Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დიადი სახელმწიფოს დიადი არქიტექტორი

სტალინი _ დიადი სახელმწიფოს დიადი არქიტექტორი

1133

1937 წლის იანვარში საბჭოთა კავშირში სამოგზაუროდ და ქვეყნის გასაცნობად ჩამოვიდა მეოცე საუკუნის გამოჩენილი გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი, რომლის რომანებიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან პოპულარული იყო მსოფლიოში. იმავე 1937 წელს საბჭოთა კავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ჯოზეფ დევისი დაინიშნა.

რუსეთში მოღვაწე ყველა ამერიკელი ელჩი თავის მოგონებებში, რომლებიც გამოქვეყნებულია მოსკოვიდან წასვლის შემდეგ, დადებითად აფასებს როგორც თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ასევე ქვეყნის განვითარების ტემპებს და ცხოვრების წესს. ამის ნათელი დადასტურებაა სწორედ ამერიკის ყოფილი ელჩის _ ჯოზეფ დევისის ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა მისი რუსეთში მოღვაწეობიდან დიდი ხნის შემდეგ.

გაგაცნობთ ზოგიერთ ჩანაწერს:

“1937 წლის 19 იანვარი:

პირველი შთაბეჭდილება მოსკოვზე. მოსკოვი აღმოჩნდა მოულოდნელობებით აღსავსე. რა თქმა უნდა, ეს ძველი ლამაზი ქალაქია. შენობების რაოდენობამ, რომლებიც ყველგან შენდება და, აგრეთვე, მოხერხებულმა ტანსაცმელმა, რომელიც სრულიად ჩვეულებრივია ადგილობრივებისათვის, ძალიან გამაოცა.

მოსკოვი ძალიან ჰგავს სხვა ევროპულ ქალაქებს თავისი შუქნიშნებით, ქუჩებში დიდი ტროლეიბუსებით, ტრამვაით, ავტომობილებით, მტვირთავებითა და ასე შემდეგ. ყველგან ხალხია. ქალაქი ივსება სოფლებიდან ჩამოსულებით, რომლებიც ჩამოდიან აქ ქარხნებში სამუშაოდ. მოკლე დროში მოსახლეობა გაიზარდა 1,8-დან 4 მილიონ ადამიანამდე, ამიტომ საცხოვრებლები უკიდურესად გადატვირთულია, თუმცა ქუჩებში ვერ იპოვით გაჭირვების რაიმე ნიშანს. ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება”.

ამერიკის ელჩის ამ შეფასებას ემთხვევა გამოჩენილი გერმანელი მწერლის _ ლიონ ფოიხტვანგერის თვალსაზრისი, რომელიც მან 1937 წელს ამსტერდამში გერმანულ ენაზე გამოცემულ წიგნშიმოსკოვი 1937” დაწერა:

“მუშა-მოსამსახურეთა კლუბები, ბიბლიოთეკები, პარკები, სტადიონები _ ეს ყველაფერი მდიდრულია, ფართო და ლამაზი. საზოგადოებრივი შენობები მონუმენტურია და ელექტროფიცირების წყალობით მოსკოვი ღამით ისე ბრწყინავს, როგორც არც ერთი ქალაქი მსოფლიოში. მოსკოველი დროის უმეტეს ნაწილს საზოგადოებრივ ადგილებში ატარებს, მას უყვარს ქუჩა, სიამოვნებით დადის კლუბებში და სხდომათა დარბაზებში, იგი მგზნებარე მოკამათეა, უფრო დისკუსია იზიდავს, ვიდრე ჩუმი ფიქრი. გრანდიოზული ქალაქი მოსკოვი სუნთქავს კმაყოფილებითა და თანხმობით, უფრო მეტიც _ ბედნიერებით”.

ამერიკის ელჩი წერს, როგორ ემზადება საბჭოეთი ომისათვის:

“1937 წლის 2 თებერვალი.

საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი. საფრანგეთის პარლამენტმა დაადგინა თავდაცვის ხარჯები _ 700 მილიონი უახლოესი სამი წლის განმავლობაში.

შესადარებლად _ საბჭოთა კავშირს განზრახული აქვს, მხოლოდ 1938 წელს თავდაცვაზე დახარჯოს 10-ჯერ მეტი, ვიდრე საფრანგეთმა 3 წლის განმავლობაში”.

ახლა ვნახოთ, როგორ აფასებს გერმანელი მწერალი საბჭოთა ხალხის მზადებას ომისთვის, რაც ასევე აღწერილი აქვს წიგნშიმოსკოვი 1937”:

“საბჭოთა კავშირში საერთო შემოსავლის ყოველი მეექვსე მანეთი ფაშისტების წინააღმდეგ თავდაცვით ღონისძიებებზე გადაირიცხება. ეს დიდი მსხვერპლია. საბჭოთა მოქალაქემ იცის, რომ ყველა ნაკლოვანება, რომელიც ჯერ კიდევ აძნელებს ქვეყანაში ცხოვრებას, დიდი ხნის დაძლეული იქნებოდა. შესაძლებელი რომ იყოს ამ მეექვსე მანეთის მოხმარება, ყველა შეძლებდა უკეთ ჩაცმას, უკეთ ცხოვრებას. მაგრამ საბჭოთა ადამიანებმა ისიც იციან, რომ მათ საზღვრებთან გულბოროტი ხალხი მოუთმენლად ელის მომენტს თავზე დასასხმელად. ეს საზღვრები მტკიცედ უნდა დაიცვან, ამიტომ სოციალისტური მეურნეობის მშენებლობაზე ისინი ისე შრომობენ, როგორც ებრაელები თავიანთი მეორე ტაძრის აგებაზე, _ ერთ ხელში კალატოზის ქაფჩით, მეორეში კი _ მახვილით. ამაზე ლაპარაკობენ არა როგორც შორეულ, არამედ, როგორც უახლოესი მომავლის მოვლენაზე. ამას მიიჩნევენ მკაცრ აუცილებლობად, დიდი სინანულით, მაგრამ იმგვარი რწმენით, როგორც მტკივნეული ოპერაციის წინ აქვთ ხოლმე, რომელსაც უნდა გაუძლო და რომლის სასიკეთო დასასრული ეჭვს არ იწვევს”.

ამერიკის ელჩი კრიტიკული თვალით უყურებს პიატაკოვისა და რადეკის გახმაურებულ სასამართლოს (საბჭოთა პარტიული მოღვაწეები გიორგი პიატაკოვი და კარლ რადეკი ანტისაბჭოთა ტროცკისტული ცენტრის შექმნისთვის გაასამართლეს 1937 წელს _ გრ.ონიანი), რომელსაც უამრავი უცხოელი ჟურნალისტი და დამკვირვებელი ესწრება. აი რას წერს იგი სასამართლო პროცესზე:

“1937 წლის 17 თებერვალი.

პიატაკოვისა და რადეკის პროცესი. ბრალდებულები გამოიყურებიან ფიზიკურად ჯანმრთელები, პროცესის მიმდინარეობა განსხვავდება იმისგან, რაც ამერიკაში არსებობს, თუმცა გათვალისწინება იმისა, რომ ადამიანის ბუნება ყველგან ერთნაირია და, ჩემს საადვოკატო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეიძლება გამოვიტანო დასკვნა, რომ ბრალდებულები ამბობენ სიმართლეს, აღიარებენ ჩადენილ მძიმე დანაშაულს.

დიპლომატიური კორპუსის საერთო აზრი არის ის, რომ მთავრობამ პროცესის მსვლელობისას მიაღწია მიზანს და დაამტკიცა ბრალდებულების მონაწილეობა შეთქმულებაში.

