Home რუბრიკები ისტორია 1956 წლის ტრაგიკული 9 მარტი

1956 წლის ტრაგიკული 9 მარტი

2909

1956 წელს მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი _ 20 წლის ახალგაზრდა, და ვცხოვრობდი სტუდქალაქში _ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში, რომლის 13 კორპუსში 3 000-მდე სტუდენტი ცხოვრობდა.

1956 წლის 4 მარტს სტუდქალაქში მცხოვრებმა 25-მდე სტუდენტმა გადავწყვიტეთ, სტალინის გარდაცვალების ხსოვნის აღსანიშნავად ღამე გაგვეთენებინა მშრალ ხიდთან აღმართული სტალინის ძეგლის წინ მდებარე სკვერში. საღამოს 5 საათი იქნებოდა, სტუდქალაქიდან რომ გამოვედით და ილია ჭავჭავაძის გამზირს დავადექით. ერთი საათის შემდეგ სტალინის ძეგლს გარშემორტყმული სტუდენტთა მცირე ჯგუფი დუმილით მივაგებდით პატივს ბელადის ხსოვნას. უკან დაბრუნება არავის გვიფიქრია. ღამე თანდათან შედიოდა ძალაში და სიცივეც იმატებდა. მკაცრი პირობები წინააღმდეგობის გაწეევის სურვილს უფრო გვიმძაფრებდა ახალგაზრდებს. გამწვანების ზოლში გამხმარი ტოტები მოვაგროვეთ და ცეცხლი დავანთეთ. გასათბობი მასალის დეფიციტმა ბაღში განლაგებული მერხების მოხმარებაზე გადაგვიყვანა და რამდენიმე კიდეც შეეწირა ამ საქმეს. სიცივის მიუხედავად, ღამის მთეველთა ჯგუფს არც ერთი სტუდენტი არ გამოკლებია. დილით, როდესაც სხვადასხვა სასწავლებლის წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ მათმა ამხანაგებმა ღამე სტალინის ძეგლთან გაათენეს, თანაც უკვე 5 მარტიც გათენდა _ სტალინის გარდაცვალების დღე _ მშრალი ხიდისკენ ათასობით სტუდენტი დაიძრა.

სტალინის ძეგლის წინა მდებარე მოედანი თანდათან შეივსო. საჭირო შეიქნა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება _ ტრიბუნა, სტუდენტებისადმი მიმართვის ტექსტისა და სამგლოვიარო განცხადების დაწერა და სხვა ათასი წვრილმანი. ცალკეული ინიციატივები საკმარისი არ იყო ხალხმრავალი შეკრების ორგანიზებისათვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ამ საქმიანობას თავმჯდომარის გარეშე წარუძღვებოდა. სტუდენტებს ქალაქის მცხოვრებნიც შეუერთდნენ და მოედანზე უკვე ხალხის ტევა აღარ იყო. 5 მარტის საღამოს ძეგლის გარშემო 10 000 ახალგაზრდა პატივს მიაგებდა ბელადის ხსოვნას. შეუძლებელი იყო გამომსვლელთა სიტყვის მოსმენა უზარმაზარი აუდიტორიის გამო, ამიტომ აუცილებელი შეიქნა, ადგილზე რადიოკვანძის გამართვა. საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ორ აქტივისტს დაევალა, ეწარმოებიათ მოლაპარაკება კავშირგაბმულობის სამინისტროსთან რადიოკვანძის დროებით გადმოცემის თაობაზე. უარის შემთხვევაში დემონსტრანტთა ტალღა სამინისტროს მიადგებოდა. მუქარამ შედეგი გამოიღო. უზარმაზარი სატვიტრთო მანქანა, რომლის ძარაზე დამონტაჟებული იყო გიგანტური მოწყობილობა, სტალინის ძეგლთან ახლოს ერთერთ მყუდრო კუთხეში ჩააყენეს და კავშირგაბმულობის სპეციალისტებმა ჭადრის ხეებზე გამაძლიერებლის გამართვა დაიწყეს. საორგანიზაციო ჯგუფი საორგანიზაციო კომიტეტად გარდაიქმნა. პირველი გამარჯვების შემდეგ უფრო გაბედულად ვმოქმედებდით. თუ აქამდე სტალინის ძეგლთან მიახლოება გვიჭირდა, გადავწყვიტეთ, ავსულიყავით კვარცხლბეკზე და იქიდან წაგვეყვანა მიტინგი. ფიცრებისაგან შევკარით სახელდახელო კიბე, რომლითაც გამომსვლელები კვარცხლბეკზე ადიოდნენ. 6 მარტს, საღამოს, სამუშაო საათების შემდეგ, მომიტინგეთა რაოდენობამ 50 000 კაცს გადააჭარბა. ხალხმრავალი შეკრება ორგანიზირებულად მიმდინარეობდა. ადამიანთა სიმჭიდროვის გამო ძირს დავარდნილ ყელსახვევებს, შარფებს, ფეხსაცმელს (კალოშებს), მაჯიდან შეწყვეტილ საათებს, ხელჩანთებს ერთ ადგილზე ვაგროვებდით და არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს სხვისი ნივთი აეღო.

