Home რუბრიკები ისტორია სტალინური კადრები

სტალინური კადრები

991

კადრები წყვეტენ ყველაფერს!”

ჩემი სტატიები, რომლებიც რეგულარულად იბეჭდება გაზეთსაქართველო და მსოფლიოში”, ძირითადად აგებულია სხვა ადამიანების შეხვედრების დეტალურ აღწერაზე. დღეს ოდნავ გადავუხვევ ჩემს სტილს და მოგითხრობთ ადამიანზე, რომელთანაც უამრავი შეხვედრა მქონია, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

სტალინი წერს:

რუსული რევოლუციური გაქანების შეერთება ამერიკულ საქმიანობასთან გვაძლევს ახალი ქვეყნის მშენებლის დამთავრებული ტიპის მუშაკს (სტალინილენინიზმის საკითხების შესახებ”. 1935 . გვ. 92-93).

სწორედ ასეთი ტიპის ხელმძღვანელად მიმაჩნდა და მიმაჩნია აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

სტალინი იმავე ნაშრომში იქვე შენიშნავს, თუ რას ნიშნავს რუსული “რევოლუციური გაქანება”:

რუსული რევოლუციური გაქანება უმოქმედობის, რუტინის, კონსერვატიზმის, აზროვნების გაყინვის, ტრადიციებისადმი მონური მორჩილების საწინააღმდეგო წამალია. რუსული რევოლუციური გაქანება _ ეს არის მაცოცხლებელი ძალა, რომელიც აღვიძებს აზრს, წინ მიჰყავს, ამსხვრევს წარსულს, იძლევა პერსპექტივას. უამისოდ შეუძლებელია რაიმე წინსვლა, მაგრამ ამას აქვს ყველა შანსი, პრაქტიკაში დაინერგოს უბრალო რევოლუციურმანილოვშინად” (კეთილდღეობის უსაფუძვლო მოლოდინი, გარემოსადმი ილუზორული დამოკიდებულება _ გრ. ონიანი), თუ იგი შეერთებული არ იქნება ამერიკულ საქმიანობასთან.

ამერიკული საქმიანობა პირიქით _ “რევოლუციური” “მანილოვშინისადა ფანტაზიორობის საწინააღმდეგო წამალია. ამერიკული საქმიანობა _ ეს არის ის დაუცხრომელი ძალა, რომელმაც არ იცის, რა არის დაბრკოლება Dდა არ ცნობს მას; რომელიც თავისი ბეჯითი საქმიანობით სპობს ყველანაირ დაბრკოლებას; რომელსაც არ შეუძლია, ბოლომდე არ მიიყვანოს დაწყებული საქმე, გინდაც პატარა იყოს, და ურომლისოდაც შეუძლებელია სერიოზული აღმშენებლობითი მუშაობა. მაგრამ ამერიკულ საქმიანობას აქვს ყველა შანსი, გადაიქცეს წვრილმან და უპრინციპო საქმოსნობად, თუ ის შეერთებული არ იქნება რუსულ რევოლუციურ გაქანებასთან. ვინ არ იცის წვრილმანი პრაქტიციზმისა და უპრინციპო საქმოსნობის სენი, რომელსაც ზოგიერთიბოლშევიკიხშირად გადაგვარებამდე მიჰყავს და აშორებს მას რევოლუციის საქმეს?

 სწორედ რუსული რევოლუციური გაქანების შეერთება ამერიკულ საქმიანობასთან არის პარტიული და სახელმწიფოებრივი მუშაობის დედაარსი. სწორედ ასეთი შეერთება გვაძლევს ქვეყნის მშენებლის დასრულებულ ტიპს”.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ახალგაზრდა ქართველ პატრიოტსა და ორგანიზატორ ნოდარ ჭითანავას ყოველთვის ჰქონდა თავისი ფუნქცია და გავლენა არა მხოლოდ საქართველოს პარტიულ და სამეურნეო ელიტაში, არამედ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმშიც, სადაც ერთ-ერთ კომისიას თავმჯდომარეობდა.

