Home რუბრიკები საზოგადოება ლეილა ჯინორია: ეს ხელისუფლება გილიოტინაა, გაჭირვებული ადამიანების თავს ზემოთ აღმართული!

ლეილა ჯინორია: ეს ხელისუფლება გილიოტინაა, გაჭირვებული ადამიანების თავს ზემოთ აღმართული!

1731

ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ სულიერ ტკივილს, რომელსაც სამშობლოსა და ახლობელ ადამიანებს მონატრებული ემიგრანტი განიცდის. ქართველი ქალები სამშობლოდან შორს უმძიმეს პირობებში შრომობენ ოჯახების გამოსაკვებად, ელოდებიან, როდის იქნება საქართველოში ისეთი ეკონომიკური ვითარება, რომ დაბრუნების შემთხვევაში შეძლებენ შვილებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ვინც არასდროს ყოფილა ემიგრაციაში, მისთვის რთულია, გულთან ახლოს მიიტანოს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც უცხოეთში გადახვეწილი ადამიანი სამშობლოს მიტოვებისთანავე აღმოჩნდება ხოლმე… 

ლეილა ჯინორია 58 წლის ქალბატონია, პროფესიით ეკონომისტი. დაიბადა და გაიზარდა აფხაზეთში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე როგორც რუსთავსა და თბილისში, ასევე სანკტპეტერბურგსა და მოსკოვში. 2003 წელს უმძიმესი მატერიალური მდგომარეობის გამო დატოვა საქართველო. ამჟამად აშშში ცხოვრობს.

_ ქალბატონო ლეილა, რატომ წახვედით საქართველოდან?

_ 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის შემდეგ, როდესაც დაიწყო ქართველთა ეთნიკური წმენდა, ჩემი ოჯახი იძულებული შეიქნა, ჭუბერის გავლით დაეღწია მტრისთვის თავი. გამიჭირდება იმის გადმოცემა, რაც გამოვიარე, როგორ გამომყავდა შვილი, როდესაც ბაბუშერის აეროპორტი იბომბებოდა… მამამ ისარგებლა დერეფნით, რომელიც ორი საათის განმავლობაში დაუშვეს მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად და ოჯახი კოდორის გავლით წაიყვანა ჭუბერისკენ. როგორც კი ოჯახის წევრები სამშვიდობოს დაიგულა, გამოეპარა მათ და თავის სახლში დაბრუნდა, რასაც მისი დატყვევება მოჰყვა. დიდხანს არაფერი ვიცოდით მის შესახებ… საბედნიეროდ, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც მამა დრანდის ციხიდან გამოიყვანეს და ენგურის ნაპირებამდე მიაცილეს… მაგრამ მამა ვერ შეეგუა ფუძიდან აყრას, ძმათა შორის დაღვრილ სისხლს, ზურგს უკან უპატრონოდ მიტოვებულ გარდაცვლილებს, გადათელილ საფლავებს და გული გაუჩერდა. ჩემს სახლში 27 ლტოლვილი მყავდა შეფარებული _ ნათესავები და ოჯახის წევრები. ურთულესი პერიოდი იდგა ქვეყანაში. ამ ყველაფერმა მაიძულა, ბინა გამეყიდა, დამეტოვებინა 14 წლის შვილი, ბიჭი, თანაც _ თბილისში. მადლობა ღმერთს, წესიერ, ზრდილობიან და კეთილ ადამიანად ჩამოყალიბდა. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში: ახლა სად არის? ნეტა, რას შვრება, ვისთან ერთადაა?.. იქნებ როგორ ვჭირდებოდი ჩემს შვილს… ახალგაზრდობაში სულ მშობლებთან მსურდა ყოფნა… მე კი ჩემს შვილს სხვა კონტინენტზე უნდა ვეძებნე… დავტოვე, დიახ, დავტოვე შვილი ქალმა, რომელსაც გიჟ დედას მეძახდნენ. ტელეფონით გავზარდე შვილი!

