Home რუბრიკები საზოგადოება საპარლამენტო რესპუბლიკა თუ ერთპიროვნული მმართველობა?

საპარლამენტო რესპუბლიკა თუ ერთპიროვნული მმართველობა?

1752

2015 წლის 6 ნოემბერს სომხეთში ჩატარდა საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი, რომელსაც უნდა გაერკვია ქვეყნის მართვის მომავალი და ამომრჩეველთა 63%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფოს მმართველობის ფორმის შეცვლას. რესპუბლიკის პარლამენტმა დაამტკიცა რეფერენდუმის შედეგები. სომხეთი საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა და ეს გადასვლა განხორციელდა ხალხის ნების გათვალისწინებით. საქართველოში კი მმართველობის ფორმის შეცვლა 2010 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შედეგად ისე მოხდა, რომ ხალხისთვის არავის არაფერი უკითხავს. ასეთი სახით საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის შეცვლას შეიძლება ვუწოდოთ სახელმწიფო გადატრიალება.

ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს, ვის ხელში და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ქვეყანა 2004-2012 წლებში _ როგორ ამცირებდა და შეურაცხყოფდა დასავლეთის მიერ გათამამებული პრეზიდენტი პარლამენტს, მთავრობას, საჯარო მოხელეებსა და, საერთოდ, ნებისმიერ მოქალაქეს. მას თავი ქვეყნის სრულ ბატონ-პატრონად წარმოედგინა და მისთვის კანონი და მორალი აღარ არსებობდა. შელახა რა ეროვნული ტრადიციები, მომავალში ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილმა, ხელისუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცების მიზნით, განიზრახა, კონსტიტუციაში შეტანილიყო ისეთი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფდა მისთვის შეუზღუდავ ძალაუფლებას განუსაზღვრელი ვადით, რაც განახორციელა კიდეც კონსტიტუციური გადატრიალებით ძირითადად ცალფაზიანი დეპუტატებით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა ვენეციის კომისიის და გერმანელი ექსპერტების დახმარებით.

მან შეძლო ისეთი ძირითადი კანონის შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც გაურკვეველი გახდა ქვეყნის მმართველობის სისტემა, სადაც სახელმწიფოს მეთაურად, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტად გვევლინება კონსტიტუციის მიერ დაკოდილი პრეზიდენტის თანამდებობა, ხოლო პარლამენტი _ სამუდამო მივლინებაში მყოფი. ამ კანონმა ისე არია მმართველობის სისტემა, რომ დღესაც ვერ გაურკვევიათ იურისტებს, ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს, ვინ არის სახელმწიფოში ქვეყნის პირველი პირი _ პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი, რომელსაც, არათუ ფიცი არ დაუდვია, განცხადებაც კი არ გაუკეთებია და ამით პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია ქვეყნის მართვაზე (ხომ შერჩა მიხეილ სააკაშვილს 2008 წელი).

2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ავტორებმა ისეთი გაუნათლებლობა, ანალიტიკური აზროვნების უუნარობა და გაუთვითცნობიერება გამოამჟღავნეს, რომ გეგონება, საერთოდ, დაავიწყდათ, რა ტიპის სახელმწიფო ყალიბდება ამ ცვლილებების შედეგად. ის, რომ ეს ცვლილებები გაანგარიშებული იყო მხოლოდ ერთი თანამდებობის პირზე, აღიარა თვით ყოფილმა პრემიერმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაგრამ მან არაფერი არ იღონა მდგომარეობის გამოსასწორებლად და დღესაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უცნობია, რომელი მმართველობის სახელმწიფოში ვცხოვრობთ _ საპრეზიდენტო თუ საპარლამენტოში.

იმჟამინდელ პარლამენტარებს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, ალბათ, აღარც ახსოვდათ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სისტემაში ხელმძღვანელი როლი ეკუთვნის პარლამენტს და არა მთავრობას.

