Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საარჩევნო სისტემა, ანუ არის თუ არა არჩევნები ყველა უბედურებისა და...

სტალინი და საარჩევნო სისტემა, ანუ არის თუ არა არჩევნები ყველა უბედურებისა და გაუგებრობის სათავე

1178

არჩევნები თავისი ბუნებით ძალზე რთული და უმართავი პროცესია. არჩევანი დამოკიდებულია გარემოზე, განწყობაზე, წამიერ სურვილსა და ათასგვარ ფაქტორზე. არჩევანი, რომელიც ეჭვს არ უნდა იწვევდეს ადამიანში, ხშირად ხდება თვით ამ ადამიანის დაუკმაყოფილებლობის ან, თუნდაც, გაღიზიანების მიზეზი. რაც შეეხება, საზოგადოდ, არჩევნებს, ის მიუღებელ და ფუჭ შრომად მიმაჩნია, რადგან არჩევნები როგორი გამჭვირვალე, ძალდაუტანებელი და მოუსყიდველიც უნდა იყოს, შეუძლებელია, წარმოადგენდეს საზოგადოების უმრავლესობის არჩევანს, რადგან ყველა ინდივიდს თავისი ინდივიდუალური არჩევანი აქვს და მისი შერწყმა კოლექტიურ არჩევნად უტოპიაა. ორ ადამიანს შორისაც კი რაღაც პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრებისა და ურთიერთდაკვირვების შემდეგ გაირკვევა, რომ მათ სწორი არჩევანი ვერ გააკეთეს, რაც კინკლაობამდე და ხშირად ტრაგედიამდეც მიდის.

მაშ, რა არის არჩევანი და არჩევნები?

ვფიქრობ, არჩევნები ხალხის დემოკრატიული მართვის თანამედროვე მეთოდი კი არა, არქაული, უძველესი ჩამორჩენილობისა და საზოგადოების ინსტიქტური მართვის მეთოდია შესაბამისი პერიოდისთვის გამართლებული.

ადრინდელი ეპოქის ჩრდილოეთ ამერიკელ ტომებში ბელადის არჩევის პარამეტრები ასეთი იყო (შეიძლება დღესაც ასეა): ის უნდა ყოფილიყო ძლიერი მეომარი, მოხერხებული, მრავალრიცხოვანი ოჯახისა და ახლობლების პატრონი, რათა მეზობელი ტომის თავდასხმის შემთხვევაში წინააღმდეგობა გაეწია მომხვდურსთვის და ისრით თუ კომბლით ხელში განედევნა თავისი საცხოვრისიდან.

ამისი ნათელი მაგალითები ჩვენს ქვეყანაშიც გვხვდება გასული საუკუნის დასაწყისამდე, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, რაც შესანიშნავად აქვს მოთხრობილი ალექსანდრე ყაზბეგს თავის რომანებში, რომლებშიც ხევის ყოფა-ცხოვრებას აღწერს და ამის მაგალითად თუნდაც “ხევისბერი გოჩა” გამოდგება.

ხევში ხევისბერად ცხვრის ქურდი ან გარყვნილებაში შემჩნეული მოხევე ოდესმე აურჩევიათ ან აირჩევენ? _ ამის წარმოდგენაც ხომ შეუძლებელია. მთაში დღესაც გვხვდება არჩევითობა, კერძოდ, რელიგიურ დღესასწაულებზე, როდესაც სოფელი ირჩევს მქადაგებელს, რომელიც ხატის წინ ხალხთან ერთად შეძახილითამინ!” დალოცავს ოჯახს თუ პიროვნებას. ეჭვი არავის ეპარება, რომ კაცი, რომელიც ხატთან არის მისული და ღმერთს ევედრება, ურწმუნო, უსახელო და შერისხული არ იქნება.

მლოცველებისაგან მცირე რაოდენობის თანხა იკრიბება, რომელიც ასევე ხალხის რჩეულს ბარდება. ყოველივე ეს არც ბრძანებით ფორმდება და არც საკანონმდებლო აქტით. ამ ჩვეულებამდე ხალხი რწმენამ და ეკლესიამ მიიყვანა.

რა არის საყოველთაო არჩევნები, რისთვის ტარდება იგი და რა შედეგი მოაქვს?

