Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

სტალინი და მარშალი გოლოვანოვი

893

სიმართლისთვის მზად ვარ, დავიკისრო პასუხისმგებლობა!”

.. გოლოვანოვის წერილი კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში .. ბრეჟნევს და საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოში _ .. კოსიგინს!

8 აპრილი 1975 წელი.

პატივცემულო ამხანაგებო!

მალე მთელი ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 30- წლისთავს. ყველა, ვინც იბრძოდა ამ გამარჯვების მოსაპოვებლად, შეძლებისდაგვარად ცდილობს ყოველი საბჭოთა ადამიანისთვის ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნას.

მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც ახალგაზრდობიდანვე იარაღით იბრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლებისთვის _ ვმონაწილეობდი სამოქალაქო, ხალხინ გოლის, ფინეთისა და დიდ სამამულო ომებში.

დავწერე მოგონებები დიდი სამამულო ომის ბრძოლებზე სახელწოდებით “შორეული ბომბდამშენები”, რომელიც 1969 წლიდან იბეჭდება ჟურნალ “ოქტომბერში”. ამ ხნის განმავლობაში გამოვიდა ჟურნალის 5 ნომერი, რომელიც მოიცავს 1941_42 წლების პერიოდს და მე არ ვარ დამნაშავე, რომ ჩემი მოგონებების ბეჭდვა ჯერაც არ დამთავრებულა.

გამოქვეყნებული მასალა დაედო საფუძვლად წიგნს, რომელიც გამომცემლობა “საბჭოთა რუსეთში” გამოსაცემად მომზადდა 1972 წელს სახელწოდებით “შორეული ბომბდამშენების დივიზიის მეთაურის ჩანაწერები”. წიგნი უნდა გამოსულიყო 1974 წელს.

1974 წლის მაისში წიგნი ჩაეშვა წარმოებაში ყველა შენიშვნისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, მაგრამ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული მთავლიტის ხელმძღვანელმა პ.კ. რომანოვმა წიგნის გამოცემა შეაჩერა, რის გამოც ვუჩივლე. 1974 წლის ოქტომბერში მიმიწვიეს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის განყოფილებაში, სადაც გამაცნეს შენიშვნები, რომლებიც დაიწერა სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში, მთავლიტის მიერ წიგნის დაბრუნების შემდეგ.

დამატებით შენიშვნებში აღნიშნულია, რომ ავტორი ხაზგასმით ბევრს წერს უმაღლეს მთავარსარდალზე _ მრავალრიცხოვან შეხვედრებზე ი.ბ. სტალინთან, მის მითითებებზე, შეფასებებზე, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვს ბომბდამშენთა საბრძოლო მოქმედებებთან, ხოლო მეთაურები, პოლიტმუშაკები, მფრინავები ავტორის ყურადღების მიღმა რჩებიან, აღნიშნულია მხოლოდ სტალინის გადაწყვეტილებები, რომლებითაც იჩრდილება თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის, სახალხო კომისარიატის, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის როლი შორეულ ბომბდამშენთა დივიზიის შექმნის, მოქმედებისა და ხელმძღვანელობის საქმეში.

დასასრულ აღნიშნულია, რომ ა. ე. გოლოვანოვის მემუარებში შექებულია ი. ბ. სტალინის მუშაობის სტილი, შორსმჭვრეტელობა, ყურადღება ადამიანებისადმი და ა.შ. რაც მთავარია, ეს შეფასებები მეტად არაობიექტურია, რასაც მოსდევს წინადადებები წიგნიდან გარკვეული ნაწილების ამოღების, შემოკლების, შეცვლის შესახებ.

ძირითადად ასეთია დამატებითი შენიშვნების არსი, რომელსაც ვერ დავეთანხმები, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მითითებული ადგილები წიგნში საერთოდ არ არის, არც სტალინის მოქმედებებია შეფასებული; მეორეც, მკითხველებისგან მიღებული წერილები, მკითხველთა კონფერენციის, აგრეთვე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ოფიციალური შეფასებები საწინააღმდეგოს ადასტურებს.

