Home რუბრიკები საზოგადოება ჯემალ მებონია: ვერაფერს გავაკეთებთ გაუნათლებელი ხალხის იმედად, შეიგნოს ეს, ბოლოს და ბოლოს,...

ჯემალ მებონია: ვერაფერს გავაკეთებთ გაუნათლებელი ხალხის იმედად, შეიგნოს ეს, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ!

1491

ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ოთხი წელი ასე ფუჭად დაიკარგა

ქართული ოცნებისერთერთი წინასაარჩევნო დაპირება განათლების სისტემაზე ზრუნვა იყო, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ვერაფერს გახდნენ _ განათლების სისტემა კვლავ განაგრძობს დევალვაციას. რა ხდებოდა 4 წლის წინათ განათლების სისტემაში და რა ვითარებაა იქ ახლა? _ ამ საკითხზე გვესაუბრება ფიზიკამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ჯემალ მებონია.

_ ბატონო ჯემალ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფმათსუ ყოფილ დამსახურებული თანამშრომელთა მხარდამჭერი ფონდიდააფუძნეთ. როგორ გაჩნდა ამ ფონდის შექმნის იდეა და რას ემსახურება ის?

_ ეს არის დახმარების ფონდი, რომელიც დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, დაფუძნდა. ბევრი ღირსეული ადამიანი დარჩა უნივერსიტეტს მიღმა _ ზოგი პროტესტის ნიშნად წავიდა, ზოგი კი უსამართლოდ დაითხოვეს. ამის შემდეგ დავაყენეთ საკითხი _ იქნებ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომლებიც პენსიის ამარა დარჩნენ. უსამართლობის განცდა დაეუფლებოდათ ღირსეულ პროფესორებსაც და იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლობას აპირებენ, ამიტომ უნივერსიტეტმა განცხადებით მიმართა პარლამენტს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა ეს საკითხი და უნივერსიტეტს საკუთარი ბიუჯეტიდან თანხის გაცემის უფლება მიეცა დამსახურებული პოფესორ-მასწავლებლების დასახმარებლად. უნივერსიტეტმა გამოყო თანხა არაეკონომიკური შემოსავლებიდან _ დაახლოებით 200 000 ლარი. ჩვენ 350-მდე კაცს ვეხმარებით თვეში 50 ლარით, რომელიც იბეგრება. ეს მორალური დახმარებაა. სირცხვილია ასეთი ხალხის უყურადღებოდ დატოვება.

_ ერთერთ ინტერვიუში თქვით, წინა ხელისფულების მიერ თსუ მიმართ განხორციელებული უკანონო და უსამართლო ქმედებების შედეგად, პროფესორმასწავლებლები პენსიის ამარა დარჩნენო. რას გულისხმობდითუსამართლო ქმედებაში”, როგორ ექცეოდანაციონალური მოძრაობაგანათლების სისტემას?

_ 2004 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, პირველი, რაც შემოგვთავაზა, იყო კანონი ზოგადი განათლების შესახებ. უნივერსიტეტმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ამ კანონის მიღებას, ბევრი შენიშვნა გვქონდა. უნივერსიტეტის პროფესურამ იცოდა, რომ კარგს არაფერს მოგვიტანდა ეს კანონი, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ მოგვისმინა. დაამტკიცეს და მიღებული კანონი თვითონვე დაარღვიეს. კანონის მიხედვით, ყოფილი თანამშრომლები უნდა გადაეყვანათ ახალ თანამდებობებზე, მაგრამ პირიქით მოიქცნენ _ შეამცირეს უნივერსიტეტის პროფესორთა შემადგენლობა, ფაკულტეტები კი გააუქმეს. “ნაციონალურმა მოძრაობამგაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდო უმაღლესი განათლება, გააცამტვერა.

_ როდესაცქართული ოცნებამოდიოდა ხელისუფლებაში, მისი ერთერთი დაპირება განათლების სისტემაზე ზრუნვა იყო და ბევრ ცვლილებასაც გვპირდებოდა. რა ვითარება იყო 4 წლის წინათ განათლების სისტემაში და როგორია ახლა?