* კომუნისტების პერიოდში:

ხელისუფლება წამოაყენებდა კანდიდატურას, რომელიც არჩევნებამდე ყველა ორგანიზაციაში ხვდებოდა ამომრჩევლებს, უხსნიდა მათ სახელმწიფო სტრუქტურას და იმ დიადი ხუთწლედის შესრულებისათვის ბრძოლის აუცილებლობას, რომელსაც შეეძლო ქვეყნისა და ხალხისათვის ბედნიერების მოტანა. არც კანდიდატურის წარმდგენს და არც ამავე კანდიდატურის ამომრჩეველს იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარებოდათ კანდიდატის პატიოსნებაში. ვერავინ წარმოიდგენდა, ხალხის რჩეულად დასახელებულიყო ქურდი, ნარკომანი, დეზერტირი, მექრთამე, ციხეგამოვლილი ან რაიმე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში შემჩნეული კაცი.

* დეპუტატი უნდა ყოფილიყო:

რაიონის ხელმძღვანელი, მოწინავე კოლმეურნეობის თავმჯდომარე, მოწინავე მეურნეობის დირექტორი, მოწინავე მექანიზატორი, მევენახე, მეჩაიე, მეციტრუსე, მეაბრეშუმე, მეცხოველე, მსახიობი, მხატვარი, პოეტი, მწერალი, სპორტსმენი, მინისტრი, რესპუბლიკის პარტიული და სამეურნეო აქტივიდან გამორჩეული ადამიანი.

* რას წარმოადგენდა დეპუტატთა ეს კრებული?

თანამედროვე ენაზე, რომ ვთქვათ, ეს იყო პოდიუმი, რომელზეც თავს იწონებდა მეჩაიე იმით, რომ ბევრი ჩაი მოკრიფა; მევენახე _ ბევრი ყურძენი რომ მოიწია; მეციტრუსე _ ბევრი ციტრუსი რომ მიიღო; მეცხვარე _ ბევრი ბატკანი და მატყლი რომ მიიღო და დაამზადა; მინისტრი _ ბევრი პროდუქცია რომ შექმნა; რაიკომის მდივანი _ გეგმა გადაჭარბებით რომ შეასრულა და სხვ.

* ვინ იღებდა კანონებს?

კანონებს წერდნენ უაღრესად კვალიფიციური და განათლებული ადამიანები, რომლებიც თავმოყრილი იყვნენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში და თავდადებით მუშაობდნენ კანონის კანონთან შედარებაზე, შესწორებებსა და ახალი კანონის ჩამოყალიბებაზე. როდესაც კანონპროექტი ვიზირებული იქნებოდა, ძირითადად, იმ სამინისტროებისა და ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც ეხებოდა, ის მოხვდებოდა უმაღლესი საბჭოს სესიაზე და იღებდნენ დეპუტატები (რა თქმა უნდა, კვორუმი აუცილებელი იყო). კანონი ძალაში შედიოდა და გამოქვეყნდებოდა პრესაში.

ამ საკანონმდებლო საქმიანობას ემსახურებოდა, ალბათ, ორმოცდაათამდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კატეგორიის სპეციალისტებისთვის ანაზღაურება 250-300 მანეთს შეადგენდა, გამოდის, რომ მთელი საკანონმდებლო სისტემის შენახვა თვეში 15 ათასი, ანუ წელიწადში 180 ათასი მანეთი უჯდებოდა რესპუბლიკას.

ხშირად ისმის კომუნისტური არჩევნების კრიტიკა და პირველი “დამოუკიდებელი” საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ქება-დიდება, რომლის მემკვიდრეც არის ახალი პარლამენტი და განაგრძობს მის დაწყებულ საქმიანობას _ დიდი წინაპრების პორტრეტების ქვეშ მუშაობს დღევანდელი საკანონმდებლო ორგანო.

საკმაო ხანს ვიმუშავე მენშევიკური მთავრობის საპარლამენტო საქმიანობის შესწავლაზე და უნდა მოგახსენოთ, მკითხველო, რომ ასეთი სამრცხვინო საქმიანობა და საქმის წარმოება, როგორიც ჩვენს “დამოუკიდებელ” საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდა, ჯერ არ მინახავს.

როგორ და რას მუშაობს დღევანდელი პარლამენტი? _ ეს ხომ აბსურდის თეატრია, რომელიც სისხლს წოვს ისედაც გაპარტახებულ ქვეყანას და ხალხს, სახელმწიფოს შლის ტერიტორიულად და ადამიანებს კლავს მორალურად?!