მართალია, სხვა ავტორებთან შედარებით, ჩემს წიგნში უფრო მეტი ადგილი ეთმობა ი. ბ. სტალინს, მაგრამ ეს ბუნებრივია, რადგან სხვა ხელმძღვანელი არც მყოლია. შორეულ ბომბდამშენთა დივიზიის საბრძოლო მოქმედებებთან არც გენერალურ შტაბს, არც თავდაცვის სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელობას, არც უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეებს შეხება არ ჰქონიათ, ყველაფერი ხორციელდებოდა მხოლოდ სტალინის უშუალო მითითებებითა და ხელმძღვანელობით. ეს უნიკალური შემთხვევაა, ამგვარი მაგალითი არც ვიცი. რაც შეეხება დივიზიის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში თავდაცვის სახელმწიფო კომისარიატისა და სხვა უმაღლესი ინსტანციების როლს, ეს წიგნში სათანადოდაა აღნიშნული.

შტაბში ყოფნისას ხშირად ვიყავი თვითმხილველი და მონაწილე მრავალი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისა, რაც აღვნიშნე კიდეც ჩემს წიგნში, რადგან, როგორც ავტორს, მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი საინტერესო და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სტალინის მოღვაწეობას, მისი მუშაობის სტილს, ადამიანებთან ურთიერთობას, აბსოლუტური სიმართლეა და არა უბრალო “ხოტბა-დიდება”. იმ მრავალრიცხოვანი ფაქტებიდან და ეპიზოდებიდანწიგნში მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე, რომლებიც ჩემთვის ცნობილია, რომლებიც ჩემს წიგნში შევიდა და გამოვაქვეყნე კიდეც ჟურნალ “ოქტომბერში”. აქამდე არავის გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება ამ პუბლიკაციებისადმი. რაც შეეხება სიტყვა “ხოტბას”, მას აქვს გარკვეული მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს ამა თუ იმ პიროვნებისადმი ისეთი თვისებების მიწერას, ამ პიროვნებას რომ არ ახასიათებს, არ შეესაბამება სინამდვილეს, გამოგონილია.

ჩვენმა პარტიამ შეაფასა ი. ბ. სტალინის მოღვაწეობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. სამამულო ომის პერიოდში მისი როლი შეფასებულია, როგორც პოზიტიური, დადებითი. ჩემი წიგნი სწორედ ამ პერიოდს ეხება, ამიტომ, როცა იქ სტალინის როლი დადებითადაა შეფასებული, არ ნიშნავს ხოტბა-დიდებას მის მიმართ, მაგრამ დამატებითი შენიშვნების მიღების შემდეგ დავწერე წინასიტყვაობა, რომელშიც მივუთითე, რატომ დაიწერა წიგნი ასე და არა სხვანაირად.

პატივცემულო ლიონიდ ილიჩ და ალექსეი ნიკოლაევიჩ! გთხოვთ, მიპასუხოთ, მაქვს თუ არა მე, როგორც მოქალაქეს, კომუნისტს უფლება, დავწერო ჩემს წიგნში განვლილ ომზე ისე, როგორც ვხედავდი, ისე, როგორც ვიცხოვრე; დავწერო ის, რაც ვნახე; დავწერო სიმართლე ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ხალხზე, საბჭოთა მშრომელებზე, ჯარისკაცზე; იმ სიძნელეებზე, რომლებიც მათ გადაიტანეს; ჩვენს მხედართმთავრებსა და უმაღლეს მთავარსარდალზე, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელ და წარმმართველ როლზე, პარტიულ-პოლიტიკური მუშაობის მნიშვნელობაზე, რომელმაც მიგვიყვანა კიდეც კაცობრიობის უბოროტესი მტრის _ ფაშიზმის და მისი წარმმართველი ძალის _ ჰიტლერული გერმანიის განადგურებამდე.

გთხოვთ, აგრეთვე, მიპასუხოთ, რამდენად სწორია იმ ამხანაგების მოქმედებები, რომლებიც მაიძულებენ, გადავაკეთო უკვე დაწერილი და ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა იმ მოტივით, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა არ შეიძლება შევიდეს წიგნში, რის გამოც ფერხდება წიგნის გამოცემა მათი მითითებების განხორციელებამდე.

არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ვითარება ცნობილი და სანქცირებულია ჩვენი პარტიის, ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობის მიერ.

გთხოვთ, მომცეთ საშუალება, გამოვაქვეყნო წიგნი, რომლის სიმართლეზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებ საკუთარ თავზე.

პატივისცემით ა. ე. გოლოვანოვი”.

