Home რუბრიკები პოლიტიკა ურჩხულზე ნადირობის ნაციონალური თავისებურებები

ურჩხულზე ნადირობის ნაციონალური თავისებურებები

624

ბრიუსელში 22 მარტის ტერაქტების სერიამ, რომლის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა, კიდევ ერთხელ დააფიქრა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იმაზე, ეფექტიანად იცავენ თუ არა მთავრობები მათ უსაფრთხოებას. დღეს საქართველო ტერორისტების სამიზნეში არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე საერთოდ არ გვემუქრება, მით უმეტეს, რომ ის შეიძლება არა მხოლოდისლამური სახელმწიფოსგან”, “ალ ქაიდასგანდა სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან მომდინარეობდეს.

“თუ ბელგიელები შოკოლადის ჭამას თავს არ დაანებებენ და ძველებურად ცხოვრებას განაგრძობენ, ტერორს ვერ დაამარცხებენ”, _ განაცხადა გასულ კვირას რადიოსადგურ “კოლ ისრაელთან” საუბარში დაზვერვის მინისტრმა ისრაელ კაცმა და დასძინა, რომ ევროპელებმა მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლის მოსაგებად სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილზე უარი უნდა თქვან (დაზვერვის სამინისტრო ისრაელში 2009 წელს შეიქმნა, რეალურად მას არც ერთი სადაზვერვო უწყება არ ემორჩილება, თუმცა ახლო მომავალში მისი მაკოორდინირებელი ფუნქციები, სავარაუდოდ, გაიზრდება). ისრაელ კაცმა ყველაზე ლაკონურად ჩამოაყალიბა იდეა, რომელსაც დღეს არაერთი კომენტატორი ავითარებს და ევროპელებს უსაფრთხოების სანაცვლოდ უფლებათავისუფლებების ნაწილის დათმობა შესთავაზა.

ერთი მხრივ, ეს სავსებით ლოგიკურად გამოიყურება, რადგან ადამიანის სიცოცხლე და მისი უსაფრთხოება საყოველთაოდ აღიარებული უზენაესი ღირებულებაა, მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ევროპელების გადასახედიდან სამოქალაქო თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა ახალი ევროპული იდენტობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ეს პრობლემა, საბოლოო ჯამში, არა იმდენად უსაფრთხოებას, რამდენადაც მსოფლმხედველობას ეხება.

ევროპა, სადაც უსაფრთხოების სამსახურები იმოქმედებენ ისე, როგორც ისრაელში ან თუნდაც აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, თავისი შინაგანი თავისუფლების მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს (ეს კი არა მხოლოდ მისი მიმზიდველობის, არამედ, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, სიძლიერისა და გავლენის ქვაკუთხედია). პრობლემა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დღეს, პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების მიუხედავად, ევროკავშირი არ არის მზად იმისთვის, რომ ისრაელის ან აშშის გამოცდილების კოპირება დაიწყოს. თუმცა ევროპელებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ სერიოზული შეცდომები დაუშვეს; უსაფრთხოების ზომები ბრიუსელის აეროპორტში პრაქტიკულად ნულოვანი იყო, ხოლო კოორდინაცია ბელგიის სხვადასხვა ძალოვან უწყებას შორის, ფაქტობრივად, არ არსებობდა (სამთავრობო სტრუქტრებში მუდმივი კრიზისის გამო, რომელიც გამოწვეულია ფლამანდიურ-ვალონიური ურთიერთობების პრობლემებით).

ტერორისტებმა არც ისე დიდი ძალებისა და რესურსების გამოყენებით მოახერხეს დიდი ქალაქის პარალიზება, ისინი ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინის სიახლოვეს მოქმედებდნენ. მათი მთავარი მოკავშირე იყო პანიკა, რომელმაც, სოციალური ქსელების საყოველთაო გამოყენების გამო, ბელგიის დედაქალაქი მყისიერად მოიცვა. უამრავმა ევროპელმა თავი სრულიად დაუცველად იგრძნო. დღეს ისინი გაფაციცებით ეძებენ პასუხს კითხვაზე _ რა შეიძლება გაკეთდეს საფრთხის გასანეიტრალებლად ისე, რომ ბელგიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებს მუდმივი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრება არ მოუწიოს?

