Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ჩალაბაშვილი: ეს, რაც ახლა გვაქვს, არის ფსევდოსახელმწიფო ფსევდოხელისუფლებით, რაღაც ბუტაფორია, კომიკური...

თემურ ჩალაბაშვილი: ეს, რაც ახლა გვაქვს, არის ფსევდოსახელმწიფო ფსევდოხელისუფლებით, რაღაც ბუტაფორია, კომიკური წარმონაქმნი

705

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზესაქართველო და მსოფლიოსპოეტი თემურ ჩალაბაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო თემურ, “ქართული ოცნებისთავკაცი ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ მისი მმართველობის ოთხი წლის თავზე ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ბუმი იქნებოდა და ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. თავი დავანებოთ იმას, რომ დემოკრატიით თვით დასავლეთის გაკვირვებასა და განცვიფრებასაც გვპირდებოდნენ. რეალურად რა გვაქვს, ამ ოთხი წლის შემდეგ რა მივიღეთ?

_ არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს, სასოწარკვეთილებამდე მივედი. ვითომ იხტბარს არ ვიტეხ და იუმორით გადამაქვს ყველაფერი, მაგრამ ვატყობ, არაფერი გვშველის.

_ საზოგადოებაშიც ასეთი განწყობაა?

_ საზოგადოების განწყობა ვის რაში აინტერესებს?! ვერ ხედავთ, რა სახეები აქვთ ხოლმე, ტელეეთერში რომ გამოდიან… მათ რომ ვუყურებ, მგონია, სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, თითქოს არაფერი ესმით, ვერაფერს ხედავენ. არადა, ჩვენზე უკეთ იციან, რა უბედურებაც ტრიალებს ქვეყანაში.

_ კი მაგრამ, არჩევნები ახლოვდება და საზოგადოების განწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მმართველი ძალისთვის?

_ და ეტყობათ, რომ ხალხზე ფიქრობენ? ერთი გადაწყვეტილება, ერთი ნაბიჯი მითხარით, რომლითაც მოსახლეობის მდგომარეობა გააუმჯობესეს. ანტიდისკრიმინაციული კანონი იქნებოდა თუ მიწის უცხოელებზე გასასხვისებლად მიღებული ცვლილება, ყველაფერი საზოგადოების ინტერესებს ურტყამს. დღეს საქართველო ჭაობშია, ვიძირებით, უფსკრულისკენ მივექანებით…

_ 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25 წელი სრულდება. დღევანდელი საქართველო ახლოს არის სახელმწიფოებრიობის იმ იდეასთან, რომელიც ეროვნული მოძრაობის ლიდერებს ჰქონდათ? განხორციელდა მათი ჩანაფიქრი?

_ სამწუხაროდ, ის იდეა იდეადვე დარჩა. ეს საქართველო არ არის ზვიადის, მერაბისა და მათ მხარდამხარ მებრძოლი გმირების ნანატრი ქვეყანა. როგორი სიყვარულით, როგორი თავდადებით ვიყავით ეროვნულ მოძრაობაში და ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, ნუთუ ამ ყველაფრის მიღმა მხოლოდ აღტყინება იდგა და ქვეყანას არაფერი არ უნდა მომატებოდა?!

_ მთელი ამ ხნის განმავლობაში როდესმე თუ ვიყავით დამოუკიდებლები?

_ პოლიტიკოსი არ ვარ და ანალიზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ, რაც დღეს ხდება, ამას ბევრი ანალიზი არ სჭირდება: ქვეყანა ავად არის, სიცხიანია საქართველო.

