Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველ რესპუბლიკელებს წითელ წიგნში შეიტანენ

ქართველ რესპუბლიკელებს წითელ წიგნში შეიტანენ

504

ამ ინფორმაციას საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით ავრცელებს ჩვენი არც ისე სანდო წყარო. უფრო ზუსტად, ამ ინფორმაციის გამავრცელებელი ეყრდნობა პარლამენტარ დავით ბერძენიშვილის განცხადებას: ჩვენ, ქართველი რესპუბლიკელები, ვართ ის იშვიათი ძალა, რომელიც მუდამ განუხრელად უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და ჩვენ წინააღმდეგ მიტინგები კი არ უნდა მოაწყოს ზოგიერთმა, არამედ ჩვენნაირ ადამიანებს ქართველი ხალხი უნდა გაგვიფრთხილდესო.

როგორც მიხვდით, თემა შეეხება ასევე პარლამენტარისა და თანაც მრეწველის _ გოგი თოფაძის მიერ რესპუბლიკელების საწინააღმდეგო განცხადებებს და ამის კვალდაკვალ “ქართული ოცნების” მთავარ ოფისთან გამართულ აქციებს, რომელთა მონაწილენიც მმართველი კოალიციიდან რესპუბლიკელების ჩამოშორებას მოითხოვდნენ.

სწორედ ამან მისცა საფუძველი მავანს, ევარაუდა, რომ გოგი თოფაძეს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ “თოფად” იყენებს და ბატონი მრეწველი, საკუთარი ნებით კი არა, სწორედ ბიძინას კარნახით მოქმედებს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ბერძენიშვილის ზემომოყვანილი განცხადებაც, რომ რესპუბლიკელები იშვიათ ფენომენს წარმოადგენენ საქართველოს ფლორასა და ფაუნაში.

ველური ბუნების მიმართ ივანიშვილის ფაქიზი დამოკიდებულების შესახებ კი ყველას კარგად მოეხსენება.

ამიტომ ჩვენი არც ისე სპეციალური კორესპონდენტი მივიდა დასკვნამდე, რომ ბრძენი და კეთილი მილიარდერი, როგორც ყოველთვის, აქაც გამონახავს ისეთ გამოსავალს, რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩება.

კერძოდ, უკვე გადაწყვეტილია, რომ სულ მალე შეიქმნება “საქართველოს რესპუბლიკური ნაკრძალი”, რომელშიც შერეკავენ ყველა ქართველ რესპუბლიკელს და ნებისმიერ მსურველს მათზე ნადირობის უფლება მხოლოდ სეზონურად ექნება.

ამით, პირველ რიგში, გამწარებული ქართველი ხალხის ინტერესი დაკმაყოფილდება, რადგან ფაქტია, თუ რესპუბლიკელებმა კვლავ განაგრძეს ხალხის გაღიზიანება, ისინი შეიძლება ჩაქოლონ. ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს, სჯობს, ცივილიზებულად ინადირონ რესპუბლიკელებზე და მათაც მიეცეთ გადარჩენის შანსი გაქცევის, ხეს ამოფარების ან ბუჩქებსა და ჩირგვებში ჩაძრომის გზით.

ამ პროექტით რესპუბლიკელების ამბიციებიც დაკმაყოფილდება, რადგან ნაკრძალში იქნებიან მოთავსებულნი, მათზე საყოველთაო ნადირობა აიკრძალება (მხოლოდ სეზონურად ინადირებენ) და საქართველოს წითელ წიგნშიც შეიტანენ. ეს კი პირდაპირი განხორციელებაა დავით ბერძენიშვილის სურვილისა: ჩვენ, ქართველი რესპუბლიკელები, იშვიათი ჯიშისანი ვართ და ამიტომ ქართველი ხალხი უნდა გაგვიფრთხილდესო!

როგორც ამბობენ, ეს იდეა უკვე მოწონებულია და სათანადო ადგილიც შერჩეულია. იმასაც ამბობენ, რომ “რესპუბლიკურ ნაკრძალში” პირველი ბიძინა ივანიშვილი ინადირებს.

დიდუ აგირაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here