Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინას “გულაობა” ქართულ პოლიტიკაში გრძელდება

ბიძინას “გულაობა” ქართულ პოლიტიკაში გრძელდება

788

ერთ ასეთი ამბავი გამიგონია ძველებისგან _ 1970-იან წლებში, ჩვენი მეგობარი რაღაცნაირად, თითქოს ახალ მოდაზე, იხურავდა “კეპკიან” ქუდს, უკუღმა, აი, “კეპკა” რომ უკან იყო გაშვერილი, ისეო. ერთხელ ნიაზ დიასამიძე შეხვდა ქუჩაში და ჰკითხა: _ შენა, კაცო, მოდიხარ თუ მიდიხარ, ვეღარ გავიგეო?! ეს ამბავი მახსენდება, რამდენჯერაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ მორიგ მითქმა-მოთქმას მოვკრავ ყურს ქართულ მედიაში.

ეს მითქმა-მოთქმა, ძირითადად, იმაზეა, ბიძინა ივანიშვილი მოდის ქართულ პოლიტიკაში თუ საბოლოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან; ან ოდესმე წავიდა თუ არა ან, საერთოდ, მოვიდა თუ არა, ან, საერთოდ…

საერთოდ, გასული საუკუნის 70-იანი წლების “კეპკიანი” ქუდივით ამ საწყალ ქართულ პოლიტიკაში მოდურია “მოსვლები”. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმანაციონალებისადა მიშა სააკაშვილის ძალადობრივი ჰეგემონია დაამხო, ყველას რატომღაც ქართულ პოლიტიკაშიმოსვლაუნდება.

ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძის კვალდაკვალ, პოლიტიკაში შემობიჯების პრეტენზია უკრაინელმა ბიზნესმენმა ლეონიდ ჩერნოვიცკიმაც გამოხატა. როგორც სანდო, უნდო თუ სულაც კალაპოტიდან გადმოსული წყაროები ამბობენ, მალე კიდევ არაერთი, მილიონერი, გავლენიანი, ცნობილი, ამბიციებით გაბერილი პერსონა გააკეთებს ანალოგიურ განცხადებას.

საბოლოოდ კი ვინ მოვა, ვის თავად აუცდება ფეხი და ვის კიდე “პადნოჟკას” დაუდებენ, ეგ 2016 წლის შემოდგომის მიწურულს გვეცოდინება ზუსტად. მანამდე დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სამი წელია, ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკა მართლაც საკუთარი მატარებლების სადგურად წარმოუდგენია _ ვისაც რომელ ლიანდაგზე უნდა, იქით გადაუშვებს, ვის შლაგბაუმს ჩამოუწევს, თვითონ კი მატარებლიდან მაშინ ჩამოვა, როცა მოისურვებსდა როცა გაუხარდება, ისევ ავა ნებისმიერ ვაგონში.

როგორც ჩანს, სწორედ ამას უკავშირდება ამდენი “პოლიტიკაში მოსვლის” მოსურნის გამოჩენა. ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის მიზანია, ყველაფრის ფასად შეუშალოს ხელი “ქართული ოცნების” ისევ უმრავლესობით მოსვლას ხელისუფლებაში. ამის მისაღწევად ყველაზე ეფექტიანი ხერხი არის ის, რომ თითქოს “ნაციონალებთან” დაპირისპირებული და მათთან არდაკავშირებული “ახალი პოლიტიკური ძალების” მეშვეობით “ოცნებაზე” განაწყენებული და ნაცებისადმი მტრულად განწყობილი ელექტიორატის ხმები მიიზიდოს.

შეასრულებენ ასეთ მისიას ან პაატა ბურჭულაძე, ან ლეონიდ ჩერნოვიცკი?