 ამ წესრიგმა კიდევ უფრო დააინტერესა ადამიანები, მოსულიყვნენ მიტინგზე.

ხალხმა დაიწყო გვირგვინებისა და თაიგულების მოტანა, რომლებსაც ჯერ იქვე, კვარცხლბეკის გარშემო ვდებდით, მაგრამ, როცა ვეღარ დაეტია, გადავწყვიტეთ, კვარცლბეკიდან თოკები ჩამოგვეშვა და მასზე დაგვემაგრებინა. დამამახსოვრდა ერთი გვირგვინი, მშვენიერებით რომ გამოირჩეოდა. ყველა გვირგვინს ორგანიზაციის ან პიროვნების სახელი ეწერა, ამ გამორჩეულ გვირგვინს კი _ “ღირსეულ მამას უღირსი შვილებისაგან”. ყველა მივხვდით, რომ ეს გვირგვინი ეკუთვნოდა თბილისელ ქურდებს, რომელთა ძალისხმევითაც სტალინის ძეგლთან საოცარი დისციპლინა სუფევდა 5 დღის განმავლობაში. ტრიბუნაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მეცნიერები, სახელგანთქმული მსახიობები, სპორტსმენები, მწერლები, პოეტები. ასობით ადამიანმა გამოთქვა სიტყვით გამოსვლის სურვილი. ზოგიერთი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ხრუშჩოვს. ასეთების გამოსვლა ხალხის უპატივცემულობად ჩავთვალეთ და გადავწყვიტეთ, ვიდრე გამომსვლელი ტექსტს არ წარმოგვიდგენდა კომიტეტში, მიკროფონთან არ დაგვეშვა. გამომსვლელთა ტექსტებს კი მე ვამოწმებდი და ჯიბე სავსე მქონდა ხრუშჩოვის დედის გინების გამო დაწუნებული ტექსტებით.

10 000 კაცი ერთდროულად შესძახოდა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას: “ჯუ დე, ჯუ დე!”, მაგრამ მომიტინგეებისათვის უცნობი დარჩა, ჩინელი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა თუ შეგნებულად არ გამოჩნდა. ჯუ დეს მძებნელთა ჯგუფი ახლა რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სასტუმრო “ინტურისტს” მიადგა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს პირი ვიბრუნეთ ჩიტაძის ქუჩისკენ, სადაც იმჟამად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობები იყო განლაგებული. გაავებული ხალხი იქაც ჯუ დეს სახელს გაჰყვიროდა. ადამიანებით სავსე იყო ქუჩა, სახლების სახურავები. ისმოდა გამაყრუებელი სტვენა და შეძახილები. ცენტრალური კომიტეტის ძირითადი შენობის მეორე სართულის აივანზე გამოვიდა ორი მამაკაცი თავზე ვერცხლისფერი სამხედრო ბოხოხით. ერთი ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე იყო, მეორე _ ცეკას მეორე მდივანი მიხეილ გიორგაძე.

