Home რუბრიკები ისტორია “ვეფხისტყაოსნის” სვანურად თარგმნის ზოგიერთი საკითხისათვის

“ვეფხისტყაოსნის” სვანურად თარგმნის ზოგიერთი საკითხისათვის

2312

არ მეშინია შარისა,

გულს მისვენია ხატადა

ენა მთისა და ბარისა,

მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,

თუა ქართულის გვარისა”.

 ვაჟაფშაველა

მასალის მიზანი არ არის შოთა რუსთაველის სიდიადის, მისი “ვეფხისტყაოსნის” როლისა და ადგილის შეფასება და განსაზღვრა, ეს დიდად აღემატება ჩემს შესაძლებლობებს. საქმე უფრო მარტივადაა. არის თუ არა საჭირო, სვანურ ენაზე არსებობდეს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”. სწორედ ამაზე, მინდა, ჩემი აზრი გავუზიარო მკითხველს.

1712 წლიდან, როცა ვახტანგ მეექვსემ პირველად დასტამბა შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსანი”, იგი, დაუზუსტებელი მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 272-ჯერ გამოიცა სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა ფორმით. “ვეფხისტყაოსანიყველაზე მეტჯერ, რა თქმა უნდა, საქართველოში გამოიცა _ დაახლოებით 70-ჯერ.

იყო მცდელობა, “ვეფხისტყაოსანი” თარგმნილიყო ქართველურ ენებზეც _ მეგრულსა და სვანურზე, მაგრამ ამ იდეას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა არა საზოგადოების, არამედ იმ ვაიპატრიოტი “ინტელიგენტების” მხრიდან, რომლებიც სულსაც კი მიჰყიდიან (თუ აქვთ) უცხოურ კულტურას და თავიანთი “მაღალი კულტურითა და განათლებით” წინ აღუდგებიან საუკუნეებგამოვლილ ქართულ კუთხურ კულტურასა და განათლებას, რომლის ფესვებსა და ნიადაგზე აღიზარდა ათასეულობით თაობა ანტიკური ხანიდან დღემდე.

ორღობის მოქართულე “ინტელიგენტუნა” სიტყვის ძირებსა და ენის განვითარებაზე ცხარედ ეკამათება მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე მოლაპარაკე და ამ დარგში უდიდეს ავტორიტეტს, აკადემიკოს ნიკო მარს. არ სწვდება თემის სიღრმეს და “ერის პატრონის” მანტიით შემოსილი, კუდაბზიკობით, ამპარტავნობით ქვეყანას მოძღვრავს ცრუ მოძღვრებით, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, გარდა სულელური ამბიციისა. თუ მისი უაზრო, პროვინციული თუ პორნოგრაფიული ნაწარმოები რომელიმე ენაზე ითარგმნა მისივე მცდელობით, დიდად კმაყოფილია და ამაყობს, ხოლო შხამსა და გესლს არ იშურებს ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში თავაუღებლად შრომობდა უკვდავი შოთას უკვდავი აზრების ქართულ დიალექტებზე გადასატანად და შთამომავლებისთვის საზრდოდ მისაწოდებლად, რათა ხელში არ ჩაუკვდეს ის ენა, რომელზეც მისი წინაპართა წინაპარი საუბრობდა.

დიდი გატაცებით იკვლევენ ფრინველების, ნადირთა და ზღვის ბინადართა ენას. მე რატომ დავუკარგო ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილიშვილებს ის ენა, რომელზეც მათმა დიდმა ბაბუამ არსენ ონიანმა 1910-იან წლებში არაადამიანურ პირობებში გახევებული ქაღალდის ნაგლეჯებზე თარგმნა უკვდავივეფხისტყაოსანი”?!

ჩემს სიცოცხლეში არასოდეს გამომითქვამს და არც ვიტყვი კრიტიკის მაგვარსაც კი სტალინის პიროვნებაზე, მაგრამ არ ვთვლი გამართლებულად მის მკაცრ კრიტიკას ნიკო მარის მიმართ ენათმეცნიერების საკითხებში.

