Home რუბრიკები პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნება და მეჭიაურის უქარქაშო ხმალი

შესაძლებლის ხელოვნება და მეჭიაურის უქარქაშო ხმალი

828

რესპუბლიკური პარტიისა და თამაზ მეჭიაურის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ერთმანეთს სულ უფრო მძიმე ბრალდებებს უყენებენ, კონფრონტაციას მათთვის გარკვეული ბონუსებიც მოაქვს, რადგან მისი წყალობით საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩებიან და გულშემატკივართა ემოციების მობილიზებას ახდენენ.

“ქართული ოცნებისა” და რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო დაშორება საკმაოდ რთული პროცესია და ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, ის სერიოზული დანაკარგების გარეშე დასრულდეს. კოალიციის ფარგლებში მათ თანამშრომლობას, ორმხრივი სარგებლის გარდა, პრობლემებიც ახლდა _ რესპუბლიკელების ტრადიციული ელექტორატის ნაწილი ვერ მიუტევებდა ლიდერებს თანამშრომლობას თოფაძესთან, მეჭიაურთან და სხვა მსგავსი თვალსაზრისის მქონე დეპუტატებთან. ამის გამო ზოგი მათგანი სხვა ლიბერალური პარტიისკენ გადაიხარა. ხოლო ქართული ოცნებისკონსერვატორი ამომრჩევლების ნაწილმა, რესპუბლიკელების მიმართ ზიზღისა და სიძულვილის გამო, “ოცნებაზეხელი ჩაიქნია და ფიქრიპატრიოტთა ალიანსისდა სხვა იდეოლოგიურად მონათესავე პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაზე დაიწყო. ეს რყევები საკმაოდ მკაფიოდ აისახა მასმედიასა და სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით 2015 წლიდან, როდესაც კოალიციური კავშირის არაბუნებრივი ხასიათი ყველასთვის ცხადი შეიქნა, მაგრამ პოლიტიკოსები პრობლემის გადაწყვეტით მხოლოდ არჩევნების მოახლოების შემდეგ დაკავდნენ.

არცთუ ფართო ელექტორალურ ნიშაში პოზიციების გაძლიერებას ერთბაშად ოთხიმომიჯნავეორიენტაციისა და იდეოლოგიური პლატფორმის მქონე პარტია ცდილობს _ “თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკური პარტია, “ნაციონალური მოძრაობადაგირჩი”. ამ უკანასკნელზე სერიოზული საუბარი ბევრ კომენტატორს სასაცილოდ მიაჩნია, მაგრამ ამ ახალმა გაერთიანებამ ნამდვილად შეიძლება წაართვას ძირითად კონკურენტებს გარკვეული რაოდენობის ხმები (უპირველესად, ახალგაზრდების), მით უმეტეს, რომ ფინანსური რესურსის ნაკლებობა არ ეტყობათ.

ბოლო ხანს ამ კვარტეტიდან ყველაზე კარგად რესპუბლიკელების ხმა ისმის. დაახლოება ნატოსთან, ევროინტეგრაცია, დასავლური ღირებულებები, სტალინიზმის აჩრდილი, ანუ ყველა ის თემა, რომელიც ასე თუ ისე აქტუალურია პროდასავლური ელექტორატისთვის, ეთერში, როგორც წესი, მათი მეშვეობით ხვდება. ყველაზე ხშირად საინფორმაციო საბაბს ამისთვის თამაზ მეჭიაურთან დაპირისპირება ქმნის. ნაციონალები პარტიიდან გიორგი ვაშაძის წასვლის შემდეგ ერთობ დაბნეულად გამოიყურებოდნენ. ირაკლი ალასანია ცდილობდა, საზოგადოების ყურადღება მიეპყრო “კაბელების საქმეზე”, მაგრამ პარალელურად თინა ხიდაშელსაც აკრიტიკებდა. ეს ხდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი აქტიურად იყენებდა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების თემას, რათა ნატოზე ორიენტირებული ამომრჩევლის თვალში რაც შეიძლება მეტი ქულა დაეწერა. ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში ალასანიას ასეთი შესაძლებლობა არ მიეცა, ზოგიერთი სხვა კი სათანადოდ ვერ გამოიყენა. ალასანიამ ხიდაშელს მისთვის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შეუტია და ძნელი სათქმელია, რა იყო ამ მცდელობაში უფრო მეტი _ ცივი გათვლა თუ უბრალო წყენა, თუმცა მთავარია ის, რომ, მოწადინების მიუხედავად, ალასანიამ ვერ მოახერხა საინფორმაციო სივრცის ავანსცენიდან თამაზ მეჭიაურთან მოფარიკავე რესპუბლიკელების ჩაჩოჩება.

