Home რუბრიკები პოლიტიკა “უმაპო” ქვეყანაში თინას აყეფებენ

“უმაპო” ქვეყანაში თინას აყეფებენ

649

1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება პუტჩის შედეგად დაამხეს, აგერ უკვე 23 წელიწადია, საქართველოს მოსახლეობას კვებავენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების შედეგად საქართველოში წამოსული რძის მდინარეებისა და ოქროს ზოდების ბოდვითი იდეებით, მაგრამ, ნატოს კარზე კაკუნ-ბრახუნის მიუხედავად, არა და არ დაადგა საშველი საქართველოს _ “ასპირანტი ქვეყნის” _ ნატოში მიღებას. ჯერ იყო ე.წ. აიპაპი, შემდეგ მაპის მიღების სურვილი, მაგრამ მივიღეთ “მაპზე უკეთესი”, იყო პრაღის, ბუქარესტის, ჩიკაგოსა და უელსის სამიტები, ახლახან კი _ ნატოს მინისტერიალი, რომელზეც მიიღეს კომუნიკე და დაგვპირდნენ, რომ 2016 წელს ვარშავის სამიტზე კვლავ შეისწავლიან საქართველოსთან პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის გზებს… 

აი, რა განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატოს მორიგი მინისტერიალის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც ნატოს 29-ე წევრად ჩერნოგორია (მონტენეგრო) მიიწვიეს:

“მონტენეგროს (ჩერნოგორიის _ ნ. კ.) მიწვევა ალიანსში ნათელი და მკაფიო გზავნილია ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის “პარტნიორობის კალათიდან” ღია კარის, ანუ “გაფართოების კალათში” გადავიდა… გზავნილი, რომელსაც მონტენეგროს ალიანსის წევრები აწვდიან, საუკეთესოა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც კი ნატოში ისწრაფვის. კიდევ უფრო დიდი ოპტიმიზმითა და იმედის მომცემია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, როდესაც იგი მონტენეგროს გაწევრებასთან დაკავშირებით ამბობს: “ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო იყოს შემდეგი”.

საქართველოს თავდაცვის აღტყინებულ მინისტრს რატომღაც მხედველობიდან გამორჩა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის რამდენიმე დღისწინანდელი განცხადება: “თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი არ იქნება თანახმა, თუ შევთავაზებთ, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში. ამ საკითხზე ჩვენ აქამდე არ მიგვიღწევია კონსენსუსისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი _ ეს არის როგორც თავდაცვისუნარიანობის განვითარება, ასევე პოლიტიკური რეფორმები, ჩვენ არ შეგვიძლია, დავხუროთ კარი არავისთვის, მათ შორის, არც საქართველოსთვის”.

თუმცა არამხოლოდ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვაფრთხილებს, რომ ნატოში საქართველოს შესვლას დრო დასჭირდება, 2015 წლის დასაწყისში ეს უფრო მკვეთრად გვითხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, _ საფრანგეთი მხარს არ უჭერს ნატოს გაფართოებასო. ასეთივე პოზიციაზე დგას ანგელა მერკელის გერმანიაც და შეუძლებელია, თინა ხიდაშელმა არ იცოდეს, რომ ნატოს წევრი ერთი ქვეყნის უარიც კი საკმარისია, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რომ არ მიიღონ, ცხადია იცის, მაგრამ ინტერესები იმ ძალებისა, რომელთა ხელდასხმითაც მოვიდა ისიც და 3-პროცენტიანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტია ხელისუფლების სათავეში, ხომ უნდა გაატაროს და, მიუხედავად იმისა, რომ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა არ გველის (უახლოეს წლებში მაინც), ხომ უნდა ილაპარაკოს და ამით თავის ამერიკელ პატრონებთან ქულები ჩაიწეროს?!

ნატოში საქართველოს გაწევრებაზე ანგელა მერკელს, ფრანსუა ოლანდსა და ფედერიკა მოგერინის კრინტს ვერ დააძვრევინებდნენ, ამიტომ ვიღაცამ ხომ უნდა იყეფოს უმაპო ქვეყანაში და ეს ვიღაც თინა ხიდაშელია.

უახლოეს მომავალში ნატოში საქართველოს გაწევრებაში ეჭვი შეაქვს თვით ამერიკელ სენატორ რიჩარდ ლუგარს, რომლის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის თბილისში გახსნამ რუსეთს კიდევ ერთი საბაბი მისცა, საქართველო სამიზნეში ამოეღო.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში _ კურტ უოლკერმა რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

“საქართველოს ვითარება გამორჩეულია. მას ნატოსთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს, მას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მას არ აქვს “მაპი”, მაგრამ აქვს მისი ეკვივალენტი _ ნატო-საქართველოს კომისია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატოს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. ამასთანავე, ნატოს ძალიან აშფოთებს რუსეთი, ჩვენ ვხედავთ “გაუყინავ”კონფლიქტებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან “მაპი”-ის პროცესის დაჩქარებას”.