ვასილ მჟავანაძის მიმართვის შემდეგ ხალხი არ დაწყნარდა. კვლავ გაისმოდა გამაყრუებელი შეძახილები. პირველმა მდივანმა ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ამ მშვიდ და გაწონასწორებულ კაცს ისეთი ხმა აღმოხდა, რომ აბობოქრებული ხალხის მასაში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა:

არა გრცხვენიათ, ქართველებო, ჩვენო შვილებო! აქ ვართ თქვენი მამები, ბიძები, ახლობლები და თქვენ ჩინელ კაცს უხმობთ დასახმარებლად? მაშ, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, ჩვენ ხომ თქვენი აზრის გამტარებლებად ვართ დანიშნულნი? მე სტალინის გაზრდილი ვარ, სტალინის ჯარისკაცი, სტალინისთვის მაქვს ფიცი მიცემული, მე ვინ უნდა მაჯობოს სტალინის სიყვარულში?!”

ამ ამაღელვებელი სიტყვების შემდეგ ასიათასობით მომიტინგე მართული გახდა.

“ამ მრავალრიცხოვან საზოგადოებაში ჩვენ კონკრეტულზე ვერაფერს მოვილაპარაკებთ, _ განაცხადა ვასილ მჟავანაძემ, _ თქვენ თვითონ გამოყავით 10 წარმომადგენელი და ამოდით ჩვენთან, კაბინეტში. გვითხარით, რა არის თქვენი მოთხოვნები, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ და შეძლებისდაგვარად შეგისრულოთ თქვენი სურვილები”.

საორგანიზაციო კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომლებიც იმ პერიოდში ჩიტაძის ქუჩაზე ვიყავით (ნაწილი მშრალ ხიდზე მიტინგს უძღვებოდა), ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის _ ვასილ მჟავანაძის კაბინეტში შევედით.

საორგანიზაციო კომიტეტის 10 წევრმა მოთხოვნები წაუყენა ცეკას 2 მდივანს, რომლებიც სათათბირო მაგიდის მეორე მხარეს ისხდნენ.

მოთხოვნები არც ბევრი იყო და არც შესასრულებლად რთული:

1. 9 მარტი უნდა გამოცხადებულიყო სამგლოვიარო, შესაბამისად, უქმე დღედ;

2. დილის 6 საათზე და ღამის 12 საათზე უნდა შესრულებულიყო სახელმწიფო ჰიმნი პოეტის სიტყვებთან ერთად, სადაც მოიხსენიებოდა დიდი სტალინი;

3. კინოთეატრებსა და თეატრებში აღდგენილიყო სტალინზე შექმნილი ფილმებისა და სპექტაკლების ჩვენება;

4. 9 მარტს ლენინის სახელობის მოედანზე უნდა ჩატარებულიყო სამგლოვიარო მიტინგი, რომელსაც დაესწრებოდა მთავრობა მთელი შემადგენლობით;

5. ქალაქ სამტრედიას დარქმეოდა სტალინის სახელი (დღესაც არ ვიცი, რატომ _ გრ. ონიანი).

ვასილ მჟავანაძემ გულისყურით მოუსმინა ჩვენს “პეტიციას” მოსაგვარებელი საკითხების შესახებ და, როდესაც მოთხოვნების ჩამოთვლა დავამთავრეთ, მამაშვილურად მოგვმართა: 9 მარტი უქმე დღედ გამოცხადდება, მაგრამ არა ყველგან, პური რომ არ გამოვაცხოთ და ძეხვი არ დავამზადოთ ან მარტენის ღუმელი გავაჩეროთ, ეს თქვენც დაგაზარალებთ და თქვენთან ერთად სახელმწიფოს, ამიტომ დაისვენებს მხოლოდ სტუდენტობა, მოსწავლე-ახალგაზრდობა, რომელიც არ არის ჩაბმული სტრატეგიულ ობიექტებში. ამასთანავე, აღდგება სახელმწიფო ჰიმნის პოეტის სიტყვებით შესრულება. ხვალ, 9 მარტს, დღის 12 საათზე, ლენინის სახელობის მოედანზე ჩატარდება გრანდიოზული სამგლოვიარო მიტინგი, რომელსაც მთავრობის ყველა წევრი დაესწრება; კინოთეატრები უწყვეტად უჩვენებენ სტალინზე შექმნილ კინოფილმებს და სპექტაკლებსო, და თითქმის ყველა მოთხოვნის შესრულებაზე დაგვეთანხმა. ბოლოს ცეკას პირველმა მდივანმა მადლობა გადაგვიხადა,_ თქვენ ხართ ეროვნულ ნიადაგზე აღზრდილი ახალგაზრდობა, რომელიც ასე ძალიან სჭირდება დღევანდელ საქართველოსო.

