Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კოალიცია უნდა დაიშალოს

გია ხუხაშვილი: სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კოალიცია უნდა დაიშალოს

829

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების წევრებზე არსებული მაკომპრომეტებელი კადრები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდება და დაიშლება თუ არა კოალიცია “ქართული ოცნება” _ ამ და სხვა საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო გია, მოგეხსენებათ, ახალხან ინტერნეტში ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ქალბატონის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრები გავრცელდა. ამ ფაქტმა, ბუნებრივია, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?

_ ამ ყველაფრის მიზეზი ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არსებული სისტემური დანაშაული იყო და, სიმართლე გითხრათ, ეს სისტემა დღესაც არ გამქრალა. რა მეთოდებითაც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში მოქმედებდა ეს სისტემა, ახლაც ანალოგიურ მეთოდებს მიმართავს. ვითარების გართულების მთავარი მიზეზი კი არის დაუსჯელობის სინდრომი, რადგან არც ერთი ასეთი დანაშაულისთვის არავინ დაუსჯიათ _ არც შემსრულებელი და არც დამკვეთი.

მაგალითისთვის საკმარისია თუნდაც ერთი შემთხვევა: როდესაც რამდენიმე ხნის წინათ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, მაშინ თითქოს ყველაფერი გაირკვა და, წესით, დამნაშავეც უნდა დასჯილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი დაიჭირეს და მან დამკვეთიც დაასახელა, ვნახეთ, რომ არც ეს საქმე მისულა ბოლომდე. ეს კი დაუსჯელობის სინდრომით დაავადებულ, მახინჯი ფსიქიკის ადამიანებს უბიძგებს, ასეთი ვიდეოკადრები პირადი ან პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ.

ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი უკონტროლო და შემაშფოთებელ მასშტაბებს იღებს, ხვალ და ზეგ არჩევნები ახლოვდება და რა მოხდება, არავინ იცის. პოლიტიკოსები, გასაგებია, ერთმანეთისკენ გაიშვერენ ხელს, მაგრამ, სანამ ჩვენი საზოგადოება ამა თუ იმ ფაქტზე სწორ რეაგირებას არ ისწავლის, მანამდე ეს პრობლემა ყოველთვის იქნება…

 ამას გარდა, ფაქტია, რომ ეს კადრები მხოლოდ ერთ კონკრეტულ მხარეს არ აქვს, არამედ ბევრს.

_ დიახ, ფარული ვიდეოკადრები აქვს რამდენიმე მხარეს და ამ მხარეების ზოგიერთი წარმომადგენელი ქვეყნიდან გაქცეულია. მაგალითად, მეგის ქარდავა ჩანაწერების გამოქვეყნებითაც იმუქრება. სად არის გარანტია, რომ ქარდავა ან კიდევ სხვა ამ კადრებს არ გადასცემს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს გარკვეული გარიგების, მაგალითად, თუნდაც თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები შანტაჟის ობიქტებად არ იქცევიან? ასეთ შემთხვევაში ქვეყანა, შესაძლოა, დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს…

_ გამორიცხული არაფერია. თქვენ მართალი ბრძანეთ, მოვლენების განვითარების ბევრი ვარიანტი არსებობს და უამრავი ვერსია შეიძლება განვიხილოთ. სამწუხაროდ, რეალურია საფრთხე, რომ ეს კადრები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს. ასეთი რისკები, ბუნებრივია, არსებობს. ერთი რამ ცხადია: სისტემურ დანაშაულზე ამ ხელისუფლებას პასუხიც მაშინვე უნდა გაეცა. სამეგრელოში კასრებში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე რომ გაჰყვიროდა ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ამ კადრების შემოქმედები დაესაჯა, საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკისთვის გამოიყენა. ხელისუფლებამ სწორედ მაშინ ჩადო ის ნაღმი, რომელიც ახლა ნელ-ნელა ფეთქდება.

_ როგორ ფიქრობთ, საფრთხის თავიდან ასაცილებლად უნდა გასაჯაროვდეს თუ არა ამ ადამიანების ვინაობა და მათ თანამდებობები დატოვონ?

_ კომპრომატს გააჩნია. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა რისკებს შეიცავს ის. არ არსებობს უნივერსალური მიდგომა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება.

ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ეს ადამიანის პირადი ცხოვრებაა და ამაში არ უნდა ვერეოდეთ, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ასეთი კომპრომატების არსებობის შემთხვევაში, მათი თანამდებობებზე დატოვება საფრთხის შემცველია.

_ თუ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებსა და რეპლიკებს გავიხსენებთ, მას თუ ნანახი არ ჰქონდა, დიდი ალბათობით, იცოდა ფარული ჩანაწერების არსებობაზე და რატომ დანიშნა ეს ადამიანები თანამდებობებზე?

