Home რუბრიკები საზოგადოება დოკუმენტები, რომლებიც სიმართლეს ღაღადებენ

დოკუმენტები, რომლებიც სიმართლეს ღაღადებენ

589

“საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი გაზეთის წინა ნომრიდან დავიწყეთ დოკუმენტების კრებულის “რუსულ-ქართული ურთიერთობის ისტორიიდან” გადმოქართულებული ვარიანტის გამოქვეყნება. 

წიგნის ერთერთ ავტორშემდგენელთან _ მიხეილ რიჟენკოვთან საუბარი სწორედ ამ სახის მასალების თარგმნის საკითხებზე დავიწყეთ, უწინარესად კი, იმ წერილებისა, რომლებიც საქართველოდან ეკატერინე II- კარზე ქართულად დაწერილი გაიგზავნა, იქ თარგმნეს რუსულად და მიართვეს იმპერატრიცას. ქართული დედნების საქართველოში ვერმოძიების გამო, იძულებული შევიქენით, რუსულიდან ქართულად გადმოგვეღო ასეთი ტექსტები. ასეთ შემთხვევაში ორიგინალიდან აცდენისგან, მაშასადამე, შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. რესპონდენტი, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია, ცხადია, იზიარებს ამ მოსაზრებას და ასკვნის, რომ ზოგჯერ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ვითარება გვიბიძგებს ასეთი რისკისკენ. გამოსავალი რუსეთის არქივებში დაცული ქართული დოკუმენტების მოძიებაშია. ბატონმა რიჟენკოვმა ამ საქმეში დახმარება აღგვითქვა. ცხადია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ გადაულახავ სიძნელეებს იგი ვერ ხედავს. იმედი ვიქონიოთ, “რომ, დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება”, მკითხველს ქართულ დედნებს წარვუდგენთ. საუბარი თარგმნის სპეციფიკის საკითხებზე გრძელდება:

_ დიდი დაკვირვება არაა საჭირო, რომ დაასკვნა: რუსულად მთარგმნელი ადრესატის ოფიციალური ტიტულატურის ისეთი სიუხვით ამდიდრებს ქართულ წერილებს, რომლებიც დედნებში არ არის. ეს ჩანს თუნდაც სქოლიოში გამოტანილი შენიშვნებიდან. ისეთი შთაბეჭდილება დარჩება მკითხველს, რომ ეკატერინე II- საქართველოს (ქართლკახეთის) მეფე კი არ მიმართავს, არამედ რომელიღაც მაზრის უფროსი, რომლის უპირველესი მიზანია, ელაციცოს თვითმპყრობელს და მისი ყველა ტიტულის ჩამოთვლით საკუთარ თავი მის მტილად წარმოაჩინოს. რით შეიძლება ამის ახსნა?

_ ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა: ქართველი მეფის წერილების რუსულად მთარგმნელი უბრალო მოხელეა, “ტოლმაჩი”, რომელიც ან საგარეო საქმეთა კანცელარიაში მსახურობდა, ან გრაფ პოტიომკინის პირად კანცელარიაში. მას, ამ მოხელეს, ტიტულების ან ჯილდოების დასახელებაში რამე რომ შეშლოდა…

_ ესა და ეს ორდენი _ ბაფთით თუ უბაფთოდ

_ დიახ! ან, ღმერთმა არ ქნას, გამორჩენოდა რომელიმე ტიტული, დიდი უსიამოვნება ელოდა. ერეკლე II-ს შეიძლება არც სცოდნოდა (არ სჭირდებოდა, რომ სცოდნოდა) ეს ტიტულები, მაგრამ მთარგმნელმა ხომ იცოდა, რა ცეცხლს ეთამაშებოდა და თავის საქმეს აკეთებდა ისე, რომ წერილი, რომელსაც ადრესატი რუსულად წაიკითხავდა, გულზე მოჰფენოდა, სიამოვნების მომგვრელი ყოფილიყო. დღეს რუსული ტექსტიდან დედნის ენაზე თარგმნილ მასალას მეცნიერულს ვერ ვუწოდებთ. ქართულში გადმოტანა მე-18 საუკუნის რუსული ფორმულირებების, როცა ისინი დედანში არ არის, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის. მაგრამ, თუ სხვა გამოსავალი არ არის, მაშინ შესაბამისად უნდა იქნას ახსნილი მკითხველისთვის.

ეს წიგნი, რომლის პრეზენტაციასაც დავესწარით, რა თქმა უნდა, რუსი მკითხველისთვისაა გამიზნული. ქართველი მკითხველი ქართულად დაწერილ დოკუმენტს რუსულიდან ნათარგმანებს რომ წაიკითხავს, წამგებიანია, ამიტომ, ჩემი აზრით, უწინარეს ყოვლისა, ქართულად უნდა ითარგმნოს ის ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც რუსულად იყო დაწერილი.

_ კრებული, რომელსაც განვიხილავთ, ვისთვისაა გამიზნული, რომელ მკითხველზეა გათვლილი?

