Home რუბრიკები პოლიტიკა “ყველაფერი, რასაც “ოცნება” ახლა დაიწყებს, წინასაარჩევნო ფაფხურია, უკან მიდევნებული ლამპარი, რომელიც არჩევნებში...

“ყველაფერი, რასაც “ოცნება” ახლა დაიწყებს, წინასაარჩევნო ფაფხურია, უკან მიდევნებული ლამპარი, რომელიც არჩევნებში გზას ვერ გაუნათებს”

564

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2011 წლის 25 სექტემბერს დაღუპული პატიმრის _ სერგო თეთრაძის ოჯახს რამდენიმე დღის წინათ მისი უდანაშაულობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა. 

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის 19 სექტემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და გლდანის მე-8 საპყრობილეში წამებით მოკლეს. წამებაში ბრალდებული მაღალჩინოსნებიმეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე _ იმალებიან და მათი დაპატიმრება ვერ ხერხდება, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც თეთრაძის ოჯახი პოლკოვნიკის წამებამკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს, ამ ეპიზოდზე ბრალდებული საერთოდ არ არის. არ არის დასჯილი არც პროკურორი, რომელმაც თეთრაძე დამნაშავედ სცნო. დაისაჯნენ მხოლოდ მწამებლები. გამოცდილი პოლიტიკოსებისგან ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზას: “წინასაარჩევნოდ უამრავი სიგიჟის მომსწრენი გავხდებითდა მართლაც, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის უდანაშაულოდ ცნობა სწორედ ასეთი ფაქტია, რადგან, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, უდანაშაულოდ ცნო ადამიანი, როდესაც არ დაუსჯიათ, ვინც ის დამნაშავედ ცნო, წარმოუდგენელი სიგიჟეა. გვესაუბრება ადამიანის უფლებების დამცველი, ადვოკატი ლია მუხაშავრია.

_ ქალბატონო ლია, თქვენ ოთხი წლის განმავლობაში საყვედურობდით ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული, უფრო ზუსტად, გაუკეთებელი საქმეებისთვის. რა არ მოგწონდათ?

_ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ბევრი ვერაფერი გააკეთა და დღეს ამას იმკის კიდეც, მისი რეიტინგი დაეცა და არჩევნებში გამარჯვება ეჭვქვეშ დგას. ამ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი და ვაკრიტიკებ. მისი წინასაარჩევნო პროგრამა დაფუძნებული იყო სამართლიანობის აღდგენაზე, რომელიც საერთოდ იგნორირებულია. საზოგადოებამ “ოცნებას” მხარი სწორედ ამ დაპირების გამო დაუჭირა და ხელისუფლებაში მოიყვანა, თუმცა დარღვეული უფლებები არ აღდგა და უსამართლობა არ დასრულდა. ახლა ცდილობენ, დაპირებების შეუსრულებლობა თვალში ნაცრის შეყრით გამოასწორონ.

_ ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ყველაფერი გააკეთეს: პატიმრები გამოუშვეს, ზოგიერთ შემთხვევაში, წართმეული ქონებაც დააბრუნეს და ..

_ პატიმრების ციხიდან გამოშვება გაკეთებული საქმე არ არის. ადამიანები ძალაში შესული კანონის საფუძველზე იყვნენ დაპატიმრებულები და დღეს ისინი ამბობენ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს არ იმსახურებდნენ. ეს ადამიანები მოითხოვენ საქმეების გადახედვას, შესაბამისად, უკანონო განაჩენების გამომტანთა დასჯას.

ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე გაახსენდათოცნებისუმაღლეს კანონმდებლებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს განაჩენის გადახედვის კანონიერი მექანიზმი. ამას კი მიხვდნენ, მაგრამ აქამდე არაფერი გაკეთებულა. მათ შეეძლოთ მიეღოთ კანონი და განაჩენები გადასინჯულიყო. ასევე, აუცილებელი იყო ნაწამები ადამიანების რეაბილიტაცია, კომპენსაცია და საზოგადოებაში მათი მდგომარეობის შეცვლა.

