Home რუბრიკები პოლიტიკა ლაშას ლავაში, ნიკას ვენახი და თინას ოცდამეერთე

ლაშას ლავაში, ნიკას ვენახი და თინას ოცდამეერთე

785

გასულ კვირაში სოციალურ ქსელებში კვლავ ატყდა დაუოკებელი სიხარულის ქართული ყიჟინა.

გილოცავთ! რუსული ბომბდამშენი მიწას დაენარცხა!”

ვენაცვალე მარჯვენაში იმ პილოტს, რომელმაც მას რაკეტა ესროლა!”

ბრავო თურქებს! ხომ მიუთითეს პუტინს მისი ადგილი?!”

რუსეთის ბოგინს რეგიონში წერტილი დაესვა!”

და სხვა მსგავსი სიჩლუნგეები მანამდე იწერებოდა, სანამ რუსულმა ავიაციამ თურქული ბენზინმზიდების კოლონა არ მოსპო თავის გამცილებლებიანად და რუსული ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შიშით ყველა თურქული ავიაგამანადგურებელი მიწაზე არ დაეშვა, ხოლო ერდოღანმა შეშინებული ტონით არ განაცხადა, _ მაპატიეთ, არ ვიცოდით, ეს თუ რუსული ბომბდამშენი იყო, თორემ არ ჩამოვაგდებდით. ახლა კი მინდა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან საუბარი, ვურეკავ კიდეც, მაგრამ არ მპასუხობსო.

სულაც არ მიკვირს, ქართველებს გარკვეული აგრესია რომ გააჩნდეთ საქართველოს ისტორიული ძირძველი ტერიტორიების მიმტაცებელი დიდი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ და მისი ცუდი უხაროდეთ, მაგრამ, რაც უნდა აგრესორი და ოკუპანტი იყოს ერთი ქვეყანა, ნორმალური ადამიანებისთვის ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ მეორე აგრესორისა და ოკუპანტის მიმართ განვეწყოთ კეთილად და აშკარა მტრის მეხოტბედ და მხარდამჭერად ვიქცეთ.

ნორმალური ადამიანებისთვის გასაგებად რომ ვთქვათ, _ სიძულვილმა არ უნდა გამოიწვიოს სიბრმავე (და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთის სიძულვილის გამო), რეალობას არ უნდა მოვწყდეთ.

როგორც პირად ცხოვრებაში ხდება, სიძულვილით, თუნდაც სამართლიანი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი უამრავ შეცდომას უშვებს და ამით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს. ზუსტად ასევეა სახელმწიფოთა შემთხვევაშიც, ოღონდ იმ საბედისწერო განსხვავებით, რომ პირველ შემთხვევაში ინდივიდი თავს იღუპავს, მეორე შემთხვევაში კი ეს დაბრმავებული ინდივიდები სხვა თანამოქალაქეებს, თანამემამულეებს, მთელ ქვეყანას აყენებენ რისკის ქვეშ და ღუპავენ.

წინამდებარე პუბლიკაციის ძირითადი პათოსიც სწორედ ეს იქნება: რა გულით, რა ტვინით, რა ნამუსით, რა უფლებით რისკავს მავანი მთელი ქვეყნის სასწორზე შეგდებას?

 

თავი 1. ერეკლეს მეთვრამეტე და თინას ოცდამეერთე

არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მხოლოდ მიშა სააკაშვილის “დამსახურება” არ იყო. ეს მერე, როდესაც მთელი ეს ავანტიურა კრახით დასრულდა, ხალხის რისხვის არიდების მიზნით, ყველამ მიშას შეახოცა ხელი და გამოთქმა “რუსების ჟანგიანი ტანკები” სააკაშვილის საავტორო გამოთქმად გასაღდა. სინამდვილეში ეს ყოვლად სულელური აზრი პოპულარული და ფეხმოკიდებული იყო არამხოლოდ მაშინდელ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაშიც და ცხინვალის ავანტიურაში მიშას სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც მისი თანაგუნდელებისგან, ასევე საპარლამენტო თუ ქუჩის ოპოზიციისგან, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა.