რა პრინციპებით გაიზარდა ნოდარ ჭითანავა, როგორც ოჯახში, ისე პარტიაში? შეიძლება თამამად ითქვას _ სტალინური პრინციპებით.

სტალინი წერს:

მინდა, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ადამიანთა შერჩევასა და მათ გამოყენებაზე. ჩვენში არის მუშაკების ორი ტიპი, რომლებიც აფერხებენ ჩვენს მუშაობას, ხელს უშლიან ჩვენს მუშაობას, ხელს გვიშლიან წინსვლაში.

მუშაკთა ერთი ტიპი _ ესენი არიან წარსულში გარკვეული დამსახურების მქონე ადამიანები, რომლებიც დიდკაცებად იქცნენ, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარტიული და საბჭოთა კანონები დაწერილია არა მათთვის, არამედ ბრიყვებისთვის. Eეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთ მოვალეობად არ მიაჩნიათ, შეასრულონ პარტიისა და მთავრობის გადაწყვეტილებები და რომლებიც ანგრევენ პარტიული და სახელმწიფოებრივი დისციპლინის საფუძვლებს. რისი იმედი აქვთ მათ, როდესაც პარტიულ და საბჭოთა კანონებს არღვევენ? იმის იმედი აქვთ, რომ საბჭოთა ხელისუფლება, ძველი დამსახურების გამო, ვერ გაბედავს, ხელი ახლოს მათ. ეს თავგასული დიდკაცები ფიქრობენ, რომ ისინი უბადლონი არიან და, რომ შეუძლიათ დაუსჯელად დაარღვიონ ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები. რა უნდა ვუყოთ ასეთ მუშაკებს? ისინი უყოყმანოდ უნდა მოვხსნათ ხელმძღვანელი პოსტებიდან, მიუხედავად მათი დამსახურებისა წარსულში. ისინი უნდა გადავაყენოთ თანამდებობიდან და ეს პრესაში გამოვაქვეყნოდ. Eეს აუცილებელია იმისათვის, რომ ამ თავგასულ დიდკაცბიუროკრატებს რიხი შევუმციროთ და კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ განვამტკიცოთ პარტიული და საბჭოთა დისციპლინა ჩვენს მუშაობაში.

ახლა კი _ მეორე ტიპის მუშაკების შესახებ. მხედველობაში მყავს ტიპი მოლაყბეებისა, მე ვიტყოდი, პატიოსანი მოლაყბეებისა, საბჭოთა ხელისუფლებისადმი ერთგული პატიოსანი ადამიანებისა, მაგრამ, რომლებსაც არ აქვთ ხელმძღვანელობის უნარი, არ აქვთ რაღაცის მოწყობის უნარი. შარშან საუბარი მქონდა ერთერთ ასეთ ამხანაგთან, ძალიან პატივცემულ ამხანაგთან, მაგრამ გამოუსწორებელ მოლაყბესთან, რომელსაც შეუძლია ცოცხალი საქმე ჩაახჩოს ლაყბობაში. აი ეს საუბარი:

მე: _ როგორ არის თქვენში თესვის საქმე?

ის: _ თესვის საქმე, ამხანაგო სტალინ? ჩვენ ჩავატარეთ მობილიზაცია.

მე: _ მერე?

ის: _ ჩვენ პირდაპირ დავსვით საკითხი.

მე: _ შემდეგ.

ის: _ ჩვენ გვაქვს გარდატეხა, ამხანაგო სტალინ, მალე გვექნება გარდატეხა.

მე: _ მაინც?

ის: _ ჩვენში ისახება ძვრები.

მე: _ კი მაგრამ, მაინც რა მდგომარეობაა თქვენთან თესვის მხრივ?

ის: _ თესვის საქმეში ჯერ არაფერი გამოდის, ამხანაგო სტალინ.

აი მოლაყბე. მათ მოახდინეს მობილიზაცია, პირდაპირ დასვეს საკითხი, მათ აქვთ გარდატეხაც, ძვრებიც, საქმე კი ადგილიდან არ იძვრის.

