Home რუბრიკები ისტორია შეხვედრები სტალინთან

შეხვედრები სტალინთან

805

ნიკოლოზ გერასიმეს ძე კუზნეცოვი 1904 წელს დაიბადა არხანგელსკის ოლქის სოფელ მედვედკიში. დაბადების მოწმობაში დაბადების თარიღი შეცვალა და 1902 წელს დაბადებულად წარადგინა საბუთები საზღვაო სასწავლებელში მისაღებად. ტანმაღალი და ნიჭიერი ახალგაზრდა სრულად აკმაყოფილებდა მინიშნებულ წლოვანებას. მან წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული სასწავლებელი და სამსახური კრეისერჩერვონა უკრაინაზედაიწყო. ბეჯითმა ახალგაზრდამ თავი აქაც მალე გამოიჩინა და ხომალდის მეთაური გახდა.

“1929 წლის ივნისში ჩვენი კრეისერი ზღვაში შეცურდა, _ იგონებს კუზნეცოვი, _ სროლაში გასავარჯიშებლად. ხომალდის მთელი შემადგენლობა თეთრ ტანსაცმელში ვიყავით გამოწყობილი.

შორს მდგომი საშტაბო გემი გამოემართა და ჩვენი გემის გვერდით დადგა. შემადგენლობა გემბანის ერთ სწორ ხაზზე დაეწყო. დავინახეთ, რომ გემბანზე სტალინი და ორჯონიკიძე ამოვიდნენ თანხმლებ პირებთან ერთად. ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ ლამაზად შეკერილ თეთრ ხალათებში. ხანმოკლე მისალმების შემდეგ გემმა სვლა დაიწყო და ზღვის ნაპირს მივყვებოდით. მახსოვს, ორჯონიკიძესთან ერთად იყო მისი 18 წლის ქალიშვილი, რომელსაც, ეტყობოდა, ძალიან უყვარდა გემი და ზღვაზე მოგზაურობა. სტალინი და ორჯონიკიძე გემბანის განაპირა ადგილზე იდგნენ. ორჯონიკიძე სტალინს ხელების მოძრაობით ესაუბრებოდა, სტალინი კი მშვიდად აბოლებდა ჩიბუხს და ზღვას გაჰყურებდა.

მცირე მანძილის გავლის შემდეგ გემი შეჩერდა მუხალატკასთან, სადაც თურმე ვოროშილოვი ისვენებდა. გაჩერებისთანავე კრეისერს ნავი მოადგა და ვოროშილოვი გემბანზე ამოვიდა.

თავდაცვის მინისტრი ვოროშილოვი და სტალინი განმარტოვდნენ და მცირეხნიანი საუბრის შემდეგ გემის ეკიპაჟთან სურათის გადაღება გადაწყვიტეს. ჩვენც დიდი ხალისითა და სიხარულით შემოვეხვიეთ გარშემო სტუმრებს და სამახსოვრო სურათიც გადავიღეთ. ვოროშილოვი კრეისერიდან მალევე ჩავიდა, ჩვენ კი ზღვის სანაპირო ზოლს ნელი სვლით გავუყევით. სტალინი და ორჯონიკიძე დეტალურად იხილავდნენ საზღვაო ფლოტის განვითარებისა და მშენებლობის უახლოეს პერიოდში გადასაწყვეტ საკითხებს. ორჯონიკიძე კარგად ერკვეოდა ფლოტის მშენებლობაში და მის სიტყვას დიდი ყურადღებით უსმენდა თვითონ ბელადიც. საღამოს გემზე დიდი თვითშემოქმედებითი კონცერტი გავმართეთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა გემებიდან მოწვეული ძალებითაც. სტალინი და ორჯონიკიძე კონცერტითა და გემზე არსებული მდგომარეობით კმაყოფილი დარჩნენ. სტალინმა კი გემის სამახსოვრო წიგნში ჩაწერა: “ვიყავი გემ “ჩერვონა უკრაინაზე”, დავესწარი კონცერტს, საუკეთესო ადამიანები არიან, კულტურულები, თავდადებულები ჩვენი სამშობლოს საერთო საქმისათვის. ი. სტალინი”.