_ “ქართული ოცნება” ბევრი დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში. ერთ-ერთი პრიორიტეტი უმაღლესი განათლება უნდა ყოფილიყო, ჰოდა, ველოდებოდით მოვლენების განვითარებას. “ქართულმა აკადემიამ” შევთავაზეთ ხელისუფლებას, რა უნდა გაკეთებულიყო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის საპოვნელად. შევთავაზეთ პროექტი, როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო განათლების სისტემა უმაღლეს სკოლაში. ჩვენს მოხსენებაში მივუთითეთ, რომ უნდა ყოფილიყო გარდამავალი პერიოდი, ამ პერიოდში გამოცხადებულიყო ახალი კონკურსები, რომლებშიც, ახალი კადრების გარდა, მონაწილეობას მიიღებდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე იყვნენ არჩეულნი და ისინიც, ვინც უკანონოდ ჩამოაშორეს უნივერსიტეტს. პარალელურად უნდა დაწყებულიყო მუშაობა ახალ კანონზე და დაახლოებით ერთ წელიწადში უნივერსიტეტი ფეხზე დადგებოდა. ეს წაადგებოდა საშუალო განათლებასაც. კომიტეტმა მიიღო ეს პროექტი, მაგრამ მალევე დამუხრუჭდა. ამის შემდეგ დადგა საკითხი _ შეგვეცვალა უმაღლესი განათლების კანონი. შეიქმნა კომისია, რომლის წევრი მეც ვიყავი, ეს 2013 წლის დასაწყისია. კომისიის თავმჯდომარე იყო განათლების ამჟამინდელი მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე. ერთ თვეზე მეტხანს იმუშავა ამ კომისიამ. როდესაც ძირითად წესებზე შევთანხმდით, გვჭირდებოდა კიდევ ორი თვე, რათა კანონი დაგვესრულებინა და შემდგომ პარლამენტს განეხილა. დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ მოულოდნელად შეწყდა ამ საკითხზე მუშაობა _ დაიშალა კომისია და, დღესაც არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. უნივერსიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო, შემდეგ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადააკეთა კერძო სამართლის იურიდიულ პირად. “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ისევ დაებრუნებინა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. გაჩნდა შანსი, რაღაც გამოსწორებულიყო, რადგან კანონში ეწერა _ უნივერსიტეტში უნდა დაწყებულიყო გარდამავლი პერიოდი”, მაგრამ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ არავითარი გარდამავალი პერიოდი არ იქნებოდა. მე გვიან მივხვდი, რომ ეს იყო კოჰაბიტაციის გამოვლენის ერთერთი მცდელობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, დაგვღუპა. ნათლად ჩანდა, ცუდი შედეგი მოჰყვებოდა ასეთ დამოკიდებულებას. ბელარუსსა და უკრაინაში არის გამორჩეული უნივერსიტეტები, რომლებსაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ. შევაჯერე ყველაფერი, რაც კარგი იყო ამ უნივერსიტეტების დებულებებში და დაახლოებით ორგვერდიანი კანონი გამოვიდა. მსურდა, განსახილველად შესულიყო პარლამენტში, თუ ეს სხვა უნივერსიტეტში არ ამოქმედდებოდა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაინც ყოფილიყო მათთვის მაგალითი. კანონი გულისხმობდა სკოლა-ლიცეუმის გახსნას, აგრეთვე, უნივერსიტეტებში ვითარების მოგვარებასაც. დღეს საქართველოში წარმოუდგენელი თანაფარდობაა, ერთ ლექტორზე მოდის დაახლოებით 30 სტუდენტი, მსოფლიოში კი საშუალო მონაცემი დაახლოებით 1/10-ზეა. მოკლედ, გავამზადე ეს კანონი, მხოლოდ იურიდული გაფორმება სჭირდებოდა, მაგრამ მითხრეს, ამ კანონს დამტკიცების არანაირი შანსი არ აქვსო. აი, ამდენი შანსი გაუშვა ხელიდან ხელისუფლებამ. თუ პრობლემას თავის ნებაზე მიუშვებთ, ის სადღაც აუცილებლად ამოხეთქავს. რაც შემდეგ უნივერსიტეტში მოხდა (სტუდენტებს შორის დაძაბულობა), სწორედ ამის შედეგი იყო. ეს არის კონკრეტული გამოვლინება იმ უყურადღებობისა, რომელიც უმაღლესი განათლების კანონის მიმართ გამოვიჩინეთ.

