Home რუბრიკები პოლიტიკა მორიგი შეტევა მართლმადიდებლობაზე

მორიგი შეტევა მართლმადიდებლობაზე

682

ხელისუფლების სათავეში “ნაციონალების” მოსვლის შემდეგ დაიწყო გააფთრებული ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ეკლესიისა, რომელმაც, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აგრეთვე, ქართველი კაცის იდენტობის, ქართული მენტალიტეტის შენარჩუნების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა. მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარი იარაღია მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, მიზანი კი არა მხოლოდ ერის სულიერი ლიდერებისადმი ნდობის შერყევა, არამედ ეროვნული სულიერების, ზნეობისა და ტრადიციების დანგრევაა. სწორედ ამიტომ არის გაჩაღებული ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდა, ქართული ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ.

აი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული უცხოეთიდან დაფინანსებული პროპაგანდის ბოლო ნიმუშები, რომლებმაც ქართველი საზოგადოებრიობის დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია:

ნინია კაკაბაძე: მადლობა დედას რომ მასწავლა _ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო

აი რა დაწერა ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ სოციალურ ქსელში:

“9-10 წლის ვიქნებოდი ალბათ, ახლობლების ჯვრისწერის შემდეგ, დედაჩემთან ერთად პატრიარქის სახლში (სიონის გვერდით) რომ აღმოვჩნდი. ბუნებრივია, მაშინ ვერაფერი შევნიშნე და პირიქით, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მის მისაღებ ოთახს სადაც ყველანი მიგვიღო… როგორც ჩანს დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა. ხოდა, მადლობა დედას სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და “ხრუსტალის” ნივთები უზნეობაა, არამედ ის რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო” (სტილი დაცულია).

გიგი თევზაძე: დღეს საქართველოში შობის აღნიშვნა არის ოკუპანტების მხარდაჭერა

ნინია კაკაბაძის შემდეგ თავისი ტვინის ნაჟური ილიაუნის ყოფილმა რექტორმა გიგი თევზაძემაც გამოაქვეყნა.

“არ გეწყინოთ, მაგრამ, დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ”, _ დაწერა გიგი თევზაძემ სოციალურ ქსელში (სტილი დაცულია).

ამ განცხადებას, როგორც მოსალოდნელი იყო, სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, რომელიც თევზაძის მიმართ უცენზურო და მუქარის შემცველ გამონათქვამებშიც კი გადაიზარდა.

რატი ამაღლობელი: პატრიარქი გაიყინა…

ანტიმართლმადიდებლური ბაკქანალია კი დააგვირგვინა თანამედროვე ქართველი “პოეტების” უგვირგვინო მეფემ, ლიტერატურული პრემია “საბას” მფლობელმა რატი ამაღლობელმა ლექსით “პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში”. მას სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ლექსი ასე ჟღერს:

“პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში გაიყინა”…

რატი ამაღლობელი ამ ლექსით, როგორც ჩანს, მეტროპოლიტენის სადგურ “დელისთან” მიწისქვეშა გადასასვლელში მამაკაცის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 67 წლის მამაკაცის დაღუპვის შესახებ ცნობა 4 იანვარს გავრცელდა _ პატრიარქის დაბადების დღეს გავრცელდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი უსახლკარო იყო და სიცივისგან გაიყინა, თუმცა შსს-მ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს ჰყავს ოჯახი, ის არც უსახლკარო ყოფილა და მის სიკვდილს ოჯახის წევრები გულის პრობლემებს უკავშირებენ.

 

ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდა ერის სულიერი ლიდერების ნდობის შესარყევად და მართლმადიდებლური ზნეობის დასანგრევად

IV საუკუნეში ქრისტიანობის მიღების შემდეგ და მანამდეც ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა დამპყრობის წინააღმდეგ. სპარსელები და არაბები, თურქ-სელჩუკები და მონღოლები, ქვეყნის დაპყრობასთან ერთად ქრისტიანული რელიგიის განადგურებას ცდილობდნენ. საუკუნეების განმავლობაში ბრძოლა სახელმწიფოებრიობისათვის გადაიქცა ბრძოლად მართლმადიდებლობისათვის და ქართველმა ხალხმა სისხლისღვრის ფასად მოახერხა სახელმწიფოებრიობისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების შენარჩუნება.