სასიამოვნო პერიოდი მალე დასრულდა. გემი სოჭის ნავსადგურს მიუახლოვდა და ღუზა ჩაუშვა. სტალინი და ორჯონიკიძე გულთბილად დაგვემშვიდობნენ და გემიდან ჩავიდნენ, ჩასვლის წინ სტალინმა ხომალდის ახალგაზრდა მეთაური კიდევ ერთხელ შეათვალიერა და ხელის ჩამორთმევით დაშორდა.

გავიდა ცოტა დრო და ნიკოლოზ კუზნეცოვი წყნარი ოკეანის ფლოტის ადმირალად გადაიყვანეს. მალე ის მოსკოვში სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამხედრო საბჭოზე მიიწვიეს, სადაც სიტყვით გამოსვლაც მოუწია. სტალინი განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა კუზნეცოვის გამოსვლას და ბევრ შეკითხვასაც აძლევდა. სტალინმა გააკრიტიკა საზღვაო ფლოტის დოქტრინაში დასმული “რთული ბრძოლების” საკითხი და კუზნეცოვს მიუთითა, რომ “რთული ბრძოლებისათვის” საზღვაო ფლოტი ჯერ მომზადებული არ არის, რადგან “რთულ ბრძოლას” სჭირდება ლინკორები, კრეისერები და სხვა მძიმე ხომალდები, რომლებიც ჩვენ ჯერ არ გვყავს. ამიტომ “რთული ბრძოლების” საწარმოებლად ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს კონცეფცია, რომელიც უსწრაფესად შექმნის მძიმე ფლოტს”.

სტალინი სიტყვებს ჰაერში არასოდეს ისროდა. თათბირის შემდეგ დაიწყო მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოები, რომელთაც უშუალოდ სტალინი ამოწმებდა.

_ ხომალდებზე უნდა გვყავდეს ჯანმრთელი, კარგად ჩაცმული და კარგად გამოკვებილი მეზღვაურები. ფლოტში გაწვეულები ხანმოკლე სამსახურს გადიან გემებზე, ისინი მაშინ ტოვებენ ხომალდებს, როდესაც უკვე ათვისებული აქვთ მეზღვაურის ცხოვრება, ხომ არ იქნება მისაღები, გავაგრძელოთ მათი სამსახურის ვადა გარკვეული ხნით? _ იკითხა სტალინმა.

_ ამხანაგო სტალინ, სამსახურის ვადა, შესაძლებელია, გავზარდოთ 5 წლამდე, _ თქვა კუზნეცოვმა.

_ იქნებ ექვსამდე?! _ რეპლიკა ესროლა სტალინმა.

_ ამხანაგო სტალინ, ექვსი წელი მეტისმეტად დიდი დროა, _ უპასუხა კუზნეცოვმა.

_ თანახმა ვარ, _ მიუგო სტალინმა

“1939 წლის 20 მარტს მოსკოვში გამომიძახეს, როგორც მეთვრამეტე ყრილობის დელეგატე, _ წერს ნიკოლოზ კუზნეცოვი. _ ყრილობათა სასახლეში ჩვენი თვალუწვდენელი სამშობლოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები უდიდეს სიამოვნებას და აღფრთოვანებას გამოთქვამდნენ ქვეყნაში დაწყებული გიგანტური მშენებლობების გამო. ყრილობის დაწყებამდე უზარმაზარ ვესტიბიულში სხვადასხვა პროფესიისა და სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთს ეცნობოდნენ, დიდ სიხარულსა და ბედნიერებას გამოხატავდნენ.

დელეგატთა შორის სტალინი გამოჩნდა, მან თავიდან ბოლომდე გადაკვეთა ხალხით სავსე ვესტიბიული. ყველა მას ვუყურებდით. ყრილობამ მუშაობა დაიწყო. მთავრობის წევრებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემი მინისტრი ყრილობის პრეზიდიუმში ვერ დავინახე. ბოლოს, როდესაც გულდასმით დავაკვირდი, სადღაც უკან მეთერთმეტე თუ მეთორმეტე რიგში შევამჩნიე, რაც, რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა. არ მესიამოვნა იმიტომ, რომ ეს სამხედრო საზღვაო ფლოტის შეუფასებლობად მივიჩნიე. მოვისმინე ჭორი, რომ ფრინოვსკი მალე სამხედრო საზღვაო ფლოტის მინისტრი აღარ იქნებოდა. ისედაც, მის მაგივრად პირველი მოადგილე სმირნოვ-სვეტლოვსკი საქმიანობდა.