და, თუ დღეს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო და სხვადასხვა ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას წარსულში მისი არაკეთილსინდისიერი, არაკომპეტენტური და მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების გამო, მაშინ რაღა უნდა ითქვას საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც ბათუმში გადაბარგების შემდეგ ღრმა ძილს მიეცა და გამოეპარა ქვეყნისთვის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენები, როგორებიცაა 2008 წლის აგვისტოს ომი, 2010 წლის საკონსტიტუციო გადატრიალება, 2007 და 2011 წლების მშვიდობიანი მოსახლეობის დაუნდობელი დასჯა, რომელმაც დასცინა დემოკრატიას და ქვეყანა შეამზადა ავტორიტარული მმართველობისთვის, მაგრამ ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს პროცესი დროებით შეაჩერა და, სანამ ეს ძირითადი კანონი ამ სახით ძალაში იქნება, მანამდე ყოველთვის იარსებებს დიქტატურის დამყარების საფრთხეც.

საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ მაშინ გაეღვიძა, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს დასჭირდა მისი დაცვა და, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაშლელია, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოც ზედ მისაყოლებელია თავისი უპრინციპობისა და შერჩევითი სამართლისთვის.

II

2015 წლის 23 დეკემბერს მთავრობის იმჟამინდელმა მეთაურმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადა გადადგომის შესახებ. არადა, რამდენიმე დღით ადრე ის საზოგადოებას ქვეყნისა და მთავრობის წარმატებებზე ვრცლად ესაუბრა. რამდენიმე ხნით ადრე ასევე მოიქცა ბატონი ბიძინა ივანიშვილიც.

მაგრამ ორივეს და მათ მრჩევლებსაც დაავიწყდათ, რომ მთავრობას 2010 წლიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგომის უფლება ჩამოერთვა (იხ. გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” #24, 2015 წ. გვ. 22-23).

მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” წევრები და მათი მომხრეები, არასამთავრობოების წარმომადგენლები და სხვები კარგად ფლობენ უცხო ენებს და ნაზიარები არიან დასავლურ ღირებულებებს, ძალიან ცუდად არიან ჩახედულნი დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობაში, განსაკუთრებით კი _ საპარლამენტო რესპუბლიკების კონსტიტუციებში. როგორც ჩანს, მათ ისინი წაკითხულიც კი არ აქვთ.

საქართველოს კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული პრემიერმინისტრის გადადგომის პროცედურა და არც ის, ვის წინაშე იხსნის ის უფლებამოსილებებს.

იმისათვის, რომ სააკაშვილს გაპრემიერების შემთხვევაში დისკომფორტი არ ეგრძნო გადადგომის უფლებისადმი (მას, რა თქმა უნდა, კარგად ახსოვდა, რა შეძახილებით შეიჭრა პარლამენტის სხდომათა დარბაზში 2003 წელს და, ალბათ, გაითვალისწინა ისიც, რომ 2007 წელს მისმა დაუფიქრებელმა გადადგომამ პრეზიდენტის თანამდებობა კინაღამ დააკარგვინა), ამიტომ მისთვის ამ არც ისე სასიამოვნო უფლების ამოღება ძირითადი კანონიდან შემთხვევითი არ ყოფილა.

გააზრებული იყო სააკაშვილის ქმედებაც, როდესაც მან პარლამენტს ჩამოართვა მთავრობის უპირობო გადადგომის დადგენილების აღძვრის უფლება (.81/2) და, აგრეთვე, როდესაც უნდობლობის გამომცხადებელ პარლამენტართა რაოდენობა 50-დან 60-მდე გაზარდა.

იმის გამო, რომ ძირითად კანონში მთავრობის გადადგომა გათვალისწინებული არ არის, პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტა ასეა განმარტებული:

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება (. 80/1)”, .. პრემიერი დამამცირებლად მიიჩნევს, რომ ვინმეს რაიმე სთხოვოს, მით უმეტეს, გადადგომის შესახებ.

ცნობისათვის: ისრაელის ქნესეთი ან მისი კომიტეტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას პრემიერის გადადგომის შესახებ, სანამ ის ქნესეთის წინაშე სიტყვით არ წარდგება.

გადადგომის შესახებ პრემიერმინისტრი განცხადებით მიმართავს პრეზიდენტს!