სავარაუდოდ, ეს შეუსრულებელი მისიების რიგს მიეკუთვნება, რადგან, თავისი ქონების ნახევარიც რომ დახარჯოს, ჩერნოვეცკის, როგორც სააკაშვილთან პირდაპირ ასოცირებულ უკრაინელს, აქ ხმას არავინ მიცემს; ხოლო მსოფლიოს პირველმა ბანმა პოლიტიკურ სტარტზე ისეთი სიბეცე გამოიჩინა და ისე გაყიდა თავი, რომ, მგონი, მას ქართველები, წინასაარჩევნო შეხვედრებზე კი არა, ოპერაშიც აღარ მოუსმენენ.

განსაკუთრებით მიუღებელია პაატა ბურჭულაძის მიერ პატრიარქის სახელით პოლიტიკური ვაჭრობა. მან არაერთხელ დაუფარავად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ პატრიარქის კურთხევით მოვა.

ფაქტია, ესნაციონალების”, კერძოდ კი, მიხეილ სააკაშვილის მიერ პატრიარქის ავტორიტეტის არაპირდაპირი გამოყენებაა და საზოგადოებაც უკვე აღარ არის ისეთ დაბალ დონეზე, როგორც 2003 წელს იყო, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს იოლად აჭამეს .. ვარდების რევოლუცია.

საქართველოს პატრიარქის ასე წარამარა ხსენება მხოლოდ აგრესიას იწვევს პოტენციურ ამომრჩეველში, მით უფრო, რომ გასული ორი დღე სწორედ პატრიარქის გარშემო შექმნილი განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩა.

პატრიარქის გულიდან ამოთქმულ უბრალო სურვილს, მავანმა მსწრაფლ მისცა პოლიტიკური ელფერი და დანარჩენმა “მავანებმაც” საქმე და სალაპარაკო იშოვეს.

აქ აღარ დავიწყებ პატიმრების შეწყალების საკითხზე პატრიარქის გარშემო ატეხილი აურზაურის პერიპეტიების განხილვას. რაც იყო _ იყო და უკვე ჩაიარა. თუმცა ამ მოვლენებმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ილია მეორის განუზომელ ავტორიტეტს ამ ქვეყნაში და ამ ავტორიტეტის კერძო მიზნებისთვის ბოროტად გამოყენების მსურველთა რიგი, ვგონებ, კიდევ უფრო გაზარდა.

მიუხედავად ამისა, ალბათ, რესპუბლიკელებს უნდა დავუფასოთ ის, რომ მათ არასოდეს უცდიათ პატრიარქის სახელის გამოყენება პოლოტიკური მიზნებისთვის და, ალბათ, არც არასოდეს შეეცდებიან, რადგან ეს მათ იდეოლოგიას მკვეთად ეწინააღმდეგება.

სამაგიეროდ, ისინი, ალბათ, 2016 წლამდე არაფრის დიდებით არ გაუშვებენ მყარად ჩაბღაუჭებულ ხელს ბიძინა ივანიშვილს და უმალ სეკულარიზმის უარყოფას დათანხმდებიან, ვიდრე “ქართული ოცნების” კოალიციისგან დამოუკიდებლად მიიღებენ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, რეაპუბლიკელები არ ღალატობენ დემაგოგიურ და სოფისტიკურ ტრადიციებს და პომპეზური პარტიული ყრილობის მიმდინარეობისას ისეთ სასაცილოდ ამბიციურ განცხადებებს აკეთებენ, რომ, მგონი, მერე თავადაც იხრჩობიან სიცილით.

თავი რომ დავანებოთ დავით უსუფაშვილის ფრაზას _ “ქართული ოცნება ვერ შედგებოდა, როგორც გამარჯვებული კოალიცია, რომ არ ყოფილიყო რესპუბლიკური პარტია”, ამ “მაღალრეიტინგული” პარტიიის “საყოველთაოდ ცნობილი” თავმჯდომარის, ვინმე ხათუნა სამნიძის ფრაზას სადღა წავუვიდეთ, რომელიც გვამცნობს, რომ “რესპუბლიკური პარტია მზად არის ახალი გამარჯვებისთვის! რესპუბლიკური პარტია მზად არის, უფრო დიდი წვლილი შეიტანოს კოალიციის ფორმირებაში! რესპუბლიკური პარტია მზად არის უფრო მეტი რესპუბლიკელისთვის საქართველოს მთავრობაში”!