ამ აზრს ყველაზე ნათლად ამტკიცებს მაშინდელ ოპოზიციონერთა და დღევანდელ ხელისუფალთა, კონკრეტულად კი რესპუბლიკელთა, ბოლოდროინდელი აზრები, ფრაზები და გამოხდომები. როგორც ჩანს, ხალხის წინაშე შიშმა გაიარა და, რაზეც 2008 წლის მერე მოკეტეს, ახლა ერთბაშად ისევ ალაპარაკდნენ.

კონკრეტულ მაგალითად თავდაცვის მინისტრზე უკეთ ვინ შეიძლება გამოდგეს?

მართალია, ზაქარეიშვილი, ბერძენიშვილი, ცისკარიშვილი თუ კიდევ სხვა ე.წ. ექსპეტრები და არა ნაკლებ ე.წ. პოლიტიკოსები უამრავ სისულელეს ამბობენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრის სისულელეებს სულ სხვა წონა აქვს მაინც.

“რუსეთს ყოველთვის ექნება დისკომფორტი და შიში, სანამ მე ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი!”

“რუსეთი მხოლოდ მაშინ დაიხევს უკან, როდესაც ევროპა და ამერიკა მას ხმამაღლა განუცხადებენ, რომ მზად არიან ომისთვის!”

“ახლა მეთვრამეტე საუკუნე არ არის და ზოგიერთის წუწუნი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ყველაფერს გაბედავს, ძალიან შეუსაბამოა ოცდამეერთე საუკუნის რეალობასთან!”

ვითომ ღირს გაგრძელება?

რით განსხვავდება ეს და სხვა მსგავსი ფრაზები “რუსების ჟანგიანი ტანკებისა” და სხვა ასეთივე “მძიმეწონიანი” სისულელეებისგან?

სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდში სწორედ “მეთვრამეტე საუკუნეში ჩარჩენილი” მიწოდეს “ნაციონალების” აპოლოგეტებმა, როდესაც ერთ-ერთი კამათისას ვთქვი: “თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, რუსეთი თბილისს დაბომბავს”-მეთქი. ისეთი სიცილ-ხარხარი ატყდა და ისეთი დაცინვა წამოვიდა, რომ თურმე მე, “ერეკლე მეფის შიშებში და კომპლექსებში ჩარჩენილმა”, არ ვიცოდი, რა იყო თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნის ევროპა და თურმე ყოვლად წარმოუდგენელი იყო ის, რომ რუსეთი თბილისის დაბომბვას გაბედავდა…

გაბედა! სხვათა შორის, ეს სიტყვა “გაბედვა” რუსეთთან დაკავშირებით, უკვე 25 წლიწადია, მესმის და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკვე ყველა “ვერგასაბედი” ნაბიჯი მთელი მსოფლიოს დასანახად უმარტივესად “გაბედა”, ეს “არჩარჩენილები” და “ოცდამეერთელები” ამ სიტყვას მაინც ჯიუტად და უტიფრად იყენებენ…

ნეტავ, როდის უნდა დარწმუნდეს სრულიად ქართველი საზოგადოება, რომ “ერეკლეს მეთვრამეტრე საუკუნე” და “თინას ოცდამეერთე საუკუნე”, პოლიტიკურ-სტრატეგიული მიმართულებით, დიდად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან?!

ალბათ, მაშინ, როდესაც ოსმალო კიდევ ერთხელ შემოგვივარდება სახლებში და სიტყვა “გაბედვის” მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზგასმით და მწარედ დაგვანახვებს?

 

თავი 2. შაჰ-აბასის ვენახი და ნიკას მანდარინი

საქართველოს გადარჩენის ათასგვარი რეცეპტი მოგვისმენია, მაგრამ ის, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ შემოგვთავაზა, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს თავისი ინოვაციურობით, გაბედულებითა და პრობლემის ორიგინალური ხედვით.

