Home რუბრიკები პოლიტიკა რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაცია

რას მოუტანს საქართველოს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაცია

2264

რამდენიმე დღის წინათ ევროკავშირის ლურჯ-ყვითელ ფერებში განათდა მთავრობის კანცელარია, ანძა, მშვიდობის ხიდი, თბილისის სხვადასხვა შენობაზე კი ევროკავშირის დროშები იყო გადმოფენილი. 

საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის დადებითი ანგარიში იზეიმა. სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად მთავრობამ ბიუჯეტიდან 220 450 ლარი გამოყო. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ აღებული ვალდებულებები სრულად შეასრულა და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას რამდენიმე თვეში შეძლებენ. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას უმალ მოჰყვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის _ ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა აამოქმედოს. რას მოგვიტანს ვიზების ლიბერალიზაცია, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგებს _ ჰამლეტ ჭიპაშვილს, ვახტანგ მაისაიას, ვასილ ჭიჭინაძესა და თამარ კიკნაძეს ვესაუბრეთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი:

_ ჩვენ არ ვიცით, რა არის ჩადებული ვიზალიბერალიზაციის დოკუმენტში. ყურმოკვრით ვიცით, რომ არის 90-დღიანი გასვლა, რაც მოლდოვამ საქართველოზე გაცილებით ადრე მიიღო. ვიცით, რომ ეს ვიზა არ არის სამუშაო და განკუთვნილია ხანმოკლე ვიზიტებისთვის (90 დღის განმავლობაში). რა რეგულაციებია მასში ჩადებული, არ ვიცით და ეს მარტივი პროცესი არ არის. დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ შეგვიძლია ან აღვფრთოვანდეთ, ან შევშფოთდეთ. მანამდე კი მინდა ვთქვა: ვიზების ლიბერალიზაცია კარგია მათთვის, ვინც აპირებს ევროპაში გამგზავრებას ხანმოკლე ვიზიტით. იმისათვის, რომ გაემგზავრო ევროკავშირის ქვეყნებში, აუცილებელია, აიღო ბიომეტრიული პასპორტი, უნდა დადო პირად ანგარიშზე რაღაც თანხა, თანხის ოდენობა ჯერ გარკვეული არ არის, აუცილებლად უნდა დაჯავშნო სასტუმრო. ქვეყანამ, რომელიც თავის ტერიტორიაზე გიშვებს, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ სასტუმრო დაჯავშნული გაქვს. არის ასეთი ნიუანსიც, აუცილებლად უნდა გქონდეს ბილეთი იქითაქეთ წასასვლელწამოსასვლელი. ახალი ხელშეკრულებით ისარგებლებს ის, ვინც არალეგარულად დადიოდა უცხოეთში, ანუ ადამიანები, რომლებიც საელჩოებთან ფულით აგვარებდნენ პრობლემას _ აღარ მოუწევთ ქართველებს ჩემოდნებში ჩასხდომა და ისე გაპარვა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიდან ოფიციალურად გახვალ, დასაქმება მაინც არალეგალური იქნება, რადგან დადგენილი რეგულაციები სამუშაო ვიზას არ ითვალისწინებს. მოკლედ, ქართველი ევროპის ქვეყანაში ოფიციალურად მაინც ვერ იმუშავებს.

_ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა. ეს ყველაფერი დროში ერთმანეთს დაემთხვა

_ შესაძლებელია, უბრალოდ, დამთხვევაა მართლაც, რადგან არა მგონია, რომ პუტინი გულისფანცქალით ელოდა პასუხს, რას მიიღებდა საქართველო ევროკავშირისგან. რუსეთში საქართველოსთან ვიზების გაუქმების თემა, დიდი ხანია, ტრიალებს _ ეს ახალი ამბავი არ არის.

არც რუსეთის პრეზიდენტის და არც ევროკავშირის განცხადება საქართველოს ხელისუფლების დამსახურება არ არის.

