Home რუბრიკები საზოგადოება ყველაფერი ერთი კომპიუტერული ტომოგრაფით დაიწყო

ყველაფერი ერთი კომპიუტერული ტომოგრაფით დაიწყო

934

საქართველო და მსოფლიოიუწყებოდა, რომ 7-8 მაისს გაიმართა საქართველოს რადიოლოგთა IV კონგრესი (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #17, “საქართველოს რადიოლოგთა კონგრესმა ქვეყნის დღევანდელი სახე წარმოაჩინა”), რომელიც, როგორც ყველამ აღიარა, მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სრულიად ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტად ახალი ხუთწლიანი ვადით კვლავ აირჩიეს ამ დარგის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, კლინიკური მედიცინის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის უცვლელი დირექტორი ფრიდონ თოდუა. დღეს ბატონი ფრიდონისაქართველო და მსოფლიოსშეკითხვებს უპასუხებს.

_ კონგრესის დელეგატები, უცხოელი სტუმრები, ყველა, ვისაც კი ვესაუბრეთ, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს სამედიცინო ფორუმი თავისი მნიშვნელობითა და შემადგენლობით იმსახურებს საერთაშორისო სტატუსს. ეთანხმებით?

_ რა თქმა უნდა, ვეთანხმები. უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ კონგრესში მონაწილეობდნენ ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი რობერტ გრუნკრატი, უცხოელი სპეციალისტები 40-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ირანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან. კონგრესი განხორციელდა ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის ეგიდით, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს 100-ათასამდე რადიოლოგს ევროპის ქვეყნებიდან და ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. სწორედ აღნიშნულმა ორგანიზაციამ მიანიჭა ჩვენს ფორუმს საერთაშორისო სტატუსი.

ისიც სათქმელია, რომ კონგრესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს უდიდესი ფირმები, რომლებიც აწარმოებენ რადიოლოგიისთვის აუცილებელ აპარატურას. მაგალითად, “სიმენსის” ვიცეპრეზიდენტმა, აგრეთვე, “ჯენერალ ელექტრიკისა” და “აგფას” წარმომადგენლებმა საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს ახალი ტექნოლოგიების, საინფორმაციო სისტემების დანერგვის საკითხებსა და სხვა პრობლემებზე.

შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ სწორედ ჩვენს კონგრესზე მოხდა სამეცნიერო რადიოლოგიაში მკურნალობის უახლესი საშუალებების დანერგვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

ასეთი მასშტაბის ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა.

_ რომლისკენაც, როგორც ჩანს, თქვენ თანდათან მიდიოდით.

_ გეთანხმებით. ჩვენ ვართ ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრები 1997 წლიდან. პირველები ვიყავით პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებიდან. იქიდან იწყება ჩვენი თანამშრომლობა. 100-ზე მეტმა ჩვენმა თანამშრომელმა გაიარა სტაჟირება ამ ასოციაციის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. ჩვენი სპეციალისტების მოხსენებები მსოფლიოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე, ამ მოხსენებათა აქტუალობა და მნიშვნელობა რადიოლოგიის განვითარების საქმეში, რაც ჩვენი ინსტიტუტის წარმატებული საქმიანობის მაჩვენებელია, წლიდან წლამდე დაფიქსირებული პროგრესი, შეუმჩნეველი არ დარჩენილა კოლეგებისთვის საერთაშორისო მასშტაბით. და, მგონი, სავსებით ლოგიკურია, რომ საერთაშორისო აღიარებას დამსახურებულად მივაღწიეთ. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ჩვენს კონგრესზე დელეგატებისა და სტუმრების გამოსვლებით და იმ სამადლობელი წერილებით, რომლებიც კონგრესის მონაწილე უცხოელი მედიკოსებისგან ამ დღეებში მივიღეთ.

პირდაპირ გეტყვით, არავინ ჩამოვიდოდა თბილისში, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო ჩვენ მიერ ორგანიზებული ფორუმის მაღალ მეცნიერულ ეფექტიანობაში.

აქვე უნდა დავუმატო, რომ საქართველოს რადიოლოგთა IV კონგრესი მოეწყო საქართველოს შრომის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების ეგიდით, რამაც კიდევ უფრო აამაღლა მისი დონე და ავტორიტეტი.

_ წლების წინათ, როცა საფუძველს უყრიდით კომპიუტერულ ტომოგრაფიას ყოფილ საბჭოთა კავშირში, აღიარებული იყო პარადიგმა, რომ მეცნიერული აზროვნება უნდა განვითარდეს მომიჯნავე მეცნიერებათა შესაყარზე ურთიერთგამდიდრების, აქტიური კონტაქტის მეშვეობით.

მიგაჩნიათ, რომ დღეს, როცა რადიოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მედიცინა, ადამიანის მკურნალობის ამ დარგმა განვითარების სწორედ ამ გზით მიაღწია წარმატებას?