უნივერსალური რეცეპტი, ალბათ, არ არსებობს. სპეცსამსახურების გაძლიერებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ პარალელურად უნდა იხვეწებოდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მათ მუშაობას არეგულირებს, და კონტროლის მექანიზმები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დაახლოებით იმავე სიტუაციას, რომელიც სააკაშვილის მმართველობის წლებში, როდესაც რეჟიმი იყენებდა სპეცსამსახურებს, როგორც საზოგადოების დათრგუნვის ინსტრუმენტს. ამასთანავე, “გაძლიერებადღევანდელ პირობებში, ალბათ, უნდა გულისხმობდეს არა შტატების გაბერვას ან ულტრათანამედროვე მოსასმენი აპარატურის შეძენას, არამედინვესტიციას ინტელექტში”; უშიშროების თანამედროვე სამსახური, უპირველეს ყოვლისა, “ჭკვიანიუნდა იყოს და ანალიტიკურ უნარჩვევებს ავითარებდეს.

თუმცა საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს სამსახურები საერთოდ არ გვჭირდება. 15 მარტს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა: “უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რათა საბოლოოდ გაუქმდეს პოლიტიკური პოლიცია და ზედამხედველობა, ეს არის მნიშვნელოვანი” (“ინტერპრესნიუსი”). ეს, ალბათ, უაღრესად საგულისხმო განცხადებაა, ვინაიდან სწორედ “ნაციონალებმა” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაიწყეს ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის, მათ შორის, უშიშროების, გარდაქმნა ერთ დიდ გესტაპოდ.

რას ერჩიან უსაფრთხოების სამსახურს მაინცდამაინც ახლა?

შესაძლოა, ეს რადიკალური განცხადება მხოლოდ ფონის შესაქმნელად გაკეთდა, ხოლო შედარებით რეალისტური ინიციატივა შეფუთული იქნება, როგორც სამოქალაქო აქტივისტების წამოწყება და მას “ნაციონალების” ერთ-ერთი სატელიტი არასამთავრობო გაასაჯაროებს. ცნობილი პრინციპია: “გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო”.      

ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც სპეცსამსახურების საქმიანობის რეგულირებაში სერიოზული ცვლილებები შეაქვს, გარკვეული პერიოდით მათ, პარალიზებას თუ არა, ადაპტაციის აუცილებლობით გამოწვეულ დაბნეულობას იწვევს. ასეთ ვითარებაში რაღაც დროით წამყვანი სახელმწიფოების სპეცსამსახურებიც კი “იბნევიან”. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზა არ უნდა იხვეწებოდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის პროცესი პრობლემურ პერიოდს არ დაემთხვეს. ასეთად კი დღევანდელ საქართველოში წინასაარჩევნო თვეები გვევლინება, როდესაც მზადებამაიდნისთვის” (რეალურად კი, სახელმწიფო გადატრიალებისთვის), რომელზეც ამდენს საუბრობენ, წესით, გადამწყვეტ სტადიაში უნდა შევიდეს.

კომენტატორები, რომლებიც ამ თემაზე ხშირად მსჯელობენ, “მაიდნის” მოახლოების რამდენიმე გარეგნულ ნიშანს გამოყოფენ:

1. მიზანმიმართულად ინერგება მოსაზრება, რომ ხელისუფლება არჩევნებს აუცილებლად გააყალბებს;

2. თაღლითობაში არაერთგზის შემჩნეული ორგანიზაციები აქვეყნებენ შიზოფრენიულ რეიტინგებს, რომლებსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და ამით ამზადებენ ნიადაგს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად;

3.ხდება რიტორიკის შესამჩნევი რადიკალიზაცია. როგორც ჩანს, არც ისე ბევრი დრო რჩებაგამარჯვება ან სიკვდილი”, “ან ჩვენ ან ისინიტიპის ლოზუნგების გამოფენამდე;

4.სავარაუდოდ, უკრაინული “პრავი სექტორის” გამოცდილების გათვალისწინებით, ხდება მცირე რადიკალური ახალგაზრდული ჯგუფების შექმნა, ზოგიერთი მათგანი უნივერსიტეტში ბოლო კრიზისის დროს გამოჩნდა. ისინი ცალ-ცალკე არც ისე მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ ვითარება შეიძლება შეიცვალოს, თუ “მაიდნის” გარშემო გაერთიანდებიან, როგორც ეს კიევში მოხდა. მერე უკვე ვერავინ გაარჩევს, ვინ იმალება ნიღბის ქვეშ _ იდეალისტი სტუდენტი თუ პროფესიონალი ბოევიკი.

5. რაც მთავარია, ყველასათვის ცხადი შეიქნა, რომნაციონალურ მოძრაობასარ ძალუძს არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და, რაც უფრო მეტი დრო გადის, მისი მდგომარეობა უარესდება. გამორიცხული არ არის, რომ დღეს არჩევნის გაკეთება მხოლოდ ნელ კვდომასა და ვაბანკს შორის შეუძლია.    