ყრილობის ბოლო დღეებში შესვენებისას ჩემთან მოვიდა მოლოტოვი და მკითხა:

_ სიტყვით გამოსასვლელად ხომ არ ემზადებით?

უარის ნიშნად თავი გადავაქნიე და განვუცხადე, რომ ჩემი მინისტრის გამოსვლას ველოდებოდი.

_ მგონი, ის გამოსვლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში თქვენ მაინც მოემზადეთ, _ გამაფრთხილა მოლოტოვმა.

მოლოტოვთან საუბარი საღამოს ჩვენი სამინისტროს ყველაზე გამოცდილ და ჭკუასაკითხავ კაცს _ შტერნს მოვუყევი. მან მოლოტოვთან საუბარს სხვა შეფასება მისცა და ორივემ გამოსვლის ტექსტის შედგენა დავიწყეთ.

მეორე დღეს ყრილობის მიმდინარეობის ერთ-ერთ შესვენებაზე ჩვენთან ახლოს გაიარა სტალინმა, რომელსაც ხელში ფურცელი ეჭირა. უცებ ის უკან მობრუნდა, ჩემ წინ გაჩერდა და ფურცელი მომაწოდა:

_ წაიკითხეთ!

ფრინოვსკის სტალინისთვის თხოვნა გაუგზავნია, რადგან საზღვაო საქმეს ნაკლებად ვიცნობ, თანამდებობიდან გამათავისუფლეთ და სხვა, უფრო მსუბუქ სამუშაოზე გადამიყვანეთო.

_ თქვენთვის გასაგებია? _ მითხრა სტალინმა.

ის ცოტა ხნით კვლავ ჩემ გვერდით იდგა, შემდეგ კი ნელა გაემართა თავისი გზით.

დაიწყო სხდომა, რომელსაც მოლოტოვი თავმჯდომარეობდა. კარგად მახსოვს, მოლოტოვმა რომ გამოაცხადა:

“სიტყვა ეძლევა ამხანაგ შოლოხოვს, მოემზადება ამხანაგი კუზნეცოვი”.

ჩემი გამოსვლის დრო რომ დადგა, ისე დავიბენი, ტრიბუნამდე ძლივს მივაღწიე. თავს ვინუგეშებდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. როგორც იქნა, დავმშვიდდი და ჩემი სათქმელი ყრილობას მოვახსენე.

ყრილობის ბოლო სხდომის შემდეგ გამართულ პლენუმზე მოულოდნელად მეც მიმიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური კომიტეტის არც წევრი ვიყავი და არც წევრობის კანდიდატი.

პლენუმზე სტალინი ძალზე მკაცრი და მომთხოვნი იყო. რიგი ამხანაგებისა გაწვეული იქნა ცეკას შემადგენლობიდან, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილებზე დასანიშნთა სიაში ჩემი გვარიც დასახელდა. ყრილობის შემდეგ მოსკოვში დარჩენა არ მიფიქრია და, როდესაც გასამგზავრებლად ვემზადებოდი, მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, გამაფრთხილა, მოსკოვში რამდენიმე ხნით დავრჩენილიყავი”.

სასტუმროში დაბინავებული და ჩაძინებული ნიკოლოზ კუზნეცოვი ღამის 2 საათზე ტელეფონის ზარმა გააღვიძა. უბრძანეს, სასწრაფოდ ჩასულიყო ვესტიბიულში, _ შენობის გარეთ მანქანა გელოდებათო. დამფრთხალმა კუზნეცოვმა სასწრაფოდ ჩაიცვა და, როდესაც შენობის გარეთ გავიდა, მისთვის განკუთვნილი მანქანის კარი უკვე გამოღებული იყო, რათა კრემლისკენ სასწრაფოდ აეღო გეზი.

