Home რუბრიკები საზოგადოება ოთარ დანელია: სახელმწიფო პროგრამა “ქართული ჩაი” მომავალი წლიდან ამოქმედდება

ოთარ დანელია: სახელმწიფო პროგრამა “ქართული ჩაი” მომავალი წლიდან ამოქმედდება

511

საქართველო და მსოფლიომკითხველს სთავაზობს ინტერვიუს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან.

_ ბატონო ოთარ, ვიფიქრე, რომ თქვენთვის ინტერვიუს ჩამოსართმევად მომეწვია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგის პრაქტიკული მართვის თვალსაჩინო მოღვაწეები. პირველად ბატონ ბაკურ გულუას მივმართე, აღიარებულ საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც 40 წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე უმუშავნია, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრად. აღმოჩნდა, რომ ამ დღეებში მას თვითონ წარუმართავს თქვენთან საუბარი საპატრიარქოს რადიოს ეთერში. “ჩემს ყველა შეკითხვას მინისტრმა უპასუხა და შესაკითხი აღარაფერი დამრჩაო”, _ მითხრა და განაგრძო:

_ ახლახან ერთ-ერთ ტელეარხზე სტუმრად ჰყავდათ მიწვეული ლაგოდეხის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს, რომელსაც მაშინ აგროსამრეწველო გაერთიანება ერქვა, ყოფილი უფროსი. ვუსმენდი ამ გადაცემას და, როცა რესპონდენტმა განაცხადა, რომ გულუას შემდეგ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი არ ჰყოლიაო, დაუყოვნებლივ მივმართე ამ კაცს: რატომ არაფერი თქვით სოფლის მეურნეობის დღევანდელ მინისტრ ოთარ დანელიაზე, რომელიც სანიმუშო ხელმძღვანელია-მეთქი? პასუხი არ მიმიღია.

დეკემბრის პირველ დღეებში მივლინებით ვიყავი თელავის რაიონში და კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილს ვთხოვე, შეეფასებინა მინისტრის მოღვაწეობა რეგიონის გადასახედიდან.

_ დიდი მინისტრია და დიდ საქმეს გვიკეთებსო, _ იყო მისი პასუხი.

_ რა საქმეებს გულისხმობდა გუბერნატორი? _ ამას მე შეგეკითხებით.

_ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას და დიდი საქმეების კეთებას ერთი ადამიანი ნამდვილად ვერ შეძლებს. ამ გამოწვევას ერთიანი გუნდის (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, მეწარმეები, ფერმერები და გლეხები) ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად დავძლევთ.

ჩვენმა დარგმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად განადგურებული აგრარული სექტორი პრიორიტეტულად გამოაცხადა და მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო, სოფლის მეურნეობა მიმზიდველი გახდა როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.

დღეს სახელმწიფო რეალურად ზრუნავს სოფლის აღორძინებაზე, გლეხის, ფერმერის, მეწარმის ხელშეწყობასა და კეთილდღეობაზე.

ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელდა, რომელთა პოზიტიურ შედეგებზე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს დაგისახელებთ.

2013 წლიდან დავიწყეთ მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროექტის განხორციელება. შედეგად, მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლოსამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა. მოსახლეობამ იგრძნო თანადგომა, იმედი მიეცა, მოტივაცია გაუჩნდა, სოფლის მეურნეობას გამოცოცხლების პროცესი დაიწყო.

მთავრობის ხელშეწყობით შევიმუშავეთ პროექტები, რომლითაც შესაძლებელი შეიქნა აგრო-სასურსათო სექტორში დასაქმებულთათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო იაფი ფინანსური რესურსი. სწორედ ამ პროექტების ფარგლებში დაფინანსდა 139 ახალი საწარმოს შექმნა და 665 საწარმოს გაფართოება-გადაიარაღება.

ჩვენი მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარება. ამისათვის აქტიურად მიმდინარეობს დანაწევრებული მიწების კონსოლიდაციის ხელშეწყობა. ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბების, კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ეფექტიანობის გაზრდას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას ყოველ მხრივ ვუჭერთ მხარს.

საქართველოს კლიმატური პირობებიდან და რელიეფიდან გამომდინარე, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია გამართული სამელიორაციო სისტემების არსებობა. ბოლო 25-30 წლის განმავლობაში სამელიორაციო სისტემები ჩვენთან მთლიანად იყო მოშლილი. ორი წელიწადია, რაც აღნიშნული მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. შეიძლება დანამდვილებით ვთქვა, რომ სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.

წარმატებით ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი _ აგროდაზღვევის პროგრამა. ბენეფიციარებს მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზარალის რისკი.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რომელთა მნიშვნელოვანი წილი აგრარულ სექტორზე მოდის. სამინისტრო ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. შევიმუშავეთ რეგლამენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას.