რაც შეეხება დამოუკიდებლობას, არათუ ვერ ვეღირსეთ ამ სანუკვარი ოცნების ასრულებას, არათუ ვერ განვახორციელეთ და ვერ მივაღწიეთ მთავარ მიზანს, დღეს, საერთოდ, სხვა მიმართულებით მივდივართ. მეტიც _ საქართველო ვერ შედგა, როგორც სრულყოფილი სახელმწიფო და ამას უკვე ბავშვიც ხვდება. ეს, რაც ახლა გვაქვს, არის ფსევდოსახელმწიფო ფსევდო ხელისუფლებით, რაღაც ბუტაფორია, კომიკური წარმონაქმნი

_ თქვით, რომ დღეს საქართველო არც კი მიდის დამოუკიდებლობის გზით. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას ძალა და უნარი არ შესწევს თუ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პოლიტიკაა?

_ სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრ ღირსებადაკარგულ ადამიანს ვხედავ ხელისუფლებაში, ბევრი ამას არც და ვერც მალავს. ზოგში შეძენის სურვილი ისე მომძლავრდა, მზად არის, მთელი სამყარო დაისაკუთროს. რომ შეეძლოთ, ჩვენს წილ სიცოცხლესაც შეიძენდნენ და ყველას ერთ დღეს გაგვისტუმრებდნენ იმქვეყნად. ამ ადამიანებს არაფერი სწამთ; საკუთარი სტომაქის გარდა, მათთვის ერთადერთი ღირებულება ფულია, იმის იქით ვერაფერს ხედავენ.

_ სწორედ ამ შეძენის სურვილის მომძლავრებით აიხსნება, ალბათ, ყოფილი პრემიერის მიერ ციხისძირში ასწლოვანი ტიტას ხის ამოგლეჯაც.

_ ეს იყო სამარცხვინო ფაქტი. შე კაი კაცო, საქართველო შენია და ხე რა, ცალკეა? ან იმას მაინც ვერ ხვდები, ამ დამშეულ და გაუბედურებულ ქვეყანაში ხალხი კიდევ უფრო რომ არ უნდა გააღიზიანო?! თუმცა, როგორც ჩანს, ამათ ქართველებისგან დაცლილი, დაუძლურებული და გაპარტახებული ქვეყანა უნდათ. გამიზნულად კეთდება ეს თუ გაუაზრებლად, რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, რომ მათი მოქმედებითაც და უმოქმედობითაც სახელმწიფო იღუპება…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ერთია ეკონომიკური კოლაფსი და სიდუხჭირე და მეორე _ საზოგადოების იდეოლოგიური დაუძლურება. დღეს საქართველოში ეროვნული პოლიტიკა, ფაქტობრივად, მკვდარია. მეტიც, სიტყვანაციონალიზმიისე გაამარგინალეს, რომ საკმარისია, რომელიმე პოლიტიკოსმა დადებით კონტექსტში ახსენოს, მის იმიჯს სერიოზული ზიანი ადგება. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დასავლური .. ნეოლიბერალიზმი უალტერნატივო იდეოლოგია არ იყოს?

_ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ეროვნულ საქმეს ეროვნულ ფესვებზე აღმოცენებული პარტიები და ეროვნულ ღირებულებებზე აღზრდილი ადამიანები აკეთებენ, თორემ კაცმა, რომელიც მილიონის შოვნის სურვილით მოვიდა ხელისუფლებაში, რა სიკეთე უნდა მოუტანოს თავის ერს?! კი, არიან დღევანდელ ხელისუფლებაში ეროვნული მოძრაობიდან მოსული ადამიანებიც და, სიმართლე გითხრათ, იყო დრო, მათი მჯეროდა, მაგრამ დღეს რაღა ვთქვა _ ყველა თავის ტყავს უფრთხილდება; უბრძანებენ _ ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ თბილად ისხდნენ სავარძლებში და არაფერი მოაკლდეთ. ისე, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რა აზრი აქვს ამ საუბარს, ამ ადამიანებმა ხომ ჩემზე უკეთ იციან, რა სამარცხვინო მდგომარეობაშიც არიან. არ ადარდებთ და მორჩა, ელაპარაკე ახლა ამ უნამუსოებს რამდენიც გინდა, შეაყარე კედელს ცერცვი…

_ “მეოცნებეებიამაყობენ, რომ ქვეყანაში შიში და ტერორი არ არის. მათ სწორედ ეს მიაჩნიათ მთავარ მონაპოვრად.