_ არ ვიცი, ივანიშვილმა იცოდა თუ არა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს რისკებიც ექნებოდა გათვალისწინებული. სხვათა შორის, მაშინ მეც ხელისუფლებაში ვიყავი, მაგრამ ამ კადრების არსებობაზე არაფერი ვიცოდი. რაც შეეხება თანამდებობებზე დანიშვნებს, კოალიციური მმართველობის ერთ-ერთი მინუსი ისიც არის, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი კვოტა, პარტიები წარადგენენ თავიანთ კანდიდატებს და შესაძლო რისკებზეც პასუხისმგებლობას ისინი იღებენ. ამიტომ, თუ ეს ფაქტები ცნობილი იყო, პარტიებს სხვა კანდიდატები მაინც უნდა წარედგინათ ამა თუ იმ თანამდებობაზე. ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ჩვენ კიდევ არ ვიცით, რა მასშტაბის პრობლემებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ დაპირება, რომ ასეთი კადრები აღარ გავრცელდება, პრობლემას ვერ გადაჭრის.

_ თქვით, რომ სისტემა არ გამქრალა… რატომ მოხდა ასე? რატომ ვერ აღდგა დაპირებული სამართლიანობა, რამ შეუშალა ხელისუფლებას ხელი?

_ როდესაც უარი განვაცხადე ხელისუფლებაში დარჩენაზე, იმ დღიდან ვამბობ _ ერთია რეჟიმის დამარცხება, რომელიც, მართალია, რთული, მაგრამ მაინც ერთჯერადი ამოცანაა და შესასრულებლადაც უფრო იოლი, ვიდრე სისტემის დამარცხება. სისტემა არსად წასულა და ამას ადასტურებს ყველაფერი: ლევან მურუსიძე _ სასამართლოში, გაუგებარი სიტუაცია _ პროკურატურასა და პოლიციაში. და საერთოდ, მაღალ თანამდებობებზე ჯერ კიდევ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მანკიერ სისტემას ემსახურებოდნენ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ არსებულმა სისტემამ ხელისუფლება მძევლად აიყვანა. აბა, რა ლოგიკით შეიძლება გავამართლოთ მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა?! მართალია, ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ თითქოს სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და თვითონ ვერ ჩაერეოდა, მაგრამ სინამდვილეში მურუსიძეს მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოში ხელისუფლების მიერ დანიშნულმა სამმა თუ ოთხმა წევრმა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

_ ხელისუფლებაში აქამდე არსებული ფარული დაპირისპირებაც “ღია ომში” გადაიზარდა. “მრეწველებისა” და რესპუბლიკელების მხრიდან საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს ვისმენთ ერთმანეთის წინააღმდეგ. პარალელურად ვრცელდება ხმები, რომ “ეროვნული ფორუმი” კოალიციას დატოვებს. როგორ ფიქრობთ, უახლოეს მომავალში დაიშლება თუ არა კოალიცია?

_ კოალიციაში პარტიები, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ. ეს პოლიტიკური წარმონაქმნები, უკვე დიდი ხანია, პარაზიტობენ ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე, მათ დაავიწყდათ, რომ ძალაუფლების მთავარი წყარო ხალხია, მაგრამ ხელისუფლებაში ხალხთან კომუნიკაციით დარჩენაზე არც ფიქრობენ. მათ ისევ ბიძინა ივანიშვილის რესურსების ხარჯზე უკანა კარიდან უნდათ, პოლიტიკაში მოხვდნენ. სწორედ ეს არის უბედურება. შესაბამისად, საკუთარი უსუსურობის განცდა მათ ყველაფრის კადრებისკენ უბიძგებს, ოღონდ კი ივანიშვილის მხრებიდან არ ჩამოვიდნენ.

ძალაუფლება ადამიანებს რყვნის, მას აქვს თავისი ხიბლი და, “თბილი სკამების” გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები ერთმანეთს იტანდნენ. ახლა არჩევნები ახლოვდება, ამ “თბილ სკამებს” საფრთხე ექმნება და ყველას გაახსენდა, რომ თურმე ერთმანეთი ეზიზღებათ.

მიმაჩნია, რომ, სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კოალიცია უნდა დაიშალოს და კოალიცაიში გაერთიანებულმა ამ პარტიებმა უნდა გაიხსენონ, რომ, პირველ რიგში, ისინი პარტიები არიან, მანდატი პირდაპირ ხალხისგან უნდა მიიღონ და ამის შემდეგ შექმნან კოალიციები. ეს იქნება სახელმწიფოებრივად სწორი და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი.

_ მაგრამ “ქართული ოცნების” გარეშე თითოეულ ამ პარტიას _ რესპუბლიკელებს, “ეროვნულ ფორუმს”, “მრეწველებს” და სხვებს _ აქვს გამარჯვების შანსი?

_ რა თქმა უნდა, შანსი ცოტა აქვთ, ვინაიდან ის პარტიული რესურსიც კი, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ, მიფანტ-მოფანტეს, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში არ მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლებაში დარჩენა მათი საზრუნავი იყო. გასაგებია, რომ მათ, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, დეგრადაცია განიცადეს და დღეს მათი შესაძლებლობები დიდი არ არის.

_ ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარის _ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” შემდეგ რესპუბლიკური პარტია “მეორე პარტიაა”.