დარგის განვითარებისთვის აუცილებელია სოფლის-მეურნეობის ექსტენციის განვითარება. სწორედ ამ მიზნით საქართველოში შევქმენით რეგიონული და მუნიციპალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებშიც მეწარმეებს, ფერმერებსა და გლეხებს ახალი ტექნოლოგიების დასანერგად უტარდებათ სპეციალური კონსულტაციები. ამ გზით მიღებული ცოდნა მათ შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა, აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი, ფეხი მოიკიდონ გასაღების ახალ ბაზრებზე. ეს კი, შესაბამისად, გაზრდის მათ შემოსავლებს.

ევროკავშირთან ერთად დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტისსოფლის განვითარების პროგრამაგანხორციელება, რომელიც არამხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ საერთოდ სოფლის განვითარებას ისახავს მიზნად.

ეტყობა, ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების სიკეთე დაეტყო კახეთსაც და ბატონ ირაკლი შიოლაშვილს ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა ჩვენი საქმიანობა დადებითად შეაფასა.

_ შემდეგი შეკითხვით, ბატონო ოთარ, მოგმართავთ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე:

_ ბატონო ოთარ, ნება მიბოძეთ, დაგიდასტუროთ ჩვენი აკადემიის თანადგომა და ღრმა პატივისცემა, ამასთანავე, დაგისვათ ერთი შეკითხვა:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მთავარ დარგად დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მეჩაიეობა, რომლის მზა პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებდა ის ფაქტორიც, რომ ჩვენთან ჩაის ბუჩქის ვეგეტაცია გრძელდებოდა 6 თვე, რაც პლანტაციას აძლევდა რეაბილიტაციის კარგ საშუალებას: გროვდებოდა საჭირო ენერგია მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად.

ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ჩაის პროდუქციაზე მოთხოვნილება არა მხოლოდ იზრდება, არამედ მისი ფასიც მატულობს. მაინტერესებს, არსებობს თუ არა მეჩაიეობის განვითარების დეტალური, მეცნიერულად დამუშავებული გეგმა?

_ დიახ, არის: სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა შეიმუშავა. სახელმწიფო პროგრამაქართული ჩაიმომავალი წლიდან ამოქმედდება. მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამის განხორციელების უმთავრესი მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის, ბიო ჩაის წარმოების ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლებში როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება და ჩაის პირველადი გადამმუშავებელი თანამედროვე საწარმოები შეიქმნება. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული ჩაის საექპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე, მოსახლეობის დასაქმებას და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ბენეფიციარებს დავეხმარებით ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლის, სერტიფიცირების, მარკეტინგის, სარეალიზაციო არხების შექმნის და ა.შ. საქმეში. იმასაც გეტყვით, რომ პროგრამის განხორციელების კვალად დაინერგება ისეთი სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია ქართული ჩაის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გასატანად. ამასთანავე, განსაკუთრებული შეღავათებია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, რაც, თავის მხრივ, საქართველოში კოოპერაციის განვითარებას შეუწყობს ხელს.

_ ცნობილი ეკონომისტის, მეცნიერებათა დოქტორისა და სრული პროფესორის _ დავით იაკობიძის შეკითხვა ლაკონურია:

_ როგორ ფიქრობთ, ბატონო ოთარ, როდის შეძლებს საქართველო თავისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ადგილობრივი წარმოებული ხორბლის მოსავლით?

_ ბატონო დავით, ამ ეტაპზე კონკრეტული დროის დასახელება გამიჭირდება, ამისთვის არაერთი წელიწადია საჭირო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში აღარ იქნება ხარისხიან, მაღალპროდუქტიულ სათესლე მასალაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. როგორც იცით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა ახალი უწყება _ სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრი, რომელშიც დასაქმებულია სოფლის მეურნეობის ყველა დარგის სპეციალისტები, ამ საქმის პროფესიონალები. სწორედ ეს ცენტრი აწარმოებს ხორბლის, ქერის, შვრიის, ჭვავის, სიმინდის, ბოსტნეულბაღჩეულის, კარტოფილის, პარკოსნებისა და ტექნიკური კულტურების ჯიშთა გამოცდას. ჯიშთა გამოცდის მთავარი მიზანი საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონებში კონკრეტული რეგიონისთვის ყველაზე უკეთ ადაპტირებული და მავნებელ დაავადებათა მიმართ გამძლე მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა და დანერგვაა. ხარისხიანი სათესლე მასალის არსებობა კი ერთ-ერთი წინაპირობაა ხარისხიანი, უხვი მოსავლის მისაღებად. ღონისძიებათა ეს კომპლექსი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანამ საკუთარი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ადგილობრივი პროდუქციით შეძლოს.