იმ შენობაში, რომელთანაც ავტომანქანა გაჩერდა, არასოდეს ყოფილა ნიკოლოზ კუზნეცოვი. მეორე სართულზე სასწრაფოდ ასულს, შეეგება დაბალი, მელოტი კაცი, რომელსაც არ იცნობდა, მაგრამ, როგორც კი მან ხმა ამოიღო, მიხვდა, რომ სტალინის მდივანი და მარჯვენა ხელი პოსკრებიშევი იყო.

სტალინთან შევედი. დავინახე მწვანე მაუდგადაფარებულ გრძელი მაგიდის თავთან მდგომი სტალინი. ისე გამოიყურებოდა, როგორიც პორტრეტებსა და კიონოფილმებში მყავდა ნანახი. მაგიდას პოლიტბიუროს წევრები უსხდნენ. სტალინის წინ რაღაც ქაღალდები ეწყო, რომლებზეც, ეტყობა, პოლიტბიუროს წევრები მუშაობდნენ. სტალინმა ხელი გასწია, წითელი ფანქარი აიღო, ფეხზე მდგომმა ფურცელზე რაღაც დაწერა, შემდეგ ხელში აიღო და დამანახვა. “დაბრძანდით”, _ ეწერა ფურცელზე. მეც მორიდებით ჩამოვჯექი სკამზე და ყურადღებით ვაკვირდებოდი, რას მიპირებდნენ იქ მსხდომნი.

სტალინმა დაწვრილებით გამომკითხა წყნარი ოკეანის ფლოტის ამბები. პაუზის შემდეგ მკითხა, რას ფიქრობ მოსკოვში სამუშაოდ გადმოსვლაზეო. ვუპასუხე, რომ ამ საკითხზე არ მიფიქრია, იმ ადგილზე, სადაც ვმუშაობ, უამრავი გეგმა და მიზანი მაქვს დასახული და გასაკეთებელი-მეთქი.

_კეთილი. თავისუფალი ხართ, _ მითხრა სტალინმა და მეც გარეთ გამოვედი.

მეორე დღეს სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც ჟდანოვი დაესწრო. თათბირის გახსნისთანავე ჟდანოვმა მოულოდნელი კითხვა დასვა _ შეეფერებოდა თუ არა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას სმირნოვსვეტლოვსკი? სმირნოვსვეტლოვსკიმ, რომელიც კრებას თავმჯდომარეობდა, თავი დახარა. კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ პასუხი ვერავინ გასცა და ჟდანოვს თვითონვე მოუწია თავის კითხვაზე პასუხის გაცემა:

_ ცენტრალურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნოს ნიკოლოზ კუზნეცოვი.

იმავე დღეს მივიღე წითელი კონვერტი, რომელშიც ჩადებული იყო დადგენილება მინისტრის პირველ მოადგილედ ჩემი დანიშვნის შესახებ”.

კუზნეცოვი გაოგნებული იყო ასეთი სწრაფი დაწინაურებით, მაგრამ ეს სტალინისათვის არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რადგან კარზე მომდგარ მტერს დახვედრა სჭირდებოდა, რისთვისაც ფლოტის გაძლიერება უპირველეს ამოცანად მიაჩნდა.

მიუხედავად მრავალგზის დაკვირვებისა, სტალინი ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა ეს ახალგაზრდა კაცი გიგანტური სიმძიმის აწევას. სტალინმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა კუზნეცოვის შემოწმება და ჟდანოვს დაავალა, შორეულ აღმოსავლეთში გამგზავრებულიყო კუზნეცოვთან ერთად და შეემოწმებინა წყნარი ოკეანის საზღვაო ფლოტი.

მეორე დილით ჟდანოვი და კუზნეცოვი შორეულ აღმოსავლეთში გაფრინდნენ.

“მოსკოვში დაბრუნებისთანავე სამინისტროში გავეშურე, რათა დრო მომეგო და რამდენიმე საკითხი მაინც გადამეწყვიტა. კრემლიდან ტელეფონმა დარეკა, _ სასწრაფოდ სტალინთან მიხმობდნენ”.