სწორედ ისე, როგორც ამას წინათ დაახასიათა ერთმა უკრაინელმა მუშამ ერთერთი ორგანიზაციის მდგომარეობა, როცა მას ჰკითხეს ამ ორგანიზაციის ხაზის შესახებ: “რაც შეეხება ხაზსხაზი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ მუშაობა არ ჩანს”. ეტყობა, ამ ორგანიზაციასაც ჰყავს თავისი პატიოსანი მოლაყბეები.Dდა როცა პოსტიდან ხსნი ასეთ მოლაყბეებს და გზავნი რაც შეიძლება შორს ოპერატიული სამუშაოდან, ისინი ხელებს გაშლიან და გაკვირვებული კითხულობენ: “რატომ გვხსნით? Fგანა ჩვენ არ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა საქმისთვის? განა ჩვენ არ მოვიწვიეთ დამკვრელთა შეკრება? განა ჩვენ დამკვრელთა კონფერენციაზე არ გამოვაცხადეთ პარტიისა და მთავრობის ლოზუნგები? განა ჩვენ არ ავირჩიეთ საპატიო პრეზიდიუმი ცენტრალური კომიტეტის მთელი შემადგენლობით? განა არ გავუგზავნეთ მისალმება ამხანაგ სტალინსრაღა გინდათ ჩვენგან?”

რა უნდა ვუყოთ ამ გამოუსწორებელ მოლაყბეებს? თუ მათ დავტოვებთ ოპერატიულ სამუშაოზე, ხომ შეუძლიათ ყოველი ცოცხალი საქმე ჩაახრჩონ წყალწყალა და გაუთავებელი სიტყვების ნიაღვარში. აშკარაა, რომ საჭიროა მათი დათხოვნა ხელმძღვანელი პოსტებიდან და გადაყვანა არაოპერატიულ სამუშაოზე. მოლაყბეები არ უნდა იყვნენ ოპერატიულ სამუშაოზე”.

სტალინის ფრაზები სამაგალითოდ იმიტომ მოვიყვანე, რომ საქართველოში დღესაც ბევრია ადამიანი, რომლებსაც პატიოსნების ეტალონად მიაჩნიათ ბატონი ნოდარ ჭითანავა, რომლის შრომისუნარიანობაზე, სიწმინდესა და პატიოსნებაზე ადამიანური მორალის კოდექსიც შეიძლება დაიწეროს.

ნოდარ ჭითანავა სოფლის მეურნეობის მინისტრად პარტიის ერთ-ერთი დიდი რაიონული კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობიდან გადმოიყვანეს. ახალდანიშნული იყო მინისტრად, როდესაც მასთან ლეგენდარულმა აკაკი მგელაძემ წარმადგინა, როგორც აგროსამრეწველო გაერთიანების მთავარი აგრონომი, და შუამდგომლობა გამიწია დიღმის მებოსტნეობა-მერძევეობის დირექტორად დანიშვნაზე თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ახალდანიშნული მინისტრი კარგად არ მიცნობდა, ენდო სახელმოხვეჭილ მხცოვან ხელმძღვანელ აკაკი მგელაძეს და ჩემი დირექტორად დანიშვნის ბრძანებაც დაიწერა.

სულ მალე, როგორც საგარეუბნო ზონის ერთ-ერთი მსხვილი მეურნეობის დირექტორი, ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებაში მიმიწვიეს და ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად განიხილეს ჩემ მიერ წარდგენილი დიღმის მეურნეობის ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმა, რომელმაც გაცხოველებული კამათი გამოიწვია. ყველაზე მეტად ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი პეტრე ჟღენტი აქტიურობდა, რომელსაც არ სურდა ძველი დოგმებიდან გადახვევა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მინისტრმა მხარი დაუჭირა ჩემს თვალსაზრისსა და მოთხოვნას მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის შეცვლის თაობაზე და საგეგმო კომიტეტსაც შესაბამისი მითითება მიეცა.

