Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული ოცნებები და ნაცისტური სიზმრები

ქართული ოცნებები და ნაცისტური სიზმრები

629

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეცაა, პირველი სერიოზული შეცდომა დაუშვა. მისი პროტეჟეს, “ქართული ოცნებისპოლიტსაბჭოს ახალი წევრის _ დავით კოღუაშვილის განცხადებებმა ხელისუფლებას პრობლემა შეუქმნა.

1945 წლის 11 მაისს შვეიცარიული “ველტვოხისთვის” მიცემულ ინტერვიუში XX საუკუნის ერთ-ერთმა გამოჩენილმა ფსიქიატრმა კარლ გუსტავ იუნგმა თქვა: “მე მყავს ორი პაციენტი, აშკარა ანტინაცისტები, მიუხედავად ამისა, ამ ადამიანების სიზმრები ცხადყოფს, რომ მათი წესიერების უკან დგას მკაფიოდ გამოკვეთილი ნაცისტური ფსიქოლოგია მთელი თავისი ძალადობით და სისასტიკით”. ჩვენ გაგვიჭირდება სხვა ციტატის მოძებნა, რომელიც განხილული კრიზისის არსს უკეთ გამოხატავს. კოღუაშვილის შეცდომამქართული ოცნებისმხარდამჭერები აღაშფოთა, მაგრამ მისი არდაშვება, როგორც ჩანს, უბრალოდ არ შეეძლო, რადგან, სავარაუდოდ, ღირებულებათა იმ სისტემით ხელმძღვანელობს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა. ის, რომ კოღუაშვილი წინა ხელისუფლებას დროდადრო აკრიტიკებს (საკმაოდ უცნაურად, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ), განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. ამ სიტუაციაში მთავარი იუნგის მიერ ნახსენები “ნაცისტური სიზმრებია”, რადგან, განმსაზღვრელ გავლენას პაციენტის (უკაცრავად, ფიგურანტის) ქცევაზე, დიდი ალბათობით, სწორედ ისინი ახდენს.

ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც კოღუაშვილმა “ქართულ გაზეთს” მისცა. აი, როგორ ხასიათებს ის მიხეილ სააკაშვილს: “უგანათლებულესი პიროვნებაა, არაჩვეულებრივი ენერგიის, ამოუშრეტავი რესურსის. შეეძლო, ბევრი სიკეთე გაეკეთებინა ქვეყნისათვის. ბევრი რამ მოხდა მის დროს თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი _ პატრულის რეფორმა, ქვედა დონეებში კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა, საჯარო მოხელეებისადმი პატივისცემის განცდა, სხვადასხვა მოტივაცია. არ შეიძლება, ეს არ დაინახოს ადამიანმა. ეს რომ არ გაკეთებულიყო, ჩვენ გვექნებოდა ყველაფერი გასაკეთებელი და ამისათვის მადლობა მას, მაგრამ მან დაუშვა ტრაგიკული შეცდომა, ქვეყანა ჩართო განწირულ ომში და, თუ ეს ვერ გათვალა, არ ყოფილა კარგი სტრატეგი”.

თავი დავანებოთ იმას, რომ კოღუაშვილი “უგანათლებულესს” უწოდებს პიროვნებას, რომელიც ამდენი წელია, აგრესიული გაუნათლებლობის განსახიერებად ითვლება. ეს სუბიექტური მომენტია; ვინ იცის, იქნებ უკეთესს არავის იცნობს. აქ მთავარია სხვა რამ. კოღუაშვილი მთავარ ბრალდებას ომს უკავშირებს _ ეს კი ერთადერთი ეპიზოდია, სადაც სააკაშვილის გულშემატკივრებმა შეიძლება თქვან, რომ მათი ბელადის ნაბიჯები იძულებითი იყო და კრემლის მოქმედებიდან გამომდინარეობდა. ინტერვიუს ამ მონაკვეთში კოღუაშვილი გამოცდილ ადვოკატს ემსგავსება. ის არ ახსენებს სისტემურ დანაშაულს და მის არაადამიანურ გამოვლინებებს, რომლებიც შესაძლებელი სწორედ სამართალდამცავი ორგანოების რეფორმამ გახადა, საუბრობს “პატივისცემაზე” იქ, სადაც რეჟიმი შიშს ამკვიდრებდა და ბოლოს ეხება იმ ერთადერთ თემას, როცა სააკაშვილის მოღვაწეობის უარყოფითი შეფასება არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ მნიშვნელოვანწილად ბუნდოვან სუბიექტურ შეფასებებსაც ეფუძნება _ “არ ყოფილა კარგი სტრატეგი” და ა.შ.