თუ ნიკო მარს არ ჰქონდა ბოლომდე გარკვეული მეგრულ-სვანური ენების წარმომავლობისა და მათი სტადიური განვითარების საკითხები, როგორ უნდა სცოდნოდა ასე უაპელაციოდ დიდ ქართველ პოეტს მურმან ლებანიძეს, რომელმაც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და საუკუნეებგამოვლილ ენასა და კულტურასთან ერთად შეურაცხყო მილიონზე მეტი ადამიანი.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას სტალინმა გამოიძახა კარიკატურისტი ეფიმოვი, რომელიც გაზეთ “პრავდაში” აქვეყნებდა თავის ნამუშევრებს, და უთხრა: “მე მომწონს თქვენ მიერ შექმნილი კარიკატურები, მაგრამ არ მომწონს, როდესაც სამურაებს ეშვებით ხატავთ, მათ ეშვები არ აქვთ და ეს მათი ეროვნული შეურაცხყოფაა. სხვა რამ ხერხს უნდა მიმართო”. ჩვენ კი, სვანებსა და მეგრელებს, ისე შეურაცხგვყოფენ პრესითა და ტელევიზიით, რომ უკან ერთხელაც არ მოიხედავენ. ტერმინებიც კი შექმნეს: “სვანი კრიმინალი”, “სვანი ქურდი”, “სვანი ბოროტმოქმედი” და სხვ. თუ განვითარებული და მაღალკულტურული ერის შვილები ასე მიმართავენ თავიანთი ოჯახის წევრებს, ჩვენ, “ჩამორჩენილი” სვანები და მეგრელები, არასოდეს ვიტყვით: “ქართველებმა გაგვძარცვეს”, “ქართველებმა დაგვხოცეს” და ასე შემდეგ, რადგან კარგად ვიცით, რომ ჩვენ ქართველები ვართ და ამით ვერ გავარჩევთ “სვანებმა” გაგვძარცვეს თუ “ქართველებმა”.

ან ვინ უნდა იყოს დაინტერესებული, სვანები და მეგრელები უფრო შორეულ წარსულიდან მოდიან თუ ქართები, ამას რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ხალხისთვის, რომელიც ერთი ოჯახია?! მაგრამ ეს იმ კაცის სეპარატისტული იარაღია, რომელსაც საქართველოში კინკლაობისა და არეულობის გამოწვევა სურს. საქართველოს მტერივეფხისტყაოსნისადა სახარების თავის დიალექტზე მთარგმნელი კი არ არის, არამედ ის, ვინც ამას სეპარატიზმის საბურველში ახვევს. ამის ნათელი მაგალითია მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერი:

“ბოლო პერიოდში ისევ დაიწყო მსჯელობა “სახარების”! სვანურად და მეგრულად თარგმნის აუცილებლობის შესახებ. არადა, ამ კილოების მფლობელმა ქართველობამ საკუთარ დედაენაზე დიდი ხნის წინათ თარგმნა “წმიდა წერილი” (და ჩვენ, სვანებმა და მეგრელებმა, მათთან ერთად არა? _ გრ. ონიანი).

თუ დიდად პატივცემულ მიტროპოლიტს ჰგონია, რომ სვანური და მეგრული დიალექტები გაცილებით გვიან გაჩნდა, ვიდრე “წმიდა წერილი” ითარგმნებოდა, კიდევ ერთხელ გავკადნიერდები და ვურჩევ, კიდევ ერთხელ წაიკითხოს ქართველი ერის ისტორია.

აკადემიკოსმა ნიკო მარმა 1910-1911 წლებში ორჯერ იმოგზაურა სვანეთში, სადაც სერიოზული სამუშაო ჩაატარა, როგორც ენათმეცნიერმა, ხოლო მოგზაურობის შთაბეჭდილებები 1917 წელს გამოაქვეყნა პეტერბურგში საიმპერატორო აკადემიის კრებულში, რომელიც შემდგომ ცალკე წიგნად გამოიცა სათაურითმოგზაურობა სვანეთში”.

წიგნის მეექვსე გვერდზე ვკითხულობთ:

“იმისდა მიუხედავად, თუ როგორ აღვიქვამდი სვანებს, ვუსმენდი და ვგებულობდი მათ მეტყველებას, ვეცნობოდი მათ ტრადიციულ ინტიმურ ინტერესებს, მე თანდათან შევიგრძნობდი, რომ სვანეთში ყოფნისას დანარჩენი სამყაროდან მაშორებდა არა მარტო კავკასიის მაღალი ქედები, ძნელად გადასასვლელი უღელტეხილები და ღრმა ხეობები, არამედ კულტურის ათასწლეულები. როგორც ათონზე ყოფნისას მეჩვენებოდა, რომ აღმოვჩნდი ბიზანტიურ-ქრისტიანული სულიერი ინტერესების ეპოქაში, ასევე სვანეთში თავს ვგრძნობდი “ურარტუელთა” ეპოქის წარმართული კულტურის ატმოსფეროში. მეტიც _ ვეშაპების (,ვმშთამ) თაყვანისმცემელთა გარემოცვაში”.