ყოველივე ამის უკან ნამდვილი პოლიტიკური მელოდრამა დგას. ირაკლი ალასანია პოლიტიკური თვითმყოფადობისთვის და (თუ შეიძლება, ასე ითქვას) პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის იბრძვის და, თუ საწადელს ვერ მიაღწევს, 99%-იანი ალბათობით, ნაციონალების ჩვეულებრივ სატელიტად ჩამოყალიბდება. ეს როლი კი მის ამბიციებს არ შეესაბამება.

აქ ორიოდე სიტყვა იმაზეც უნდა ითქვას, რისთვის სჭირდება სააკაშვილს ალასანია. ზოგიერთ პოლიტიკოსს ვაშინგტონსა და ბრიუსელში, შესაძლოა, დღესაც მიაჩნია, რომნაცმოძრაობასაქართველოს ხელისუფლების სათავეში მათთვის საუკეთესო პარტნიორი იქნება, მაგრამ ისინი აცნობიერებენ, რომ ოლიმპოზენაცმოძრაობისდაბრუნების უხეში მცდელობა დესტაბილიზაციითა და სამოქალაქო ომით შეიძლება დასრულდეს, რომელიც დასავლეთის პოზიციებს საქართველოში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი არაერთგზის ირწმუნებოდნენ, რომ რევანშისტულ შურისძიებას არ აპირებენ და, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე დამნაშავეს გაასამართლებენ, ნაკლებად სავარაუდოა, მათ დასავლეთში ენდონ. იმისთვის, რომ რესტავრირებულმა რეჟიმმა ქვეყანაში ფარდობითი სტაბილურობა შეინარჩუნოს, აუცილებელია, რაც შეიძლება ფართო კოალიციის შექმნა. სააკაშვილის დასავლელი მეგობრები მის ერთერთ საკვანძო ელემენტად, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას და მისთავისუფალ დემოკრატებსგანიხილავენ. რეალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ პარტია გახდება ერთერთიშირმაგანახლებული რეჟიმისთვის და ამბიციური ალასანია ამაზე, სავარაუდოდ, არ ოცნებობს, თანაც, დიდი ალბათობით, ესმის, რომ გარკვეული დროის შემდეგ სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტნიორს გაანადგურებს ან უნებისყოფო მარიონეტად გადააქცევს.