ბოლო ხანს სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება მართლმადიდებელ მღვდელმსახურთა და, საერთოდ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ამ მიზნით სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს სპეციალურად აფინანსებენ უცხოეთიდან. ამ კარგად დაფინანსებული ადამიანებისა და მათი მფარველების მიზანი მართლმადიდებლობის საფუძვლების შერყევა, დანგრევა და ამით ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრაა. ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რომელიც საუკუნეებია გრძელდება, განსაკუთრებულად გამძაფრდა XXI საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ქართველი ანტიმართლმადიდებლების სულიერმა მამამ, ყოველივე მართლმადიდებლურის, ანუ ქართულის დაუძინებელმა მტერმა, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგმა ბზიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა: “კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ამერიკის ერთადერთ მტრად მართლმადიდებლობა რჩება”.

სწორედ ამ საკითხებზე საუბრობდა ჯერ კიდევ 16 წლის წინათ, 2000 წლის მაისში, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, რომლიდანაც მოგვყავს ამონარიდები და დარწმუნდებით, რა ზუსტია ბატონი ალექსანდრე მართლმადიდებლობის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის შეფასებაში:

“ერის კონსოლიდაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს რელიგია და ამიტომ ტრადიციულ რელიგიასთან ბრძოლა “გლობალისტების” სერიოზული ამოცანაა. განსაკუთრებით ეს შეეხება მართლმადიდებლობასთან ბრძოლას, ვინაიდან მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც წესი, ღრმად ეროვნულია, ხოლო მართლმადიდებელი ერი _ ძალიან ტრადიციული, ნაკლებად ემორჩილება უცხო გავლენას, ყველანაირად ცდილობს თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ასევე ცხადია, რომ ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ერთობის შენარჩუნება ძირითადად მართლმადიდებლობის დამსახურებაა. გარდა ამისა, მართლმადიდებლური სულიერი ფასეულობები კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროტესტანტულ მსოფლმხედველობას, რომელიც ანგლო-საქსური მენტალიტეტისა და კონფორმისტული კათოლიკური პოსტულატების საფუძველზე ჩამოყალიბდა და თანამედროვე დასავლური აზროვნებისა და ცხოვრების წესის სულიერ-ზნეობრივი ბაზისი გახდა. სწორედ ამიტომ გამოტვინებულმა ბჟეზინსკიმ _ ჩვენი “რეფორმატორების” საყვარელმა მასწავლებელმა _ გულახდილად განაცხადა, რომ საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ აშშ-მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს _ მართლმადიდებლობა. შესაბამისად, ჩვენმა “მეხუთე კოლონამ” სათანადო მითითება მიიღო და, როგორც ცნობილია, დღეს მართლმადიდებლური ეკლესია, მართლმადიდებლური ტრადიციები ობსტრუქციის, დაცინვის, დამცირების ობიექტად იქცა. პარალელურად, ნებისმიერი, ყველაზე ანტიჰუმანური სექტებისთვისაც კი გზა ხსნილია. ამ ფსევდორელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა ეროვნული შეგნების, სახელმწიფო აზროვნების, პატრიოტიზმის დეფორმაციისა და ერის დაშლისკენაა მიმართული. ისინი უზარმაზარ მატერიალურ საშუალებებს ფლობენ, მათ აქტიურად მხარს უჭერს “მეხუთე კოლონა”, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც “ადამიანის უფლებათა დაცვის”, “ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ათვისების” ნიღბით მოქმედებენ. ვინ უჭერს მხარს იეღოველთა სექტას საქართველოში? _ “ახალგაზრდა რეფორმატორები”, ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტი და მსგავსი ანტიეროვნული ძალები… ქართველებში ეკლესიისადმი ნდობა გენეტიკურადაა ჩადებული, ამიტომ ეკლესიას არც ისტორიულად და არც მორალურად არ აქვს უფლება, ქვეყანაში მიმდინარე ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში გულგრილის თუ უსიტყვო მეთვალყურის როლი შეასრულოს. მე ვესაუბრე ამის შესახებ კათალიკოს-პატრიარქს. იგი, უდავოდ, განათლებული და საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ მას, ჩემი აზრით, უჭირს “ჩაურევლობის” კომპლექსისგან გათავისუფლება. მე კი მიმაჩნია, რომ ჩაურევლობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება, როდესაც საქმე ქართველი ერის არსებობას ეხება, რომლის კეთილდღეობისთვისაც გვიბოძა უფალმა ეკლესია.

