Home რუბრიკები საზოგადოება დაუფასდებათ კი მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს ღირსების დასაცავად გამოჩენილი თავგანწირვა?

დაუფასდებათ კი მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს ღირსების დასაცავად გამოჩენილი თავგანწირვა?

620

საქართველოს პარლამენტში პრემიერის თუ მთავარი პროკურორის დამტკიცებისას ოპოზიციას მრავალი კითხვა უჩნდებოდა რაფალიანცის, კიწმარიშვილისა და ჟვანიას საქმეების გამოძიების მიმართ, მაგრამ არც ოპოზიციას და არც საპარლამენტო უმრავლესობას ერთი კითხვაც არ დასცდენიათ .. მუხროვანის ამბოხის (თუ დაუმორჩილებლობის) შესახებ, როცა პატრიოტმა სამხედროებმა ვაჟკაცობა გამოიჩინეს და ღირსეულად დაიცვეს სამხედრო მოსამსახურის სინდისი, ღირსება და პატიოსნება.

მაინც რით იყო გამოწვეული ე.წ. მუხროვანის ამბოხი?

საქართველოს მოსახლეობამ და ჯარმა (ალბათ, სხვა უწყებებმაც) მძიმედ განიცადეს 2008 წლის ომის შედეგები და მხოლოდ ქვეყნის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტის ჩათვლით, ვერ იგრძნო, რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა, ხალხი, ტერიტორიის 20% რომ დატოვეს საქართველოს იურისდიქციის მიღმა.

ამ საერთო დეპრესიის პირობებში ქვეყნის შემარცხვენელმა პრეზიდენტმა მოინდომა, 2009 წლის 26 მაისს მოეწყო ჯარების საზეიმო დათვალიერება, ანუ სამხედრო აღლუმის გამართვა, რაც უკვე მეტისმეტი იყო ძალიან მგრძნობიარე პატრიოტებისთვის.

ასეთები აღმოჩნდნენ დაბა მუხროვანის რეინჯერთა ბატალიონის მებრძოლები ლევან ამირიძის მეთაურობით, რომლებმაც შეგნებულად, ნებაყოფლობით, მოსალოდნელი რეპრესიების გათვალისწინებით უარი განაცხადეს აღლუმში და შემდგომ აღლუმის მოწინააღმდეგეთა დაშლაში მონაწილეობაზე და ჩაიკეტნენ სამხედრო ნაწილში, რასაც ხელისუფლებამ გაუგონარი სისასტიკით უპასუხა: პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი ვერაგულად ჩაცხრილეს, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე მძიმედ დაჭრეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მუხლით გაასამართლეს და, შესაბამისად, 29 და 28-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 41 სამხედრო პირი ციხეში გამოამწყვდიეს (ზოგიერთმა მათგანმა საპროცესო გარიგების შედეგად და მრავალათასიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ თავი გამოისყიდა).

ცნობისათვის: საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც კი, როცა ძალიან გამკაცრებული იყო მოთხოვნები დისციპლინის მიმართ, დაუმორჩილებლობა ისჯებოდა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით მშვიდობიანობის პერიოდში, ხოლო სიკვდილით _ ომის ან საბრძოლო მოქმედებების პირობებში.

ის, ვინც დეტალურად გაეცნობა მუხროვანის საქმეს, ადვილად დარწმუნდება, რა უსამართლობა სუფევდა იმხანად ქვეყანაში, როგორი დამონებული ჰყავდა პრეზიდენტს სამართალდამცავი სტრუქტურები და, როგორ ლაჩრულად მოიქცა თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა ამ საქმის გამოძიებისას. მას არც კი უცდია სამხედროების დაცვა.

ძალიან მიკვირს, რატომ არ ინტერესდებიან მუხროვანის ამბოხის საქმით პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობოები, ექსპერტები და ანალიტიკოსები, მწერლები და პოეტები, კინორეჟისორები? ეს ხომ უბრალო მოვლენა არ იყო. ეს იყო გმირობის მასობრივი გამოვლენის მაგალითი.და ამ თემაზე დაწერილი მოთხრობა თუ გადაღებული ფილმი როგორ შეუწყობდა ხელს ახალგაზრდების სამხედროპატრიოტული აღზრდის პროცესს, სიამაყის განცდას!

მასალა გამზადებულია და ავტორს ელოდება.

უწყება, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს მუხროვანის მოვლენების სამართლიანი გამოძიება და მისი გმირებისთვის სათანადო პატივის მიგება, თავდაცვის სამინისტროა, მაგრამ იქ რატომღაც ყველა გაჩუმებულია.

2009 წლის მაისში მუხროვანის ბატალიონის სამხედროებმა კი დაიცვეს სამხედრო მოსამსახურის თავმოყვარეობა, ღირსება და ნამუსი, მაგრამ მათმა “მემკვიდრეებმა” 2015 წელს ვერ დაადასტურეს თავიანთი მაღალი ზნეობრიობა საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებისას _ წნეხს ვერ გაუძლეს და თავი შეირცხვინეს.

იქნებ გამოფხიზლდეს თავდაცვის უწყება, საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა და პოლკოვნიკ გია კრიალაშვილს იქ, სადაც დაიღუპა, მემორიალური დაფა ან ძეგლი დაუდგას, ეს ადგილი კი ფიცის დადების ადგილად აქციოს.

საინტერესოა, რას განიცდიან ის გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები (რომელიმე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ხომ არ გახდა?), რომლებიც მუხროვანის საქმეებზე მუშაობდნენ?

ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს საქმეები გამოძიებული რომ ყოფილიყო,  დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტი თუ ევროკავშირი “ნაცმოძრაობის” გასამართლებულ ლიდერებს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა სიაში არ შეიყვანდნენ და პოლიტპატიმრებად არ გამოაცხადებდნენ.

ვინაიდან დღეს მრავალი დაუმთავრებელი საქმე სამხედრო თემებთან არის დაკავშირებული და გამომძიებლებს, პროკურორებს თუ მოსამართლეებს სამხედრო საქმეებში სრული არაკომპეტენტურობის გამო უჭირთ ამ საქმეების დროული განხილვა, მოძრაობა “საქართველო მშვიდობისათვის” მზად არის მათთვის დახმარების აღმოსაჩენად.

საახალწლო და საშობაო დღეებში ტელეეკრანებზე ხშირად უჩვენებდნენ საბჭოთა პერიოდში გადაღებულ კინოფილმებს, რომლებიც დღესაც საინტერესო სანახავია.

იქნებ მომეჩვენა, მაგრამ რატომღაც ვერ გავიხსენე, რომ რომელიმე ტელევიზიას ეჩვენებინა ფილმები: “გიორგი სააკაძე”, “ბაში-აჩუკი”, “მაია წყნეთელი”, “მამლუქი” და სხვა პატრიოტული შინაარსის კინონაწარმოებები. სხვებმაც დამიდასტურეს, რომ მათაც არ უნახავთ ასეთი ფილმები იმ დღეებში.

ვიღაცას შეგნებულად ხომ არ სურს მოსახლეობის პატრიოტიზმის დაჩლუნგება?

ან რა დააშავა კინოფილმმა “ქეთო და კოტე”? რატომ არ უშვებენ მას ეკრანზე?

მუხროვანის ბატალიონის ამბოხებამ გამახსენა 1832 წლის ქართველ პატრიოტთა შეთქმულების ამბავი, რომელთა გმირული ქმედება შთამომავლობამ არ დაივიწყა.

დაუფასდებათ კი მუხროვანის ამბოხის მონაწილეებს ღირსების დასაცავად გამოჩენილი თავგანწირვა?

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here