უხეშად რომ ვთქვათ, მეჭიაური და რესპუბლიკელები ერთმანეთს “სატოპკეებს უწევენ” (თქმული არ ნიშნავს, რომ მატჩი იმთავითვე ჩაწყობილი იყო) და მწვავე რეპლიკებით ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფს სიამოვნებას ანიჭებენ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია რესპუბლიკური პარტიისთვის, რომელმაც არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში უნდა გამოხატოს მკაფიო პოზიცია ყველა პრობლემურ საკითხზე და თავისი მხარდამჭერების თვალში “ქართულ ოცნებასთან” (ყოველ შემთხვევაში _ მეჭიაურთან, თოფაძესთან და ა.შ.) სამწლიანი კოალიციური თანამშრომლობის “ცოდვა” ჩამოირეცხოს. ამასობაში თამაზ მეჭიაური ქულებს იწერს ტრადიციონალისტების, ანტიდასავლელი კონსერვატორების, რუსეთთან კავშირზე ან ნეიტრალიტეტზე ორიენტირებული ამომრჩევლის თვალში და მათ სათქმელს მთელი ქვეყნის გასაგონად ამბობს. მეჭიაურმა უკვე განაცხადა, რომ შეიძლება საკუთარი პარტია შექმნას; მისი პოზიცია ხელისუფლების დეკლარირებულ კურსთან გადაულახავ წინააღმდეგობაში შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა მოწადინებულია, უკან დააბრუნოს “პატროტთა ალიანსთან” და ნინო ბურჯანაძესთან გაქცეული ამომრჩეველი, მისი ამოცანა უფრო ფართოა და არც მკვეთრად პროდასავლელი ამომრჩევლების დაკარგვა სურს. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმებიან კონსერვატიული იდეების მქონენი, რადგან “ოცნების” მხარდამჭერთა შორის ლიბერალი, სავარაუდოდ, ძალიან ცოტა დარჩა. ამასთანავე, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელვანია, უცხოელი პარტნიორების თვალში ერთმნიშვნელოვნად პროდასავლურად წარმოჩნდეს. ამ მიმართულების ათვისებაზე ყველაზე პროდუქტიულად ბოლო თვეებში გიორგი კვირიკაშვილი მუშაობს. მართალია, აქ არის მთელი რიგი ნიუანსებისა და წყალქვეშა დინებებისა. მაგალითად, ის, რომ ოფიციალურ პროპაგანდაში თანდათან როგორ შორდება ერთმანეთს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის თემა, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინიევროატლანტიკურიმათთვის კვლავინდებურად გამაერთიანებელ როლს თამაშობს; ან კიდევ ის, თუ როგორ ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაქსიმალურად შეარბილონ წინააღმდეგობები ქართულ ტრადიციებსა და ევროპული ცხოვრების რეალიებს შორის, რომელიც არაერთ ამომრჩეველს აწუხებს (რადიკალი ლიბერალები ამ შემთხვევაში, პირიქით _ წინააღმდგობის გაღრმავებას ცდილობენ). ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილი პოლიტიკური კონფორმიზმისა და იდეოლოგიური რელატივიზმის მიუხედავად, “ქართული ოცნებამზად არ არის, თამაზ მეჭიაურის მოსაზრებები გაიზიაროს და რაიმე ფორმით თავის პროგრამაში ასახოს. მათი დაშორება თავიდანვე გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ აქვე შეიძლება გაჩნდეს მეორე კითხვა: რატომ არ გააჩერეს მეჭიაური ხმაურიანი კონფლიქტის დაწყებამდე ან უშუალოდ მისი დაწყების შემდეგ (ივანიშვილი ამას ნამდვილად მოახერხებდა)? ისევე, როგორც ცოტა ხნის წინათ ვერ (თუ არ) გააჩერეს გოგი თოფაძე, რომლის შეტევამ რესპუბლიკელებზე კოალიციურიგანქორწინებისსაინფორმაციოფსიქოლოგიურ შემზადებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საერთოდ, ხშირად ის, რასაც მწვავე დაპირისპირებად აღვიქვამთ, პოლიტიკური თვალსაზრისით, სხვა არაფერია, თუ არა დახმარება იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომელიც “ქართულ ოცნებას”, წესით, არ უნდა ანაღვლებდეს.

ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური პარტია, შესაძლოა, კვლავინდებურად სასურველ პოლიტიკურ პარტნიორად მიაჩნია და, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მასთან არჩევნების შემდეგ დაახლოებით იმავე ფორმატში თანამშრომლობას აპირებს, როგორშიც კოალიციის დაშლამდე და, პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, მაღალ თანამდებობებს უბოძებს. საუბარია თითქმის ანალოგიურ როლზე, რომელიც ნაციონალებმა შეიძლება ალასანიას შესთავაზონ. დაფიქრება, ალბათ, იმაზეც ღირს, თუ რატომ არიან ასე არხეინადხუთპროცენტიანი პარტიის” (მათი ოპონენტები ხშირად უფრო დაბალ პროცენტს ასახელებენ) წარმომადგენლები არჩევნების წინ, მაშინ, როდესაც, ერთი შეხედვით, პანიკაში უნდა იყვნენ და სააკაშვილსქართული მაიდნისპროექტში თუნდაც დუბლიორებად აყვანას ეხვეწებოდნენ? არიან თუ არა ისინი ფარულად შეთანხმებულნი ივანიშვილთან პოსტსაარჩევნო თანამშრომლობაზე და ხომ არ მიუღიათ მისგან გარკვეული გარანტიები?