ამ სიტყვებით გამოგვისტუმრა ქვეყნის პირველმა პირმა სტუდენტები სამუშაო ოთახიდან და ჩვენც, გახარებულები, ხალხით გაჭედილ ჩიტაძის ქუჩის დაღმართს სწრაფი ნაბიჯით დავუყევით, რადგან მეგაფონები არ გვქონდა და მჟავანაძის დაპირება რადიოთი უნდა გვეცნობებინა მიტინგის მონაწილეებისთვის.

მჟავანაძის დაპირებამ, რომელიც მშრალ ხიდზე სტალინის ძეგლის კვარცხლბეკიდან გავრცელდა, კიდევ უფრო ააფორიაქა და გაამხნევა მომიტინგენი. უკვე დაუფარავად გაისმოდა მოწოდება: “ძირს ხრუშჩოვი! გაუმარჯოს მოლოტოვს, ლენინ-სტალინის ერთგულ მოწაფეს!”

მთელი ღამე ამ შეძახილებში გავათენეთ იმ იმედით, რომ მეორე დღის 12 საათზე სამგლოვიარო მიტინგი გაიმართებოდა.

9 მარტს, 12 საათზე, ლენინის მოედანი ხალხით იყო გადაჭედილი. ახალგაზრდები სახლების სახურავებსა და ხეების ტოტებზე ისხდნენ. რაოდენობა ქუჩაში გამოსული ადამიანებისა, რომელთა ნახევარზე მეტი რაიონებიდან იყო ჩამოსული, ნახევარ მილიონს აღემატებოდა.

მიტინგი ვასილ მჟავანაძემ გახსნა. მან ღირსეულად ილაპარაკა სტალინის დიდ როლსა და ადგილზე მსოფლიოს ისტორიაში და იმ დამსახურებაზე, რომელიც მას ფაშიზმის განადგურების საქმეში მიუძღვის. ქებადიდების გარდა, მჟავანაძეს სხვა არაფერი წამოსცდენია. სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის სხვა წევრებიც, აგრეთვე, სტუდენტი ახალგაზრდობის წარმომადგენლები, მათ შორის, მეც. პოეტმა იოსებ ნონეშვილმა წაიკითხა ლექსიმამავ ძვირფასო”, რომელიც 1953 წლის 5 მარტს დაწერა და რომელიც თითქმის ზეპირად იცოდა სრულიად საქართველომ. ამ ლექსის წაკითხვით დასრულდა კიდეც სამგლოვიარო მიტინგი. ვასილ მჟავანაძემ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა. გამარჯვებული ახალგაზრდობა ყიჟინითა და შეძახილებით თავქვე დაეშვა და მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე განლაგებულ მომიტინგეებს შეუერთდა.

სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მოვიდნენ სტალინის ძეგლთან, გამოჩნდა აკაკი ხორავაც _ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მან სიტყვით გამოსვლა ითხოვა. ათლეტური აღნაგობის უკვე ასაკოვანი მსახიობი ძლივს მივიყვანეთ კვარცხლბეკთან მდგარ მიკროფონთან. აკაკი ხორავას გამოჩენას ხალხი ოვაციით შეხვდა. მსახიობმა ჩვეული ოსტატობით მოყვა მისი სტალინთან შეხვედრის რამდენიმე ეპიზოდი, რომელმაც ადამიანები უკიდურესად გაახარა. ტრიბუნაზე გამოსვლის მსურველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა რიგს ბოლო არ უჩანდა. ხალხი მოსალოდნელ ბედნიერებაში დარწმუნდა, მაგრამ რა იყო ეს ბედნიერება, ჯერ გათვითცნობიერებული არ ჰქონდა.