_ ეს ძალიან უცნაური და შეურაცხმყოფელი განცხადებებია ყველასთვის, რადგან, როდესაც რესპუბლიკელები საკუთარ თავს, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის განვითარების ვექტორის გარანტებად მიიჩნევენ, ძალიან გამაღიზიანებელია. ამ ქვეყანაში რესპუბლიკელებზე უკეთესი გარანტორები არსებობენ, თუნდაც პარლამენტის, პრეზიდენტისა თუ პრემიერის სახით, და რესპუბლიკელები თუ არ იქნებიან, ჩვენ ყველანი, მგონი, ქუდს არ დავიხურავთ და რუსეთში არ გავიქცევით. ასე რომ, რესპუბლიკელების გადაჭარბებული ამბიციები ძალიან გამაღიზიანებელია.

_ “ვიკილიქსის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი თინა ხიდაშელსა და გიორგი მარგველაშვილს მხარდამჭერებად მოიხსენიებს. შესაძლოა, ისინი უახლოეს მომავალში ერთ კოალიციაში ვიხილოთ?

_ გიორგი მარგველაშვილი გამორიცხულია, რადგან მას, როგორც პრეზიდენტს, სხვა ფუნქცია აქვს, ის არის საარჩევნო პროცესის გარანტი და, შესაბამისად, მარგველაშვილი პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, არ ვფიქრობ, რომ ისინი წინასაარჩევნოდ ასე მოიქცევიან, პირიქით _ რესპუბლიკელები ყველანაირად ეცდებიან, ბიძინა ივანიშვილის ხარჯზე უკანა კარიდან აღმოჩნდნენ პარლამენტში და იქ უკვე სიტუაციის განვითარების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. მოგვიანებით პარლამენტში შეიძლება რაღაც გადაჯგუფება მოხდეს, მაგრამ წინასაარჩევნოდ ასეთ კონფიგურაციას არ ველოდები. ეს მათ არაფერს მისცემს. უფრო მოსალოდნელია, ნაციონალებმა რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებები მაშინ გამართონ, როცა პარლამენტში აღმოჩნდებიან.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც მაგ არზეა რომ უნდა დაიშალოს კოალიცია. ხელისუფლებაში უნდა იყოს ის ძალა რომელსაც რეალურად აქვს ხალხის მხარ დაჭერა და არა ის პოლიტიკური პარტიები რომლებიც 1%ტსაც ვერ ახწევენ.
    ასე რომ აუცილებლად უნდა დაიშალოს კოალიცია!

  2. სანამ ქართული პოლიტიკა არ განთავისუფლდება ბინძური და დაჭაობებული ხალხისგან, მანამდე არაფერი არ გვეშველება. სასწრაფოდ უნდ დატოვონ ამ პირებმა თანამდებობები ვიზეც არსებობს კომპრომატები და სასწრაფოდ უნდა იქნენ დაკითხულებიც, რომ გაირკვეს მათი თანამდებობრივი მოვალეობის დროს რაიმე შანტაჟს ხომ არ ქონდა მათ მიმართ ადგილი ამ კადრებით. ასევე ის ქალბატონიც უნდა დაიკითხოს რომელიც მაღალი თანამდებობის პირი იყო და გავრცელდა კადრები. და გავრცელებული ინფრმაციიდან გამომდინარე ასევე იგეგმება თავდაცვის მინისტრზეც კადრების ავრცელება და ყოფილ თავდაცვის მინისტრზეც ირაკლი ალასანიაზეც, მათი დაკითხვაც უნდა მოხდეს და საერთოდ პოლიტიკიდან ჩამოშორებაც.

    ქართულ პოლიტიკაში საჭიროა, სუფთა, და წესიერი ხალხი თუ გვინდა რომ რამე გვეშველოს!!! თუ არადა ესე ვიქნებით სხვის ჭკუაზე და ხუშტურებზე რომლებსაც დავერბოვკებული ყავთ ჩვენი სახელმიფო მოხელეები და აკეთებინებენ იმას რაც მათ მოეპრიანებათ!!!

  3. თუ კოალიციაში რესპუბლიკელები კვალვ შეძლებენ დარჩენას, მაშინ ქართული ოცნება რესპუბლიკელების კოალიციაში ყოფნით ხმებს კი ვერ მოიპოვებს არამედ დაკარგავს და ამიტომ რესპუბლიკელების კოალიციაში დარცენა ძალიან საზიანო იქნება კოაკლიციისათვის ამიტომ ქართულმ ა ოცნებამ არ უნდა დაუშვას ასეთი შეცდომა. რესპუბლიკურ პარტიას ჩემის აზრით სახელი გაუტეხა მინისტრმა ხიდაშელმა, როდესაც მან ჯარი ჩართო პოლიტიკაში (ჯარს პატრიარქის მერე ყველაზე მეტი ავტორიტეტი აქვს ხალხში) და მოხსნა სტალინის საარჩევნო რეკორდი და ის გააუმჯობესა 0,01%ით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here