საუბარი ლიტვის ელჩთან: ის თვლის რომ, ყველა საუბარი თითქოს მცდელობაა ნარკოტიკული პრეპარატების გამოყენებაზე ბრალდებულების მიმართ, მოკლებულია ყველანაირ საფუძველს. მას დიდი წარმოდგენა აქვს საბჭოთა ხელისუფლებაზე.

საუბარი ელჩთან, რომელმაც გაატარა რუსეთში 6 წელი: მისი აზრით, შეთქმულება არსებობდა და ბრალდებულები დამნაშავეები არიან. ისინი ახალგაზრდობიდანვე ეწეოდნენ იატაკქვეშა ბრძოლას, მრავალი წელი გაატარეს საზღვარგარეთ და ფსიქოლოგიურად განწყობილნი არიან შეთქმულებრივი მოღვაწეობისათვის”.

ახლა ვნახოთ, როგორ აფასებს ტროცკისტთა სასამართლო პროცესს მისი დამსწრე და უტყუარი შემფასებელი, გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი:

“ევროპაში ყოფნისას ტროცკისტების პროცესზე წაყენებულ ბრალდებებს არ ვენდობოდი. მეგონა, რომ ბრალდებულთა ისტერიკული აღიარება რაღაც იდუმალი საშუალებებით მოიპოვეს, მთელი პროცესი წარმოდგენილი მქონდა დიდი ოსტატობოთ დადგმულ, უზომოდ შემაძრწუნებელ სანახაობად, მაგრამ მოსკოვში პროცესზე დასწრებისას, როდესაც ვნახე და მოვუსმინე პიატაკოვს, რადეკს, მათ მეგობრებს, ვიგრძენი, რომ ბრალდებულთა უშუალო ლაპარაკით შექმნილმა შთაბეჭდილებებმა ჩემი ეჭვები გაფანტა. თუ ყველაფერი ეს გამოიგონეს და მოაწყვეს, მაშინ არ ვიცი, სიმართლე რაღაა.

პირადად ვნახე პროცესის ოქმები, გავიხსენე ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით ვიხილე, რაც საკუთარი ყურით მოვისმინე. ბრალდების უტყუარობის დამამტკიცებელი და გამაბათილებელი ყველა გარემოება კიდევ ერთხელ ავწონ-დავწონე. გულმოდგინე შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ტროცკისტების დანაშაულად მიჩნეული მოქმედება არათუ შეუძლებელი, არამედ ერთადერთი შესაძლებელი მოქმედებაა, რომელიც მათ შინაგან მდგომარეობას სრულიად შეესატყვისება.

აშშ-ის ელჩი ჯოზეფ დევისი:

“1937 წელი 19 თებერვალი.

ვახშამი გერმანიის საელჩოში. ვისაუბრე სამხედრო ატაშესთან, გენერალ ფონ კესტრიხთან, რომელიც დაიბადა რუსეთში, სადაც მამამისი იყო მსხვილი მიწათმფლობელი. გენერლის აზრით, წითელი არმია, საერთო ჯამში, კარგი არმიაა. შემადგენლობა მშვენიერია, ფიზიკურად ძლიერი და მამაცი ჯარისკაცები არიან, კარგი მოტორიზებული ნაწილები (არც ისეთი კარგები, როგორც გერმანული, მაგრამ მაინც კარგი), სამხედრო-საჰაერო ძალები რაოდენობრივად დიდია, გამანადგურებელი და მზვერავი თვითმფრინავები კარგი ხარისხისაა, მაგრამ ბობმდამშენები ცუდია და ძალიან მძიმე. რუსი მფრინავები მშვენივრად არიან მომზადებულები, ხოლო საპარაშუტო ნაწილი, უბრალოდ, შესანიშნავია. ჯამში, რუსეთის არმია მაინც ვერ შეედრება გერმანიისას”.