ამ განცხადებების მიუხედავად, საქართველოში კვლავ არ წყდება პროპაგანდისტული გამოსვლები ნატოში საქართველოს გაწევრების გამო. არადა, დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მათ რიგებში საქართველოს მიღებას ვერ გაბედავენ, რადგან:

* საქართველოს დაკარგული აქვს ტერიტორიები და კონფლიქტი აქვს ბირთვული იარაღის მქონე რუსეთთან, რომელიც ეწინააღმდეგება მისი ნებისმიერი მეზობლის ნატოში ინტეგრაციას და ამის გამო დასავლეთს შეიძლება რუსეთთან მწვავე დაპირისპირებაში ჩართვა მოუწიოს.

* ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ფიქრობს, რომ თავის რიგებში საქართველოს მიღებით მას უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, ვიდრე სარგებელს ნახავს. საქართველო ხომ ისედაც მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაჩაღებულ იმ კონფლიქტებში?!

* ნატოს წესდებით, აკრძალულია მის რიგებში ისეთი ქვეყნის მიღება, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები. მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციებში (სადაც უკვე ათეულობით ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა) ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა კი ნატოში გაწევრებისა და უსაფრთხოების გარანტია არ არის.

ბევრი ექსპერტის აზრით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიული ამოცანა მის შემადგენლობაში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შეყვანაა, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ნატოში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შესვლაზე საუბარი არ არის და არც იქნება უახლოეს პერიოდში, თუკი მოსკოვი განაგრძობს მკაცრ პოლიტიკას. ამასთანავე, ალიანსის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს შესანიშნავად ესმის, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მქონე საქართველოს, აგრეთვე, დონბასისა და ყირიმის პრობლემების მქონე უკრაინისა და დნესტრისპირეთის პრობლემის მქონე მოლდოვას გაწევრება ნატოში მკვეთრად ზრდის რუსეთთან ატომური კონფლიქტის ალბათობას, რადგან ამ რეგიონებში რუსი სამხედროები იმყოფებიან.

რაც შეეხება ნატოში შესვლას, როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო, მისი ნატოში გაწევრება რომ მოხდეს? _ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს თავის მეზობლებთან დემარკირებული საზღვრები უნდა ჰქონდეს. საქართველოს კი არც ერთ თავის მეზობელთან, გარდა თურქეთისა, დემარკირებული საზღვარი არ აქვს. თურქეთ-საქართველოს საზღვარი ნაყოფია საბჭოთა კავშირ-თურქეთის ხელშეკრულებისა, თორემ საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის დემარკაცია არ მომხდარა. საქართველოს აქვს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მწვავე პრობლემა, გარდა ამისა, პრობლემებია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებზეც. აქედან გამომდინარე, საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ნატოში მიიღებენ. სწორედ ამიტომ ნატოს წევრი ქვეყნები მომავალშიც განაგრძობენ მხოლოდ დაპირებებით ჩვენს გამოკვებას.

საქართველოს ყველა ხელისუფლება ატყუებდა და ატყუებს ხალხს, რომ საქართველოს ნატოში ოდესმე მიიღებენ. ეს წლების წინათაც ცნობილი იყო, მაგრამ თინა ხიდაშელი ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყაროს…

P.S. ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილებამდე ორიოდე დღით ადრე საპროტესტო აქცია გაიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩერნოგორიის მიწვევის გამო. ჩერნოგორიელებმა, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, _ ხალხის აზრი არ გაითვალისწინესო, მიტინგი აშშ-ის საელჩოს შენობასთან გამართეს.

მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “ნატო-მკვლელი”, “ნატოში _ არასოდეს”, ეს არ არის ჩერნოგორიელი ხალხის სურვილი”…

ნატოში საქართველოს გაწევრებაზე ლაპარაკი და აგიტაცია-პროპაგანდა გაუთავებელ კაკოფონიად რომ არ იქცეს, იქნებ კიდევ ერთხელ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ჩატარდეს რეფერენდუმი საკითხზე _ უჭერს თუ არა მხარს საქართველოს მოსახლეობა ნატოში გაწევრებას.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

  1. ბატონი ნიკა კორინთელი მართალს ამბობს. ნატოში საქართველოს არ მიიღებენ უახლოეს 2-3 წელიწადში და შეიძლება 5-შიც კი, მანამდე საქართველო კიდევ რა ტერიტორიებს დაკარგავს არვინ იცის.აბსოლიტურად მართალია ისიც რომ რუსეთთან თუ არ დალაგდა სიტუაცია საქართველო ვერასოდეს დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, ამას ყველა გვეუბნევა,მაგრამ ამის გაგება არ სურს ჩვენს ლიბერალ პოლიტიკოსებს.იმას ვინც იტყვის, რომ რუსეთს ომს მოვუგებთ ან მისგან თავს დავიცავთ საომარი დაპირისპირების შემთხვევაში-მათ ავლიპ ზურაბიშვილის მეტი ვერვინ უშველის.

  2. ნატოში არა მაგრამ კატო-ში მიგვიღებენ,თუ მინისტრი ხიდაშელი და მისი მოადგილე დოლიძე ჯარის წინაშე ბუშლატებით წარსდგებიან.

  3. აშშ და დანარჩ ენ ნატოს წევრ ქვეყნებს თავი სატკივარი არ აქვთ , ჩვენს გულისთვის რუსეთს არავინ დაუპირისდება და ურთიერთობას გაიფუჭებს. ის ხომ ბირთვული სახელმწიფოა და რესურსების პატრონი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here