მეურნეობაში საქმიანობა ნორმალურად მიმდინარეობდა, მის განვითარებას მხარს უჭერდა, როგორც აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე აკაკი მგელაძე, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ნოდარ ჭითანავა.

დილით, ოპერატიული თათბირის შემდეგ, ჩემთან კაბინეტში ვაჭრობის ერთი ცნობილი მუშაკი შემოვიდა და მაგიდაზე დამიდო დაკეცილი ფურცელი, რომელზეც ეწერასაქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოშემდეგ კიგანკარგულება”.

“განკარგულება” მავალებდა, “ცეკავშირისთვის” გადამეცა თბილისში შემოსასვლელ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე “სოკოს სახლი” თავისი 5 ჰექტარი მიწის ფართობით.

“განკარგულება” ისევ ისე დავკეცე, როგორც გადმომცა, და უკან დავუბრუნე ვაჭრობის მუშაკს.

_ მე ამას არ შევასრულებ, _ პრინციპულად განვუცხადე.

მან კი რიხით მითხრა, რომ ეს მინისტრთა საბჭოს განკარგულება იყო.

ამის შემდეგ სტუმარმა კაბინეტი დატოვა, მე კი ჩემი საქმე განვაგრძე. ორი საათის შემდეგ მინისტრ ნოდარ ჭითანავას კაბინეტში “სმირნაზე” ვიყავი გაჭიმული.

_ რატომ არ ასრულებთ მინისტრთა საბჭოს განკარგულებას? _ მომმართა მინისტრმა.

_ მიწის კანონმდებლობის თანახმად, რომელიც ჯერ კიდევ სტალინის პერიოდში შეიქმნა, არავის აქვს უფლება, ხელი ახლოს კოლმეურნეობისა და მეურნეობის კუთვნილ მიწას, თუ მისი ხელმძღვანელის, კოლმეურნეობის თავმჯდომარის ან დირექტორის თანხმობა და ხელისმოწერა არ იქნება დასმული დოკუმენტზე. აღნიშნულ “განკარგულებაზე” კი დირექტორის თანხმობა არ არის და ამიტომ ჩავთვალე, რომ “განკარგულება” არაკანონიერი იყო, _ დაბეჯითებით ვუპასუხე მინისტრს.

ბატონმა ნოდარმა სწრაფად აიღო ტელეფონის ყურმილი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილს დაუკავშირდა:

_ გივი დიმიტრის ძევ, ჩემთან არის მეურნეობის დირექტორი ონიანი, მას მტკიცე არგუმენტები აქვს, რომ განკარგულება არასრულფასოვანია. მასზე არ არსებობს დირექტორის თანხმობა. ონიანს ვეთანხმები და აღნიშნული ობიექტის გადაცემაც, ვფიქრობ, არ მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას გამოტანილი ჰქონდა “განკარგულება”, როდესაც სამართლიან წინააღმდეგობას წააწყდა, ეს “განკარგულება” გააუქმა.

სატყეო მეურნეობის სამინისტრომ (მინისტრი მიტროფანე კუჭავა) გადაწყვიტა, თავის მფლობელობაში გადაეტანა სოფელი ლისი და მისი 1200 ჰექტარი მიწის ფართობი. ეს ამბავი შევიტყვე მაშინ, როდესაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ექსპარცეტს კომბაინებით ვიღებდი და სასენაჟე ორმოებში ვაბინავებდი.

სათიბში მოსული მინისტრის ორი მოადგილე მივატოვე და გეზი სოფლის მეურნეობის სამინისტროსაკენ ავიღე. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მოსაცდელში ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, სამუშაო ფორმაში, ზურგზე ბალახდაყრილი ურიგოდ შევედი მინისტრთან.