რა ვუყოთ იმ ათასწლეულებს და იმ წარმართულ ეპოქას, რომელსაც ლეგენდარული აკადემიკოსი სვანეთს შორეული წარსულიდან უყურებს მსოფლიოს მომავალი ცივილიზაციის ფონზე?!

ხელისუფლების მოხარკე “ისტორიკოსთა” თუ “ინტელიგენტუნების” ხუშტურების გამო მივატოვოთ მშობლიური ენა სვანებმა და მეგრელებმა?

1893 წლის 18 მარტს სვანეთის ისტორიის, ენისა და ეთნოგრაფიის მკვლევარმა, ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლმა და მეგობარმა ბესარიონ ნიჟარაძემ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს _ გიორგი წერეთელს სვანეთიდან წერილი გაუგზავნა. ის სიხარულით აუწყებდა, რომ ჩამოაყალიბა სკოლა, რომელშიც 36 ბავშვი სწავლობს, რომ სვანი ბავშვები ადვილად ითვისებენ ქართულ ენას (ნეტავ, რომელ ენაზე საუბრობდნენ, ვიდრე სკოლა გაიხსნებოდა და რომელი იყო მათი მშობლების ენა? _ გრ. ონიანი).

ჩემს ბავშვობაშიც კი, 1940-1950-იან წლებში, ქვემო სვანეთში ქართულ ენას ლეჩხუმურ ენას უწოდებდნენ. ცოლი თუნდაც კახელი შეგერთო, სვანები მაინც იტყოდნენ, ლეჩხუმელი ქალი მოუყვანიაო.

სვანეთის ისტორიის უდიდესი მკვლევარი ნიკო ბერძენიშვილი შესანიშნავად აყალიბებს სვანეთის განვითარების ეტაპებს:

“სვანეთი, რა თქმა უნდა, უძრავი და ერთ წერტილზე გაყინული არ ყოფილა და სვანეთის ყველა ნაწილი განვითარების თანაბარ სიმაღლეზე არ მდგარა. ამის კვალად იცვლებოდა სვანთა იდეოლოგია გვაროვნული წყობილებიდან ფეოდალურ ურთიერთობამდე (ფეოდალურ ურთიერთობას ნაზიარები სვანები კარგავდნენ “სვანობას”, ქართველგლეხდებოდა _ ზემო რაჭა, ლეჩხუმი, მეგრელგლეხდებოდა _ ხობის წყლის სვანეთი), მაგრამ სვანეთი, ძირითადად, მაინც გადაურჩა ფეოდალური ურთიერთობის შეტევას, მან ვერ შეაღწია ამ ბედნიერ ქვეყანაში და მას მხოლოდ კიდეები მოაჭამა” (ნ. ბერძენიშვილი, “საქართველოს ისტორიის საკითხები”, 1990 წელი, გვ. 425_426).

არსენ ონიანი, რომელიც 1873 წელს დაიბადა ლაშხეთის თემის ქვემო სვანეთის რაიონის სოფელ სასაშში, ცაგერის რაიონის სოფელ ორბელის დაწყებით სკოლაში მისულა, “რადგან იმ დროს სვანეთში სკოლები არსად არ არსებობდა” (გასარკვევია, რომელ ენაზე სწავლობდნენ ან საუბრობდნენ საუკუნეების განმავლობაში სვანები _ გრ. ონიანი).

აქვე გაახლებთ საქართველოს ეროვნული აკადემიის არქივიდან ამოღებულ არსენ ონიანის ავტობიოგრაფიის ფოტოასლს. (იხ. სურათი)

1910 წლიდან არსენ ონიანი სამეცნიერო საქმიანობაში იყო ჩართული პროფესორ ნიკო მარის მითითებით. არსენ და მელიტონ ონიანების ეზოში, სადაც დიდი კაკლის ხე დგას, დღესაც შემორჩენილია უზარმაზარი ფლეთილი ქვის ფილა (კა), რომელიც ასევე ქვის საყრდენებზე დგას. ნიკო მარი 1910 წელს, სვანეთში მოგზაურობის პირველ წელს, სწორედ არსენ ონიანის ოჯახში ათევდა ღამეს და მუშაობდა სვანური ენის შესწავლაზე. ალბათ, შესვენებისას ლითონის ბასრწვერიანი საგნით (დანის წვერით, ლურსმნით ან წაწვეტებული ფოლადის ჩხირით) ფლეთილ ქვაზე, კაზე, ამოუტვიფრავს თავისი სახელი და გვარი: “ნიკო მარი. 1910 წელი”.