სტალინის კაბინეტში პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა ყურადღებით უსმენდა ჟდანოვის მოხსენებას შორეულ აღმოსავლეთში საზღვაო ფლოტის მდგომარეობის შესახებ. ჟდანოვმა გაწეული მუშაობა შეაფასა, როგორც შესანიშნავი, ხოლო ნიკოლოზ კუზნეცოვზე განაცხადა: “ის ჩვენთვის მონაპოვარია”. გადაწყდა, ხაბაროვსკში აშენებულიყო უდიდესი სავაჭრო პორტი.

_ ჩვენ, მგონი, გადავწყვიტეთ საზღვაო ფლოტის საქმე, _ კმაყოფილებით წამოიძახა სტალინმა.

კრემლიდან შინ წამოვედი, _ იხსენებს კუზნეცოვი, _ შესვენების შემდეგ ისევ სამსახურში მივედი. როცა ჩემს სამუშაო მაგიდასთან დავჯექი, ჩემ წინ წითელი კონვერტი დავინახე, გავხსენი და ამოვიღე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილება სამხედრო საზღვაო ფლოტის მინისტრად ჩემი დანიშვნის თაობაზე. იმხანად 35 წელიც არ მქონდა შესრულებული. დავყურებდი დადგენილებას და ვფიქრობდი, საიდან უნდა დამეწყო და რა როგორ გამეკეთებინა. ასე ვიჯექი დიდხანს, ვიდრე ტელეფონის ზარის ხმა არ გაისმა.

_ ნება დამრთეთ, მოგახსენოთ, _ გაისმა ყურმილში ჩემი აღმზრდელისა და დამრიგებლის _ გალერის ხმა.

ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ.

_ ახლა “თაფლობის თვე” გაქვს და სტალინთან ყველზე რთული და გადაუჭრელი საკითხების განხილვა და გადაწყვეტა უნდა სცადო და მოასწრო. “თაფლობის თვის” შემდეგ იოლი არ გეგონოს სტალინთან შეხვედრა…

სტალინი დიდ დროს ხარჯავდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის განვითარებაზე, განსაკუთრებით ზრუნავდა დიდი ხომალდების მშენებლობაზე, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, მათ შორის, მეც.

ერთ-ერთი თათბირის დასრულების შემდეგ, როდესაც მე კრეისერების მშენებლობა გავაკრიტიკე, გემთმშენებლობის მინისტრმა რედკინმა გამაფრთხილა:

_ იცოდეთ, სხვა დროს არ გაბედოთ ასეთი გამოსვლა, სტალინი კრეისერების, ლინკორებისა და ხომალდების მშენებლობის შეფერხებას არავის აპატიებს.

მახსოვს, ერთხელ, როცა ტალინიდან დაბრუნდნენ მერეცკოვი და ისაკოვი, მათთან ერთად სტალინის აგარაკზე მეც ვიყავი. საქმიანი საუბრის შემდეგ სადილად მიგვიწვია. საუბარი მძიმე ხომალდების მშენებლობაზე ჩამოვარდა. მე კვლავ ეჭვი შევიტანე ბალტიის მცირეწყლიან ზღვაში მძიმე გემების ჩაშვების საკითხში და, საერთოდ, მათი აგების მიზანშეწონილობაში. გაბრაზებული სტალინი წამოდგა, გაიარგამოიარა, აიღო ორი ცალი პაპიროსი, დაფშვნა და ჩიბუხში ჩატენა. მშვიდად მოუკიდა და თავჩაღუნული წითელ ხალიჩას გაუყვა.

_ კაპიკ-კაპიკ შევაგროვებთ ფულს და მაინც ავაგებთ!

გამოკვეთილი სიტყვები და ულმობელი მზერა მაგრძნობინებდა, რომ სტალინს სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული და, მის გარდა, სხვას არ უნდა სცოდნოდა”.

დიდი გემების მშენებლობა 1937 წელს დაიწყო. მშენებლობა და დაპროექტება სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. ტემპმა კიდევ უფრო იმატა 1939 წელს. ასობით ქარხანა მუშაობდა, როგორც გემთმშენებლობაზე, ისე მის შეიარაღებაზე. სტალინმა კარგად იცოდა, რატომ და რისთვის ჩქარობდა ასე სამხედრო საზღვაო ფლოტის გასაძლიერებლად.