როგორც კი კარი შევაღე, მინისტრს გაბრაზებულმა ვუთხარი, თუ რძე, ხორცი და ბოსტნეული ქალაქს არ სჭირდება, რაღას გვაწვალებთ და გვაჩხუბებთ ამ ხალხთან. მთელი სატყეო მეურნეობის სამინისტრო ლისის ტერიტორიაზე მოვიდა და ფართობებს იზომავენ-მეთქი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლისი დადგენილებით ყოფილა გადაცემული სატყეო მეურნეობის სამინისტროსთვის, სანამ ბატონი ნოდარ ჭითანავა მინისტრად, ხოლო მე დირექტორად დავინიშნებოდი, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან თვით დადგენილება (რომელიც შემდგომში გაუქმდა) თავისი არსით იყო მიუღებელი და მავნებლური.

მინისტრი ფეხზე წამოდგა. ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ოდნავ გაიღიმა და მთხოვა, ცოტა ხანს მოსაცდელში გავსულიყავი.

_ მერე ვეღარ შემოვალ, იქ ბევრი ხალხია, მითხარით, რა ვქნა.

_ არავის შემოუშვებენ, მალე შემოხვალ.

როგორც კი კარი მივხურე, ერთ-ერთმა მთხოვნელმა შესვლა დააპირა, მაგრამ მდივანმა კატეგორიულად განუცხადა, მინისტრი ტელეფონზე საუბრობს და კაბინეტში ვერავის შეგიშვებთო. ცოტა ხანში მინისტრმა სელექტორზე დარეკა და მდივანმა შესვლა მთხოვა.

_ ოჯახში პატიმარი ხომ არავინ გყავთ ან საზღვარგარეთ? – მკითხა მინისტრმა.

_ არავინ, _ ვუპასუხე.

პაპანაქება ზაფხული იყო. მინისტრმა ბრძანა, გარეთ გავყოლოდი. ჩიტაძის ქუჩა გადავჭერით და ცენტრალური კომიტეტის შენობაში შევედით… მეორე დღეს, დილის 8 საათი იქნებოდა, როდესაც მინისტრის პირველი მოადგილე დუგლას ნიკურაძე და მე ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ ორჯონიკიძეს მივუახლოვდით. ასე აღმოვჩნდი ნოდარ ჭითანავას ძალისხმევით ყიზლარის ზამთრის საძოვრების უფროსად.

მინისტრის მიერ სამთავრობო სატელეფონო სადგური გაფრთხილებული იყო, თუ ჩემი ზარი შევიდოდა კომუნტატორში ჩრდილოეთ კავკასიიდან, აუცილებლად დავეკავშირებინეთ მასთან.

ზამთრის საძოვრებზე ცხვრის გადარეკვისას სტანიცა იშორიდან დაბა კოჩუბეიში დაშიფრული ტელეგრამა მივიღე:

“თერგი ადიდდა და იშორის ხიდთან თერგის ორმა ნაკადმა შუაში მოიქცია 3000 სული ცხვარი და 6 მწყემსი, მოგვეშველეთ”.

მინისტრს პირველს უნდა სცოდნოდა მოსალოდნელი უბედური შემთხვევის თაობაზე და, ამბავი მთავრობის სხვა წევრებისაგან რომ არ შეეტყო, სასწრაფოდ მოვთხოვე სამთავრობო კომუნტატორს მინისტრთან დაკავშირება. გაირკვა, რომ ნოდარ ჭითანავა პარტიის აფხაზეთის პლენუმზე სიტყვით გამოდიოდა. როდესაც პლენუმის პრეზიდიუმში ჩოჩქოლი ატყდა, _ ჩრდილოეთ კავკასიიდან მინისტრთან დაკავშირება სურთო, მინისტრმა ტრიბუნიდან იკითხა, რა ხდებაო. როდესაც უთხრეს, ხაზზე კოჩუბეიაო, მინისტრმა საოლქო კომიტეტის მდივანს სთხოვა სიტყვის გაგრძელება, თვითონ კი ტელეფონთან მოვიდა.

_ რა ხდება, ხომ არაფერი გიჭირს?

