Home რუბრიკები პოლიტიკა ცეცხლოვანი მაიმუნის როლი ქართულ პოლიტიკაში

ცეცხლოვანი მაიმუნის როლი ქართულ პოლიტიკაში

708

რა ელოდება საქართველოს 2016-ში, რომელსაც ჩინელი ასტროლოგები ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადს უწოდებენ? საზოგადოდ, მაიმუნობა, მათ შორის ცეცხლოვანი, ქართულ პოლიტიკას არც არასოდეს აკლდა, თუმცა წელს სპორტის ამ სახეობაში შეიძლება არაერთი ახალი რეკორდი დამყარდეს.

წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნებია. ბიძინა ივანიშვილის ყველაზე თანმიმდევრული მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებენ, რომ რეიტინგის დაცემისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, მმართველი კოალიცია მაინც გაიმარჯვებს. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ გაიმარჯვებს ის, რა ბერკეტებს გამოიყენებს წინასაარჩევნო პერიოდში და როგორ განაწილდება ხმები ოპოზიციურ პარტიებს შორის, რადგან ეს ივანიშვილის ხელისუფლების შემდგომ ბედზე განმსაზღვრელ გავლენას იქონიებს.

როგორც საქართველოს უახლესი ისტორია ცხადყოფს, რვა წელიწადი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მმართველი პარტია ტოტალური დეგრადაციის გზას დაადგეს. ეს გზა გაიარამოქალაქეთა კავშირმადანაციონალურმა მოძრაობამდა მთელი რიგი ფაქტები მიუთითებეს იმაზე, რომქართული ოცნებაცამ მიმართულებით მიდის. ეს, ალბათ, ბუნებრივი პროცესია. პოსტსაბჭოთა სახელისუფლო პარტია, რომელიც იმავე პრინციპებზე დაყრდნობით ფუნქციონირებს, რომლებზეც ფეოდალური მმართველის ამალა, XXI საუკუნეში დიდხანს ვერ იცოცხლებს.

თუ არ მოხდება “ქართული ოცნების” საფუძვლიანი გარდაქმნა და განახლება 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ, დიდი ალბათობით, ვიხილავთ კიდევ ერთი რეჟიმის ფრიად სევდიან აღსასრულს. მაგრამ საქმე ისაა, რომ მსგავსი რეკონსტრუქციის ჩატარება შეუძლებელია ძლიერი ჩასაფრებული ოპოზიციის არსებობის და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს პირობებში. ივანიშვილის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა დგას _ მიიღოს დღევანდელზე უფრო მშვიდი და პროგნოზული გარემო მას შემდეგ, რაც მისი პარტია 2012 წლის შედეგებთან შედარებით, სავარაუდოდ, ხმების 15-20 პროცენტს დაკარგავს.

აქედან გამომდინარე, ივანიშვილმა არ უნდა დაუშვას “ოცნების” მიერ დაკარგული ხმების კონსოლიდაცია არა მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ, არამედ იმ პარტიების მიერაც, რომლებმაც (თუნდაც თეორიულად) შეიძლება ალიანსი შექმნან. 2016-2020 წლებში ყველაზე მომგებიანი მისთვის ერთმანეთთან დაპირისპირებული, დაახლოებით თანაბარი ძალის მქონე ჯგუფებისგან შემდგარი ოპოზიციური სპექტრის არსებობა იქნება. ხელისუფლება, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს ოპოზიციის მაქსიმალურ ფრაგმენტაციას და მისი სუსტი ელემენტების გაძლიერებას ღონიერების ხარჯზე. “ოცნების გარდასაქმნელად” აუცილებელი უსაფრთხო გარემოს შექმნას მხოლოდ ასე თუ მოახერხებს. ეს მისთვის არანაკლებ (და, შესაძლოა, უფრო) მნიშვნელოვანია, ვიდრე “N-რაოდენობის” მანდატების მიღება მმართველი პარტიის მიერ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი _ სააკაშვილის რეჟიმის კრახის შემდეგ ბევრ ამომრჩეველს ეგონა, რომ ბინძური საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება ადმინისტრაციულ ბერკეტებთან ერთად წარსულს ჩაბარდა. მაგრამ სამაგალითოდ ჩატარებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ ძლიერ სცოდა შუალედურ არჩევნებზე, მაშინ, როდესაც სამარცხვინო მანიპულაციების აუცილებლობა უბრალოდ არ არსებობდა და ამით დაარწმუნა ამომრჩევლების დიდი ნაწილი იმაში, რომ ამ მხრივ წინამორბედისგან დიდად არ განსხვავდება. ფაქტობრივად, ეს იყო რეჟიმის დელეგიტიმაციისკენ გადადმული პირველი სერიოზული ნაბიჯი და სააკაშვილის მიმდევრები მყისიერად აყვირდნენ იმაზე, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აუცილებლად გააყალბებს, რადგან პატიოსან ბრძოლაში გამარჯვების შანსი არ აქვს და ა.შ. თინა ხიდაშელმა და მისმა თანაპარტიელებმა თავისი მოქმედებით საგარეჯოში მათ მშვენიერი “სატოპკე” აუწიეს (დროებით ჩავთვალოთ, რომ ეს უნებლიეთ გააკეთეს, რათა კონსპიროლოგიურ ლაბირინთში ჩაღრმავება არ მოგვიწიოს).