ლიონ ფოიხტვანგერი კი გაოცებულია საბჭოთა ხალხის დამოკიდებულებით თავისი არმიის მიმართ:

“ომისათვის სამზადისი მკაფიოდ ვლინდება. ომის მდგომარეობაში, რომელიც უკავია წითელ არმიას, იგი არის სახალხო ჯარი, ამ სიტყვის ღრმა აზრით; თუ რომელიმე არმია მსოფლიოში შეიძლება იწოდებოდეს “ჩვენს არმიად”, ეს სწორედ წითელი არმიაა. საკუთარი ყურით უნდა მოისმინო, როგორი სიყვარულით ლაპარაკობენ საბჭოთა ადამიანები ამ “ჩვენს არმიაზე”. არმიასა და მოსახლეობას შორის არსებობს მჭიდრო კონტაქტი. გლეხური და პროლეტარული ფენებიდან დიდი რაოდენობით გამოვიდნენ მეთაურები. ასე რომ, ბელადების, ჯარისკაცებისა და მოსახლეობის აზროვნება ერთნაირია. საერთოდ, სამოქალაქო მოსახლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული არმიასთან. ჯარისკაცები მუშათა კლუბებში თავს გრძნობენ, როგორც სახლში, ცალკეული სამხედრო ნაწილები შეფობენ სპორტული და კულტურული პროფილის ორგანიზაციებს. არმიის თითოეული რგოლი თავის მხრივ მეგობრულადაა დაკავშირებული ცალკეულ ოლქთან, ქალაქის ცალკეულ რაიონთან, მუშათა ან გლეხთა ცალკეულ ორგანიზაციასთან. დიდ დემონსტრაციებზე არმია სამოქალაქო მოსახლეობასთან ერთად მოდის.

აშშ-ის ელჩი: 1937 წელი 9 მარტი:

“ბალტიის ბლოკი _ ესტონეთი, ლატვია და ლიტვა არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, ეს ხელოვნური სახელმწიფოები, რომლებიც შექმნა ნაციონალურმა ლიგამ რუსეთის იმპერიის ნაწილებისაგან, ომის დაწყების შემთხვევაში, განადგურებულნი იქნებიან”.

როგორ ჰგავს ბალტიისპირეთის ქვეყნების 1937 წლის მდგომარეობა მათ დღევანდელ კრიტიკულ მდგომარეობას, რომლებიც, დღეს თუ ხვალ, იმავე ვითარებაში აღმოჩნდებიან, როგორშიც ამ სიტყვების დაწერიდან მცირე ხანში აღმოჩნდნენ.

აშშ-ის ელჩი ჯოზეფ დევისი:

 “1937 წლის 12 მარტი.

მივიღე ნებართვა ხელისუფლებისაგან ძირითადი სამრეწველო რაიონების მონახულებისა. დავიწყე ლენინგრადიდან, სადაც განთავსებულია ტექსტილის, ფაიფურისა და სხვა დიდი საწარმოები, რომლებიც ახლა აღარ ფართოვდება, ალბათ, ომის საფრთხის გამო. მე შევძელი, მენახა დონბასი და დნეპროპეტროვსკი.

ოქროს მოპოვება საბჭოთა კავშირში. მონაცემები, რომლებიც მოვიპოვე, მაძლევს საფუძველს, გამოვიტანო შემდეგი დასკვნები:

ოქროს მოპოვება აფრიკაში აღწევს 350 ტონას წელიწადში. საბჭოთა კავშირში აწარმოებენ, სავარაუდოდ, 175 ტონას, ამერიკის შეერთებულ შტატებში _ 100 ტონას, კანადაში _ 100 ტონას.

მე მაჩვენეს სახელმწიფო ბანკის საწყობი, რომელშიც შეგროვებული იყო სხვადასხვა ძვირფასეულობა. გამაოცა იმან, რომ იწონიდა 40-50 ფუნტს (16-20 კგ) და გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, სრულიად სუფთა ოქროსგან შედგება.