ნებისმიერი “ფერადი რევოლუციის” წარმატების აუცილებელი წინაპირობაა ხელისუფლებში მყოფთა ნაწილის მოქმედება მეამბოხეთა სასარგებლოდ, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ჩუმ საბოტაჟსა და სახელისუფლო სტრუქტურების პარალიზებაში გამოიხატება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ბერკეტის როლი, “მეხუთე კოლონის” გამოყენებასთან ერთად, შეიძლება დროულად მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმაც შეასრულონ, რომლებიც სპეცსამსახურებს გარკვეული დროით მაინც შესაძლებლობებს შეუზღუდავს და გაურკვევლობაში ამყოფებს. ამიტომ, ალბათ, მიზანშეწონილია ამ სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ამ რაკურსიდანაც გავაანალიზოთ. ცხადია, ეს არ ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას (ღმერთმა დაგვიფაროს), მაგრამ სასურველია, ცვლილებები სავარაუდო დესტაბილიზაციის პერიოდს არ დაემთხვას.

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი _ გამორიცხული არ არის, რომ უნივერსიტეტის დესტაბილიზაციის მცდელობით და სხვა მსგავსი მოქმედებებითნაციონალებიცდილობენ, ახალი პრემიერმინისტრიდატესტონ”, დაადგინონ, სად გადის მისი მოთმინების ზღვარი და თუ შეუძლია ხისტი გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა, მათ ჰგონიათ, რომ, შედარებით რბილი ხასიათიდან გამომდინარე, კრიტიკულ მომენტში ის იმოქმედებს დაახლოებით ისე, როგორც ავთო ჯორბენაძე 2003-ში ან უკრაინის პრემიერი აზაროვი 2013-ში (ეს ასე არ არის, თუმცა ამის შესახებ ჯერ არ იციან). ამასთანავე, მათ, სავარაუდოდ, აინტერესებთ რადიკალური ოპონენტების რეაქცია, მზად არიან თუ არა ისინი, ძველი შემართებით დაუპირისპირდნენნაციონალებსდა გამოვარდებიან თუ არა ქუჩაში, როდესაც დაინახავენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების პროცესი დაიწყო.

აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ სურს მკაცრი ზომების გატარება და არ უნდა, რომ დასავლეთში ოპოზიციის დევნისთვის გააკრიტიკონ. თუმცა მას, ვისაც არ სურს სიმკაცრის გამოვლენა დღეს, შემოდგომაზე შეიძლება სისასტიკის გამოვლენა მოუწიოს, რადგან პრევენციას მსგავს საქმეებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ფაქტია: თუ რეალურად მიმდინარეობს მზადება სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რომელზეც ამდენს საუბრობენ სოციალურ ქსელებში, ის ვერ დაიმალება ისეთი სუსტი სპეცსამსახურებისგანაც კი, როგორიც დღევანდელ საქართველოს ჰყავს. სხვა საქმეა, ადეკვატური თუ იქნება ხელისუფლების რეაქცია.

ბრიუსელის ტერაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბოროტმოქმედთა ერთ-ერთი რესურსი მოსახლეობის შიში და ნერვიული დაძაბულობაა, ამიტომ, ალბათ, ურიგო არ იქნება, ხელისუფლებამ არჩევნების წინ მოსახლეობას მისცეს ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო გარანტია იმისა, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობას არავის მისცემს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფილი ხელისუფლების რადიკალურმა მოწინააღმდეგეებმა შეიძლება წინასაარჩევნოდ “თავდაცვის რაზმების”, “სამოქალაქო პატრულებისა” და სხვა მსგავსი ფორმირებების შექმნა დაიწყონ, რადგან ბევრ მათგანს არ სჯერა, რომ მთავრობა მოსალოდნელ საფრთხეს გაანეიტრალებს. ეს კი, დიდი ალბათობით, სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სისხლისღვრამდე მიგვიყვანს.

პრინციპში, ერთი მანიაკის გეგმების დამსხვრევა არც ისე რთულია, მაგრამ (ცნობილი სიუჟეტის არ იყოს) მთავარი ის კი არ არის, რომ ურჩხული დაამარცხო, არამედ ის, ამის შემდეგ თვითონ რომ არ გადაიქცე ურჩხულად და არ შექმნა უშიშროებისგან გესტაპო, ბიუჯეტისგან _ პარტიული სალარო, საპატიმროსგან _ სასაკლაო და ტელევიზიისგან _ პროპაგანდის სამინისტრო. ხელისუფლების წინაშე ძალიან მალე, სავარაუდოდ, სწორედ ეს ამოცანა დადგება _ როგორ მოკლას ურჩხული ისე, რომ თვითონ არ გადაიქცეს ურჩხულად.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ქვეყანას სუს-ი მართავს. ეს არის ტიპიური პოლიციური სახელმწიფო. უბრალოდ, ბოროტებას აღარ სჩადიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here