ხალხი კი ახალი არჩევნებისთვის ემზადება.

როდესაც ოტელო დეზდემონას დაახრჩობს, გონს მოსულ მავრს უილიამ შექსპირი ათქმევინებს:

“ეს მთვარის ბრალი უნდა იყოს, ის დედამიწას ჩვეულებრივზე უფრო მეტად მოუახლოვდა და გააგიჟა ხალხი სრულიად”.

ალბათ, ახლაც, სამი საუკუნის შემდეგ, მთვარე ზომაზე მეტად მოუახლოვდა დედამიწას და ხალხს თვალები და გონება დაუბნელა.

არჩევნები ყველა უბედურებისა და გაუგებრობის სათავეა.

უნდა მოგითხროთ, რა მოჰყვა საბჭოთა კავშირში კომუნისტური არჩევნებიდან “დემოკრატიულ” არჩევნებზე გადასვლის მცდელობას.

მას შემდეგ, რაც სტალინმა წარმატებით ჩაატარა 2 ხუთწლედი, მოიშორა შინაური თუ გარეშე მტრები, თანმიმდევრულად დაიწყო უცხოეთთან თანამშრომლობა. ჰიტლერის აღზევების შემდეგ გრძნობდა რა მოსალოდნელ უბედურებას, რაც მოელოდა ევროპას და მასთან ერთად საბჭოეთს, სტალინი არაერთხელ შეეცადა ინგლისსა და საფრანგეთთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას და ხელშეკრულების დადებას ურთიერთდახმარებასა და თანამშრომლობაზე, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. ალბათ, ამ ხელშეკრულების გაფორმების ერთადერთ გამოსავლად მიიჩნია, დაჰყოლოდა უცხოეთის ნებას და დაეწყო დემოკრატიულ არჩევნებზე ფიქრი.

მიუხედავად იმისა, რომ ლევ ტროცკი განდევნილი იყო ქვეყნიდან, ხოლო ნიკოლაი ბუხარინი, გრიგორი ზინოვიევი და სხვები ზედიზედ ინანიებდნენ თავიანთ ცოდვებს და უკვე მერამდენედ იბრუნებდნენ ჩამორთმეულ პარტიულ ბილეთებს, ოპოზიცია და პარტნომენკლატურა კვლავ ბოლშევიკურად იდგნენ სადარაჯოზე თავიანთი სკამების შესანარჩუნებლად.

სტალინმა უახლოესი გარემოცვა შემოიკრიბა და დაიწყო ხელისუფლების გადანაწილებასა და დემოკრატიულ არჩევნებზე ფიქრი. საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ, სტალინმა თავისი ჩანაფიქრი თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე 1936 წელს კონსტიტუციის პროექტზე გამოსვლისას გაასაჯაროა, მაგრამ არცთუ გონებამახვილმა უმრავლესობამ სტალინის ნათქვამი ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა.

სტალინმა საყოველთაო არჩევნებზე უფრო მკაფიოდ ამერიკელ ჟურნალისტ როი-ჰოვარდთან ისაუბრა, რომელიც 1936 წლის 5 მარტს გაზეთმა “პრავდამ” გამოაქვეყნა:

“როგორც გამოცხადდა, ახალი კონსტიტუციით, არჩევნები იქნება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული. საარჩევნო სიებს წარმოადგენს არა მხოლოდ კომუნისტური პარტია, არამედ ყველანაირი საზოგადოებრივი, არაპარტიული ორგანიზაცია და ასეთი ჩვენთან ასობით არის. ჩვენთან არ არის ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები, ისევე, როგორც არ არის კაპიტალისტებისა და კაპიტალისტების მიერ ექსპლუატირებული და მათთან დაპირიპირებული მუშათა კლასი. ჩვენი საზოგადოება შედგება ქალაქისა და სოფლის თავისუფალი მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციისგან. თითოეულ ამ ფენას, შესაძლოა, ჰქონდეს ინტერესები და შეუძლია ისინი გამოხატოს მრავალრიცხოვან საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. თქვენ ფიქრობთ, რომ არ იქნება საარჩევნო ბრძოლა, მაგრამ ის იქნება და მე წინდაწინ ვხედავ საკმაოდ გამოცოცხლებულ საარჩევნო ბრძოლას. საბჭოთა კავშირში საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნები მოსახლეობის ხელში მათრახივით იქნება ცუდად მომუშავე ხელისუფლების ორგანოებისთვის. ჩვენი ახალი საბჭოთა კონსტიტუცია, ჩემი აზრით, იქნება მსოფლიოში ამჟამად არსებულ კონსტიტუციებს შორის ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია”.