ნიკოლოზ კუზნეცოვი მემუარებში წერს:

ჩემთვის უდავოა, რომ სტალინი არათუ გამორიცხავდა გერმანიის თავდასხმას საბჭოთა კავშირზე, არამედ თვალნათლივ ხედავდა მას და 1939 წელს დადებულ ხელშეკრულებას განიხილავდა, როგორც ომის შეყოვნებას ხანმოკლე ვადით.

ომის დაწყების წინა დღეს, 1941 წლის 21 ივნისს, სტალინმა კუზნეცოვი ორჯერ მიიღო კაბინეტში. სწორედ სტალინთან ყოფნის 2 საათის შემდეგ გასცა კუზნეცოვმა ფლოტის საბრძოლო მზადყოფნის დირექტივა, რითაც აშკარად გადარჩა სამხედრო საზღვაო ფლოტი ისეთ მარცხს, როგორიც მოღალატე გენერლის _ პავლოვის არმიამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ავიაციამ განიცადა დასავლეთის ფრონტზე.

კუზნეცოვმა ომის დაწყებისთანავე შესთავაზა სტალინს, დაებომბათ ბერლინი, რისი თანხმობაც მიიღო. როდესაც საბჭოთა ბომბდამშენებმა ბერლინს ყუმბარები დაუშინეს, გაოგნებულმა ჰიტლერმა ეს დაბომბვა, თვალის ახვევის მიზნით, ბრიტანეთის ავიაციას დააბრალა.

ხოლო როდესაც მტერი მოსკოვს მოადგა, სტალინმა კუზნეცოვი გამოიძახა და უბრძანა, შეექმნა სახმელეთო შენაერთები მეზღვაურებისაგან და შებრძოლებოდა ჰიტლერელებს.

შორეულ აღმოსავლეთზე უდიდესი ზრუნვის თვალსაჩინო მაგალითია სტალინის შეხვედრა წყნარი ოკეანის ფლოტის ადმირალ იუმაშევთან, შორეული აღმოსავლეთის არმიის სარდალთან, გენერალ აპანასენკოსა და სამხედრო საბჭოს წევრ ზახაროვთან. სტალინი დაწვრილებით ესაუბრა მათ მოსკოვთან მიმდინარე ბრძოლებზე და აუხსნა ის რთული მდგომარეობა, რომელიც საბჭოთა ქვეყანას და, კერძოდ, მის დედაქალაქს შეექმნა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გერმანელებს მოსკოვში არ შემოვუშვებთ, მაგრამ შეიძლება რომელიმე კუთხეში მოწინააღმდეგის რამდენიმე ტანკმა შემოაღწიოს, რასაც ხალხში პანიკა მოჰყვება. ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების საქმე კი ჯერჯერობით ცუდად გვაქვს. სტალინი ახლოს მივიდა აპანასენკოსთან, წინ გაუჩერდა და თითქოს ევედრებაო, უთხრა:

_ ამხანაგო აპანასენკო, მოგვეცი 150 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, მათ მალევე დაგიბრუნებთ.

გენერალი არც კი დაფიქრებულა, ხელი აუღო სამხედრო წესით და მოახსენა:

_ ამხანაგო უმაღლესო მთავარსარდალო, მე ეს არ შემიძლია.

სტალინმა ოთახში გაიარ-გამოიარა, ისევ მიუახლოვდა სამეულს და კვლავ მოსკოვის დაცვაზე განაგრძო საუბარი. რით იყო გამოწვეული სტალინის ასეთი მუდარანარევი ტონი?

სტალინს შეეძლო, ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოეხსნა ყველგან ყველაფერი და გადმოესროლა მოსკოვისაკენ, და, როგორც შემდეგ გაირკვა, უკვე გაცემული ჰქონდა განკარგულება და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებიც გზაში იყო, მაგრამ უნდოდა, გენერალს თავი არ ეგრძნო დამცირებულად, მოსკოვი რომ თავის სურვილისამებრ ხსნიდაპოსტებიდანშეიარაღებას.