სვანეთის ყველა ძვირფასი სტუმარი არსენ და მელიტონ ონიანების სახლში უნდა დაბინავებულიყო. ეს ის პერიოდია, როდესაც, მიუხედავად უგზოობისა და მძიმე მატერიალური მდგომარეობისა, სვანეთში მეცნიერული კვლევის ჩატარების მნიშვნელობა, მათ შორის ენათმეცნიერების თვალსაზრისით, განუზომლად დიდი იყო.

 სხვადასხვა დროს სვანეთს სტუმრობდნენ ვარლამ თოფურია, კორნელი კეკელიძე, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ახვლედიანი და სხვა ისტორიკოსი თუ ენათმეცნიერი.

ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერები და კიდევ მრავალი სხვა, სწორედ არსენ და მელიტონ ონიანებს სტუმრობდნენ რეგულარულად.

ვინც კი ჩამოჯდებოდა იმ მაგიდასთან, რომელზეც 1910 წელს ნიკო მარმა ავტოგრაფი დატოვა, იმნაირადვე ტოვებდა ავტოგრაფს (მხოლოდ მეცნიერები, სხვას უფლება არ ჰქონდა), როგორიც დიდ ნიკოს ჰქონდა გაკეთებული. როცა უკვე სტუდენტი ვიყავი, ხოლო დიდი არსენ ბაბუა გარდაცვლილი (იგი 1947 წელს გარდაიცვალა), არსენ ონიანის ძმა მელიტონ ონიანი გვიყვებოდა, სვანეთში მეორედ 1911 წელს ჩამოსული ნიკო მარი ამ მაგიდაზე ავალებდა ჩემს ძმას სვანურად “ვეფხისტყაოსნის” თარგმნასო: “ეს სასარგებლო იქნება, როგორც მოსახლეობისთვის, რომლის 80%-მა არ იცის ქართული ენა, ხოლო აუცილებელი იქნება მეცნიერებისთვის, რათა ფართო პლანში დაინახონ ქართული და სვანური სიტყვების ძირების ერთგვაროვნება და მათი ურთიერთშერწყმის თავისებურებანი”.

არსენ ონიანმა ძალიან შრომატევად სამუშაოდ ჩათვალა დავალების შესრულება, მაგრამ ნიკო მარმა მას ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა და დაარწმუნა ამ დიდი საქმის შესრულების აუცილებლობაში.

“არსენა ძალიან დაკავებული იყო თავისი საქმით, _ განაგრძობდა მელიტონი, _ თავს ევლებოდა მის მიერ გახსნილ 4-წლიან სასწავლებელს, სადაც სულ 11 მოსწავლე ჰყავდა, იყო სოფლის მღვდელი, რაიონული მოსამართლე (შემცვლელი). ამასთანავე, მთელი ღამის განმავლობაში იჯდა ლამპის შუქზე და ჩაჰკირკიტებდა ხან “ვეფხისტყაოსნის” ტექსტს და ხან _ თარგმანს. ამუშავებდა ლექსიკოგრაფიის მასალებს, აგროვებდა სვანური ლეგენდების, შელოცვების, ზღაპრებისა და ლოცვების ტექსტებს და გადაჰქონდა იგი ქაღალდზე. ჩემი ძმა ძალიან მოწესრიგებული, პატიოსანი და შრომისმოყვარე კაცი იყო, ის ძალიან უყვარდათ იმხანად ცნობილ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებსაც კი რამე შეხება ჰქონდათ სვანეთთან”.

ასე გაჩნდა “ვეფხისტყაოსნის” სვანურად თარგმნის იდეა.

დაასრულა თუ არა თარგმნა, და, თუ დაასრულა, სად იყო ნათარგმნი ტექსტი “ვეფხისტყაოსნისა”, არავინ იცოდა. ნათარგმნიდან ვიცოდი მხოლოდ რამდენიმე სტროფი, რომლებსაც სუფრასთან შექეიფიანებულ ჩემს მეგობრებს ვუკითხავდი ხოლმე. ეს სამი თუ ოთხი სტროფი მალე მთავრდებოდა, მაგრამ რიტმითა და რითმით ძალზე მომხიბვლელად ნათარგმნი უკვდავი შოთას სტრიქონები სასიამოვნოდ ისმოდა და მეგობრებიც დაჟინებულად მთხოვდნენ კითხვის გაგრძელებას, მაგრამ, საუბედუროდ, მეტი არ ვიცოდი.