მართალია, კოღუაშვილის ამ ინტერვიუში არის ფრაზა “სააკაშვილზე დიდი მოძალადე საქართველოს არასოდეს ჰყოლია”, მაგრამ ამის შემდეგ მოდის აი ეს: გული მწყდება, რომ მის გუნდში არსებობს ბევრი ჩემი მეგობარი და, ხშირ შემთხვევაში, თანამოაზრეც”. როგორც ჩანს, კოღუაშვილი ვერ აცნობიერებს, რომ მისი მეგობრები დანაშაულებრივი რეჟიმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ ან კიდევ ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ მეგობრობა ამ ადამიანებთან და მათი მოსაზრებების გაზიარება ჩვეულებრივი რამ არის. კოღუაშვილი არ ასახელებს გვარებს, ამიტომ ძნელი მისახვედრია, ვინ არის მისი თანამოაზრე _ ნუგზარ წიკლაური, მეგის ქარდავა თუ ვინმე სხვა.

ალბათ, მიზანშეწონილი იქნება კიდევ ერთი ციტატის მოყვანა იუნგის 1945 წლის ინტერვიუდან: “თითოეული მათგანი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, აქტიურად თუ პასიურად, იმ საშინელების თანამონაწილე იყო. მათ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რაც ხდებოდა და, ამასთანავე, იცოდნენ. კოლექტიური ბრალეულობის საკითხი, რომელიც ასე აბრკოლებს და მომავალშიც დააბრკოლებს პოლიტიკოსებს, ფსიქოლოგისთვის ფაქტია და ეჭვს არ იწვევს. მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ აიძულოს გერმანელები, დანაშაული აღიარონ. დღეს ბევრ მათგანს სურს, ჩემთან იმკურნალოს. თუ თხოვნა “პატიოსანი გერმანელებისგან” მომდინარეობს, რომლებიც წინააღმდეგნი არ იქნებოდნენ, გადაებრალებინათ დანაშაული ორიოდე ადამიანისთვის გესტაპოდან, ასეთ შემთხვევას უიმედოდ მივიჩნევ. არაფერი მრჩება, გარდა იმისა, რომ შევთავაზო მათ ანკეტები არაორაზროვანი კითხვებით, მაგალითად: “რას ფიქრობთ ბუხენვალდზე?”. მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი აცნობიერებს და აღიარებს საკუთარ დანაშაულს, შესაძლებელი ხდება ინდივიდუალური მკურნალობის გამოყენება”.

დავით კოღუაშვილის მცირე პოლიტიკური წონიდან გამომდინარე, მისი განცხადებები არ მოახდენს სერიოზულ გავლენას მმართველი პარტიის მდგომარეობაზე, მაგრამ ეს განცხადებები შესანიშნავი მასალა იქნება იმ ფსიქოლოგიური და ზნეობრივი კატასტროფის შესასწავლად, რომელიც კოჰაბიტაციის მორევში ჩაფლულ მმართველ პარტიას დაატყდა თავს. შესაძლოა, პრობლემა შემდეგში მდგომარეობს: ელიტის ნაწილმა ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, მომხდარში თავისი დანაშაულიც დაენახა და, შესაბამისად, ბოროტებას გამიჯვნოდა და ამას დაავადებასთან თანაარსებობა არჩია, რაც, დეგრადაციისა და ნელი კვდომის გარდა, არაფერს მოუტანს.

თავი დავანებოთ კოღუაშვილის სხვა მოსაზრებებს ნიჭიერ მერაბიშვილზე, სიკეთის მომტან უგულავაზე, დაუბალანსებელ განცხადებებს თანაგუნდელებზე და პრემიერმინისტრის კომენტარის ციტირებით შემოვიფარგლოთ: მან (კოღუაშვილმა) ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით”. თუ გავიხსენებთ ისტორიკოსისა და პუბლიცისტის, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის _ პავლე მილიუკოვის ცნობილ კითხვას “სისულელე თუ ღალატი?”, ალბათ, შემდეგ დასკვნამდე მივალთ: გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შესთავაზა, კოღუაშვილის ქცევა პირველი ვარიანტის ფარგლებში შეაფასონ.