მიტინგის მონაწილეთაგან წინადადება შემოვიდა, კრემლში მოლოტოვის მხარდასაჭერი ტელეგრამა გაგვეგზავნა ქართველი ხალხის სახელით და გვეცნობებინა, რომ თბილისში გამართული ნახევარმილიონიანი მიტინგი არ ცნობს ხრუშჩოვის რევიზიონისტურ პოლიტიკას და სტალინისადმი ცილისმწამებლურ განცხადებებს, რის გამოც მას უნდობლობას ვუცხადებთ, ხოლო პარტიისა და ქვეყნის პირველ პირად ვაღიარებთ ვიაჩესლავ მოლოტოვს. გასაგზავნი დეპეშის შინაარსი ნახევარმა მილიონმა ეგზალტირებულმა ადამიანმა აიტაცა, შემდეგ მშრალ ხიდზე მყოფი ხალხის ამ უზარმაზარ მასას ათასობით ადამიანი გამოეყო და რუსთაველის გამზირისაკენ გაემართა, რათა კავშირგაბმულობის სახლიდან ზემოხსენებული დეპეშა კრემლში გაეგზავნა. გავიყავით საორგანიზაციო კომიტეტის წევრებიც. მე, როგორც გამომსვლელთა ტექსტების შემმოწმებელი, ადგილზე დავრჩი.

დრო თითქოს გაჩერდა. მოძრაობდა მხოლოდ ხალხი და ისმოდა გამაყრუებელი გუგუნი და ყიჟინა. ღამის 12 საათი იქნებოდა, როდესაც მონუმენტის წინ, მოედანზე, ჩოჩქოლი ატყდა _ ადამიანების ჯგუფს გზას უხსნიდნენ და კვარცხლბეკისაკენ მოჰყავდათ. დაბლიდან ხელების ქნევით რაღაცას გვანიშნებდნენ, ხმა კი ჩვენამდე არ მოდიოდა. ბოლოს შევიტყვეთ, რომ გვეძახდნენ: “გვესვრიან! გვესვრიან!”. ერთმა ახალგაზრდამ ტრიბუნამდე მოაღწია და სასოწარკვეთილმა, მაგრამ ბრძოლის ჟინმორეულმა მიკროფონით ხალხს აუწყა, რომ კავშირგაბმულობის სახლის კიბესა და რუსთაველის პროსპექტზე წითელარმიელებმა სტუდენტები დახოცეს.

მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი გამოცხადდა, მოედნიდან ფეხი არავის მოუცვლია და პანიკას არ აჰყოლია, მაგრამ მოულოდნელად გაისმა გამაყრუებელი ხმები. მძიმე ტანკები მშრალ ხიდზე შემოდიოდნენ. ორმა ტანკმა პირდაპირ მოედანზე გრანიტის კიბეზე იწყო ჩამოსვლა. ხალხის ტალღა უცბად ვერ შემჭიდროვდა სამხედრო ტექნიკისთვის გზის გასახსნელად და რამდენიმე კაცი ტანკების მუხლუხოების ქვეშ მოექცა.

ტანკები შუა მოედანზე შეჩერდნენ და დაელოდნენ მომიტინგეთა დაშლას. ადამიანები კი ტანკებზე შეხტნენ და მოუწოდებდნენ მომიტინგეებს, არ დაშლილიყვნენ _ გმირულად შეეწირათ თავი საქართველოსა და სტალინისათვის.

ეს ვითარება ხუთიოდე წუთს გაგრძელდა, შემდეგ ტანკები შეტრიალდნენ და მაღლა, გამავალი ქუჩიდან მომდგარი სამხედრო მანქანებიდან წითელარმიელებმა სროლა ატეხეს. მარმარილოს კვარცხლბეკს მოხვედრილი ფეთქებადი ტყვიები საშინელი ხმით გაიწივლებდა ხოლმე ყურთან. ვხედავდი, როგორ ეცემოდნენ ახალგაზრდა ბიჭები კვარცხლბეკთან. მახსოვს, როდესაც ერთმა ქუთაისელმა გოგონამ ტანზე წითელი დროშა შემოიხვია და მიკროფონით მიმართავდა ხალხს, მასთან ხიშტმომარჯვებული ჯარისკაცი მივიდა, თოფის კონდახი თავში ჩაარტყა, შემდეგ კი ხიშტით იქვე დააწვინა

კვარცხლბეკს მოფარებული რამდენიმე აქტივისტი მილიციამ დაგვაპატიმრა და “ჩორნი ვორონით” ქალაქის სამორიგეო ნაწილის ერთსართულიან შენობაში სასწრაფოდ შეგვრეკა. უკვე რიჟრაჟი იყო, როდესაც მოსაცდელში მილიციის მაიორი შემოვიდა და წაგვიკითხა ქალაქის კომენდატის, გენერალ-მაიორ გლადკოვის ბრძანება ქალაქში პატრულირების შემოღების შესახებ.