სულ ვფიქრობდი, რატომ არ უნდა მოინახოს თარგმანი, რომელიც ბუნებაში არსებობს და რომლის პოვნაც შესაძლებელია-მეთქი. ცდა არ დამიკლია, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ერთხელ აკადემიკოს ნიკო მარის სვანეთში მოგზაურობაზე მასალას ვამზადებდი გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” და საჭირო ცნობების მოსაძიებლად გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მივაშურე, სადაც ამაგდარი პატრიოტი სვანი, სამუზეუმო საქმის უბადლო მცოდნე და სვანეთზე მასალების შემგროვებელი შადურ შუკვანი მეგულებოდა.

შადურ შუკვანი მუზეუმში დამხვდა. მან უძვირფასესი მასალები გადმომცა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც, ნიკო მარის მასალებთან ერთად, ლენინგრადში ნიკო მარის რედაქციით გამოცემული არსენ ონიანის სამი წიგნიც მაჩვენა.

_ ხომ ძვირფასი რამ მაჩუქე, ჩემო შადურ, მაგრამ ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი, ჩემი დიდი ბაბუის _ არსენ ონიანის მიერ ნათარგმნი “ვეფხისტყაოსნის” თუნდაც ერთი გვერდი მაინც რომ მქონოდა, _ ვუთხარი მასპინძელს.

_ ბატონო გრიშა, ერთი გვერდი რა ბედენაა, მესტიის სახელმწიფო მუზეუში მუშაობდა დავით ნიჟარაძე, სვანური ჯვარხატების, ხელნაწერებისა და საეკლესიო სიმდიდრის მესაიდუმლე და პატრიარქი, სწორედ მის სახლში ინახება არსენ ონიანის მიერ ნათარგმნივეფხისტყაოსნისუნიკალური ხელნაწერი, რომელიც არაერთხელ ამიღია ხელში და ბევრჯერ წამიკითხავს. მე თვითონ დავურეკავ ქალბატონ ნანას, დავითის ქალიშვილს, და ნათარგმნ ტექსტს აუცილებლად მოგიტანთ.

აღარ ვიცოდი, სიხარულისაგან რა მეთქვა და რა მექნა, მოპოვებული მასალები სულ დამავიწყდა და მთელი ყურადღება თარგმანის მოპოვებაზე გადავიტანე. გარდაბანი სასწრაფოდ დავტოვე. მასპინძელს უღრმესი მადლობა გადავუხადე და თბილისისკენ გამოვემართე. გამახსენდა, რომ მესტიაში ჩემი უახლოესი მეგობარი და ახლობელი ივერი ჭელიძე იმყოფებოდა. ტელეფონზე ივერის მობილურის ნომერი ავკრიბე:

_ ივერ, მესტიის მუზეუმში შენი მეუღლის, აწ გარდაცვლილი ქალბატონი ნელის მუშაობისას, იქ, აგრეთვე, მუშაობდა ბატონი დავით ნიჟარაძე, სწორედ მის ოჯახში ინახება არსენ ონიანის მიერ თარგმნილი “ვეფხისტყაოსანის” ხელნაწერი. უმორჩილესად გთხოვ, ახლავე მიდი ნანასთან და ჩემი უმდაბლესი და უდიდესი თხოვნა გადეცი, რომ დაგვიბრუნოს ან გვათხოვოს რამდენიმე დღით ეს ხელნაწერი.

ივერ ჭელიძემ მითხრა, ჩათვალე, თარგმანი უკვე სახლში გაქვს, ნანა ჩემი ახლობელი და ძალიან კარგი ქალბატონია და ამ თხოვნაზე უარს არ გვეტყვისო.

მიუხედავად ივერი ჭელიძის უამრავი თხოვნახვეწნისა, ტელეფონით ჩემი მრავალგზის ვედრებისა და შადურ შუკვანის შეწუხებისა, დავით ნიჟარაძის ოჯახიდან ხელნაწერი ვერ გამოვიტანეთ. ჩემი შვილის, დათუნას ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, გული ამაზე მეტად აღარაფერზე დამწყვეტია (ვფიქრობ, მომავალში მაინც გავარკვიო და ავხსნა ეს გაუგებრობა).