ერთი შეხედვით, დავით კოღუაშვილი მართლაც არ ჰგავს მოღალატეს, რადგან მოღალატე, სავარაუდოდ, გაცილებით ფრთხილად მოიქცეოდა _ ჩუმად გაიტანდა ინფორმაციას პოლიტსაბჭოდან და ფარულ საბოტაჟს მიმართავდა, ხოლო ზურგში მახვილს პარტიას მოგვიანებით, გადამწყვეტ მომენტში ჩასცემდა. მაგრამ ყოველივე ეს ტაქტიკური მნიშვნელობის წვრილმანია, ხოლო ფიგურანტის ქცევა, უპირველესად, ალბათ, იმ იდეალების ღალატია, რომელთა გარშემოქართული ოცნებისამომრჩევლები 2012-ში გაერთიანდნენ. მათი უმწვავესი რეაქცია კოღუაშვილის განცხადებაზე სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ გვაძლევს.

მომხდარი გიორგი კვირიკაშვილის პირველი სერიოზული მარცხია, რადგან “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში თავისი მეგობარი (პრემიერის თქმით, “ძალიან ახლო მეგობარი”) დავით კოღუაშვილი წარადგინა. მეგობრობა პოლიტიკაში ცუდი მრჩეველია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფიგურანტი პარალელურად სააკაშვილის თანაგუნდელებთან მეგობრობს და გამორიცხული არ არის, ნაციონალებმა ის ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად გამოიყენონ. ყოველივე ამას თავი რომ დავანებოთ, ისეთი პიროვნების დაწინაურება, რომლის განცხადებებს ელექტორატის დიდი ნაწილი შეურაცხყოფად აღიქვამს, სულ ცოტა, წინდაუხედავი ნაბიჯია. კვირიკაშვილისთვის კარგია, რომ პირველი მტკივნეული მარცხი პრემიერისა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ასეთ ლოკალურ ეპიზოდში, პრაქტიკულად “სასათბურე პირობებში” იწვნია. ეს შესაძლებლობას მისცემს, დიდი დანაკარგების გარეშე გააანალიზოს შექმნილი ვითარება და გადახედოს თავის მიდგომებს საკადრო საკითხებისადმი.

სააკაშვილის რეჟიმისა და მისი ნარჩენების ლიკვიდაცია წარმოადგენს მთავარ პუნქტს დაუწერელ კონტრაქტში, რომელიცქართულ ოცნებასამომრჩევლებმა დაუდეს და მისი შესრულების გარეშე (ნელა თუ სწრაფად, კარგად თუ ცუდად _ სხვა საკითხია) კონტრაქტი გაუქმდება. მარტივად რომ ვთქვათ, არავის სჭირდება კატა, რომელიც მხოლოდ ჭამს და თვლემს, თაგვს კი არ იჭერს. ცხადია, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რამდენი ხმა დააკარგვინა “ქართულ ოცნებას” კოღუაშვილის (და ზოგიერთი მისი კოლეგის) განცხადებებმა _ ასეთ სიტუაციაში სოციოლოგები ვერ დაადგენენ, რომელი წვეთი იყო პირველი და რომელი ბოლო, მაგრამ აშკარაა, რომ მოთმინების ფიალა უკვე აივსო, ხოლოქართული ოცნებისამომრჩეველთა ხმები იღვრება. ყველაზე ცუდი, რაც მათ შეიძლება ამ სიტუაციაში იფიქრონ, არის ის, რომ მომხდარი მათი რეაქციის მიზანმიმართულ ტესტირებას წარმოადგენდა და ხელისუფლებას აინტერესებდა იმის დადგენა, რამდენად გახდა მათთვის მისაღები პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური კოჰაბიტაცია დავით კოღუაშვილის ნაციონალ მეგობრებთან. ის, რაც შედეგად მიიღეს, ძალიან ჰგავდა ჯანმრთელი ორგანიზმის რეაქციას ვირუსის შემოჭრაზე, რამაც შეიძლება დაგვიფიქროს, რომ ოცნებისელექტორატის მოჩვენებითი ინდიფერენტულობის უკან საკმაოდ მკაფიო პოზიცია დგას _ არავის არაფერი დავიწყებია და არც უპატიებია.

22 მაისს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” 9-დან 7 ოლქში გაიმარჯვა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი _ 2-ში. რასაც უცხოელი კომენტატორები სახელისუფლო პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებად აღიქვამენ, მისმა მხარდამჭერებმა შეიძლება კრახად ჩათვალონ. 2012-ში ბევრი მათგანი, სავარაუდოდ, ვერ წარმოიდგენდა, რომ 2016-შინაცმოძრაობაარათუ იარსებებდა, არამედ არჩევნებსაც მოიგებდა (თუნდაც ერთ სოფელში). უდიდესი წვლილი ამაში, ალბათ, დავით კოღუაშვილის მსგავს მოღვაწეებს და კოჰაბიტაციის პოლიტიკას მიუძღვის.