“მისი ერთგული თანამგზავრი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ულამაზესი და უკეთილშობილესი მეუღლე თამარა ვასილის ასული მიყვებოდა: “მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “რა საშინელებაა ცხოვრება!”

ეს სიტყვები მან სამჯერ გაიმეორა, მე ვკითხე:

_ რა დაგემართა, რატომ ამბობ ასე? რატომ არის ცხოვრება საშინელი?

მან მიპასუხა:

_ შენი ბედნიერებაც ის არის, რომ ეს არ იცი” (ალექსეი ტიმოფეევი, მწერალი, ისტორიკოსი).

იმ ადამიანთა შორის, რომლებთანაც სტალინმა თავისი ცხოვრება გამოიარა გორის სემინარიის სასწავლო მერხიდან კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის პრეზიდიუმის ტრიბუნამდე, არც ერთთან ისეთი ახლო, თბილი და მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია, როგორიც ავიაციის მარშალ გოლოვანოვთან.

მარშალი გოლოვანოვი თავის ჩანაწერებში ხშირად აღნიშნავს, რომ კარგად იცის საქართველოს უძველესი თუ უახლესი ისტორია, რომ მას სტალინი უყვებოდა საქართველოს ისტორიას ანტიკური დროიდან დღემდე და ამაყობდა, რომ საქართველოს ჰყავდა ისეთი უძლეველი მეფეები, როგორებიც იყვნენ ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი, თამარი და ერეკლე მეორე. გარდა იმისა, რომ მარშალმა გოლოვანოვმა, სტალინის გადმოცემით, ზედმიწევნით კარგად იცოდა საქართველოს ისტორია და მისი კულტურა, ასევე თითქმის წვრილმანებამდე იცოდა სტალინის ოჯახური გარემოცვა და ოჯახში მიმდინარე პროცესები (სვეტლანა ალილუევას სასიყვარულო თავგადასავლების ჩათვლით).

ვიაჩესლავ მოლოტოვი მწერალ ფელიქს ჩუევთან საუბრისას აღნიშნავდა: “სტალინი თავისი ბუნებით არავის ენდობოდა, თვით ღმერთსაც კი”.

მაშ, რატომ უნდა იყოს გამონაკლისი მარშალი გოლოვანოვი ან რით უნდა დაემსახურებინა მას ბელადის ასეთი ნდობა?

საკითხავი ისიც არის, როგორ უნდა მოეპოვებინა ბელადის ისეთი ნდობა არცთუ კარგი სოციალური და პოლიტიკური წარსულის მქონე ოჯახის შვილს, რომელსაც 1939 წლიდან სტალინის გარდაცვალების დღემდე, სტალინის გარდა, სხვა უფროსი და მბრძანებელი არ ჰყოლია.

სწორედ ამ კაცზე მინდა მოგითხროთ, ძვირფასო მკითხველო. მიუხედავად იმისა, რომ თხრობა გაგვიგრძელდება, დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი თქვენთვის ინტერესმოკლებული არ იქნება.

ყველაფერი ასე დაიწყო:

სამოქალაქო ავიაციის მფრინავი სამხედრო ოპერაციებშიც მონაწილეობდა (ხანხილ გოლი, თეთრ ფინელებთან ბრძოლა და სხვ.), მაგრამ ის მაინც სამოქალაქო ავიაციის წამყვან მფრინავად ითვლებოდა.

1940 წელს საახალწლოდ (თენდებოდა მძიმე 1941 წელი) მფრინავებისთვის ვახშამი მოეწყო “მფრინავთა სახლში”, შემდგომ კი _ სასტუმრო “სოვეტსკაიაში”.

მფრინავები მეუღლეებთან, მეგობრებთან თუ შეყვარებულებთან ერთად მხიარულობდნენ. ერთერთ მაგიდასთან სხვებთან ერთად ისხდა ულამაზესი ცოლქმარი _ ალექსანდრე გოლოვანოვი და მისი ცოლი, სილამაზით გამორჩეული თამარა ვასილის ასული. მათ მაგიდასთან ისხდნენ ავიამრეწველობის მინისტრი ალექსი შახურინი მეუღლითურთ, სამოქალაქო ავიაციის გენერალური ინსპექტორი იაკობ სუშკევიჩი, სამოქალაქო ავიაციის ფლოტის უფროსის მოადგილე ფიოდორ კარტუშევი.