“დაბალრენტაბელური და დაბალხარისხიანი ყურძენი და მანდარინი, რომლის გასაღების ერთადერთ ბაზრად განიხილება რუსეთი, არა მარტო ეკონომიკური დაცემის აგენტებია, არამედ სტრატეგიული საშიშროებაც! ისინი დროზე თუ არ მოვიშორეთ, არც ეკონომიკას ეშველება და არც უსაშიშეს რუსეთზე ნოსტალგიას! და ამ დროს უკვე თითქმის მოშორებულ ჩაის ისევ გაცოცხლებას უპირებს ახლანდელი მთავრობა!” _ ეს ფრაზა, რომელიმე კომიკოსის მონოლოგის ნაწყვეტი კი არა, ნიკა გვარამიას სრულიად სერიოზული განცხადებაა საკუთარ “ფეისბუქგვერდზე”…

ნიკა გვარამია რომ ეკონომიკაშიც ზუსტად ისევე “საექსპერტო დონეზე” ერკვევა, როგორც ტელევიზიაში, ეგ კი ვიცით, მაგრამ ამ დონის ჩლუნგობა მაინც წარმოუდგენელია.

ყურძენსა და მანდარინს “სტრატეგიული საშიშროება” უწოდოს ადამიანმა, ეს უკვე კლინიკაა და, სავარაუდოდ, განუკურნებელიც! რეალური საშიშროება კი სწორედ ის არის, რომ დღევანდელ საქართველოში ყველა სფეროში გვარამიას მსგავსი “ექსპერტები” გვასწავლიან ჭკუას და ამ “ექსპერტების” ძირითადი ამოსავალი წერტილი ისევ და ისევ რუსეთია.

ანუ ყველაფერი, რასაც ისინი “გვირჩევენ”, გამომდინარეობს არა ჩვენი სარგებლიდან, არამედ იქიდან, რა და როგორ ვატკინოთ რუსეთს. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რუსეთისთვის “ტკივილისა” და ზარალის მიყენება განხილულია, როგორც საქართველოს აშენება და აყვავება.

აი, სწორედ აქ არის დაშვებული საბედისწერო შეცდომა, რადგან, წესით, ნორმალურ ქვეყანას აქცენტი საკუთარ წარმატებაზე, საკუთარი ეკონომიკის შექმნაზე, საკუთარ კეთილდღეობაზე უნდა ჰქონდეს და არა თუნდაც აგრესიული მეზობლის “ტკენაზე”.

ეს “მეთოდი” მით უფრო წამგებიანია მაშინ, როდესაც რეალურად არავითარი ბერკეტი არ გაგვაჩნია, აგრესორს რაიმე “ვატკინოთ”, ხოლო ჩვენი ნებისმიერი “გაფართხალება” ისევ და ისევ ჩვენთვის მტკივნეულ საპასუხო დარტყმებს უფრო იწვევს, ვიდრე პირიქით.

აკი, აგერ, საქართველოს გადარჩენის ნიკა გვარამიასეულ ამ “ბრძნულ” რეცეპტშიც მთავარი აქცენტი სწორედ ამაზეა გაკეთებული _ ყურძენი და მანდარი თურმე მხოლოდ იმიტომ უნდა გავანადგუროთ, რომ ისინი “რუსეთზე ნოსტალგიას” იწვევს.

“აჭარისა და კახეთის მოსახლეობას განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს რუსეთუმეობის მიმართ!” _ სწორედ ამ ფრაზით იწყებს ნიკა გვარამია თავის ამ ლეგენდარულ ციტატას.

როგორც ჩანს, ამ ტვინით ავადმყოფ “ნიკაგვარამიებს” იმდენად პრიმიტიული აზროვნება აქვთ, რომ ფიქრობენ, თუკი რუსეთის ბაზარზე პოტენციურად გასატანი პროდუქტი საქართველოში მოისპობა, ქართველებს რუსეთი აღარც კი გაახსენდებათ და ასე მარტივად მოგვარდება “ჩრდილოელი მეზობლის პრობლემა”.

აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ კახეთში ვენახის, აჭარაში მანდარინის, გურია-იმერეთში ჩაის გარდა სულ მალე დამუშავდება გორში ვაშლის, ჯავახეთში კარტოფილის, სამეგრელოში მესაქონლეობის, ფშავ-თუშეთში მეცხვარეობის და ა.შ. დარგების საბოლოო გაჩანაგების გეგმა და აი, ასე უმარტივესად გადარჩება ჩვენი ქვეყანა.

რა თქმა უნდა, ახლა უცებ გადავიქცევი “რუსეთუმედ” და “პუტინის აგენტად”, მაგრამ რა ვქნა, მაინც უნდა ვიკითხო: სხვას რას აკეთებდა საქართველოს ყველაზე დიდი მტერი შაჰ-აბასი?

აჰ, ხო, მგონი, მას მანდარინების შესახებ არაფერი უთქვამს, მანდარინები ნამდვილად ნიკას ექსკლუზივია…

 

თავი 3. ორბელიანის ყუმბარა და ბუღაძის ლავაში

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი გაწამაწია გამოიწვია ყოველივე ზემოთქმულის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში დასმულმა შეკითხვამ: “რუსეთ-თურქეთის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში რომელ მათგანს დაუჭერთ მხარს?”

ჰოი, საოცრებავ, და მონაწილეთა 80-მა პროცენტმა ოკუპანტ და აგრესორ რუსეთს დაუჭირა მხარი.

სწორედ ეს გახდა ნახსენები პერსონების, ასევე ვანო მაჭავარიანის, ზურაბ ჭიაბერაშვილისა და სხვათა “ნასკებიდან ამოხტომის” მიზეზი, მაგრამ სპორტის ამ ახალ სახეობაში ჩემპიონობა მაინც “მწერალმა” ლაშა ბუღაძემ მოიპოვა.

მისი სუპერემოციური გამოსვლა “მაესტროს” ეთერში პირდაპირ ვიდეოენციკლოპედიაში შესატანია, ისეთი მონდომებით დატუქსა ქართველი ხალხი, ისეთი მოწადინებით გვიქნია თითი და ისე დაგვანამუსა ოსმალთათვის მხარის არდაჭერის გამო, რომ ერთი პირობა ჩვენი ცხონებული “პატარა კახი” მართლა სულელი და გამოთაყვანებული მეგონა…

უბრალოდ, საქმე ისაა, რომ, თუკი ბუღაძის გამოსვლას ემოციებისგან, მიმიკისგან და ჟესტიკულაციებისგან გავათავისუფლებთ, ხელში ერთადერთი “არგუმენტიღა” შეგვრჩება თუქ-სელჩუკთა მხარდასაჭერად _ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა.

აი, სწორედ ეს ფრაზა იძახა და იძახა ლაშა ბუღაძემ ტელევოზორიდან და, რაც უნდა ეკითხა მისთვის ერთობ შეუწუხებულ წამყვან მაგდა ანიკაშვილს, პასუხი მხოლოდ ეს იყო: “თურქეთი ნარტოს წევრი სახელმწიფოა!”

მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ მიმდინარე პროცესებში კარგად გარკვეულ ერთ თანამოსაუბრეს ვუთხარი საზოგადიოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანთა ჯგუფზე, _ ამათ, ალბათ, მართლა კარგად უხდის ამერიკა, რადგან ასეთ სისულელეებს ასე გაბედულად გაიძახიან და ამხელა სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობებს ასე იოლად იღებენ საკუთარ თავზე-მეთქი.

თანამოსაუბრემ ისე, სასხვათაშორისოდ, წამოცდენასავით მომიგდო, _ არა, ამერიკა მაგათ არც კი იკადრებს ეგრე უშუალოდ, ისინი თურქეთზე არიან მიბარებული, მათ ფულს თურქეთი უხდის და ისინი გლობალურ ამერიკულთან ერთად კონკრეტულ თურქულ ინტერესებს ატარებენ საქართველოში. დამიჯერე, ეგენი პირადად ერდოღანის “კარმუშკაზე” სხედანო.