_ გამოვიდნენ ქუჩაში, ჩასხდნენ სამარშრუტო ტაქსში, ავტობუსში, მეტროში და ნახავენ, რა განწყობაა მოსახლეობაში. ხალხი აღრენილი დადის, ყველა გაბრაზებულია, გაღიზიანებული. ეს უსინდისოები კიდევ გამოდიან და ქართველმა ხალხმა ტოლერანტობა უნდა ისწავლოსო. ამას ჰქვია ცინიზმი, ამას ჰქვია საზოგადოების აბუჩად აგდება.

_ არჩევნების მოახლოებასთან ერთად სახელისუფლო გუნდში ცვლილებებია, “ოცნებამიყოლებით დატოვეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა, მათ შორის, რესპუბლიკელებმაც. რა პროცესია ეს, რასთან გვაქვს რეალურად საქმე?

_ ეს ლოგიკური პროცესია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა კოალიცია ყალიბდებოდა, ივანიშვილს პირდაპირ ვკითხე, რესპუბლიკელების იმედი გაქვთ-მეთქი? ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი, როგორც ეს წინათგრძნობა ახდა. ან როგორ შეიძლებოდა, სხვა მოლოდინი გვქონოდა, მიშას განაყოფი ძმაკაცები იყვნენ და მერე გახდებოდნენ სხვანაირები?!

_ მაშინ ივანიშვილს რატომღა სჯეროდა მათი?

_ და რა იცით, რომ სჯეროდა, იქნებ თავიდანვე ასე იყვნენ შეთანხმებულები. აქ მთავარია შედეგი, ფაქტი კი არის ის, რომ ივანიშვილმა ყველა დასახულ მიზანს მიაღწია; წართმეული მილიონებიც დაიბრუნა და ძალაუფლებაც ჩაიგდო ხელში. წაგებული მხოლოდ ხალხია…

_ მნიშვნელოვანი ცვლილებებიანაციონალურ მოძრაობაშიც”, მათ რამდენიმე ახალი წევრი მიიღეს და კულუარებში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობაზეც საუბრობენ. ამ მხრივ, დიდ იმედს, ალბათ, პაატა ბურჭულაძის პარტიაზე ამყარებენ. არსებობს შესაძლებლობა, რომ მომავალ პარლამენტშინაცმოძრაობაუმრავლესობით ვიხილოთ?

_ პაატა ბურჭულაძეს მთავრობა “იავნანა” ჰგონია, მაგრამ ასე რომ არ არის, მერე მიხვდება. ამას ჯიბრით არ ვამბობ, მართლა მედარდება ეს კაცი. ახლა არ მკითხოთ, რატომ, თუნდაც იმიტომ, რომ პაატა ჰქვია.

რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” დაბრუნებას, ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ეს პარტია დიდი ხნის წინათ მოკვდა, პოლიტიკური გვამები კი, როგორც წესი, არ ცოცხლდებიან. ახლა, თუ სასწაული მოხდა და ქართველ ხალხს ტვინი გადაუბრუნდა, ანუ სააკაშვილის დაბრუნება მოითხოვა, ეგ არ ვიცი, თუ არა და, რაც უნდა ახალი სახეები მიიღონ, იმ ცხრაწლიანი უბედურების დავიწყება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეცდებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შედეგი ექნებათ ნული. ეს არჩევნები, ალბათ, საბოლოოდ დაასამარებს ამ დანაშაულებრივ პარტიას.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/paata1.jpg

_ დღეს საზოგადოებაში ერთგვარი პოლიტიკური ნიჰილიზმია, “ნაცმოძრაობამიუღებელია, მაგრამოცნებისრეიტინგიც ეცემა. როგორ ფიქრობთ, არსებობს ან მომავალში შეიძლება გამოჩნდეს ალტერნატიული ძალა?