საზოგადოდ, წინმსწრები საუბრები გარდაუვალ გაყალბებაზე “მაიდანის” მომზადების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომნაციონალურ მოძრაობასარ აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომფერადიტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლება შეცვალოს, არჩევნების რამდენადმე შესამჩნევი გაყალბება და თუნდაც წარუმატებელიმაიდანიმას შესაძლებლობას მისცემს, მსხვერპლის როლი მოირგოს, რომლისკენაც მთელი გასული წლის განმავლობაში მიისწრაფოდა. ამ მიზნის მისაღწევად ის, აგრეთვე, გამოიყენებს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ დავას (საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციებში მალე დასრულდება), აგრეთვე, შეეცდება, “აწიოს ტემპერატურა” თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომის ჩატარების პერიოდში, რათა უცხოელი სტუმრების წინაშე “ხელისუფლებას ნიღაბი ჩამოხსნას”. რაც შეეხება, სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ყველაზე საინტერესო 2016-ში, ალბათ, “პატრიოტთა ალიანსის” დაკვირვება იქნება, ის, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, წელს უმაღლეს ლიგაში თამაშს იწყებს.

განსაკუთრებულ დაცემას (ისევე, როგორც აღმაფრენას) ცოცხალმკვდარ ქართულ ეკონომიკაში ადგილი, სავარაუდოდ, არ ექნება. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ინფლაციური პროცესების ნეგატიური ეფექტი განსაკუთრებით საგრძნობი გაზაფხულის დასაწყისში გახდება. დაახლოებით ამ პერიოდში ახალი პრემიერი მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორცილებას გეგმავს. წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ქვეყნის ბედი პროფესიონალი რეფორმატორების გუნდს აბარია და არა დაბნეული მარიონეტების დასს, ამისთვის კი მთავრობიდან არაპოპულარული ფიგურების მოცილება და პროპაგანდისტული ძალისხმევის მკვეთრი გაძლიერება დასჭირდება. რაც შეეხება საკუთრივ ეკონომიკას, წლის პირველ ნახევარში ქართულმა ბიზნესმა უნდა იგრძნოს უცხო ქვეყნების “სანქციების ომის” პირველი შედეგები, რომელმაც ექსპორტის გაფართოების, აგრეთვე, ტურიზმისგან მიღებული შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა მისცა (სანქცირებული საქონლის ფარულ რეექსპორტზე და სხვა ჩრდილოვან სქემებზე არაფერს ვიტყვით, თუმცა განხილულ კონტექსტში ისიც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს).

გასული წლის ბოლოს საქართველომ მიიღო გარკვეული სარგებელი მეტ-ნაკლებად ფრთხილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკისგან, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ატარებს. ამ მიმართულებით ის, ალბათ, ყველაზე ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს. უქმდება ვიზები, “სანქციების ომი” ჯერ არ შეგვხებია, მეზობელი სახელმწიფოების რიტორიკა სულ უფრო რბილი და, უმეტესწილად, მეგობრული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი ცეცხლის ალში ეხვევა, ახალი ომის დაწყების საფრთხე, განსხვავებით სააკაშვილის მმართველობის პერიოდისგან, განუზომლად დაბალი ჩანს. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში და საზოგადოების დამოკიდებულებაში მის მიმართ დასრულდა რომანტიკული ილუზიების ხანა და მისი ადგილი პრაგმატიზმმა დაიკავა, რომელსაც დროდადრო ცინიზმის ელფერი დაჰკრავს. ეს შეიძლება შევადაროთ 15, 25 და 35 წლის მანდილოსნის დამოკიდებულებას (45-მდე ჯერ კიდევ შორია) სიყვარულის და დაოჯახების პრობლემის მიმართ; ის დროთა განმავლობაში, გამოცდილების შეძენის პარალელურად, იცვლება. თუ მსგავსი გაწონასწორებული მიდგომა 2016 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება, საქართველო, საკმაოდ ძვირად ღირებული გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყველა გლობალური თუ რეგიონული მოთამაშისგან, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ ბონუსს მიიღებს.