კაცთმოძულე სისტემების მიმზიდველობა არახალი და კარგად შესწავლილი ფენომენია. ზემონახსენები “ნაცისტური სიზმრები” რეჟიმის განადგურებისთანავე არ ქრება და საზოგადოება შეიძლება ათწლეულების განმავლობაში შეაწუხოს. ნაციონალსოციალისტებს შესაძლებლობა რომ მისცემოდათ, მონაწილეობა მიეღოთ გერმანიის ფედერაციული რესპულიკის 1949 წლის არჩევნებში, რამდენიმე დასახლებაში, სავარაუდოდ, ისინიც გაიმარჯვებდნენ, მაგრამ, ცხადია, არავინ მიუშვებდა დემოკრატიულ არჩევნებამდე პარტიას, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა და დაფუძნების დღიდან დემოკრატიის დასასამარებლად ემზადებოდა; 1949-ში ის უკვე აკრძალული და განადგურებული იყო.

“ქართული ოცნება” ნასაკირალსა და კორცხელში დამარცხდა, ამიტომ ლოგიკური იქნება, იქ საუკეთესო კადრები გადაისროლოს და სააგიტაციო მუშაობა გააძლიეროს. დავით კოღუაშვილი ამისთვის, ალბათ, საუკეთესო კანდიდატურაა (არის ასეთი ცნება _ “გამოსაცდელი ვადა”). სუფთა ჰაერზე, სოფლის აგიტატორის როლში, ის პოლიტიკური და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას მიიღებს და, შესაძლოა, რაღაც მომენტში მიხვდეს, რატომ გაუბრაზდნენ ასე სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეები.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ეს რას გავს? ეტყობა რომ კვირიკაშვილიც არ არის დიდი ჭკუის პატრონი, ეს შეურაცყოფაა იმ საქართველოს 350 000 პატიმრისა და საქართველოს 90% მოსახლეობის, \\\”ნაცბაყაყების\\\” გარდა. ძალიან ცუდ წრეში ქონია საქმე. კოღუაშვილი რაში მაინტერესებს, ლენჩი კვირიკაშვილი ყოფილა. აი ასეთი რეგვენების ხელშია საქართველო. დაუყონებლივ მოაცილეთ ლენში კოღუაშვილი არჩებნებს. ძირს \\\”ნაცბანდიტების\\\” შპიონი.

  2. ბ – მა დიმიტრი მონიავამ შესანიშნავად ჩამოაყალიბა ყველაფერი , ფრიად საინტერესო იყო.

  3. ნათქვამია: ნამუსიც კარგი საქონელიაო, რას ელოდება კოღუაშვილი ამის შემდეგ ? თბილ ადგილს პარლამენტში, პარტიაში და მთელი ცხოვრება იმის მოსმენას, რომ ის ნაცხროვის მეგობარია!?

    მაგ აყალ-მაყალიდან უკვე რამდენი დღე გავიდა და აქამდე უნდა დაეტოვებინა მაგას \\\”ოცნების\\\” რიგები.

    პირადად მე და ბევრი ჩემნაირი მოქალაქე კოღუაშვილის გამო ოცნებას ხმას არარ ვაძლე, თუ არ წავიდა ოცნებიდან.

  4. ეს იმის ბრალია, პოლიტიკურად უმწიფარი ხალხი რომ მართავს საქართველოს და სხვა
    ქვეყნების ინტერესებს ატარებს. საქართველო გახადეს პოლიტიკური ექსპერიმენტების
    ადგილი. ამათ ხელში გავხდით მუტანტი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ვერაფერს წყვიტავს
    დაწყებული უცუდესი საარჩევნო კანონის და დამთავრებული წინააღმდეგობრივი კონ-
    სტიტუციის არსებობის გამო. საგარეო ვექტორი კი საერთოდ არ არსებობს. ის რაც არის
    ჩიხია.

  5. მემგონი ეს კაცი ნაცების შეგზავნილია ოცნების პოლიტსაბჭოში რათა შიგნიდან დაიწყოს ოცნების რღვევა, რაშიდაც მხარს უჭერს თავის მეგობარი, რისი დასტურია თუნდაც ის რომ იგი კიარგარიცხეს პარტიიდან არამედ პოლიტსაბჭოდანაც არ გამოუყვანიათ რადგან პრემიერმა განაცხადა ის ჩემი მეგობარიაო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here