_ ღმერთმა ნუ ქნას, საქართველო და ქართველი ხალხი უიმედოდ იყოს. მინიშნებებით საუბარი არ მიყვარს, ახლა რაღაცებს ვარკვევ და მალე კონკრეტულად დავასახელებ, ვინ მესახება ჭეშმარიტ ეროვნულ, ხალხზე მზრუნველ, საქმის გამკეთებელ ძალად. ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ არიან ასეთი ადამიანები და მალე უფრო აქტიურად გამოჩნდებიან.

_ დასაწყისში ეროვნულ იდეოლოგიასა და ღირებულებებზე ვსაუბრობდით, დღეს, როცა მიდის გაშმაგებული შეტევა სწორედ ამ იდეოლოგიაზე, ფასეულობებსა და მენტალობაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეკლესია, ცოტა არ იყოს, ინერტულია მიმდინარე პროცესების მიმართ. საზოგადოებაში ხშირად ისმის ხოლმე ამის გამო საყვედური საპატრიარქოს მისამართით. თქვენ რას ფიქრობთ?

_ ბევრი ახლობელი სასულიერო პირი მყავს, კარგად ვიცნობ მეუფეებს და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ეგ გასაქცევიც რომ არ იყოს, შეიძლება თავი მოვიკლა-მეთქი. ამას მართლმადიდებელი ქრისტიანი ვამბობ. თუმცა თქვენი შეკითხვის პათოსიც მესმის, ეკლესია სულიერი საყრდენია და მისგან სულ უფრო მეტს ველით, გვგონია, რომ მეტი შეუძლია სამღვდელოებას.

_ და რეალურად არ შეუძლია?

_ იცით რა, იქაც არის შეპარული ხალხი და თანაც არაერთი… მივლენ მიღებაზე, გაფაციცებით მოუსმენენ უწმინდესს და მერე საწინააღმდეგო საქმეებს აკეთებენ; პატრიარქს კიდევ მხრებზე იმდენი წელი აწევს, აღარ ძალუძს, ყველაფერს წინ აღუდგეს. ნათქვამია, ძალა აღმართს ხნავსო, არის რაღაც, რასაც ვერ მოვერევით ადამიანური ძალებით, ბრძოლით. ამიტომაც ქადაგებს ხოლმე მისი უწმინდესობა, რომ ლოცვით გავძლიერდეთ. ლოცვის დროს ხომ ადამიანი ღმერთს ესაუბრება და მხოლოდ ღმერთის ძალით, უფლის ნებით შეიძლება იმ ფარისევლური ძალების ძლევა…

_ მაგრამ არის საფრთხეც, რომ სამღვდელოებაში არსებული დაპირისპირებით გარკვეულმა გარე ძალებმა ისარგებლონ.

_ ის ძალები დღესაც სარგებლობენ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია, საღად მოაზროვნე სამღვდელოება იყოს ფხიზლად და არ მისცეს ზოგიერთ ფარისეველს საშუალება, თავის ხალხი შემოაპაროს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ნეტა არ კითხულობს ამ წერილებს ეს თახვები? მტავრობაოოოო ვი ხართ თქვენ? საიდან გამოიჩეკეტ ამდენი გამყიდველი?

  2. kartvelebo gamodit arCevnebze da tkveni xma sxvas ar gaatanot. arc ocneba arc nacebi .sxvebs , erovnul Zalebs mivcet xma. bu chavardebit Rrma depresiaSi(mtavrobas da resp/nacebsac xom es undat, mgoni ivaniSvilma amashic imarjva rom didi imedi gaucrua mosaxleobas romelic srul nihilizmshi chaagdo). amitom gamodit , gamodit da xma miecit an yvelac gadaxazet tu aravin mogewonebat!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here