2003 წლის ნოემბრის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვემგზავრე. პირველი სამუშაო მქონდა ბრუკლინში (ნიუ იორკის ერთ-ერთი რაიონი _ ქ. ტ.), მოლდოველ ებრაელ მოხუც ქალს ვუვლიდი. დესპოტი იყო, მას ადამიანს ვერ ვუწოდებ. დეპრესიაში მყოფი კინაღამ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა. თავის მოსაკლავად ოკეანისკენ გავიქეცი… რობოტივით ვარ, ფიზიკურად თუ სულიერად მძიმე ავადმყოფების მოვლა-პატრონობას ვუნდები. მოხუცებს, როგორც პატარა ბავშვებს, ისე სჭირდებათ მოვლა. ზოგჯერ, როცა მოხუცი კვდებოდა, მიცვალებულის გაპატიოსნება მე მიწევდა… ასეთია ემიგრანტის მძიმე ჯვარი! გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი, არ უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ დიდება უფალს, დღეს ცოცხალი ვარ და შემიძლია, მონატრებულ შვილს, დედასა და ჩემს დიდ ოჯახს დავეხმარო! ჩემს იმედზეა მოხუცი დედა, ძმა, სამი და, სტუდენტი დისშვილი, ჩემი ვაჟი მეუღლით და მცირეწლოვანი შვილით. 13 წელია, ტანჯვასა და უიმედობაში ვარ… ის, რაც ევალება ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ემიგრანტებმა ვიტვირთეთ.

_ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მუშაობას, აკეთებს ის რამეს ემიგრანტების სამშობლოში დასაბრუნდებლად?

_ 2012 წელს ცვლილებებს მივეცი ხმა, იმედი მქონდა, ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თურმე სადა ხარ?! კიდევ ერთხელ მოვტყუვდი! მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა, შეცდომა მაინც დავუშვი! რად გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ელემენტარული საკითხების მოგვარებაც კი არ შეუძლია? ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების სასარგებლოდ არაფერი კეთდება, სულ არაფერი! პირიქით _ რჩეულიშვილებმა ჩემი და ბევრი ჩემნაირად გადმოხვეწილის თანხები მიითვისეს წინა ხელისუფლების ხელშეწყობით. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კი პასუხი არ მოსთხოვა, ხელი დააფარა. რა გამოდის, თანამონაწილეობა ხომ? სადაა პატრონი?! საქართველოში რა ხდება? _ ისევ შიმშილი, ისევ უიმედობა, უმუშევრობა, ინფლაცია, ლარის კურსი სადამდეა დაცემული?! მოკლედ, ეს ხელისუფლება გილიოტინაა, გაჭირვებული ადამიანების თავს ზემოთ აღმართული!

_ რთულია სამშობოლოსგან, ახლობლებისგან შორს ყოფნა

_ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, უფერული და უსიცოცხლო. საკუთარი ნებით ამბობ უარს თავისუფლებაზე, ნუთუ ამაზე დიდი ტკივილი და სევდა არსებობს სხვა? საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. ზოგიერთი ეგუება ოჯახიდან შორს ყოფნას, ზოგი კი ოთახის ყვავილივითაა, სხვაგან ვერ ხარობს. მე დიდი ხნის წინათ მოვკვდი თბილისის აეროპორტში საბაჟოს გავლის შემდეგ, როდესაც მე და ჩემი შვილი სხვადასხვა მხარეს აღვმოვჩნდით. მას შემდეგ თითქოს სული ამომაცალეს. სამ დღეზე მეტს ვერსად ვძლებდი და წარმოიდგინეთ, ამდენი წელია, ოჯახს მოწყვეტილი ვარ. ან როგორ ვარსებობ?.. ხანდახან ჰაერს რომ ვსუნთქავ, ისიც მენანება ჩემთვის! შეწირულები ვართ ახლობლების კეთილდღეობას. გარემოების მსხვერპლი აღმოვჩნდით ქართველების უმრავლესობა. სკამის მაძიებელთა ხელში, რომლებიც ამბიციურები, მაგრამ უუნარონი და უსუსურები არიან, ის საქართველო აღარ არსებობს, რომელსაც დიდი ოჯახის სახელით ვიცნობდი და მიყვარდა!

_ რას ფიქრობენ ამერიკაში ქართველებზე?

_ ბევრი სალანძღავი სიტყვა ისმის ქართველების მისამართით, როცა პირიქით უნდა იყოს. რამდენიმე ათეული წელია, მკაცრი ეკონომიკური კრიზისის პირობებში უწევთ ბრძოლა არსებობისთვისო!

_ რას ეტყოდით სამშობლოში დარჩენილ ქართველებს?

_ მადლობა მინდა ვუთხრა მათ, დავლოცო, მოვეფერო და ვუსურვო ნათელი დღეები, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა! აფერუმ, მათ გამძლეობას, ამტანობას და მოთმინებას! უფალი იყოს ყველა ქართველის მფარველი! ხელისუფლებამ სამოთხის სადარი ქვეყანა უდაბნოდ გადააქცა, გააუკაცრიელა, არადა, ქვეყნისთვის ისე უნდა მოევლოთ, როგორც ტაძრისთვის… მდიდარი მოსახლეობა, ხომ ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს!