ქალბატონი ლიტვინოვა, რომელიც ასწავლის ურალის ერთ-ერთ სკოლაში, მომიყვა, რომ მოსწავლეები არდადეგებისას დაკავებულები არიან მთებში მადნის ძებნით. თვითონაც ცოტა ხნის წინათ სეირნობისას შემთხვევით იპოვა საკმაოდ დიდი ქვის ნატეხი ოქროს შენაერთით.

ამერიკელი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად ვიმყოფებოდი 5 ქალაქში, მოვინახულე მსხვილი საწარმოები _ ტრაქტორებისა (12 ათასი მუშა ხელი) და ელექტროძრავების (38 ათასი მუშა ხელი) ქარხნები, დნეპრჰესი, ალუმინის ქარხანა (3 ათასი მუშა ხელი), “ზაპოროჟსტალი” (35 ათასი მუშა), საავადმყოფო (18 ექიმით და 120 ექთნით), საბავშვო ბაგა-ბაღები, პიონერთა სასახლე (შენობა 280 სათავსოთი და 320 მასწავლებლით. 27 ათასი ბავშვისთვის). მსგავსი სასახლეები შენდება ყველა დიდ ქალაქში და განკუთვნილია ბავშვებისთვის.

საბჭოთეთში ყველაზე მეტად მაოცებს მიღებული გადაწყვეტილებების გაბედულება და მათი შესრულების შეუპოვრობა. 5 წლის წინათ ზაპოროჟიეს რაიონში მოშიშვლებული ველები იყო, დღეს კი ვხედავთ უზარმაზარ ქარხნებს და ქალაქს 125 ათასი მცხოვრებით, აგურის სახლებით, ფართო ქუჩებითა და მოედნებით. ყველა ნაგებობა შესრულებულია არაკვალიფიციური მუშახელის მიერ, რომლებიც საღამოობით მეცადინეობენ ტექნიკურ სკოლებში, რათა მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილი დაიკავონ დაზგებთან. შენობებისა და ნაგებობების უმრავლესობა თანამედროვეა. მათი დაპროექტებისათვის კონკურსის საფუძველზე მოიზიდეს საუკეთესო ფირმები ამერიკიდან, აგრეთვე, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან, მუშების უმრავლესობა 30 წლამდეა. ყურადღებას იპყრობს ქალთა რაოდენობა, დაახლოებით 25%. ხელმძღვანელის საშუალო ასაკია 35 წელი, საშუალო ხელფასი შეადგენს 200-დან 250 მანეთამდე (10-12 დოლარი შავი ბაზრის კურსით). ქარხნის სასადილოში შესაძლებელია კარგად გამოიკვებოთ 2 მანეთად (10 ცენტი). ბინის ქირა არ აღემატება გამომუშავებული თანხის 15%-ს.

სტახანოველების ანაზღაურება 2000 მანეთია, ამდენივეს გამოიმუშავებენ დირექტორებიც.

ყველა საწარმო მუშაობს თვითღირებულების პრინციპით, მოგება იხარჯება სხვადასხვა საჭიროებისთვის, მათ შორის, სკოლების მშენებლობებზე. გასულ წელს დნეპროპეტროვსკში 16 სკოლა აშენდა, თეთრი აგურის დიდი შენობა 20-30 ოთახით.

ახალი სამრეწველო რაიონები, ჯამში, ტოვებს შესანიშნავ შთაბეჭდილებას. რუსებმა შეძლეს, 7 წლის განმავლობაში გაეკეთებინათ იმდენივე, რამდენიც ამერიკამ 40 წლის განმავლობაში, დაწყებული გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან.