“იაკობ სუშკევიჩი ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, მეც სწორედ მისკენ გამიწია გულმა და საუბარიც საინტერესო და საქმიანი გამოგვივიდა. მუსაიფი დიდხანს გაგვიგრძელდა, რის გამოც თვალი მეუღლისკენ გავაპარე და ვიგრძენი საყვედური, მისდამი უპატივცემულობის გამოჩენის გამო, რამაც მაიძულა, ყურადღება მეუღლეზე გადამეტანა. თამარა ვასილევნასთან საუბრის შემდეგ საშუალება მომეცა, უფრო გაბედულად მოვქცეულიყავი და საქმიანი ურთიერთობა დამემყარებინა ახალგაცნობილ იაკობ სუშკევიჩთან. საუბრისას თანდათან ძალას ვიკრებდი და შამპანურის დახმარებითაც უფრო გამბედავი და თამამი ვხდებოდი. გავიდა დრო და ჩვენი საუბარი შეწყდა, _ იგონებს ალექსანდრე გოლოვანოვი, _ ჩავუფიქრდი, ხომ არაფერი წამოვროშე ისეთი, რომ საქმიანი საუბარი დუმილში გადაიყვანა. თითქოს არაფერი უნდა შემშლოდა. ვაანალიზებდი ჩემს საუბარს იაკობ სუშკევიჩთან. ცოტა ხნის შემდეგ წამოვიწიე, ბოდიში მოვუხადე თანამოსაუბრეს, ამდენ ხანს რომ მოვაცდინე და წასვლა დავაპირე, რომ მან თავი ასწია, თვალებში შემომხედა და მითხრა:

_ ოდესმე გიფიქრიათ ჩვენი ავიაციის ბრძოლისუნარიანობაზე ხალხინ გოლზე ან ფინელებთან ბრძოლების დროს?

_ ღმერთო ჩემო, ნუთუ არსებობს ადამიანი, რომელიც ახალი წლის წინა ღამესაც ფიქრობს ბრძოლისუნარიანობის საკითხებზე?! _ გავიფიქრე მე.

_ ნუთუ თქვენ, ამხანაგო გოლოვანოვ, ასე წვრილმანებამდე იცით საფრენოსნო და საბრძოლო საქმეები?! და თქვენ ფიქრობთ, შემოუფრინოთ დედამიწის სფეროს? თქვენთან საუბარი ძალზე საინტერესო იქნება. გადავდოთ ცეკვები და ვისაუბროთ საქმეზე, სწორედ აქ, ახლავე, _ მტკიცედ მომმართა სუშკევიჩმა.

ჩემი მეუღლის მიმართულებით გავიხედე. ის უკვე ადგილზე აღარ იყო, ალბათ, მეგობრებთან ერთად ცეკვავდა, მეც თავისუფლად დავიწყე საუბარი”.

ორმა მფრინავმა სიღრმისეულად განიხილა საფრენოსნო საქმე, ავიაციის დაბალი ბრძოლისუნარიანობა და მისი გამოსწორების გზები და მეთოდები.

იაკობ სუშკევიჩი ალექსანდრე გოლოვანოვთან ბევრ ისეთ საკითხს იხილავდა, რომლებთანაც გოლოვანოვს, როგორც სამოქალაქო ავიაციის მფრინავს, წესით, შეხება არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ ის უფრო დუმდა, ვიდრე პასუხობდა. ბოლოს კი დუმილი დაარღვია და გაბედულად ჰკითხა:

“ _ იაკობ ვლადიმერის ძევ, იმ საკითხებთან, რომლებზეც მელაპარაკებით, რა შეხება მაქვს, მე ხომ სამოქალაქო ავიაციის შეფ-პილოტი ვარ და სხვა არაფერი?

_ თქვენ, ამხანაგო გოლოვანოვ, გევალებათ, წერილი დაწეროთ სტალინის სახელზე.

_ სტალინის სახელზე?! _ ვიფიქრე, მომესმა-მეთქი.

_ დიახ, მის სახელზე, _ მშვიდად მომმართა იაკობ სუშკევიჩმა.

_ და რა უნდა დავწერო სტალინის სახელზე?

_ ყველაფერი, რაც მე მომიყევით.

_ თქვენ რატომ არ სწერთ ამის შესახებ, თქვენ ხომ საჰაერო თავდაცვის გენერალური ინსპექტორი ხართ, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და უდიდესი ავტორიტეტი, რომელსაც მხრებზე გაწევთ ესპანეთი და ხალხინ გოლი?”