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

17 COMMENTS

  1. ერთ კაცს შეჰყურებს ხალხი,როდის აუშენებს,როდის მოუწყობს,როდის გაუგზავნის სახლში 500 დოლარ პენსიას ,საგარეო14მილიარდიან % ვალს კი მე გადავიხდი.. რაც გაკეთდა იმ ვალის პირობებში ,ისიც მიკვირს.. უდაბნოდ ნაცთა ნარკუშა ბელადს უნდოდა გადაქცევა,, ტერიტორიები და სასიცოხლო ობიექტები რუსეთს მირთვა.. თურქეთს კი 1 ლარად კირნათის მიწები,ქართული გემები. 28 ათას თურქ მოქალაქეს ქართული პასპორტები.. აი ვის უნდოდა საქართველოს მოშლა. სწორად უნდა შეაფასოთ,ვინ რა აკეთა. კეისარს -კეისრისა.. რომელ დროშიც არ უნდა იყოს.. იმ ხელისუფლებამ რომელმაც 2700 ათასი ცჰეპატიტით დაავადებული ადამიანი დააფინანსა და გადაარჩინა .. უდაბნოდ მაშინ გენახათ..მთაში ხალხი ბრუნდება ისტორიული გზა გაჰყავთ ,ხევსურეთში 19 სახლი აღადგინეს და კიდევ 18 აღადგენენ. მუცო ,ვარძია,ბაგრათი იავარქმნილი კვლავ აღსდგება.. ისე თქვენსკენ მაღალი ხელფასებია,ერთ აგურს იმედია დადებთ ამ დიდ მშენებლობაზე,ისე რიხიანად ხართ.. მე მცირედით,არფერი შმიძლია სამწუხაროდ ((

  2. ასეთია ემიგრანტთა მძიმე ხვედრი, მათი ტკივილი და ოჯახური ტრაგედია, რაშიც ლომის წილი სამწუხაროდ ქვეყნის უსუსურობას მიუძღვის!

  3. ქალბატონო ლეილა! ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა ემიგრანტის წინაშე! მართალი ბრძან-დებით, საქართველოში პატიმარი უფრო თავისუფალია, ვიდრე სამშობლოდან გადახვე-წილი. არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!

  4. ულამაზესი, დინჯი და ძალიან საყვარელი….ასეთი შემომოგინახა ჩემმა მეხსიერებამ.ძალიან გავითავისე თითოეული სიტყვა, გული მეტკინა.,,სადაურსა სად წაიყვან, ბედო\\\’\\\’,უფალმა გაძლება მოგცეს!

  5. მე ერთ რამეში დაგეთანხმებით, გმირობა აქ დარჩენაა,თქვენ თქვენიანებს ეკონომიურად აძლიერებთ ჩვენ კი სულიერადაც გვიჭირს, გაგაძლიეროთ უფალმა

  6. მეც ემიგრანტი ვარ.12 წელია გადახვეწილი ვარ.ყველაფერში ვეთანხმები ქალბატონ ლეილას,მაგრამ ტელეფონით გაზრდილ შვილზე კატეგორიულად უარყოფითად ვარ განწყობილი.ბევრისგან გამიგონია იგივე,რათა მოხუცი დედამთილის ღვაწლი დაამცირონ და დააპატარაონ, ამ მიზეზით.მე არ ვიცი ვინ უზრდის ამ ქალბატონს შვილს,მაგრამ ზუსტად ის ზრდის და ტელეფონით მხოლოდ დარიგებაა შესაძლებელი.ტელეფონით ვერ გაუმზადებ საჭმელს,ვერ გაურეცხავ,ვერ გაუკონტროლებ როგორ სწავლობს და ა.შ. კი ბატონო ,არ უნდა დაჭირვებოდა შვილის მიტოვება და თვითონაც კარგად მოუვლიდა თავის შვილს და გაზრდიდა კიდეც. მაგრამ,ის ადამიანი,რომელმაც ამხელა პასუხისმგებლობა აიღო თავისთავზე და დაიტოვა ბავშვი გასაზრდელად, ძალიან დასაფასებელია.კიდევ ერთხელ ვიმეორებ,არ ვიცი ვინ უზრდის ქალბატონ ლეილას ბავშვს და ამ სიტყვებში არანაირად არ ვგულისხმობ მას.

