Home რუბრიკები საზოგადოება “არშინ მალ ალან” _ 100 ანუ რატომ უწოდა დიდმა აზერბაიჯანელმა პოეტმა და...

“არშინ მალ ალან” _ 100 ანუ რატომ უწოდა დიდმა აზერბაიჯანელმა პოეტმა და მოაზროვნემ მირზა ფათალი ახუნდოვმა თბილისს “კავკასიის მარგალიტი”

1391

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს

ბატონო მიხეილ,

ჩვენი უახლოესი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის _ აზერბაიჯანის კულტურის ნამდვილი საგანძური, უბრწყინვალესი მუსიკალური კომედია “არშინ მალ ალან”, იმთავითვე (ავტორი _ უზეირ ჰაჯიბეკოვი, პრემიერა _ ბაქო, 13.X.1913) მოექცა მსოფლიოს თეატრალური საზოგადოების ყურადღების ცენტრში. საკმარისია, აღინიშნოს, რომ 1920 წელს იგი უკვე იდგმებოდა ბეირუთში, კაიროსა და ნიუ ორკში, 1925 წელს – პარიზში და ა.შ. ოპერეტა ითარგმნა 75 ენაზე, დაიდგა 76 ქვეყნის 187 თეატრში, მათ შორის, რუსეთის _ 28, პოლონეთის _ 17, ბულგარეთის _ 17, აშშ _ 17, ჩინეთის _ 8 ქალაქში…

მაგრამ ცოტამ, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ ზღაპრულ პოპულარობას ტონი მისცა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქმა, მაშინდელმა ტიფლისმა, სადაც, როგორც ამ შემთხვევაში იტყვიან, სწორედ უშუალოდ ხალხმა, ანუ სცენისმოყვარეთა ერთმა გუნდმა აიტაცა ეს მშვენიერი მელოდიები და მოლაპარაკება დაიწყო ოპერეტის ავტორთან _ უ. ჰაჯიბეკოვთან. 1915 წლის მიწურულს (15.IX.1915) მიღებული იქნა ავტორის წერილობითი თანხმობა, ოპერეტის ტექსტი ითარგმნა ქართულად (ეს გააკეთა ცნობილმა სცენისმოყვარე ივანე, იგივე ვანო გიგოშვილმა) და შეუდგნენ მზადებას. პირველი ანონსი პრესაში (ყოველკვირეული ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება”) ჯერ კიდევ 1916 წლის 27 მარტს გაჩნდა, მეორე _ 3 აპრილს, მესამე _ 10 აპრილს და, აი, 11 აპრილს გამოქვეყნდა კიდეც საპრემიერო აფიშა.

ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ “არშინ მალ ალან” მარტო თბილისში კი არ დაიდგა და ისიც მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ მთელი 1916 წლის განმავლობაში იგი არსებითად საქართველოს 6 სცენაზე იდგმებოდა, თბილისში _ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ ენებზე, აგრეთვე, ქუთაისისა და ბაქოს ქართულ თეატრებში, სადაც თვით უ. ჰაჯიბეკოვი დირიჟორობდა ოპერეტას. არ არის ეს ჭეშმარიტად უნიკალური ფაქტი იმისა, თუ როგორ ვიცით კეთილი მეზობლის სიყვარული და დაფასება _ აი, ამიტომ უწოდა დიდმა აზერბაიჯანელმა პოეტმა და მოაზროვნემ _ მირზა ფათალი ახუნდოვმა თბილისს “კავკასიის მარგალიტი” და არ გინდა ახლა ამ ეპითეტის გამართლება?!

წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ქვეყანას, ვთქვათ, აზერბაიჯანს, 100 წლის წინათ დაედგა ჩვენი უკვდავი “ქეთო და კოტე” და მერე ამ დადგმის 100 წლის იუბილე გადაეხადა, მადლიერებისა და სიამაყის რა გრძნობით განვიმსჭვალებოდით ასეთი ქვეყნის, ასეთი ხალხის მიმართ!

ბატონო მინისტრო, ეს უნაზესი და უფაქიზესი ადამიანური სიამაყის განცდა ვაჩუქოთ ჩვენს უახლოეს და უერთგულეს აზერბაიჯანელ ხალხს _ ეს ხომ ჩვენი მეტად სასიამოვნო, მეტად რაინდული, ისეთი კეთილშობილური მოვალეობაა, როგორაც გვინდა, გაგრძელდეს ჩვენი ტრადიციული მეგობრობა.

დარწმუნებული ვარ თქვენს სახელმწიფოებრივ შორსმჭვრეტელობასა და ადამიანურ გულისხმიერებაში და ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, წინასწარ გადაგიხადოთ მადლობა.

გოგი დოლიძე,
პროფესორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here