ბოლო წლებში შეიქმნა მთელი თეორია იმის თაობაზე, რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკური პარტია. ძირითად მოტივად დასავლეთთან კომუნიკაცია სახელდება, თუმცა არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტიც: “ხუთპროცენტიანობის” მიუხედავად, რესპუბლიკელები ბოლო სამი წლის განმავლობაში თავიანთი პოზიციით ხელს უშლიდნენ ფართო ანტისახელისუფლო ლიბერალური ფრონტის ფორმირებას. მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადავლენ (დღეს უცნაურ “ნახევრადსახელისუფლო” თუ “ნაწილობრივ ოპოზიციურ” მდგომარეობაში იმყოფებიან), სავარაუდოდ, ისევ ლიბერალური ბანაკის ფრაგმენტაციაზე და არა კონსოლიდაციაზე იმუშავებენ. მაგრამ “ოცნების” მხარდამჭერების დიდი ნაწილი ყოველივე ამას ყურადღებას, როგორც წესი, არ აქცევს და მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელებისთვის ამდენი პოსტის გადაცემას გამართლება არ ჰქონდა.

საინტერესოა, რა შეიძლება ჩავთვალოთ ამ შემთხვევაში “ნაკლებ ბოროტებად” _ ყველა ლიბერალური პროდასავლური ძალის კონსოლიდაცია (რეალურად, “ნაცმოძრაობის” ეგიდის ქვეშ) და მათი დაპირისპირება ხელისუფლებასთან ვაშინგტონის სიმპათიის პირობებში, უმწვავესი სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებით თუ ის, რაც მოხდა (რესპუბლიკელებისთვის მაღალი პოსტების დათმობა)? პასუხიდან ამ კითხვაზე გამომდინარეობს მეორე კითხვა: რა ჩაითვლება ნაკლებ ბოროტებად არჩევნების შემდეგ? გამორიცხული არ არის, ოქტომბერ-ნოემბერში ხელისუფლება კვლავ შეეცადოს დაგვარწმუნოს იმაში, რომ “პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა”, ხოლო კომპრომისი, საუკეთესო თუ არა, ერთადერთი გამოსავალი იყო.

დიმიტრი მონიავა

მეჭიაურის უქარქაშო ხმალი

1 COMMENT

  1. ამ არჩევნებსი ყველა ტავისკენ იქაჩება, მაგრამ მე მგონია რესპუბლიკურ პარტიას ძვირად დაუჯდება თინა ხიდასელის ყოფნა მინისტრის პოსტზე რადგან მან ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა თავდაცვის სამიკნისტროდან დემობილიზებული სამხედროების დაკმაყოფილება გაყინული ხელფასებით და ამ ხალხის უკან დგას მატი ოგახები და ეს ძალიან ძვირად დაუჯდება ამ პარტიას. არა მგონია რესპუბლიკელებ მა შეძლონ 5% ბარიერის გადალახვა.

  2. რაც შეეხება მეჭიაურს თუ ის დამოუკიდებლად მაჟორიტარად იყრის კენჭს ის აუცილებლად გახდება დეპუტატი, რადგან ნატო ჩვენ რეალურად არაფერში გვეხმარება. ნატონ გვჭირდება რუსეტთან პრობლემის მოგვარებასი, რაშიც ნატო თავს იკავებს, თუ რუსეტთან ურთიერთობ ჩვენით მოვაგვარეთ და ტერიტორიებიც ჩვენ თვითონვე დავიბრუნეტ მერე ნატო რაში გვჭირდება მერე ნეიტრალიტეტზე ვიფიქრებტ ალბატ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here