  7. ჩემო ტკბილო მეგობარო, უფალი იყოს შენი შემწე!! ყველაფერი კარგად იქნება !!იშვიათი შვილი გყავს რომელიც აფასებს შენს თავგანწირვას! უფალო მოწყალეა და გადმოგვხედავს!! მეამაყები!!

  8. ილია, მადლობელი ვარ ყველასი ,გაგებისთვის და თანადგომისთვის! არ გენანებათ დრო და არ ზოგავთ თავს სხვებსაც მიაწვდინოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ემიგრანტების მძიმე ხვედრი….უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

  9. ვიოლეტა,უკაცრავად ,მაგრამ თვენ ვერ დათვლით \\\\\\\”აგურების\\\\\\\” რომელიც უწყვეტი ნაკადით გაცემული მაქვს….ტანჯვის ფასად ვახერხებთ ერთი აგურის მეორე აგურზე დადებას…ჩვენ ამას ვაკეთებდით,ვაკეთებთ და კიდევაც გავაკეთებთ,მაგრამ როდემდე??? ნუ გვდებთ ბრალს ,რომ რიხი გვაქვს და დიდი ხელფასები გვეძლევა…ეს ასე არ არის! !რა ეშველებათ ემიგრაციაში გარდაცვლილთა შვილებს,ვინ მიხედავს მათი ოჯახის წევრებს რომლებიც საქართველოში ჩამოასვენეს??? frown ემოცია frown ემოცია frown ემოცია ხმა თუ ამოვიღე იმას არ ნიშნავს ვიღაცისტებმა და ვიღაცვიღაცეების მადიდებლებმა თქმა ამიკრძალონ!ჩვენ ბევრს არ ვითხოვდით,არც ეხლა ვითხოვთ შეუძლებელს! მიხედონ ქვეყნის განვითარებას,რომ შეიქმნას გარემო,ემიგრანტების უკან გამოწვევის როგორც ჯარისკაცების!

  10. ვეცადე მეთქვა ჩემი და სხვათა სატკივარი!მე და თქვენი ოცნებაა,ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში სადაც არც შურია,არც ბოღმა და არც მტრობა! სადაც საზოგადოება ერთსულოვანია უსამართლობის და უკანონობის მიმართ!არ მიყვარს ანგარების მიზნით ფანატიკურად თანამდებობის პირებზე შეყვარებული ადამიანები!მეშინია ხმის ამოუღებლობით გუშინ ჩვენ გამოვიქეცით და ხვალ,ჩვენი შვილები არ გამოიქცნენ ქვეყნიდან! მაპატიოს ყველამ თუ რაღაც ისე ვერ ვთქვი……

  11. ufals vevedrebi Cveni taobistvis yofiliyos emigracia bolo da ukanaskneli chvens shemdgom taobas agorzinebul Saqartveloshi ecxovros …Saqartvelos agorzineba ki mxolod da mxolod soflis meurneobis ganvitarebas seuzlia ….rashi ixarjeba cveni cremlit nashovni ….kvebaze da …gana girs ki fesvebs mowyde… me axla gvian mivxvdi …da vnanob rom emigranti var …sxvata da tundac chven xelisufalta imedze yofna aras gvargia …Georgia miwatmoqmedta qveyanaa da Georgianelebi vart chven…
    …,,arsobisa moipove puri sheni\\\’\\\’…
    ra martebuli da sagi azri sdevs am saxarebashi Qartvelno…
    .ufali faravdes sruliad Saqartvelos da Saqartvelodan gasul msoflios yvela kutxashi mimofantul Qartvelebs.
    …ar devs Cvens genetikashi xetiali …ara da ara …
    ufalo dagvabrune sanatrel SaqartveloShi ..gveqmen mowyale….
    .adamiani miwidan Seqmna ufalma – miwam unda segvinaxos
    ,dagvapuros gvasazrdoos
    da isev msobliurma miwam unda migvibaros!
    amin! mshobliurma miwam unda migvibaros!

  12. ერთი ამ ქალის პოსტებს გადახედეთ გინდაც 1 წლის წინანდელებს, ოცნებაზე იყო გაგიჟებული და ამ საარჩევნოდ რამ შეცვალა?

  13. ჩემო სულით და გულით თბილო და ტკბილო , ძალიან ბევრი სიძნელე გამოიარე ,მაგრამ შენი ნაშრომი დაფასებული და გამართლებულია , თუნდაც შენი არაჩვეულებრივი შვილით…
    გისურვებ, ყველა გულისტკენა უამრავი სიხარულით შეგცვლოდეს და მალე ბედნიერ საქართველოში გვეცხოვროს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here