წარმომიდგენია, როგორმალამოდ დაედებოდაეს სიტყვები ქართველი ამომრჩევლის სულს, გულსა და გონებას. რესპუბლიკელები ხომ ის პარტიაა, რომელსაცდღემუდამ ნატრობდა ჩუმის ნატვრითა ქართველი”!

სიმართლე რომ ითქვას, “რესპუბლიკელთა” არჩევანი სწორია “ქართული ოცნების” არჩევანისაგან განსხვავებით.

რაც უნდა “დაგვაბოლოს” უსუფაშვილმა და რაც უნდა “გვებლატაოს” სამნიძე, რესპუბლიკელები “ქართული ოცნებისთვის” უმძიმესი სათრევი ტვირთი უფროა, ვიდრე თუნდაც ოდნავი პლუსი ამომრჩევლის თვალში.

აი, სწორედ ამიტომაც ემზადება ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკის მატარებელში კვლავ ასასვლელად და ამიტომ ეცდება სააკაშვილი, ის იქ არ აუშვას. ივანიშვილის ყოყმანის მიზეზიც, ალბათ, ის არის, რომ ბოლომდე ვერ გარკვეულა, როგორცქოცებსუყვართ ხოლმე თქმა, “უმადურიქართველი ხალხი ისევ იმხელა ნდობას გამოუცხადებს მას თუ უკვებიძინას ფაქტორსაცფეხებზე დაიკიდებს?! როგორც ვიცით, ჩვენს მილიარდერს ძალიან არ უყვარს, როდესაც მისი პერსონისგანსაკუთრებულობასუგულებელყოფენ და ნაბიჯს არ გადადგამს, თუკი მისი ამპარტავნული ქედმაღლობა ოდნავ მაინც დადგება საფრთხის წინაშე.

უცნობილესი ქართული მხატვრული ფილმის ძალიან ცნობილი სცენა მახსენდება: ჯარისკაცის მამას, რომელიც რკინიგზის სადგურზე დადის, ვერ გადაუწყვეტია, შეახტეს თუ არა ფრონტის ხაზისკენ მიმავალ სატვირთო მატარებელს, ხოლო სადგურზე მდგომი შეიარაღებული მეთვალყურე მას მკაცრად ეკითხება: “აქ რას დადიხარ, მოხუცო?”. აი, სწორედ ამ “მეთვალყურის” როლში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც “პოლიტიკის მამა” ბიძინა გულმოსული მიუგებს: “მე აქ დავსეირნობ და მორჩა! აქედან გავისეირნებ იქით, იქიდან გამოვისეირნებ აქეთ! აი, ეგრე მინდა და იმიტომ!”.

რას გადაწყვეტს საბოლოოდ ივანიშვილი _ მალე შეახტება “ქართული პოლიტიკის მატარებელს” ისევ თუ დაძრულს დაედევნება?

ყოველ შემთხვევაში, სიტუაცია იმდენად მძიმეა, “კუპიროვანი” ან “ეს-ვე” ვაგონით მშვიდად ნამდვილად ვერ იმგზავრებს.

ეგ კი არა, სავსებით შესაძლებელია, ფილმის სიუჟეტის მსგავსად, თუკი გადაწყვეტს, რომ “ისევ მოვიდეს”, დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ვაგონებს შორის იატაკზე ჩაწოლაც მოუწიოს მისივე ფავორიტ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ……რა კარგი ანალოგიაა…..,,პოეზდომ იეხალ, მაშინოი ეხალ, პეშკომ ეხალ\\\’\\\’……….შვილი კი ხელში შემოაკვდა……….ვაი თუ……….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here