ლიონ ფოიხტვანგერი კი წერს:

“დიახ, გარანტიები და უპირატესობები, რომლებიც აქვს საბჭოთა მოქალაქეს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, იმდენად დიდად წარმოუდგენიათ, რომ მათ წინაშე ფერმკრთალდება ყოფის ნაკლოვანი მხარეები. სოციალისტური გეგმური მეურნეობა თითოეულ მოქალაქეს გარანტიას აძლევს, ნებისმიერ დროს მიიღოს შესაბამისი სამუშაო და უზრუნველყოფილი ჰქონდეს სიბერე. უმუშევრობა ნამდვილად ლიკვიდირებულია, მოსპობილია ექსპლუატაციაც. სამუშაოს მოცულობა, რომელსაც სახელმწიფო ითხოვს თითოეული მოქალაქისგან, არ ართმევს მას შესაძლებლობას, თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი სურვილის მიხედვით დახარჯოს. ისინი ყოველ მეექვსე დღეს ისვენებენ, შემოღებულია 7-საათიანი სამუშაო დღე. თითოეულ მშრომელს აქვს ერთთვიანი ანაზღაურებული შვებულება. რამდენადაც ღარიბულია საცხოვრებელი ბინები, იმდენად ნათელი, ფართო და მყუდროა ურიცხვი დასასვენებელი სახლები, რომლებში დასვენებაც საბჭოთა ადამიანებს ძალიან იაფი უჯდებათ.

უზრუნველყოფის განცდა თითოეული ადამიანისა, მშვიდი რწმენა, რომ სახელმწიფო ნამდვილად არსებობს მისთვის და არა მხოლოდ იგი არსებობს სახელმწიფოსთვის, გასაგებს ხდის იმ გულუბრყვილო სიამაყეს, რომლითაც მოსკოველები ლაპარაკობენ თავიანთ ფაბრიკებზე, სოფლის მეურნეობაზე, მშენებლობებზე, თეატრზე, არმიაზე, მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ამაყობენ თავიანთი ახალგაზრდობით. ეს ახალგაზრდობა საბჭოთა კავშირის პოტენციალის მართლაც მძლავრი კოზირია.

1935 წელს საბჭოთა კავშირმა 2,5-ჯერ მეტი ხორბალი აწარმოა, ვიდრე ამერიკამ. ამავე წელს აქ მოყვანილი იყო შვრიისა და ქერის მსოფლიო მოსავლის ნახევარი. 1926-1930 წლებში საქონლის საშუალო რაოდენობა შეადგენდა 65 მილიონს, განსხვავებით ამერიკისგან, სადაც 59 მილიონი იყო. 1935 წელს, კოლექტივიზაციის პერიოდში, გლეხების “გაფიცვების” შედეგად ეს რიცხვი შემცირდა 49 მილიონამდე, რაც ორჯერ მეტია გერმანიის მაჩვენებელზე. ტრაქტორების რაოდენობამ მიაღწია 483 ათას ერთეულს, კომბაინების რაოდენობამ _ 153 ათასს. 1936 წელს მიწების 91 % მუშავდებოდა მექანიკური საშუალებებით. საბჭოთა კავშირი ფლობს ტყეების მსოფლიო მარაგის 75 %-ს.

1936 წელს საბჭოთა კავშირი მსოფლიოში გავიდა პირველ ადგილზე კომბაინების წარმოებასა და შაქრის ჭარხლის აღებაში, წარმოების საერთო მოცულობით კი _ მეორე ადგილზე, ფოლადის გამოდნობასა და სუპერფოსფატის წარმოებაში _ მესამე ადგილზე, და მეოთხე ადგილზე _ ქვანახშირის მოპოვებაში. 1928 წლიდან საფოსტო განყოფილებების რაოდენობა გაიზარდა 18-ჯერ”.

აშშ-ის ელჩი:

რუსეთის მეხუთე კოლონა (1941 წლის ზაფხული).