პაუზის შემდეგ იაკობ სუშკევიჩმა ასე უპასუხა მფრინავს:

“_ მე არ მაქვს, ამხანაგო გოლოვანოვ, ისეთი მდგომარეობა, რომ წერილი მივწერო სტალინს და საეჭვოა, მას ჩემს წერილზე რეაგირება ჰქონდეს. რაც შეგეხებათ თქვენ, ტყუილად ფიქრობთ, რომ არავინ გიცნობთ. თქვენი გაბედული ფრენების საქმის კურსში არიან სტალინი, გრიგორი კულიკი და ლევ მეხლისი. ასე რომ, სტალინისადმი მიწერილი თქვენი წერილი დიდი ყურადღების ქვეშ მოექცევა.

ცეკვების შემდეგ ჩვენი საუბარი შეზარხოშებული სუფრის წევრების გამოჩენამ შეწყვიტა. ჩემმა მეუღლემ საცეკვაოდ გამიწვია, ცოტა ხნის შემდეგ კი შენიშვნა მომცა, ჩემთან ასე არასოდეს გიცეკვია, ისე მოუქნელად იქცევი, ფეხზეც კი დამაბიჯეო.

რა იცოდა თამარა ვასილევნამ, რა განცდებსა და ფიქრებში ვიყავი, ჰაერში ვფრენდი თუ მასთან ტანგოს ვცეკვავდი.

ვახშამიც დამთავრდა. წასვლის წინ ჩემთან კვლავ მოვიდა იაკობ ვლადიმიროვიჩი და მითხრა:

_ მაშ ასე, ამაღამ წერილს დაწერთ და ხვალ მე გადმომცემთ!

 გვიან საღამოს საწერ მაგიდას მივუჯექი, მაგრამ აზრი და სიტყვა ერთმანეთს ვერ მივაბი. მთელი ღამე არ მძინებია. უხალისოდ და ნერვიულობაში გავატარე მეორე დღეც, თითქოს ყველა ჩემი ჩანაფიქრი ქარს გაჰყვა და გონებაში არაფერი დარჩენილა. სტალინის სახელის შიშმა თუ დიდმა პასუხისმგებლობამ სრულიად გამთიშა. მეორე საღამოს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. იაკობ სუშკევიჩი რეკავდა.

_ არის თუ არა წერილი მზად და, თუ არ არის, როდის იქნება? _ მკაცრად მომმართა სუშკევიჩმა.

თავშეკავებულად ვუთხარი, წერილი ხვალ იქნება მზად-მეთქი.

_ მითხარით თქვენი მისამართი, ხვალ თვითონ მოვალ წერილის წასაღებად.

ყურმილი დავკიდე და მწარედ შევაგინე ჩემს თავს, რომ კატეგორიული უარი არ განვაცხადე წერილის დაწერაზე. ან რა უნდა დამეწერა, ან რა უნდა გამეკეთებია? ის, რასაც ვამბობდი, ჩემი ემოცია და სურვილები იყო და ხომ შეიძლებოდა არარეალური ყოფილიყო? და ეს ყველაფერი სტალინისთვის უნდა მიმეწერა?

გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ მიცემული სიტყვის გატეხა არ მჩვეოდა. ყველაფერი ვიფიქრე, ცუდით დაწყებული, კარგით დამთავრებული. ბოლოს კი გადავწყვიტე, შემესრულებინა დავალება.

ავიღე ფურცელი და კალამი, დავჯექი საწერ მაგიდასთან და გაბედულად, ჩემს თავში დარწმუნებულმა დავწერე სიტყვები: “ამხანაგ სტალინს!”

დიდხან ვუყურე წერილის სათაურს, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ დავამატე. ათასგვარ სიტყვას ვარჩევდი ქაღალდზე გადასატანად, მაგრამ აზრს თავი ვერა და ვერ მოვუყარე.

ჩემი წვალება შეწყვიტა ტელეფონის ზარმა. ყურმილში გაისმა ბრძანება:

_ ხვალ დილით უნდა გაფრინდეთ ურუმჩიში, დასავლეთ სინძიანში. უნდა წაიყვანოთ ჩინეთ-საბჭოთა კავშირის ავიაციის ასოციაცის ახალდანიშნული თავმჯდომარე ა.ს გოლოვანოვი. იჩქარეთ, დრო ძალიან ცოტაა.