_ არა მხოლოდ მიმაჩნია, არამედ შეძლებისდაგვარად ვმონაწილეობდი ამ პროცესში. იმ ტექნოლოგიების დანერგვაში, რომლებსაც დღეს ვიყენებთ (კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად ბევრი სხვა სიახლეც დაინერგა), ახალი აპარატურა თვითკმარი სიდიდე არ არის, მხოლოდ ინტელექტუალურ პოტენციალთან ერთად შეიძლება ახალი ტექნოლოგიების ეფექტიანობაზე ლაპარაკი.

ამასთანავე, მედიცინა რადიოლოგიის გარეშე, ავადმყოფობის დიაგნოსტიკა, მკურნალობის ეფექტიანი მეთოდების გამოყენება წარმოუდგენელია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ითქმის ონკოლოგიაზე, ნეიროქირურგიაზე, ნევროლოგიასა და მედიცინის ყველა სხვა დარგზეც. რადიოლოგია დღეს ერთ-ერთი პრესტიჟული და მოთხოვნილი სპეციალობა გახდა. ამას ადასტურებს სპეციალისტების რაოდენობის თვალსაჩინო ზრდა, რეზიდენტურისა და სუბსპეციალობის პროგრამებზე არსებული კონკურსი. ხაზი უნდა გავუსვათ მომიჯნავე პროფესიების სპეციალისტების პროგრესულად მზარდ ინტერესს იმ შესაძლებლობებისადმი, რომლებსაც მათ რადიოლოგიის კვლევის მეთოდი სთავაზობს. სხვათა შორის, სწორედ ამ ინტერესის თვალსაჩინო დადასტურება იყო ჩვენს კონგრესზე დამსწრეთა არნახული რაოდენობა, როცა ორივე დღეს დარბაზებში ტევა არ იყო და ფეხზე მდგარი ხალხი დერეფნებში ისმენდა მოხსენებებს.

რადიოლოგიის ისტორია საქართველოში ერთი კომპიუტერული ტომოგრაფით და 100 კვადრატულ მეტრზე მომავალი ინსტიტუტის შესახლებით დაიწყო. ეს იყო 1991 წელს: სამოქალაქო ომი, უშუქობა, უსახსრობა, შიმშილი, საბჭოთა სისტემის ნანგრევებში მოყოლილი მედიცინა, გაპარტახებული კლინიკები და უხელფასო ექიმები. მას შემდეგ 25 წელიწადი გავიდა და დღეს კლინიკური მედიცინის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტი…

_ რომელიც ხალხში თოდუას კლინიკის სახელითაა ცნობილი, ერთერთ ყველაზე მძლავრი სადიაგნოსტიკოსამკურნალო დაწესებულებაა საქართველოში.

_ და, თავის ქებად არ ჩამითვალოთ, ანალოგი არ აქვს ევროპის ბევრ ქვეყანაში. აღმოსავლეთ ევროპაში კი უნიკალურია. საქართველო დღეს აღჭურვილია თანამედროვე, მსოფლიო დონის აპარატურით. ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის სპეციალისტები. სხივური თერაპიის ორი აპარატი, რომელიც ჩვენთან დგას, ბევრ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში არ არის. ეს პროექტი 10 მილიონი დოლარი დაგვიჯდა და ახლა მესამე აპარატს ვყიდულობთ _ პოზიტრონულემისიურ ტომოგრაფს, .. პეტს, რომელიც 2 მილიონამდე ევრო ღირს. მომზადებული გვყავს ჯგუფი, რომელიცპეტზეიმუშავებს. ამ ყველაფერს კი იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ავადმყოფებმა ნაკლებად იარონ საზღვარგარეთ. ნეიროქირურგიული ოპერაციების გასაკეთებლად უცხოეთში უკვე აღარ დადიან, გულის ოპერაციებს საქართველოში უმაღლეს დონეზე აკეთებენ და .. ხომ არის ეს გარკვეული შეღავათი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელიც, ამასთან ერთად, სარგებლობს საყოველთაო სახელმწიფო დაზღევით?

_ რა თქმა უნდა, არის.

_ მაგრამ ჩვენთან მინუსებზე უფრო უყვართ ლაპარაკი, ვიდრე დადებით მომენტებზე. გული მწყდება, რომ ის, რასაც ახლა აღვნიშნავ, რატომღაც შეუმჩნეველი რჩება. არადა, ყოველდღიურად 120-130 ადამიანი გადის სხივური ონკოლოგიით მკურნალობას. სადღაც ერთ პატარა საწარმოს გახსნიან და ისე წარმოგვიდგენენ, როგორც დიდ სახელმწიფოებრივ მოვლენას. ისიც საჭიროა, მაგრამ ჩვენი დარგის მნიშვნელოვან, ხალხის ჯანმრთელობისთვის ესოდენ საჭირო ღონისძიებებს რატომ ვერ ამჩნევენ, არ დაგიმალავთ, ვერ გამიგია. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ქართველ ექიმებს არ სჭირდებათ დიდი რეკლამა და არც ჩვენი ინსტიტუტი იკლავს ამისთვის თავს.

_ თქვენ, ბატონო ფრიდონ, ცარიელ ადგილზე დაიწყეთ საქართველოში ახალი დარგის დაფუძნება _ არც ბაზა, არც სპეციალისტები. მთავარი მაინც სპეციალისტები იყო, არა?