_ დიღომში ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტი შენდება, რომლის დამფუძნებელიც საქართველოს მთავრობაა. პროექტს აფინანსებს საქველმოქმედო ფონდიქართუ”. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მეცნიერს სჭირდება განათლება და განათლებას სჭირდება მეცნიერიო. როგორ ფიქრობთ, წაადგება ეს პროექტი საქართველოს განათლების სისტემას? ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას ხომ არ სჯობდა, მიეხედათ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის?

_ თუ გახსნიან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ამას რა სჯობს, მაგრამ არ შეიძლება, სახლის შენება სახურავიდან დავიწყოთ, სახლის მშენებლობა უნდა დავიწყოთ საძირკვლიდან. პირველ რიგში, მისახედია საშუალო სკოლები. ყველაზე კარგი იქნებოდა, ქუთაისში ყოფილიყო ერთი დიდი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. თუ რამეს გააკეთებენ, რა სჯობს, მით უმეტეს, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ის, რომ საკითხი საფუძვლიანად მოვაგვაროთ. თუ სკოლებსა და უნივერსიტეტებს არ მივხედავთ, რას გვიშველის ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც მეორე და მესამე საფეხურის განათლების მიღებას გულისხმობს?! ახალმა ხელისუფლებამ ხელიდან რამდენიმე შანსი გაუშვა. განა არ შეიძლებოდა 4 წლის განმავლობაში ამ პროცესებისთვის მიეხედათ? როგორი იმედი მქონდა, რომ ესენი მაინც შეცვლიდნენ რამეს განათლების სისტემაში, მეგონა, უკეთესობისკენ წავიდოდა საქმე. წინა ხელისუფლებაც იმავეს გვიპრდებოდა, მაგრამ მათ, საერთოდ, დააქციეს განათლება და მეცნიერება. გახსოვთ, კახა ლომაია რომ ტრაბახობდა? არადა, რა ჰქონდა სატრაბახო? შემდეგ “ქართული ოცნების” იმედი გვქონდა, მაგრამ საშველი მაინც არ ჩანს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია განადგურებული იყო _ ამერიკელებმა ატომური ბომბი ხომ იქ გამოსცადეს პირველად. დანგრეულმა ქვეყანამ იცოდა, რომ ომის შემდეგ, პირველ რიგში, განათლებისთვის უნდა მიეხედა და შემოსავლების 30% გადადო განათლებისთვის, რამდენიმე წელიწადში კი ფანტასტიკური შედეგი მიიღო. ქვეყნისთვის უპირველესი საზრუნავი განათლება უნდა იყოს. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ოთხი წელი ასე ფუჭად დაიკარგა. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო იმ ხალხისგან, რომლის დიდი იმედიც გვქონდა. ჩვენ ახლა შედეგებს ვიმკით. განათლების გარეშე ვერც საზოგადოების ეკონომიკურ მდგომარეობას აამაღლებენ, ვერც მეზობელ ქვეყნებს დააინტერესებენ. თუ შიგნით ვერ მოვაგვარებთ საქმეს, ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ. განა სოფლის მეურნეობას არ სჭირდება განათლებული ხალხი? იცით, რომ სოფელში ვეტერინარიც კი არ ჰყავთ? განათლება არის უპირველესი საზრუნავი, ვერაფერს გავაკეთებთ გაუნათლებელი ხალხის იმედად, შეიგნოს ეს, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ!

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. სტუდენტები სწავლის გადასახადს იხდიან, ხესლფასი, ხომ გაქვთ, დიპლომების ყდების შევსებას რა უნდა! მთავრობას თავის საქმე ყოფნის- ერთი საფიქრებელი კი აქვთ, განათლების სფეროში – \\\’ თუ როგორ ასწავლონ შვილებს საზღვარ გარეთ!\\\”

  2. სამწუხაროდ, ნამდვილი მეცნიერების აზრი არავის აინტერესებს. ყოველი ახალი ხელისუფლება განათლების სფეროში რაღაც რეფორმებზე საუბრობს, თუმცა რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი არ იგრძნობა, ძველი მეცნიერები კი ამასობაში ასაკის გამო ასპარეზიდან გადიან და მართალი სიტყვის მთქმელიც აღარ დაგვრჩება მალე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here