_ თუ დაიწყებენ გახმაურებული საქმეების ხელახალ ძიებას? რამდენიმე დღის წინათ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის ოჯახს მისი უდანაშაულობის დოკუმენტი გადასცეს

_ პოლკოვნიკი თეთრაძის საქმე მეტად რთულია. მისი უდანაშაულოდ ცნობა არ არის საკითხის გადაწყვეტა. არ არის დადგენილი, ვინ ცნო პოლკოვნიკი დამნაშავედ, ვინ დააპატიმრა, ვინ გასცა მისი წამების ბრძანება. ამ ადამიანებმა მხოლოდ სისხლის სამართლით კი არ უნდა აგონ პასუხი, არამედ სამოქალაქო წესითაც. თეთრაძის ოჯახს ზიანი მაქსიმალურად უნდა აუნაზღაურონ, უნდა ჩატარდეს მთელი რიგი ღინისძიებებისა ოჯახის რეაბილიტაციისთვის. ეს ხელისუფლების ვალია. ასევე, აუცილებელია, დამნაშავეებს მოსთხოვონ ზარალის ანაზღაურება. თეთრაძის ოჯახის წევრებს უდიდესი ტრავმა აქვთ გადატანილი, ისინიც მსხვერპლნი არიან. მათ დარღვეული უფლებები უნდა აღუდგინონ. საქმე ის არის, რომ ზემოჩამოთვლილთაგან არც ერთი არ შესრულებულა.

ხელისუფლებას სხვა გამოსავალი აღარ აქვს, მიღებული შედეგისა და რეიტინგის გამო, ყველაფერზე წავლენ და გახმაურებული საქმეების ამოქექვით კვლავ შეეცდებიან ნდობის მოპოვებას, თუმცა არა მგონია, რომ დაზარალებულები, მათი ოჯახის წევრები ამ უსუსურ მცდელობას დასჯერდნენ. “ოცნებას” წინასაარჩევნო ტრიუკი აღარ გაუვა, ხალხმა ეს უკვე გაიარა.

ყველაფერი, რასაც “ოცნება” ახლა დაიწყებს, წინასაარჩევნო ფაფხურია, უკან დადევნებული ლამპარი, რომელიც არჩევნებში გზას ვერ გაუნათებს.

_ რომ არ იყოსუკან მიდევნებული ლამპარი”, რისი მოსწრება შეუძლიათ ოთხ თვეში?

_ მას, ვისაც სურს, ამომრჩევლის ხმა მიიღოს, პროგრამაში დეტალურად უნდა ჩაწეროს, როგორ მოხდება დარღვეული უფლებების აღდგენა; ზუსტად აღწეროს მექანიზმი, რომლითაც დაზარალებულებს დაეხმარება. ქვეყანაში არიან ფინანსურად, მორალურად, ფიზიკურად დაზარალებული ადამიანები, მათ მიხედვა სჭირდებათ. უცილებელია, დაენიშნოთ პენსია, უფასო სამედიცინო მომსახურება. ეს ყველაფერი სერიოზულ მიდგომებს საჭიროებს არა მხოლოდ საკანონმდებლო და პრაქტიკული, არამედ საბიუჯეტი სახსრების თვალსაზრისითაც, ამიტომ კრიტიკულად უნდა შევხედოთ ყველა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.

არარეალურს არაფერს ვამბობ, რაც ჩამოვთვალე, იმის გაკეთება შესაძლებელია, მხოლოდ კეთილი ნებაა საჭირო. უნდა შეიკვეცოს სამთავრობო, ბიუროკრატიული ხარჯები და დაზარალებული ადამიანებისკენ წავიდეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. გაიხარე, ნეტა ბევრი ჰყავდეს საქართველოს თქვენნაირი შვილი და გუშემატკივარი. მაშინ ექნიბა ქვეყანას მომავალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here