ჩვენთან კი კონსტიტუციამ ისე არია სახელისუფლო შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილება, რომ 2015 წლის სექტემბერში აშშში ერთდროულად ორი დელეგაცია გაემგზავრა. ორი წელია, ბატონი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტია და დღემდე ვერ გარკვეულა თავის უფლებებში და კონსტიტუციის მიმართ თავისი არასერიოზულობით, ალბათ, ძალიან დააფიქრა თავისი მომხრეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

ძნელი არ იქნება იმის დამტკიცება, რომ ყოფილმა პრემიერებმა მიღებული გადაწყვეტილებით გადადგომის შესახებ ძირითადი კანონი დაარღვიეს და გადადგომის რეალური მიზეზების გაუმჟღავნებლობის გამო მოსახლეობის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს, პარლამენტი და პრეზიდენტი კი შეურაცხყვეს, მაგრამ მათ ეს ვერ იგრძნეს (ვერც კი ხვდებიან) და, რადგანაც მათ თავიანთი უფლებების აღსადგენად და თავმოყვარეობის დასაცავად ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ, ღირსნი ყოფილან ამ შეურაცხყოფის, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების პრინციპულობა და პროფესიონალიზმი შესამოწმებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის სუსტი ცოდნით გამოირჩევიან არა მხოლოდ ყოფილი პრემიერმინისტრები, არამედ ახალარჩეული მთავრობის მეთაურიც, რომელსაც გაუჭირდა დამაჯერებელი პასუხის გაცემა ჟურნალისტის შეკითხვაზე: რატომ სათანადოდ არ დააფასა ამერიკაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ელჩმა აშშ-ში _ გეგეშიძემ და რატომ დაუთმო ელჩმა მეტი ყურადღება ქვეყნის პრემიერმინისტრს და არა პრეზიდენტს?

ძალიან სამარცხვინოა ის, რომ ძირითად კანონს აღმაშფოთებლად ცუდად იცნობენ პარლამენტარები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ საპარლამენტო რესპუბლიკების კონსტიტუციებზე.

მაგალითად: 2015 წლის 24 დეკემბერს ერთერთ ტელეარხზე ვიხილე ძალიან ცნობილი და პატივცემული პარლამენტარის გამოსვლა, რომელმაც საქართველო დაასახელა, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკა. ძალიან გამაოცა მისმა შეფასებამ და გავიფიქრე: თუ მართლა ასე ესმის საქართველოს კონსტიტუცია, მაშინ მისთვის სრულიად უცნობი ყოფილა სააკაშვილის პიროვნება, მისი სწრაფვა ერთპიროვნული მმართველობისკენმეთქი.

პარლამენტი, რომელის წინაშეც პრემიერმინისტრი საჭიროდ არ მიიჩნევს, ილაპარაკოს გადადგომის რეალურ მიზეზებზე, ხოლო პარლამენტი ვერ იყენებს თავის უფლებას (ვერ ბედავს), მოსთხოვოს მთავრობის სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მაინც (მ. 79/3), დაფასებული ვერ იქნება ვერც მოსახლეობის და ვერც მთავრობის მიერ.

მაგრამ პარლამენტისათვის ყველაზე დამამცირებელი არის კონსტიტუციის 59- მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც პრემიერს უფლება ეძლევა, არად ჩააგდოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნა, პრემიერმინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ბატონო ზაქარია!

როდესაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას სჭირდება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, მაშინ როგორ შეიძლება პრემიერმინისტრმა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნას საპარლამენტო რესპუბლიკაში პატივი არ სცეს და პასუხის ღირსადაც არ გახადოს.

არსებობს კი სადმე ასეთი საპარლამენტო რესპუბლიკა?

პარლამენტში სახელოვანი სპორტსმენებისა და ხელოვანების სიჭარბე კი არ არის პრობლემა, არამედ იურიდიულ, თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დეპუტატების მწვავე დეფიციტი.

დასანანია, რომ თქვენ და თქვენი კოლეგები პარლამენტიდან მეტ ყურადღებას აქცევთ იმას, რას გაიძახიან ფასიანი არასამთავრობოები, არაკომპეტენტური და მიკერძოებული საზღვარგარეთელი მრჩევლები და საერთოდ არ აქცევთ ყურადღებას, რას გირჩევთ ხალხი.

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here