ალალად ვამბობ, მაშინაც დაუჯერებელ ვერსიად მივიჩნიე ეს და ახლაც მიჭირს დაჯერება.

მაგრამ ფაქტია: ლაშა ბუღაძე, უფრო სწორად “ნიკაგვარამიები”, “ლაშაბუღაძეები”, “თინახიდაშელები” იმას კი არ საყვედურობენ ქართველ ხალხს, რუსეთს, ანუ აგრესორს რატომ ემხრობითო, არა! მათი საყვედურის ძირითადი მიმართულება არის ის, თუ რატომ ვუყურებთ ჩვენ უნდობლად თურქეთს და როგორ ვბედავთ, რომ ოსმალთა იმპერიას ერთგულებას არ ვეფიცებით.

სელჩუკთა არმიმხრობას კი “რუსეთის სიყვარულად” გვითვლიან და უკვე 25 წლის განმავლობაში დამკვიდრებული სრულიად ტუტუცური გამოთქმა “კრემლის აგენტი” ეფექტიანად გამოიყენება ნებისმიერი საღი აზრის ჩასახშობად…

ოსმალთა სასარგებლო არგუმენტს კი, ანუ იმას, რომ “თურქეთი ნატოს წვერია” მოქნილად იყენებენ იმის დასამტკიცებლად, თითქოს პან-ოსმალური იმპერია საქართველოს არაფერს დაუშავებს და ეს მხოლოდ რუსეთის იმპერიის პროპაგანდის გავლენაა.

გეგონება, ნატოს წევრობა აპრიორულად ნიშნავდეს სამართლიოანობას და არა აგრესორობას.

სინამდვილეში, არაერთი მაგალითის მოტანა შეიძლება, როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფო თავის სამხედრო სტრატეგიული ინტერესებით მოქმედებს და სულაც ფეხებზე იკიდებს იმ სამხედრო ალიანსს, რომლის წვერიც თავად არის.

ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ცნობილია, სულაც არ შეუკავებია თავი იმის გამო, რომ ნატომ მას თანხმობა არ მისცა ერაყში სამხედრო გზით ხელისუფლების დამხობაზე. ატომური ბომბის დამზადების საბაბით, ამ ქვეყნის პირველი პირი სადამ ჰუსეინი ოცდამეერთე საუკუნეში არაადამიანურად დასაჯეს _ ჩამოხრჩვეს! ხოლო ერაყული ატომური ბომბის კვალი დღემდე არავის აღმოუჩენია.

რაღა შორს წავიდეთ და სწორედ ნატოს წევრი თურქეთი იყო, 1974 წელს კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ძალით რომ შეიჭრა და სულაც ფეხებზე დაიკიდა ასევე ნატოს წევრი მეორე სახელმწიფოს, საბერძნეთის, ინტერესები.

თუკი ამ სახმედრო ალიანსის ისტორიას გადახედავთ, იოლად დარწმუნდებით, რომ მასში შემავალი სახელმწიფოები არც ისე მეგობრულნი არიან ერთმანეთის მიმართ და მათ შორის არც სამხედრო კონფლიქტებია იშვიათი და გამორიცხული…

თუმცა, როგორც ზევით ვთქვით, ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც არამხოლოდ თავდაცვის მინისტრებს ან ტელევიზიის დირექტორებს უნიშნავენ, არამედ მწერალი, პოეტი თუ მუსიკოსიც ასევე დანიშვნითი “თანამდებობაა” და, თუკი “დამნიშვნელებს” არ მოსწონხარ, შენს ნიჭიერებას არავინ არაფრად დაგიდევს.