უკან დასახევი გზა აღარ დამრჩა. უცბად საიდანღაც უჩინარი ძალა ვიგრძენი, წერილი ერთი ამოსუნთქვით დავწერე, კონვერტში მოვათავსე და საწერ მაგიდაზე დავდე. მეუღლე გავაფრთხილე, თუ მოვლენ წასაღებად, წერილი მაგიდაზეა-მეთქი. ავიღე ჩემი ხელბარგი, რომელიც ყოველთვის გამზადებული მქონდა და სასწრაფოდ აეროდრომისკენ გავემგზავრე.

მეორე დღეს წერილს იაკობ სუშკევიჩმა მიაკითხა. აი რა მისწერა ალექსანდრე გოლოვანოვმა სტალინს:

“ამხანაგო სტალინ!

ომმა ევროპაში აჩვენა, რა დიდი როლის შესრულება შეუძლია ავიაციას, თუ მას გონივრულად გამოიყენებენ. ინგლისელები შეუცდომლად დაფრინავენ ბერლინის, კელნისა და სხვა მიმართულებით, დაუბრკოლებლად აღწევენ მიზანს ამინდისა და დროის მიუხედავად.

ფინეთის ომის დასაწყისში მე წამოვაყენე იდეა მტრის ღრმა ზურგში ფრენისა რადიონავიგაციის გამოყენებით, რომელიც ბომბდამშენების მიყვანისა საჭირო ფურცლების გავრცელების საშუალებას მოგვცემდა საჭირო ობიექტებთან. ეს იდეა გაგაცნეს თქვენ და მოწონების შემდეგ შევუდექით მის განხორციელებას. ჩვენ ყოველგვარი შეიარაღებისა და თანხლების გარეშე დავფრინავდით “დუგლასით”, დავფრინავდით მხოლოდ ცუდი მეტეოპირობების დროს და მხოლოდ რადიონავიგაციის გამოყენებით.

ბევრი გაფრენა შევასრულეთ ფინელების ზურგში, თითქმის ბოტნიის ყურემდე. როგორც დღე, ისე ღამე, გადაგვქონდა მრავალი ტონა ფურცელი და გადაგვყავდა დესანტი ზუსტად მითითებულ ადგილას, რაც კარგად ადასტურებს რადიონავიგაციის ეფექტიანობასა და მნიშვნელობას.

ამხ. ჟდანოვთან შეხვედრისას, დავაყენე ჩვენთვის ბომბდამშენების გადმოცემის საკითხი. ამხ. ჟდანოვმა დაავალა განეხილათ ეს საკითხი, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს, ამიტომ ამოცანის მეორე ნაწილი შეუსრულებელი დარჩა.

დღეს სრულიად ნათელია, რომ აუცილებლად გვჭირდება ისეთი ავიაცია, რომელიც იმუშავებს თითქმის ყოველგვარ პირობებში, ზუსტად მიაღწევს დასახულ მიზანს მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივაღწევთ გამარჯვებას საომარ ოპერაციებში _ გამოვიწვევთ დეზორგანიზაციას მტრის ღრმა ზურგში, მის მრეწველობაში, ტრანსპორტში, საწვავით უზრუნველყოფაში და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ სადესანტო ოპერაციების განხორციელებაზე.

რადგან მაქვს ცოდნა და გამოცდილება ამ საკითხებში, შემიძლია ორგანიზება 100-150 თვითმფრინავის თანამედროვე ავიაციის მოთხოვნების შესატყვისი გაერთიანებისა 100-150 თვითმფრინავით, რომლებიც ტოლს არ დაუდებს ინგლისელებისა და გერმანელების ავიაციას და ბოლოს _ იქნება ბაზა ჩვენი სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის კადრების მომზადებისა და თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდის მხრივ.

მესმის, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო და სერიოზული საქმეა და ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ, თუ დამეხმარებიან, შემიძლია ასეთი გაერთიანების შექმნა. ამიტომაც გადავწყვიტე, მოგმართოთ თქვენ, ამხანაგო სტალინ!

მფრინავი გოლოვანოვი

სამუშაო ადგილი _ “აეროფლოტი”. განსაკუთრებული დანიშნულების ესკადრილია”.

გაგრძელება იქნება

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here