სტალინი სრულიად განსხვავებულად ხედავდა, როგორც ხალხთა ეკონომიკური განვითარების საკითხებს, აგრეთვე, მისი დემოკრატიული გზით განვითარების გზებსაც. სტალინი არ უარყოფდა დასავლეთის დემოკრატიას, მაგრამ ის უნდა ყოფილიყო მორგებული საზოგადოებაზე და არა მჩაგვრელ ექსპლუატატორებზე, რის გამოც ის საქვეყნოდ ამბობდა:

“ჩვენ, საბჭოთა დემოკრატიის მომხრეები ვართ, ყველაზე თანმიმდევრული დემოკრატიისა მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ კაპიტალისტურ ქვეყნებში ბურჟუაზიული დემოკრატიული თავისუფლების თითოეულ მტკაველს, რომელსაც ხელყოფს ფაშიზმი და ბურჟუაზიული რეაქცია, რადგან ეს ნაკარნახევია პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ინტერესებით”.

საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი მაქსიმ ლიტვინოვი, რომელიც აშკარად უჭერდა მხარს სტალინის საარჩევნო დემოკრატიზმს, პრინციპულად აცხადებდა:

“ჩვენ არ ვიგრძნობთ თავს განსაკუთრებით შეცბუნებულად, როცა კონსტიტუციასთან დაკავშირებით გვეუბნებიან, რომ ვბრუნდებით ევროპული დემოკრატიის სამყაროში ბურჟუაზიული თავისუფლებისკენ. სწორად ნათქვამი იქნება, რომ ჩვენ გამოფიტული ბურჟუაზიის სუსტი ხელიდან ვიღებთ დემოკრატიის დროშას, თავისუფლების დროშას და ვავსებთ მას ახალი გამოცდილებით, საბჭოთა შინაარსით”.

განაგრძობდა რა საუბარს ამერიკელ ჟურნალისტთან, სტალინი აღნიშნავდა:

“შეუძლებელია, ამ სისტემამ არ დაარტყას გაბიუროკრატებულებს, მასებიდან მოწყვეტილებს. მეორე მხრივ, ეს სისტემა გააიოლებს ახალი ძალების წინ წამოწევას მოწინავე მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციიდან, რომლებიც უნდა მოვიდნენ ჩამორჩენილი და გაბიუროკრატებული ელემენტების ნაცვლად”.

ცენტრალური კომიტეტის წევრი ნიკოლაი იაკოვლევი, რომელიც ხელმძღვანელობდა საყოველთაო არჩევნების პროექტზე სტალინის დავალებით მომუშავე ჯგუფს, გაზეთ “პრავდაში” წერდა:

“პარტიული ჯგუფები საბჭოებში და განსაკუთრებით _ საბჭოების აღმასკომებში ხშირად გადაქცეულნი არიან საბჭოების შემცვლელ ორგანოებად, რადგან ყველაფერს ისინი წყვეტენ, ხოლო საბჭოებს რჩებათ მხოლოდ დაშტამპონ წინასწარ მომზადებული გადაწყვეტილებები”.

სტალინი პარტიის განუსაზღვრელი ძალაუფლების შეზღუდვასა და მის წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდა, რასაც სახელმწიფოს მართვის მთელი სისტემის ტრანსფორმაცია უნდა მოჰყოლოდა. ის ფიქრობდა, რომ ქვეყანაში პროლეტარიატის დიქტატურა საჭირო აღარ იყო და იგი ხალხისათვის ხელისუფლების გადაბარებით უნდა შეცვლილიყო.

სტალინი პრინციპულად აცხადებდა:

ჩვენს მუშათა კლასს, არათუ წართმეული აქვს წარმოების იარაღები და საშუალებები, არამედ პირიქით _ ის მას ფლობს ხალხთან ერთად. ამის შემდეგ ის განა შეიძლება იწოდებოდეს პროლეტარად? _ ნათელია, რომ არა”.