მწერალი, პოეტი და დრამატურგი ამ ქვეყანაში არის ის, ვისაც მეტჯერ გამოაჩენენ ტელეეთერში ქვეშ მიწერილი შესაბამისი სტატუსის აღმნიშვნელი ტიტრით და შემდეგ ქვეყნის ჭკუის დამრიგებლის ფუნქციასაც ასე “ემოციურად” შეათავსებინებენ.

რაც შეეხება ქვეყანას, მას ეს კრებითი “ლაშაბუღაძეები”, აი, ასე, ცხელი ლავაშივით ჩამოახევენ “ყუას” და იმას ჩაუგდებენ ხახაში, ვინც “ნატოს წევრია”!

ვის რაში ადარდებს ორბელიანის ყუმბარა, რომლის გასროლითაც მას, გადმოცემის თანახმად, ახალციხეზე იერიშის დაწყების ნიშანი უნდა მიეცა, მაგრამ სახელოვანმა ქართველმა არტილერისტმა იმავე დროს ამ ერთი გასროლით ახალციხის მთავარი მეჩეთიდან ნახევარმთვარეც ჩამოხსნა და ასე მიულოცა დედასამშობლოს მისი ძირძველი მიწის _ მესხეთის დაბრუნება.

დღეს მავანთათვის გრიგოლ ორბელიანი “რუსის ღენერალია”, “სამშობლოს გამყიდველი”, “ჩინ-მენდლებზე დახარბებული” “მოღალატე” და რა ვიცი, კიდევ რა ეპითეტებით აღარ ამკობენ ამ ღვაწლმოსილ ადამიანს სოციალურ ქსელებში ჩვენი სამშობლოს “ბუღაძის ლავაშად” გადამქცეველნი…

ხოლო იქ, სადაც გრიგოლ ორბელიანი “მოღალატეა”, ხოლო ლაშა ბუღაძე _ “ერის მამა”, სამწუხაროდ, სავსებით ნათელია, რა “შვილებიცა” ვართ…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. ბიძინა მართლა დაგვეხმარა მიშას მოშორებაში.ნეტავ ეხლა ვინ დაგვეხმარება ბიძინას მოშორებაში.თანაც სასწრაფოდ,სანამ ხიდაშელმა სულ მთლად არ დაგვამხო თავზე ,ისედაც გაუბედურებულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი სამშობლო.ხმას არ იღებს არავინ ამ ქალის იდიოტურ გამოხტომებზე, საქმით თუ სიტყვით.თითქოს ყრუები და ბრმები არიან.ისე არიან დაშინებულნი,რომ ყველაფერს იტანენ ამ ვითომ ქალისგან.გვარამიასა და ბუღაძეზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს. ორივე გასაგზავნები არიან,თანაც სასწრაფოდ, ავლეპისთან.

  2. ar movelodi baton bakurisgan aset brzkinvale azrovnebis dones, me is zota ar ikos mdare faruli kameridan maxsovda. kochag zmao, esaa namdvili logika da ara urapatriotizmi, romeliz gvaszavlis, rom turme datvs xaxashi unda sheuvarde nabozari meliis saameblad:) datvi rusetia da tu moimxrob megobrobaz izis, melasgan gansxvavebit

  3. შავ დღეში ვართ.არსაიდან ჩვენი საშველი არა. ივანიშვილის მოსვლას ხალხი მართლაც ოცნებით ელოდა და დღეს მესამე ძალაზე ოცნებობს რომელიც მოაშორებს ივანიშვილს. რა მოხდა? ან მოსვლა რა იყო ბიძინასი ან და კულისებში რატომ გადაინაცვლა ? ეხლა კი ბუმია საქართველოში ბიძინა ბრუნდებაო! სად იყო წასული? ან საიდან ბრუნდება? ან რატომ ბრუნდება? იქნება და იმიტომ რომ 4 წლის წინ დანაპირები ამ ეტაპზე გამოასწოროს? არაააა. არ იქნა მტრისთვის კარგი საქართველოზე და ქართველებზე არავინ ფიქრობდეს, ყველა საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს! ღმერთო შენ უშველე ჩემს ბედკრულ საქართველოს! ამინ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here