მომავალი წლის მთავარ პრობლემად, ალბათ, ტერორიზმი და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების გაღვივების საფრთხეები უნდა განვიხილოთ. განსაკუთრებული ყურადღება ამ მხრივ აჭარას უნდა დავუთმოთ და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: 1) რუსეთთურქეთის კონფრონტაციის გაღრმავება აუცილებლად აისახება მათი დაპირისპირების ამ ტრადიციულ ასპარეზზეც; 2) რეგიონში იზრდება რადიკალი ისლამისტების გავლენა, არაერთი ახალგაზრდა სირიაში საბრძოლველად გაემგზავრა; 3) სოციალურეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ფრიად სუსტად გამოიყურება, გასულ წელს ის არაერთ სკანდალში გაეხვია; 4) ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, “ნაციონალებიშეეცდებიან, გამოიყენონ ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც დეტონატორი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, ითამაშონ რუსულთურქულ წინააღმდეგობებზე, გამოიყენონ ვარშალომიძის კლანის კვლავინდებურად ძლიერი პოზიციები, გააღვივონ ერონული (უპირველესად, ქართველებსა და თურქებს შორის) და რელიგიური შუღლი. იმისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხეები გაანეიტრალოს, ხელისუფლებამ ძალიან ფრთხილად, “ნეიროქირურგიული სიზუსტით” უნდა იმოქმედოს (შეუძლია თუ არა ეს, ცალკე საუბრის თემაა).

ყურადღება რელიგიასთან დაკავშირებული თემების მიმართ მთელ მსოფლიოში გამძაფრდა და გამონაკლისს, ამ მხრივ, არც საქართველო წარმოადგენს. იანვრის პირველ დეკადაში მკვეთრად იმატა დაძაბულობამ სოციალურ ქსელებში, სადაც ძველ რეჟიმთან დაკავშირებული ფსევდოლიბერალების ნაწილმა დაიწყო პატრიარქისა და ეკლესიის საკმაოდ გამომწვევი კრიტიკა, რომელსაც მართლმადიდებელი მრევლის გაღიზიანება და ზედმეტად რადიკალური განცხადებები მოჰყვა. გამორიცხული არაა, ეს ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ თემის გამოყენება გაკოტრებულ მოღვაწეებისთვის საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში დარჩენის ერთ-ერთ ყველაზე იაფ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ამასთანავე, დღევანდელ არასტაბილურ მსოფლიოში ბევრისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახდა საკუთარი ეროვნულ-რელიგიური იდენტობის მკაფიო გამოხატა, თუმცა ამას ხშირად ფუნდამენტალიზმსა და ექსტრემიზმში გადავარდნა მოსდევს, რაც შეუთავსებელია მართლმადიდებლობის ძირითად პრინციპებთან. ალბათ, უნდა დავფიქრდეთ, ვის აძლევს ხელს ეს მუდმივირელიგიური ომისოცქსელებში, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოსამზადებელი ეტაპი გაცილებით სერიოზული კონფლიქტისთვის, ერთგვარი ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელიც მიზნად გარკვეული ჯგუფების რადიკალიზაციას ისახავს და ნაყოფს მოგვიანებით გამოიღებს. ისე, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პროვოკატორთან კამათში ჩაბმა თავისთავად მარცხია.

მომავალი წლის მთავარი იმედგაცრუება კი, ალბათ, ის იქნება, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი კიდევ ერთხელ იხელმძღვანელებს “ნაკლები ბოროტების პრინციპით” და ხმას ისევ მმართველ კოალიციას მისცემს, მხოლოდ იმისთვის, რომ ფარდობით სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქროს, ხოლო სააკაშვილის მონსტრუოზული რეჟიმი არ გაცოცხლდეს. სავარაუდოდ, მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება და 2020 წლის არჩევნებისთვის ელექტორატი გაცილებით მომთხოვნი გახდება.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. არა! არჩევნებზე ქოც-ნაცებს,ნაცები ბოროტები იყვნენ, ქოცები მუსორიძის გამპრავებლები
    არიან. მოკლედ, ქართველ ხალხს არჩევანი არა გვაქვს- ქაქში ვზივართ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here