_ 3000 სული ცხვარი და 6 მწყემსი იშორის ხიდთან მდინარე თერგის 2 ტოტს შორის არის მოქცეული, სასწრაფოდ გვჭირდება ვერტმფრენები და სამხედრო ნავტიკები.

_ ახლავე ყველა ზომას მივიღებ, _ გაისმა ყურმილში და ტელეფონიც გაითიშა.

 შემდეგ ცენტრალურ კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოსაც ვაცნობე ვითარების შესახებ და სასწრაფოდ გროზნოსკენ ავიღე გეზი. ედუარდ შევარდნაძის მეგობარს, ჩეჩნეთ-ინგუშეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივან ვლასოვს უკვე მიღებული ჰქონდა თბილისიდან შეტყობინება და ადგილზე ვერტმფრენების მობილიზაციას ხელმძღვანელობდა. პირველმა მდივანმა მანქანაში ჩამსვა და სამხედროების თანხლებით იშორის ხიდისკენ გავემგზავრეთ. როდესაც შემთხვევის ადგილს ვუახლოვდებოდით, იქვე ახლოს, საძოვარზე ვერტმფრენი დაეშვა. ვლასოვმა მითხრა, ალბათ, ედუარდ ამბროსის ძე ჩამოვიდაო, მაგრამ, ადგილზე რომ მივედით, ვერტმფრენიდან ნოდარ ჭითანავა გადმოვიდა. ვლასოვი და ჭითანავა კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და სწრაფი ნაბიჯით ხიდისკენ გავეშურეთ.

იქ უამრავ ხალხს მოეყარა თავი და ყველა ხიდის ქვეშ დამაგრებულ წყლის საზომ ლარტყას აკვირდებოდა _ იკლებდა თუ იმატებდა წყლის დონე მდინარის კალაპოტში. კუნძული კი ნელ-ნელა იტბორებოდა წყლით. ვერტმფრენიდან თოკის კიბე ჩაუშვეს წყლით დაფარულ კუნძულზე, სადაც ცხვრები, ძაღლები და ადამიანები ერთ ხმაში ბღაოდნენ.

გამაოცა ძაღლებისა და ცხვრების ურთიერთობამ. ძაღლები, როგორც სანიტრები, ისე უვლიდნენ გარშემო ცხვრის ფარას და წყალში ტოპავდნენ. მეცხვარეები კი ხეებზე ასულიყვნენ და იქედან დაჰყურებდნენ შეშინებულ ცხოველებს. თოკის კიბეს არც ერთი მწყემსი არ ამოჰყოლია ვერტმფრენში, მათ ცხვრები არ მიატოვეს, ხოლო 3000 ცხვრის აყვანა ვერტმფრენზე შეუძლებელი იყო. მდგომარეობა კატასტროფული ჩანდა. თუ წყლის დონე 30-40 სანტიმეტრით მოიმატებდა, გარდა ხეზე ასული 6 კაცისა, კუნძულზე აღარაფერი გადარჩებოდა. არსებული მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში კი გადარჩენის მცდელობას აზრი ჰქონდა.

სამხედროებმა გასაბერი ხიდები მოიტანეს, მაგრამ მასზე ცხვრის გამოტარება შეუძლებელი იყო, რადგან ისინი დინებას მიჰქონდა. ასე დაგვაღამდა, მაგრამ ადგილიდან ფეხი არავის მოუცვლია. ყოველ ნახევარ საათში იშორაზე დადგმული მორზეს გადამცემი აპარატი შეუსვენებლად კაკუნობდა, იღებდა და გადასცემდა ცნობებს არსებული მდგომარეობის შესახებ. გამთენიისას რადისტმა ქალმა გვამცნო, რომ ჯვრის უღელტეხილზე, სადაც არნახული სეტყვა მოდიოდა, უკვე გამოიდარა. მოსალოდნელი იყო წყლის დონის დაცემა. დილის 9 საათისთვის გროზნოს სამხედრო ბაზიდან მოიყვანეს სპეცნაწილი, რომელიც მზად იყო, წყლის დონის ოდნავ დაწევისთანავე კუნძულიდან ნაპირზე ცოცხალი ჯებირი გაეკეთებინა.

ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზედიზედ ჯდებოდა ვერტმფრენები: დაღესტნიდან ჩამოვიდა პირველი მდივანი მაგომედ უმახანოვი, კრასნოდარიდან _ გიორგი რაზუმოვსკი, აგრეთვე, ჩრდილოეთ ოსეთის პირველი და მეორე მდივნები და უამრავი სხვა. დაეშვა ვერტმფრენი, რომელშიც ისხდნენ ედუარდ შევარდნაძე და ცკ-ის ბიუროს მთელი შემადგენლობა. დღის 2 საათისთვის ჯარისკაცებმა მდინარეში შესვლა დაიწყეს. ერთნაირი სიმაღლის ბრგე ვაჟკაცები ერთმანეთის მიჯრით მხრებამდე წყალში ჩადგნენ და დაიწყო ცხვრის ხელიდან ხელში გადაცემით ნაპირზე გადმოყვანა. მეცხვარის ძაღლები, რომლებსაც სხვა დროს ახლოსაც ვერ მიეკარებოდი, მორჩილად გადადიოდნენ ხელიდან ხელში და მადლიერების თვალით შეჰყურებდნენ მაშველებს. 3 საათზე მეტი დასჭირდა ცხვრის ნაპირზე გადმოყვანას. ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. მასპინძელმა ვლასოვმა ყველა სტუმარი თავისთან მიიპატიჟა. ნოდარ ჭითანავამ კატეგორიული უარი განუცხადა ედუარდ შევარდნაძეს გაყოლაზე და მითხრა, სასწრაფოდ ვერტმფრენში ავიდეთო. ერთი საათის შემდეგ ჩვენი ვერტმფრენი დაბა კოჩუბეიში ჩემი რეზიდენციის ეზოში დაჯდა. მთელი ღამის უძინრებმა და უჭმელებმა თავი ძილს მივეცით და დავისვენეთ.

დოლის პერიოდში მინისტრმა დამირეკა და მითხრა:

_ ხომ ადგილზე ხართ, ხვალ დილით მოვდივარ, დოლის მიმდინარეობა მინდა ვნახოო.

ავტომანქანით ჩამოვიდა. ზამთარი ყიზლარში რბილია, მაგრამ, თუ აცივდა და აურია, ძაღლს გარეთ არავინ გააგდებს. სწორედ ნოდარ ჭითანავას ჩამოსვლის ღამეს აირია ამინდი. დღე ისე ჩამობნელდა თოვლისა და ქარბუქისგან, ჰაერში ატანილი სტეპის ქვიშისგან, რომ თითს თვალთან ვერ მიიტანდი. თოვლის საფარი ნელ-ნელა იმატებდა.

მეცხვარისთვის ყველაზე რთული და გაუსაძლისი სწორედ ასეთი ამინდია, თუნდ ცხვარი ბაკებში ჰყავდეთ დამწყვდეული. ნადირიც თითქოს გუმანით გრძნობს, რომ სწორედ ასეთ ამინდში უნდა იხელთოს დრო და, არათუ მინდორში, ცხვარს ბინებშიც კი უვარდებიან. მაოცებდა ძაღლების ერთგულება, როგორ ბეჯითად უვლიდნენ გარშემო ცხვრის ბინებსა და ბაკებს, როგორ ფხიზლობდნენ და ნადირის გამოჩენისას ერთად როგორ იცავდნენ ცხვარსაც და მეცხვარესაც.