_ საქართველოში დაბრუნება როცა გადავწყვიტე, კომპიუტერული ტომოგრაფიის სპეციალისტების პირველი ხუთკაციანი ჯგუფი უკვე მომზადებული მყავდა. 5-6 თვის განმავლობაში ერთმანეთის ჩანაცვლებით ჩამოდიოდნენ ჩვენთან მოსკოვში, ინსტიტუტში და ეუფლებოდნენ პროფესიას. ასე დავიწყეთ მუშაობა. დღევანდელ რეალობაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ტემპი განსაცვიფრებლად სწრაფია. ის, რაც საკმარისი იყო გუშინ, დღეს უკვე კარგავს აქტუალობას და შესაცვლელი ხდება. ვალდებული ხარ, აჰყვე ამ ტემპს, თორემ ჩამორჩები. ამას ყოველთვის ვახსენებ კოლეგებს ინსტიტუტის დილის კონფერენციებზე; მოვუწოდებ, რომ იმ სიახლეების საქმის კურსში იყვნენ, რომელთა შესახებაც იბეჭდება ამერიკულ, ევროპულ, რუსულ, უკრაინულ თუ სხვა ქვეყნების სპეციალურ სამეცნიერო ჟურნალებში.

ინსტიტუტი ყოველწლიურად 100 ათას ევრომდე ხარჯავს ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ მივლინებებზე. ახალ ტექნიკას უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები სჭირდება. ტექნიკის შესაძენი ფული საქართველოში არის, პრობლემა სპეციალისტების მომზადებაა, რასაც, ვფიქრობ, თავს კარგად ვართმევთ…

_ და თავისთავად დგება საკითხი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების. კონგრესზე ცალკე იყო გამოყოფილი ახალგაზრდული სექცია, სტუდენტური, რომელსაც პირადად თქვენ უძღვებოდით.

_ დღეს ბევრს ლაპარაკობენ ახალგაზრდა მეცნიერების მომზადებაზე, მათ დამაგრებაზე საქართველოში. ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული სიტუაცია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის ხელშეწყობით მედიცინის მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტები მოვიწვიეთ ახალგაზრდულ სექციაში მოხსენებების წასაკითხად. საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციამ დააწესა საუკეთესო მოხსენების 1000-ლარიანი პრემიით დაჯილდოება, მაგრამ სექციაში წარმოდგენილი 18 მოხსენება ისე საინტერესო იყო, რომ გაძნელდა საუკეთესოს შერჩევა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს თანხა გადაგვერიცხა ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციისთვის, რომელიც თავისი შეხედულებისამებრ და საკუთარი საჭიროებისთვის გამოიყენებს ამ ფულს.

ახალგაზრდებთან მუშაობა, განსაკუთრებით, თაობათა ურთიერთობის კუთხით, ჩემი აზრით, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. სამწუხაროდ, ახალგაზრდობა არ იცნობს (და არც არავინ ცდილობს, გააცნოს) უფროსი თაობის ღვაწლს, რომელიც მან გაიღო ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. არ იცის, რომ, მაგალითად, უნიკალურ ენგურჰესს აშენებდა იმ პერიოდის ახალგაზრდობა უფროს თაობასთან ერთად მართლაც თავდადებული შრომითა და რწმენით იმისა, რომ კეთდებოდა საქვეყნო საქმე. ასე ჰგონიათ, რომ ენგურჰესი საიდანღაც მოიტანეს ასე აწყობილი და ჩადგეს ენგურის კალაპოტში.

ამას წინათ მეგობართან ერთად თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტის _ ნიკო მუსხელიშვილის ძეგლთან ვიდექით და გადავწყვიტეთ, ჩამვლელი ახალგაზრდებისთვის გვეკითხა, ვინ იყო გამოქანდაკებული ამ მონოლითიდან. ვერავინ გვიპასუხა. არადა, უნდა სცოდნოდათ, რადგან ვეკითხებოდით მსოფლიოში სახელგანთქმულ მეცნიერზე, საქართველოში მათემატიკური სკოლის დამაარსებელზე, ორგზის სტალინური პრემიის ლაურეატზე, სოციალისტური შრომის გმირზე. ბევრი გვყავს საქართველოში ასეთი?

მე მგონი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშური საქმეა თაობათა ტრადიციული კავშირის აღდგენისა და დაცვისთვის პრაქტიკული ზრუნვა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. მამულს, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ შვილი მამას სჯობდეს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ შვილებმა არაფერი იცოდნენ მამების თაობის შესახებ. საქართველოს რადიოლოგთა IV კონგრესზე ამ ნაკლოვანების დასაძლევადაც საყურადღებო ნაბიჯი გადაიდგა.

1 COMMENT

  1. იმიტომ არ ეუბნებიან ახალგაზრდობას არაფერს წინა თაობებზე, რომ პროპაგანდის მიხედვით ისინი საზიზღარ საბჭოთა დროში ცხოვრობდნენ და მათი გაკეთებული არაფერი არ ვარგა! ახლა-კი წინ მივდივართ, სალაღობოა ცხოვრება და ახალგაზრდობაც ახალ, პიდარ. ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებას იღებს, მააააშ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here