გავიდა ხანი. ჩემი უსაყვარლესი დეიდაშვილის _ თენგიზ გაზდელიანის და გულიკო გაზდელიანი-ნემსაძის ტელეფონით დამიკავშირდა.

_ გრიშა, თარგმანი ნაპოვნია. ხვალ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული თავის კაბინეტში გელოდებათ.

ის ღამე ძალიან გაგრძელდა, დილით ენათმეცნიერების ინსტიტუტს მივაშურე. კიბეზე რომ ავდიოდი, გული ამოვარდნაზე მქონდა, _ ვაითუ კიდევ რაღაც ფათერაკი მოხდეს-მეთქი. ინსტიტუტის დირექტორს, ავთანდილ არაბულს, მისაღებში შევეფეთე. ინსტიქტურად სიხარულით გადავეხვიე და გადავკოცნე, ის კი კაბინეტში დინჯად შემიძღვა და სავარძლისკენ მიმითითა, თვითონ კი კარადისკენ წავიდა. იქიდან უშველებელი, შავ ყდაში მოქცეული გაყვითლებული ფურცლების გროვა გადმოიღო, რომელიც ნაჭრის ლენტით იყო შეკრული. შემდეგ ღიმილით გადმომაწოდა და მითხრა: “აი ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ეძებდით”.

თვალზე ცრემლი მომადგა. გარეკანი საკმაოდ ძველი მომეჩვენა, მაგრამ მაინც გულში ჩავიკარი და კოცნა დავუწყე.

ასე შევხვდი, უამრავი წლის ძებნის შემდეგ, ჩემთვის ყველაზე საოცნებო ხელნაწერს, რომელიც სულ მალე სამზითვო წიგნად იქცევა ჩვენს გვარში და, შეიძლება, მთელ სვანეთშიც.

აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთელმა კოლექტივმა დახმარება აღმითქვა ხელნაწერის სრულყოფის საქმეში. მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და წიგნიც მალე იხილავს მზის სინათლეს.

გრიგოლ ონიანი

6 COMMENTS

  1. ქართველებო! ეს ჩვენი სიმდიდრეა, გაურთხილდეთ ყველა კუთხე-კუნჭულს.

  2. ვტირი… მეტის თქმა შეუძლებელია …ეს სიხარულის ცრემლია ამ და იმ სახელოვან წინაპართა არსებობამ და მოღვარეობამ რომ ჩამომადინა…
    ჩვენ გამოვიარეთ გმირული აპოპეის საუკუნენი ჩვენ ვართ და ვიქნებით სამუდამ-ჟამოდ სახელ -დიდებით მკვიდრნი ამა სოფლისანი

  3. ამეტირა რომ ვკითხულობდი…ძალიან ემოციური და საამაყოა თქვენი მცდელობა და მიღწეული მიზანი.დიდი მადლობა გაწული შრომისთვის და მომავალ თაობებზე ზრუნვისთვის.ჩემი შვილები აუცილებლად ისაუბრებენ სვანურ ენაზე.

  4. ბატონო გრიგოლ ცხონებულ თენგო ფერცულიანისაგან მქონდა მოსმენილი და შევისწავლე რამოდენიმე სტროფო სვანურად ვეფხვის ტყაოსნიდან ასეთი ჟღერადი არმონიული რითმებით გაწყობილი სტროფები სვანურ ენაზე არ გამეგონა არ ვიცოდი მთლიანი თარგმანიც თუ არსებობდაგთხოვთ არ დაუკარგოთსვანედს საუნჯე სასწრაჯოდ გამოვცეთ ეს დიდებული პოემა სვანურად სანამ კიდევ დარჩენილან სვანურად მოლაპარაკე სვანები დიდი პატივისცენით და სიყვარულით სვანეთის მახვშო

  5. კეთილი საქმეების მკეთებელო კარგო კაცო როდის გვეღირსება ”ვეფხისტყაოსანი”.

  6. ჩოლარის თემში ცხოვრობდა თენგიზ ბაბლუანი , რომელიც ზეპირად ამბობდა მის მიერ სვანურად თარგმნილი ვეფხისტყაოსანს. ჩოლურის თემში დიდმაც და პატარამაც და საერთოდ ქვემო სვანეთში მცხოვრებთა უმრავლესობამ ეს იცოდა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here