რუსეთისკენ გახსნილი გზა გაცილებით მეტი შეღავათია საქართველოს მოსახლეობისთვის, ვიდრე ევროპის ვიზების ლიბერალიზაცია, რადგან მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს, თანაც უკვე დიდი ხანია. ამით ორ ქვეყანას შორის კავშირები აღდგება, რაც აუცილებელია.

_ როგორი იქნება მომავალი წელი ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის?

_ არ ვიცი, თვითონ რას ელოდებიან, მაგრამ, თუ უნდათ, ვიზების ლიბერალიზაცია პლუსად ჩაიწერონ, ცდებიან. ტაშ-ფანდურა, რომელიც ვიზების ლიბარალიზაციას მოჰყვა, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. ეს არაფერი არ არის, ასეთივე “საჩუქარი” უკრაინასა და კოსოვოსაც მისცეს.

ევროკავშირის მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციის არმოცემა მოლდოვასთან ერთად “პოზაში” ჩადგომა იყო, მათ მაშინ თავი დაიფასეს. ვიზების ლიბარალიზაცია, დიდი ხანია, დაგეგმილი იყო და თანაც ეს გაკეთდა რუსეთის წინააღმდეგ. რომ არ ყოფილიყო დღეს ეს ვითარება, ვნახავდით, რა ევროასოცირება და ვიზალიბერალიზაცია იქნებოდა. ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

_ როგორ შეაფასებთსაქართველო და მსოფლიოსბოლო ერთწლიან მუშაობას?

_ “საქართველო და მსოფლიოს” გამოსვლას ყოველ ოთხშაბათს ყველა ჩემი ახლობელი და მეგობარი ელოდება. მან უკვე დაიკავა საპატიო ადგილი ქართულ მასმედიაში. გაზეთი პოპულარულია მაშინ, როდესაც მართალია, ობიექტურია. “საქართველო და მსოფლიოს” ვუსურვებ მეტ მკითხველს და დიდ ტირაჟს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/maisiai.jpg

ვახტანგ მაისაია:

_ ევროკავშირმა, ბოლოს და ბოლოს, აღიარა საქართველო და საზღვარი გაგვიხსნა. საქართველოს მოქალაქეებს პრობლემების გარეშე შეუძლიათ შენგენის ვიზის მიღება, რაც ყველა ქართველისთვის სასიხარულო იყო. მათ აღარ დასჭირდებათ სახლების გაყიდვა და საელჩოებშიც აღარ იქნება კორუფცია. შევსწრებივარ ვითარებას საელჩოში, როდესაც 50 ადამიანიდან ვიზას მხოლოდ ორი იღებდა და დანარჩენები შურიანი თვალებით უყურებდნენ. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა ესაჭიროებოდა, რაც თანხებს ზრდიდა და ისედაც მწირი დაფინანსებიდან ნახევარი ვიზაში უნდა გადაეხადათ, ეს პროცესები გამარტივდება.

მართალია, კიდევ ბევრი ბარიერია და პროცესი ბოლომდე არ არის დასრულებული, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. საქართველოში უმუშევრობაა, ქვეყნიდან წასვლის სურვილი ბევრს აქვს, რაც ჩვენი დემოგრაფიული ფონდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. თავის დროზე, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუხსნეს ვიზები, ლატვიიდან მოსახლების 40% წავიდა. ასე მოხდა ბევრ ქვეყანაში.

_ ამ ყველაფრის პარალალურად რუსეთმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორ ქვეყანას შორის ვიზები გაუქმდეს.

_ რუსეთისა და ევროპის ამ გადაწყვეტილებებს აქვს პოლიტიკური დატვირთვა. საქართველოს კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, ახალმა ცივმა ომმა ახალი რეალობა შექმნა საქართველოში. პროცესები ორივე მხარემ დააჩქარა. საქართველო ეპიცენტრშია. ეს კარგია თუ ცუდი, მომავალში ვნახავთ.