მართლმადიდებლობაზე თავდასხმასთან პარალელურად, “მეხუთე კოლონის” ანტიეროვნული საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ქართული ისტორიისა და კულტურის იმ მოღვაწეთა დისკრედიტაცია, ვის სახელებთანაც დაკავშირებულია ეროვნული თვითშეგნების, ეროვნული სულიერების განვითარება. ამ თვალსაზრისით ფრიად დამახასიათებელია “რეფორმატორთა” დამოკიდებულება ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა თუ გალაკტიონის მიმართ. ერთდროულად ისინი ჩვენს ისტორიაში იქექებიან და გამოძებნიან ხოლმე ისეთ ფაქტებსა თუ მოვლენას, რომელშიც, თანამედროვე თვალსაზრისით, თანამედროვე გაგებით, ქართველი ერი, მართლმადიდებლური ეკლესია, ცალკეული ისტორიული პიროვნებები წარმოჩნდებიან, როგორც ველური და რეტროგრადები. მაგალითად, “რეფორმატორთა” მუდმივ სალაპარაკო თემად იქცა შუასაუკუნოვანი ქართული საზოგადოების “მხილება” იმაში, რომ დიდი მოაზროვნე სულხან-საბა ორბელიანი კათოლიკობის მიღებისათვის ჩვენმა სამღვდელოებამ “წვერით ათრია”… შუა საუკუნეებში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველი ერის ხსნის, ასიმილირებისაგან გადარჩენის მთავარი ფაქტორი მართლმადიდებლობა იყო. ეს იყო უმაღლესი სულიერი ღირებულება, ქართველობის მაჩვენებელი. სხვა ერის წარმომადგენლები, ვინც საქართველოში სახლდებოდა და მართლმადიდებლობას მიიღებდა, ძმა, იგივე ქართველი ხდებოდა. ქართული ეკლესიის ბევრი წმინდანი, წმინდა ნინოთი თუ აბო თბილელით დაწყებული, ბევრი ეროვნული გმირი არ იყო ეთნიკური ქართველი, მაგრამ, მიიღეს რა მართლმადიდებლობა, ერის ნაწილად იქცნენ. ამავე დროს წმინდა სისხლის ქართველები, ვინც ნებაყოფლობით სხვა სარწმუნოება მიიღო, მათ შორის მეფეებიც კი _ როსტომი, დავითი, კონსტანტინე _ ქვეყნის ისტორიასა და ხალხის მეხსიერებაშიც მოღალატეებად დარჩნენ. მართლმადიდებლობის ღალატი სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო. ასე იყო და სწორედ ამ მიზეზით გადარჩა ჩვენი ერი. ასე რომ, დიდმა საბამ, მიიღო რა კათოლიკობა, რა ძნელიც უნდა იყოს ამის თქმა, უმაღლეს ქართულ სულიერ ღირებულებას უღალატა და მაშინდელი ქართული საზოგადოების რეაქცია სავსებით ასახსნელი და გასაგებია. ერთი დაფიქრდნენ ჩვენი “დემოკრატები” იმაზე, თუ როგორი იქნებოდა “ცივილიზებული” კათოლიკური საზოგადოების რეაქცია, მათი ქვეყნის ელჩს სხვა სარწმუნოება რომ მიეღო. თუ ინკვიზიციის პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რომელმაც ასიათასობით ადამიანი ერესის ბრალდებით ცოცხლად დაწვა, ასეთ ელჩს კოცონზე დაწვავდნენ. სხვათა შორის, მართლმადიდებლურ ეკლესიას არასდროს დაუშვია ისეთი მხეცობა და ველურობა, როგორითაც განთქმულია “ცივილიზებული” კათოლიკური ეკლესია”.

დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, საგანმანათლებლო თუ კულტურული რეფორმები, ძირითადად _ შეფარულად, იშვიათად _ აშკარად და ზოგჯერ _ თითქოს უნებლიეთ მიმართული იყო და არის ქართული მენტალიტეტის წინააღმდეგ და ქართველი საზოგადოების ამერიკანიზაციას ემსახურება. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ განათლების იმჟამინდელი მინისტრის _ შაშკინის ხელით ომი გამოუცხადა ქართულ ენას _ ეროვნულობის საწყისს, როცა სკოლებში პირველკლასელებისთვის ქართული ენის პარალელურად ინგლისური ენის სწავლება დააწესა, რაც მომავალ თაობაში ქართული ცნობიერების დაკნინებას ემსახურება. შემდეგ კი ხელისუფლებამ გააფრებით შეუტია მართლმადიდებლობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველთა ეროვნული თვითშეგნების განმსაზღვრელი იყო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც საფუძველს უქმნის საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ეს კანონი განსაკუთრებით სახიფათოა მას შემდეგ, რაც აშშ მსოფლიოს დაემუქრა,_ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ყველგან უნდა დაკანონდესო(!). აღსანიშნავია, რომ გააქტიურება ლგბტ-თემის წარმომადგენლებისა, რომლებმაც ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწიეს, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ომის ერთ-ერთი ახალი ტექნოლოგიაა.

საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა მოწოდებულია, შეასრულოს უცხოელი დამკვეთების დავალება, რომელიც ითვალისწინებს ქართული ტრადიციების, ფასეულობების, ზნეობრივი ნორმების ნგრევას და საქართველოს გადაქცევას ისეთ სახელმწიფოდ, სადაც არ იარსებებს ეროვნული სული და სადაც მართლმადიდებელ ეკლესიას არანაირი როლი არ ექნება. აი, ამაზე უნდა დაფიქრდეს თითოეული ქართველი. ეს უნდა იყოს ჩვენი უპირველესი საზრუნავი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს საკუთარი თავის შეცნობისაკენ მოუწოდა. პატრიარქის თქმით, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს. ამ საკითხზე ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

“დღეს კიდევ ერთხელ უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს ცხოვრებას. მართალია, ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი. ჩვენ შეცნობას სხვა ადამიანიდან ვიწყებთ. ადამიანი, რომელიც თავის თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს. წმინდა მამა ეფრემ ასური ამბობს: “უფალო მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა”. როგორი ძნელი ყოფილა შეცნობა თავისა თვისისა, მაგამ ეს აუცილებელია. მეფე დავითი მწყემსი იყო, ღვთის განგებამ ის მეფის ტახტზე აიყვანა. ის 40 წელი იყო მეფე. მრავალი განსაცდელი შეხვდა. ცოდვაც ჩაიდინა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სინანული, მონანიება, რომ დავით მეფე გახდა საყვარელი ღვთისა. შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს საყვარელი ღვთისა. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს ერთადერთი გზაა ცხონებისა.” _ ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ მომეწონა თქვენი სტატია, ვარ 26წლი ყმაწვილი და თუ შეგნებულად არ გავითავისეთ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ისე არაფერი გამოვა, ამ საიტს ჩემი მეგობრებიდან საახლობოდან თუ ნაცნობებიდან მხოლოდ მე ვსტუმრობ. სხვებს არც კი აინტერესებთ რა ხდება საქართველოში. უნდა მოხდეს მასობრივად გაშუქება რომ მიხვდენენ თუ რა ხდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here