მინისტრმა მთხოვა, ყველგანმავალი მანქანით გავსულიყავით სტეპში და მოგვენახულებინა ცხვარ-მეცხვარეები. გზას ძლივს მივიკვლევდით. ბურუსში მიმართულება ამერია და მივადექით ლეკების ფერმას, სადაც საშინელ ვითარებას წავაწყდით _ გამძვინვარებული სტიქიის პირისპირ მხოლოდ ერთი მეცხვარის ამარა და უწყლოდ და უსაკვებოდ დარჩენილი 2500 სული ცხვარი საშინელი სანახავი იყო. ეს ფერმა მინისტრს ჯერ ჩვენი ეგონა, რის გამოც განრისხებას ვერ ფარავდა. მტკიცება იმისა, რომ, აი, ხომ ხედავ, მწყემსი ლეკია, არ არწმუნებდა მას, რადგან ჩვენს ფერმებში ლეკი მწყემსი ბევრი უნახავს. შემდეგ, როგორც იქნა, დარწმუნდა. სასწრაფოდ დავიწყეთ ცხვარ-მეცხვარის დახმარება. გვერდით, იქვე ახლოს, მე-13 “რაზიეზდზე” უხეში საკვებისა და გრანულირებული საკვების საამქროში გადავედით. საიდანაც სასწრაფოდ გადავუტანეთ კომბინირებული და გრანულირებული საკვები, თივა და მივახმარეთ 2 თუ 3 მწყემსი. ავდარი 3 დღეს გაგრძელდა.

გავიდა ხანი. ყველაფერი რომ მიწყნარდა, ქალაქ მახაჭყალიდან დაღესტნის პირველი მდივანი უმახანოვი დამიკავშირდა:

_ როდესაც თქვენთან მინისტრი ჭითანავა ჩამოვა, აუცილებლად შემატყობინე, კოჩუბეიში უნდა ამოვიდე და მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელიც მან დაღესტნელ მეცხვარეებს გაუწია.

ისინი მართლაც შევახვედრე ერთმანეთს, რაც ძალზე სასიამოვნო სანახავი იყო.

ასეთი იყო სტალინური ეპოქიდან შემორჩენილი სტალინური კადრების მუშაობის სტილი და მეთოდები.

ნოდარ ჭითანავა _ რაიკომის მდივანი, მინისტრი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი, უამრავი წიგნის ავტორი, სახელმწიფოს მიერ აშენებულ სტანდარტულ ბინაში ცხოვრობს, მის მოკრძალებულ ხელფასს მხოლოდ კოლექტიური მებაღეობის დროს მიღებული 600 კვ.მ მიწის ფართობზე, თავისი ხელით მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები ემატება. ამ კაცს სხვა არაფერი აქვს _ არც დანაზოგი, არც აგარაკი და არც გადაადგილების რამე საშუალება.

ეს არის ალენ დალესის პროგრამის პრაქტიკულად განხორციელების მაგალითი, როდესაც ცდილობენ, ღირსეულ ადამიანს ღირსება დააკარგვინონ, უღირსები კი საზოგადოების ღირსეულ ადამიანებად წარმოაჩინონ.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. ბატონო გრიგოლ! პრობლემა სისტემაშია და არა ადამიანებში, თვით სტალინიც კი მის
    მიერ შექმნილი სისტემის მძევალი იყო. კავშირის კონსტიტუცია, დემოკრატიის თვალ- საჩინო ნიმუშია, მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონები და მას ძლიერი და ჭკვიანი
    იმარჯვებს ჰქვია. ჩემის მოკრძალებული აზრით, სტალინი ისტორიული პიროვნებაა და
    საჭიროა მისი ცხოვრება- მოღვაწეობის ობიექტური შესწავლა და დასკვნების გამოტანა.

  2. მინდა გითხრათ, რომ ასეთი პიროვნებები ბევრი იყო, მაგრამ ეროვნულ მოძრაობაში ნამდვილ პატრიოტებთან ერთად წარმოჩინდნენ ყოვლად უღირსი ადამიანები, მათმა კი დააქცია ქვეყანა გარყვნა ხალხი, შეგვილახა ღირსება. დღეს ეს არამზადები ზეიმობენ, პატრიოტები გლოვობენ გარდაცვალიბის პირას მისულ სამშობლოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here