” ან “სკაიპში” ჩაგიგდებთო.

მიხეილ სააკაშვილს უთქვამს, დაფაცურდით ახლა, ბაჩოსა და გიგიზეც რამე გავახერხოთ, რა უყვართ იმ მოსამართლეებს, გაარკვიეთ და იჩალიჩეთო.

მერაბიშვილის ამბის მოსმენისთანავე ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის საეთეროშო შევარდნილა და გამშვებისთვის ბნედა დაუცია, რა დროს სერიალია, გათიშეთ, ვანოს ათავისუფლებენო, და სასწრაფოდ “კურიერი” გაუშვიათ ეთერში. ვინაიდან დრო არ ითმენდა და საინფორმაციოს წამყვანებს მშვიდი ძილით ეძინათ, წამყვანად დასვეს შალვა ნათელაშვილი, რომელიც, მთელი დღის ტვინის ბურღვით გადაღლილი, იქვე, კუთხეში მიყუჟულიყო.

“ასეთი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ და, ეთერში კი არა, ამ წუთში დავიხრჩობ თავს კუს ტბაზე, ოღონდ რამეში წაგადგეთო”, _ უთქვამს გახარებულ შალვას.

ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით, არც ისე სახარბიელო მდგომარეობა ყოფილა ჩრდილოეთში.

ვლადიმერ პუტინს სწორედ იმ დროს ჩაურთავს “კურიერი”, როცა ვანოს ამბავს გადმოსცემდნენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პირადი მოსამსახურე, ზინა, ჩვენს წყაროსთან საუბარში ამბობს, “ის 1 საათის განმავლობაში გაყინული სახით უყურებდა ტელევიზორს, ბოლოს რაღაც ბოთლი გამოიღო კარადიდან, პირთან მიიტანა, ვიგრძენი, რომ არაყი არ იყო. კიდევ კარგი, დროულად ვეცი და გამოვგლიჯე ბოთლი, რომელშიც მჟავა იყო, და მის დალევას აპირებდა, როგორც ჩანს, მერაბიშვილის ამბავმა შეაშფოთა”.

დიდი ზეიმი ყოფილა კოღუაშვილებში _ “ქართული ოცნების” ცნობილ კოღოს ამ ამბის გაგონებაზე ბზუილი ერთიორად გაუძლიერებია.

როგორც სინოპტიკოსთა გაერთიანებამ განაცხადა, ბოლო პერიოდში დამდგარი არამდგრადი ამინდი და ღრუბლიანი ცაც იმის ნიშანია, რომ ბუნება მერაბიშვილის გათავისუფლებამდე გაღიმებას არ აპირებს და მზე მხოლოდ მაშინ გამოანათებს, როცა ვანო თავისუფლების ზღურბლზე გადმოაბიჯებს.

გიგლა ტიტინა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here