მმართველობის სხვა სისტემა, რომელიც სტალინის გონებაში იხარშებოდა, იყო:

მუშათა კლასის დიქტატურის გაფართოება და დიქტატურის გადაქცევა უფრო მძლავრ სისტემად _ საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მმართველობად”. იმათ გასაგონად კი, ვინც გაიძახოდა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა აეკრძალოთ როგორც ამომრჩევლად, ისე ასარჩევად, საზოგადოების საშიშ პიროვნებებსო, სტალინმა განაცხადა:

ამბობენ, რომ ეს საშიშია, რადგან უმაღლეს ორგანოებში შეიძლება გაძვრნენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი ელემენტები _ ვიღაცვიღაცები ყოფილი თეთრგვარდიელებიდან, კულაკებიდან, მღვდლებიდან და ასე შემდეგ, მაგრამ საკითხავია, რა არის აქ საშიში? მგლის შიშით ტყეში არ შევიდეთ? ჯერ ერთი, ყველა ყოფილი კულაკი, თეთრგვარდიელი და მღვდელი არ არის საბჭოთა ხელისუფლების მტერი. მეორეც, თუ ხალხი სადმე აირჩევს მტრულად განწყობილ ადამიანებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სააგიტაციო მუშაობა ცუდ მდგომარეობაშია, ხოლო ჩვენ დავიმსახურეთ ამგვარი სირცხვილი”.

ვინ დაითვლის ხმებს?

სტალინმა ამ კითხვაზეც დამაჯერებელად უპასუხა:

“საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩვენთან სხვადასხვა პარტია არ არის და ამიტომ ხმები საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა დაითვალონ და არა _ ბოლშევიკების პარტიამ”.

ამრიგად, პროლეტარიატის დიქტატურის ქვეყანაში, რომელსაც ერთპიროვნულად მართავდა ბოლშევიკების პარტია, სტალინმა ამ პარტიას დუელი გაუმართა. მზადდებოდა რევოლუცია, რომელიც მეორე ფაზაში უნდა გადასულიყო და ქვეყანას სრულიად ახალი სუნთქვა უნდა დაეწყო. ხავსმოკიდებული რუსული რევოლუციური მანქანა ახლით უნდა შეცვლილიყო.

რუსული წითელჯავშნიანი ლოკომოტივებიდან გამოსული და ვეებერთელა კაბინეტებში მოკალათებული სრულიად უცოდინარი მაუზერიანი “მებრძოლი რევოლუციონერები” ამერიკული საქმიანობის და რუსული რევოლუციური გაქანების ახალგაზრდებით უნდა შეცვლილიყო. ამ სრულიად ახალმა რევოლუციურმა ტალღამ უკან შეაბრუნა ძველი ბოლშევიკები წითელ ლოკომოტივებში და საბრძოლველად მოამზადა. საკავშირო ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის (ალკკ) ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ალექსანდრე კოსარევმა პირველმა იყნოსა მოახლოებული საფრთხე და ხმა აიმაღლა “ქვეყნისა და მისი ერთიანობის” დასაცავად:

“კლასობრივი ბრძოლა არ ნელდება, არამედ იღებს ახალ, უფრო რთულ ფორმებს. მტერი ნებაყოფლობით არ თმობს თავის ადგილს. მისი მოშორება შეიძლება მხოლოდ ძალადობით, ეკონომიკური მეთოდების ზემოქმედებით, ორგანიზაციულ-პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით, ხოლო, როცა საჭიროება მოითხოვს, ფიზიკური მოსპობის მეთოდებით”.

უკრაინის კპ ცეკას პირველი მდივანი და პოლიტბიუროს წევრი სტანისლავ კოსიორი ამბობდა:

“უკრაინელი ხალხი გაანადგურებს, როგორც ტროცკისტი ზინოვიელების ნაძირალებს, ისე ნაციონალური მოღალატეების ნარჩენებს, რომლებიც თავიანთ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან”.