_ როგორი იქნება 2016 წელი?

_ ამჟამად ძალიან გაურკვეველი ვითარებაა, მაგრამ ფაქტია, რომ 2016 საარჩევნო წელია და დაძაბულობაც იქნება. პოლიტიკური ტემპერატურა აპრილ-მაისში აიწევს.

_ “საქართველო და მსოფლიოსმუშაობას როგორ შეაფასებთ?

_ ძალიან კარგი გაზეთია. ყოველთვის რეალობას ასახავს, ობიექტურია, თავისუფალი. ყველა იმ პარამეტრს აკმაყოფილებს, რომლებიც თანამედროვე გაზეთს უნდა ჰქონდეს. “საქართველო და მსოფლიო” თავისუფალი გაზეთია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kiknadze.jpg

თამარ კიკნაძე:

_ ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარე, ასეა ვიზალიბარალიზაციის შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ რუსეთმაც განაცხადა ვიზების გაუქმების შესახებ. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს.

ვიზალიბერალიზაციის დადებითი მხარე არის ის, რომ ჩვენი თანამემამულეები ბინებს აღარ გაყიდიან, რათა საზღვარგარეთ პურის ფული იშოვონ. ვიცით, ვიზის მიღება რამდენიმე ათასი ევრო ღირდა, ახლა თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება, რაც კარგია ვაჭრობისთვის, სწავლის მიღებისთვის და ა.შ.

პირადად, მე მერჩივნა, ჯერ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო ქვეყანაში და ვიზების ლიბერალიზაცია მერე მომხდარიყო, რადგან დემოგრაფიული კატასტროფაა და ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რათა მოსახლების მასობრივი გადინება არ მოხდეს.

რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ვითარებით უნდა ვისარგებლოთ და როგორღაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარს ვერ შეავსებს, გამოთავისუფლებული სეგმენტი მაინც ქართულმა პროდუქციამ უნდა დაიკავოს. სამწუხაროდ, საქართველოში საკმარისი პროდუქტი არ არის, სააკაშვილმა სოფლის მეურნეობა მთლიანად გაანადგურა.

ქვეყანას ვინ დატოვებს? _ ჭკვიანი, პერსპექტიული ახალგაზრდა, რაც დიდი დარტყმა იქნება ჩვენთვის. ევროპასთან ვიზების ლიბერალიზაცია შემთხვევითი არ არის. ევროპას ძალიან უჭირს მუშახელი, პრობლემა აქვს დემოგრაფიული თვალსაზრისითაც. ახალგაზრდებს, რომლებიც დასავლეთში მიდიან, არავინ ელოდება მაღალანაზღაურებად სამსახურებში, ქართველები იქ დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები არიან. შესაბამისად, ევროპაში ქართველთა კვალიფიკაცია არ მაღლდება, პირიქითრაც იმას ნიშნავს, რომ ხორციელდება პროგრამა _ ქართველები მომსახურე პერსონალად უნდა იქცნენ.

მოკლედ, ხელისუფლებას დაფიქრება მართებს.

_ როგორი იქნება 2016 წელი?

_ 2016 წელი ჯერ არ დამდგარა და უკვე ხომ ხედავთ, როგორი კატაკლიზმებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მომავალი წელი იქნება დაძაბული, უნდა ველოდოთ ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას. რთული, ძალიან რთული წელი იქნება.

_ როგორ შეაფასებთსაქართველო და მსოფლიოსმუშაობას?

_ კარგი გაზეთია. შეზღუდულები არ ხართ. ძალიან მომწონს, რომ ყველა წერილი რუსულ ენაზე ითარგმნება. გაზეთი ადამიანების თავისუფალ აზრს გამოხატავს, რაც თქვენი საქმიანობის ყველაზე მთავარი სეგმენტია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/chichinadze_1765.jpg

ვასილ ჭიჭინაძე:

_ “პრაგმატული პოლიტიკის შედეგად მიღებული დიდი გამარჯვება” _ ასე შეაფასეს ვიზების ლიბერალიზაცია საქართველოსთვის. რა სარგებლობის მომტანია ეს ყველაფერი ჩვენთვის?

_ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი დასრულებული არ არის. ექვსი თვე კიდევ სჭირდება მის დამტკიცებას. ამ ექვს თვეში კარგად უნდა მოვიქცეთ, რომ “აუზში წყალი” ჩაგვისხან. რაც შეეხება სარგებელს, ამიერიდან ვიზის მისაღებად რიგში დგომა არ იქნება საჭირო, მაგრამ საზღვარგარეთ წამსვლელთა რაოდენობა რომ მოიმატებს, საქართველოსთვის, არა მგონია, დადებითი იყოს. ის, ვინც არალეგალურად მიდიოდა, უფრო ადვილად წავა და 90 დღის შემდეგ უკან არ დაბრუნდება.

_ რუსეთმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა ჰქონდეს. ეს კი დროში დაემთხვა ევროპის გადაწყვეტილებას

_ ძალიან საინტერესოა ჩვენი პოლიტიკოსების ქმედება. “რუსეთმა დაამთხვია”… “ნეტავ, ამით რის თქმა უნდა”… ამ მკითხაობასა და “ყავის ფინჯანში ჩახედვას” არ სჯობია, თვითონ რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხონ, რა უნდა და რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს.

თუ რუსეთი გზას გაგვიხსნის, უკეთესია. მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს მეზობელ ქვეყანაში და მათ მიმოსვლის საშუალება ექნებათ. ქართველი გლეხი თავისი პროდუქციის გატანას შეძლებს. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა დიპლომატიური ენით გვითხრა, რომ, რასაც მოლაპარაკებით გადაწყვეტთ აფხაზებთან და ოსებთან, ჩვენთვის ყველაფერი მისაღები იქნებაო

_ 2016 საარჩევნო წელია. როგორ ფიქრობთ, მშვიდად ჩაივლის?

_ ხელისუფლებას წინ დიდი გამოცდა ელის, არჩევნები ზეწოლისა და გაყალბების გარეშე უნდა ჩაატაროს. და, თუკი ეს ასე მოხდა, საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი ეყოლება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელისუფლება არ ცდილობს საარჩევნო კანონის შეცვლას და წინააღმდეგობას უწევს დანარჩენი პარტიების მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსასვლელად. კანონს საკუთარ თავზე ირგებენ, ისევე, როგორც ამასნაცებიაკეთებდნენ.

არეულობას ველოდები იმ შეთხვევაში, თუ საარჩევნო კანონი არ შეიცვალა. საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც ხელს აძლევთ არეულობა და ამისათვის ყველა გზას გამოიყენებენ. კანონის არშეცვლა “ნაცებს” ქუჩაში გამოსვლის მიზეზს მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონი მათი მიღებულია. ვერ გეტყვით, ისევ ვარდებით ხელში დადგებიან თუ რას იზამენ, მაგრამ არჩევნების გაყალბების მიზეზით არეულობას რომ შეეცდებიან, ცხადია.

მთავრობა ვალდებულია, ქართველ ხალხს არეულობა თავიდან აარიდოს.

_ შეგვიფასეთსაქართველო და მსოფლიო”.

_ ბრწყინვალე გაზეთი გაქვთ, წარმატებული. ოთხშაბათს, შუადღის შემდეგ, “საქართველო და მსოფლიოს” ყიდვა შეუძლებელია. ვისურვებდი, რომ ტირაჟი მეტი ჰქონდეს და ხელმისაწვდომი იყოს მკითხველისთვის.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. საუკეთესო გაზეთი გაქვთ, სასიამოვნო. იარეთ წინ წარმატებით ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
    გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here