_ ვისარგებლებ ავტორის უფლებით და ორიოდე შეკითხვით მეც მოგმართავთ:

_ რუსეთთან სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობას რა პერსპექტივა აქვს? ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამ საქმის ფეხზე დაყენება ევროპული ფასეულობების ღალატი იქნება. თქვენც ასე ფიქრობთ?

_ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, ხაზი გაუსვა ევროპულ არჩევანს. “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით” (DCFTA) ქართული პროდუქციისთვის გაიხსნა მსოფლიოს უდიდესი საექსპორტო ბაზარი _ 500-მილიონიანი ევროპის ბაზარი. ქართულ პროდუქციას ნამდვილად აქვს პოტენციალი ევროპის ბაზარზე დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი. როგორც აღვნიშნე, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავირჩიოთ საექსპორტო ბაზრები. ყველა ბაზარი, სადაც ჩვენს ფერმერებს პროდუქციის გატანა შეუძლიათ, მნიშვნელოვანია. რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის ტრადიციული ბაზარია. წლების განმავლობაში ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე თავის ნიშა ჰქონდა. შესაბამისად, ქართულ პროდუქციას იქ დასამკვიდრებლად განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება.

მთავრობა აქტიურად მუშაობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და მნიშვნელოვანი შეგედებიც უკვე გვაქვს. ქართული პროდუქცია ექსპორტზე გადის ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია, აშშ, შუა აზიის ქვეყნები, პოლონეთი, უკრაინა და ა.შ.

_ კადრების პრობლემა. ადვილი წარმოსადგენლია, რა დონეზე იდგა პროფესიონალი კადრების შერჩევის საკითხი სამინისტროში, როდესაც ერთერთ ყოფილ მინისტრს ხარი მამალი ძროხა ეგონა(!). გადაახალისეთ სამინისტროს აპარატი, თუ ხელი არავისთვის გიხლიათ ყბადაღებული კოაბიტაციის პრინციპიდან გამომდინარე?

_ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგი მივიწყებული, არაპრესტიჟული იყო. შესაბამისად, ამ მიმართულებით განათლების მიღება ბევრს არ სურდა. ამან განაპირობა ის, რომ დღეს სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების დეფიციტია. მისასალმებელია, რომ დღეს აგრარული მიმართულების არაერთი სასწავლებელი ამოქმედდა და ვიმედოვნებ, რამდენიმე წელიწადში ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების პრობლემა გადაწყდება.

_ სადაცაა დადგება ახალი 2016 წელი. 2015-ში თქვენი სამინისტროს ყველაზე დიდ მიღწევად რა მიგაჩნიათ? რა დარჩა გასაკეთებელი?

_ რომელიმე ერთის გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბევრი სამუშაო განახორციელა. ჩვენთვის ყველა პროექტი მნიშვნელოვანია, ყველა პროექტს კონკრეტული მიმართულება აქვს. ზოგი დარგის გრძელვადიანი განვითარებისკენ არის მიმართული, ზოგი დარგის სტიმულირებას უწყობს ხელს. ფაქტობრივად, ყველა იმ პროექტის განხორციელება აუცილებელი იყო, რათა სოფლის მეურნეობის სექტორი გამოცოცხლებულიყო და ინვესტორთათვის მიმზიდველი გამხდარიყო.

მომავალ წელს სამინისტრო აქტიურ მუშაობას ყველა მიმართულებით განაგრძობს. კვლავ გაგრძელდება შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ინსტიტუციური განვითარების, სოფლად ინფრასტრუქტურისა და თანმდევი საქმიანობების განვითარების ხელშეწყობა.

გაგრძელდება მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, დაიწყება ჩაის რეაბილიტაციის, შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების, სანაშენე მეურნეობების თანადაფინანსების პროექტები, აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისთვის ხელშეწყობა.

დაგეგმილია ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნა. მუშაობა მიმდინარეობს აგროდაზღვევის მდგრადი განთარებისთვის აუცილებელი გრძელვადიანი მოდელის შესაქმნელად, შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს აგროდაზღვევისა და ზარალის შეფასებების საერთო სტანდარტების შემუშავებას, რისკის დაზღვევის ერთიანი სისტემის შექმნას, გააქტიურდება ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა.

რა დაგვრჩა გასაკეთებელი? _ ყველა იმ პროექტის წარმატებით გაგრძელება, რომელთა განხორციელებასაც ხელი მოვკიდეთ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. რედაქცია მადლობას უხდის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს _ ნანა ჩინჩილაკაშვილს ინტერვიუს ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here