ამხედრდა დასავლეთ ციმბირის აღმასკომის თავმჯდომარე გრიადინსკიც, რომელიც ცოფმორეული გაჰყვიროდა:

“ყველაზე საზიზღარი მკვლელები, ფაშიზმის აგენტები _ კაპიტალიზმის ნაძირალა რესტავრატორები, დივერსანტები, ტერორისტები, ტროცკი-ზინოვიევის მიმდევრები, ისევ ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ მუშების მკვლელობებით, საწარმოებში მავნებლობით, ავარიების ორგანიზებით. მათი ნაწილი განადგურებულია, მაგრამ იმისათვის, რომ აღვგავოთ ისინი საბჭოთა მიწიდან, ჩვენ საყოველთაოდ უნდა გავაძლიეროთ რევოლუციური სიფხიზლე”.

იუსტიციის მინისტრმა, იმის ნაცვლად, რომ მხარი დაეჭირა რეფორმებისთვის, პრინციპული პოზიცია დაიკავა და განაცხადა:

“რევოლუციური დიქტატურა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, სტალინური კონსტიტუციით გაფორმებული”.

ანტირეფორმისტების მიერ დანთებული კოცონი ნელ-ნელა აგიზგიზდა. “ძველი გვარდია” თავისი სკამებისა და მდგომარეობის შესანარჩუნებლად არაფერს ერიდებოდა და არც თავს ზოგავდა. პოზიციები იმით გაიმყარეს, რომ ძველი გვარდიის მაგივრად “ლენინური გვარდია” დაირქვეს.

დასავლეთ ციმბირის კომპარტიის პირველმა მდივანმა და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატმა რობერტ ეიხემ 1936 წლის დეკემბრის პლენუმზე გამოსვლისას კაცთმოძულეობასა და რეპრესიების მოთხოვნაში ყველას გადააჭარბა.

“გამოძიების მიერ გახსნილმა ფაქტებმა მსოფლიოს წინაშე გამოავლინა ტროცკისტების მხეცური სახე. რა ეშმაკად ვაგზავნით, ამხანაგებო, ასეთ ადამიანებს გადასახლებაში? ისინი უნდა დაიხვრიტონ! ამხანაგო სტალინ! ჩვენ ძალიან რბილად ვიქცევით”.

ჯერჯერობით ვერც ერთ საარქივო ფონდში ვერ მოიძებნა აღნიშნულ პლენუმზე სტალინის შემაჯამებელი სიტყვის სტენოგრამა, რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო შენახული. სად გაქრა ჩანაწერი?

სტალინის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვის მიერ შექმნილმა არქივების “გამწმენდმა” კომისიამ გაანადგურა ყველა დოკუმენტი, რომლებიც აშკარად გამოხატავდა სტალინის პოზიციას სისხლმოწყურებული “ლენინური გვარდიის” წინააღმდეგ. მათ მაგივრად არქივებში ჩადებულია სტალინის “მაკომპრომეტებელი” დოკუმენტები, რომლებიც ფალსიფიკაციის გზით შექმნეს და იმავე ნომრითა და იმავე ადგილზე ჩააკერეს.

1937 წლის 23 თებერვალს გაიმართა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მორიგი პლენუმი, სადაც ლენინგრადის ოლქისა და საქალაქო კომიტეტის პირველმა მდივანმა, პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატმა ანდრეი ჟდანოვმა კვლავ ხაზი გაუსვა სტალინის მიერ წამოყენებულ ახალ რეფორმას და განაცხადა:

საბჭოთა ორგანოების მუშაობის გასაუმჯობესებლად ახალი საარჩევნო სისტემა მოგვცემს მძლავრ ბიძგს, ბიუროკრატიული ნაკლის ლიკვიდაციას. ჩვენი პარტიული ორგანოები მზად უნდა იყვნენ საარჩევნო ბრძოლისათვის. ფარული კენჭისყრა წარმოადგენს ყველაზე ფართო შესაძლებლობას მასების თვალსაზრისით ყველაზე უვარგისი კანდიდატების უარსაყოფად. ვუხელმძღვანელოთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოტრიალებას და უზრუნველვყოთ დემოკრატიული არჩევნები _ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტიული ორგანიზაციები არ უნდა დაელოდონ, როცა მასები მათ ქვევიდან ხელს კრავენ კრიტიკით და უვარგისი კანდიდატურების მოხსნით, არ უნდა დაელოდონ ფარულ კენჭისყრაში ჩავარდნას”.

ჟდანოვის ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი. ქვეყანა განვითარების სულ ახალ გზას ირჩევდა.

 გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here