სტლინმა კიდევ ერთხელ სთხოვა გენერალს 150 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და, როდესაც კვლავ უარყოფითი პასუხი მოისმინა, სწრაფად შებრუნდა, კაბინეტის შორეულ კუთხეში გაღიზიანებული დადგა და მკაცრად მიმართა იუმაშევს:

_ ამხანაგო იუმაშევ, იაპონელები რომ დაგესხან მოულოდნელად თავს, რას მოიმოქმედებთ?

_ შევებრძოლებით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, _ უპასუხა იუმაშევმა.

_ შეცდომაა. თქვენი ძალებით მძლავრ იაპონურ ფლოტილიას ვერ მოერევით, ამ შემთხვევაში თქვენ სანაპირო დაცვის იმედი უნდა გქონდეთ და კარგად ორგანიზირებული პარტიზანული ჯგუფების, ვიდრე ომში ჩვენ ჩავებმებით.

სტალინს მეტი კითხვა აღარ დაუსვამს, გარდა ერთისა: როდის აპირებთ შორეულ აღმოსავლეთში გამგზავრებას?

_ სასტუმროში მივალთ, ბარგს ავიღებთ, ვისადილებთ და საღამოს მატარებლით წავალთ.

_ თქვენი მატარებელი უკვე სადგურში დგას, ბარგიც და სადილიც უკვე მატარებელშია მიტანილი. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაემგზავროთ აღმოსავლეთში.

ასეთი იყო სტალინის მუშაობის სტილი და მეთოდი. სტალინის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვმა, როდესაც მეოცე ყრილობაზე გამოსასვლელად მოხსენებას ამზადებდა, მარშალ როკოსოვსკის სთხოვა, სტალინზე უარყოფითი მასალები გამოექვეყნებინა. როკოსოვსკიმ უპასუხა:

_ ამას ვერ გავაკეთებ, სტალინი ჩემთვის წმინდაა!

მოლოტოვის მეუღლე პოლინა ჟემჩუჟინა, რომელიც გადასახლებული იყო ციმბირში, სტალინის სიკვდილისთანავე გაათავისუფლა ხრუშჩოვმა, სანაცვლოდ მეოცე ყრილობაზე სტალინის წინააღმდეგ გამოსვლა სთხოვა. ხრუშჩოვს თავისივე კაბინეტში ასეთი პასუხი გასცა ყოფილმა პატიმარმა ქალბატონმა: “ვის სახელს ახსენებთ, ღორო, სტალინის ჩექმის ლანჩის ტოლადაც არ მიმაჩნიხართ!” და კარი გაიხურა.

ნიკოლოზ კუზნეცოვი კი ხრუშჩოვს მხარში ამოუდგა სიცრუის გავრცელებაში, თითქოს სტალინი ომის გამოცხადების დღიდან კუნცევოს აგარაკზე იყო ჩაკეტილი, ლოთობდა და დაჭერას ელოდებოდა. სინამდვილეში კი, მსოფლიოში ცნობილია საარქივო მასალები, რომელთა მიხედვითაც, დასტურდება, რომ ხრუშჩოვი, კუზნეცოვი და მიქოიანი ცილს სწამებდნენ სტალინს. ამ მასალების მიხედვით, ნიკოლოზ გერასიმეს ძე კუზნეცოვი 22 ივნისიდან, ომის დაწყების დღიდან, 27 ივნისამდე სტალინთან იმყოფებოდა 14-ჯერ.

მიუხედავად ამ ცილისწამებისა და სხვა უამრავი თავლაფდასხმისა, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდა ნიკოლოზ კუზნეცოვი, ხრუშჩოვმა იგი 54 წლისა გაათავისუფლა თანამდებობიდან და მოუხსნა ადმირალის წოდება, რომელიც გათანაბრებული იყო მარშლის წოდებასთან და გაუშვა პენსიაში. ნიკოლოზ კუზნეცოვი 1974 წელს გარდაიცვალა. მას მხოლოდ 1988 წლის 26 ივლისს, მთავრობის ბრძანებულებით, სიკვდილის შემდეგ აღუდგინეს სტალინური წოდება და ხარისხი.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here