სტუდენტებმა არც ვიცოდით, რას ნიშნავდა პატრულირება და კომენდანტის საათი, მაგრამ მილიციის სამორიგეოში ყველაფერში გაგვარკვიეს. იქვე გაგვაფრთხილეს, ორ-ორი გავსულიყავით მილიციიდან და პირდაპირ შინ წავსულიყავით, რათა მოსკოვიდან ადრევე ჩამოსულ უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებს ჩვენთვის მილიციაში არ მოესწროთ.

რუსთაველის გამზირზე როცა ავედით, ქუჩები უკვე გადაკეტილი იყო, მაგრამ თითო-ოროლა კაცს ატარებდნენ. ვხედავდი, როგორ რეცხავდნენ სახანძრო მანქანები კავშირგაბმულობის შენობის კიბის საფეხურებსა და სასტუმრო “თბილისის” მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც სისხლის გუბეებით იყო სავსე. ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ქუჩაში, ტროლეიბუსის ყველა გაჩერებაზე ორ-ორი სამხედრო “ვილისი” იდგა, ტყვიამფრქვევდამაგრებული…

სანამ სტუდენტთა ქალაქამდე მივაღწიე, გათენდა კიდეც.

9 მარტის მოვლენებმა წარუშლელი კვალი დატოვა როგორც საქართველოს, ასევე, სრულიად საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ცხოვრებაში. ეს ტრაგედია ცნობილი შეიქნა მთელი მსოფლიოსთვისაც.

შემაძრწუნებელი იყო ის შედეგები, რომლებიც ქვეყნდებოდა ტრაგედიის შემდგომ დღეებში.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კიმიტეტის თავმჯდომარე, ალექსი ინაურმა ერთ-ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპა 22 ახალგაზრდა.

მოგვიანებით ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 150 კაცს შეადგენდა. უცხოეთის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 400 კაცს აღემატებოდა, ხოლო პროფესორ ნოდარ ნათაძის გამოკვლევით, რომელიც მან გაზეთ “სახალხო განათლებაში” გამოაქვეყნა, დაღუპულთა რაოდენობა 500 დან 1200 კაცამდე უნდა ყოფილიყო.

გაზეთი “მამული”, რომელმაც გამოაქვეყნა ნინო კანდელაკი-შანიძის შვილთან ერთად სხვა 19 დაღუპულის ფოტოები, სვამს კითხვას _ რამდენი ადამიანი დაიღუპა იმ საბედისწერო ღამეს? 400, 1000, 2000 თუ კიდევ მეტი?

გაზეთი “სოფლის ცხოვრება” წერდა: “იმ შემზარავმა 9 მარტმა ერთ ღამეში შეიწირა ათობით და ასობით და, იქნებ, ვინ იცის, გაცილებით მეტი”.

თბილისის თითქმის ყველა სავადმყოფოში მიიყვანეს, როგორც დაჭრილები, ისე დახოცილები. დაინტერესებული ადამიანების მცდელობამ, საავადმყოფოებში მიყვანილთა მიხედვით დაედგინათ მოკლულთა რაოდენობა, შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ჟურნალი, რომელშიც უნდა ყოფილიყო შესაბამისი ჩანაწერები, საავადმყოფოში გაქრა.

ამან კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით აღემატებოდა ოფიციალურ მონაცემებს.

მკვლევარებს იმედი ჰქონდათ, რომ ადგილებიდან მაინც მიიღებდნენ ცნობებს დაღუპულთა შესახებ, მაგრამ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ასეთი შინაარსის ყველა ინფორმაცია დაბლოკა. ასე აღმოჩნდა საიდუმლოებით მოცული საშინელი ტრაგედია, რომელიც 1956 წლის 9 მარტს დატრიალდა.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. axlac arian miti mimdevrebi vinc stalinis saxels miwastan asworebs.ase cudi da satama rom yofiliyo gana amdeni xalxi sheewireboda mis dacvac.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here