გამოძიების ფედერალური ბიუროს წყალობით, დღეს უკვე ვიცით, რომ ჰიტლერის აგენტები ყველგან მოქმედებდნენ, შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ ამერიკაშიც კი. გერმანელების შესვლა პრაღაში მოხდა ჩეხი კოლაბორაციონისტების აქტიური მხარდაჭერით. ზუსტად იგივე მოხდა ნორვეგიაში კოლაბორაციონისტ ვიდკუნ კვისლინგის დახმარებით, სლოვენიაში _ იოზეფ ტისოს, ბელგიაში _ ლეონ დეგრელის. თუმცაღა მსგავსს რუსეთში ვერ ვხედავთ. და სად არიან ჰიტლერის რუსი ხელისშემწყობები? _ ხშირად მეკითხებიან.

_ ისინი დახვრიტეს, _ ვუპასუხებ ხოლმე მე.

მხოლოდ ახლა ვიწყებ გათვითცნობიერებას, როგორ წინდახედულად მოიქცა საბჭოთა მთავრობა. იმხანად შოკს მგვრიდა უცერემონიობა და უხეშობაც კი, როგორითაც დახურა საბჭოთა ხელისუფლებამ იტალიისა და გერმანიის საელჩოები ისე, რომ არც კი გაუთვალისწინებია დიპლომატიური გართულებები. რთული იყო ოფიციალური განმარტების დაჯერება, რომ მისიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ძირგამომთხრელ, მავნებლურ მოქმედებებში. მაშინ ბევრს ვკამათობდი ჩვენს წრეებში კრემლის ხელისუფლების ბრძოლაზე ძალაუფლებისთვის, მაგრამ, როგორც გვაჩვენა ცხოვრებამ, ჩვენსხვა ნავშივიჯექით”.

ლიონ ფოიხტვანგერი:

“როგორ შეიძლება გაძლება იმ ქვეყანაში, _ მეკითხებიან საბჭოელები, _ რომლის ეკონომიკაც განისაზღვრება არა გონივრული დაგეგმვით, არამედ ცალკეულ ადამიანთა გამდიდრების წყურვილით? ნუთუ არ გაწუხებთ მერყეობის, დროებითობის, დაცემულობის განცდა? Gგერმანიის იმპერიიის სტატისტიკა 65-მილიონიანი მოსახლეობის ფონზე ყოველდღიურად აღნიშნავს 52 თვითმკვლელობას; ჩვენ 180 მილიონი ვართ და დღეში 34 თვითმკვლელობა ხდება.

ანდა შეხედეთ კაპიტალისტური ქვეყნების ახალგაზრდობას და შეადარეთ ჩვენსას. განა ბევრ ახალგაზრდას შეუძლია დასავლეთში პროფესია აირჩიოს საკუთარი სურვილისა და უნარის მიხედვით, ჩვენთან კი ვის არ აქვს ამის შესაძლებლობა? განა ბევრი ახალგაზრდაა დასავლეთში თავისუფალი იმ საზრუნავისგან, რა მოელის ხვალ, რისთვის იბრძოლოს, განა მისი მომავალი უფრო საშიში არ არის, ვიდრე იმედის მომცემი?”

ის, ვისაც ხედვის უნარი აქვს, ვისი სმენაც განახვავებს წრფელ ადამიანურ სიტყვას ყალბისგან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობს, რომ ქვეყნის ყოველ კუთხეში თავიანთ ბედნიერ ცხოვრებაზე მოსაუბრე ადამიანები ცარიელ ფრაზებს არ იყენებენ. ამ ხალხმა იცის, რომ მათი ცხოვრება აყვავდება”.

ძვირფასო მკითხველო, გერმანელი მწერლისა და ამერიკის ელჩის ჩანაწერებზე იმიტომ გავამახვილე თქვენი ყურადღება, რომ მხოლოდ ჩვენ, ჩარეცხილი სტალინელები, არ ვაქებთ სტალინს და სტალინურ ეპოქას. სტალინზე ლოცულობდნენ, გაივლის დრო და კიდევ უფრო მეტი რწმენით ილოცებენ ადამიანები ზეკაცზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ღმერთად ბინადრობდა კრემლში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here