_ ნებისმიერი წიგნი, ავტორების ნებისმიერი ნაშრომი გათვლილი უნდა იყოს მკითხველ საზოგადოებაზე, პუბლიკაციის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

შემიძლია გითხრათ, რომ ეს წიგნი პოლიტიკოსებზე არ არის გათვლილი. ისინი ასეთ წიგნებს, სამწუხაროდ, არ კითხულობენ. როგორც ამბობენ, ყველას თავისი პროფესია აქვს. ფართო მკითხველისთვის დოკუმენტების ეს კრებული “მსუბუქი საკითხავი” არ არის.

გულახდილად და პატიოსნად გეტყვით: წიგნი გათვლილია ისტორიკოსებზე. მათთვის ეს წიგნი მზამზარეული მასალაა, რომელზე დაყრდნობითაც შეეძლებათ ობიექტური დასკვნების გამოტანა.

მგონი, ეს კრებული უფრო მეტად სტუდენტებს გამოადგებათ. მათ, ვინც ისტორიკოსობას აპირებს, საკუთარი კონცეფციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. მათ შორის ისეთი თემის დამუშავებაში, როგორიც არის ეკატერინე II-ს პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში.

_ ვითვალისწინებ, რომ თქვენ ეს პერიოდი კარგად გაქვთ შესწავლილი და დამუშავებული და გეკითხებით _ რით განსხვავდება იმპერატრიცას პოლიტიკა დღევანდელისგან? რუსეთსაქართველოს ურთიერთობას ვგულისხმობ, უწინარესად.

წიგნის პრეზენტაციაზე გამოსვლისას, თქვენ განაცხადეთ, რომ აუცილებელია ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. ყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოსთვის ჩამოცილება ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას?!

_ ეკატერინეს შესახებ გეტყვით, რომ იგი იმდენად რუსეთის ტერიტორიის განვრცობისკენ არ ილტვოდა, რამდენადაც რუსეთის საზღვრებთან მდებარე ქვეყნების მიერ იმპერიისადმი ლოიალური დამოკიდებულების განმტკიცებას ცდილობდა.

_ გაგახსენებთ, 2008 წლის ხუთდღიან ომამდე ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ რუსეთს ახალი ტერიტორიები არ სჭირდება, ისედაც ბევრი გვაქვსო.

_ რა თქმა უნდა, ასეა. მით უფრო, რომ ახალი ტერიტორიები ახალი და გაზრდილი ხარჯია, თავსატეხის მომატებაა. ამიტომ, თუ შენს საზღვართან არის სახელმწიფო, რომელიც შენდამი კეთილგანწყობილია, მზად არის, მოკავშირედ გაგიხდეს და თავისი საშინაო საკითხები თვითონვე გადაწყვიტოს, ეს, ეგებ, უკეთესიც იყოს.

რაც შეეხება თანამედროვე პოლიტიკას, ვაღიარებ, ცუდად ვერკვევი. ვგრძნობ, რომ საქართველოსთვის ძალიან მტკივნეული საკითხია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა. ჩემი მოსაზრება, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ იგი არაპროფესიულია. ასეთი მოსაზრებით კი, როგორც ამბობენ, საკუთარ ეზოს იქით არ უნდა გახვიდე.

ეკატერინეს სიკვდილის შემდეგ პავლემ მთელი რუსეთი თავდაყირა დააყენა. პავლე რთული ადამიანი იყო. კი ჰქონდა რაღაც გაგება კეთილშობილებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან იმპულსური იყო, შეეძლო, ეჭვის ნიადაგზე ან შემთხვევითი შთაბეჭდილების გავლენით მიეღო გადაწყვეტილებები.

ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ, როცა გიორგი XII მძიმე ავადმყოფი იყო, დაიწყო დიდი ოჯახური არეულობა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მეფე საქართველოსი (გიორგის სხვა უნდოდა, დარეჯანს _ სხვა და ..), როცა ამ ამბებმა პავლემდე მიაღწია, მან საქმეში გარკვევაც კი არ მოისურვა და ერთი ბრძანებით მოსხიპა პრობლემა: არავითარი მეფე! დასვით გუბერნატორი!

პოლიტიკა ამწუთიერი საქმეა. ცვლილებებს განიცდის ყოველთვის, ხელისუფლების შეცვლით იქნება ეს გამოწვეული, თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობილების.

გეტყვით ასე: რუსეთს წლების განმავლობაში პოლონეთი ხელში ეკავა…

_ დღეს კი თავსი ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვს.

_ ითხოვენ დასავლეთ უკრაინის, ბელარუსის დაბრუნებას. არიან ასეთები პოლონეთში.

მეფის რუსეთის სამხედრო მინისტრ დიმიტრი ალექსის ძე მილიუტინისთვის, გონიერი და ლიბერალური შეხედულებების ადამიანისთვის, რომ ეთქვათ _ დადგება დრო და პოლონეთი რუსეთს გამოეყოფაო, არ დაიჯერებდა. ის და მისი ძმა ძალას არ იშურებდნენ პოლონური შფოთის ჩასახშობად.

პირდაპირ გეტყვით არაპროფესიონალის თვალსაზრისს: გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაღაც საკითხების ძალადობით მოგვარება შეიძლება, მაგრამ არა საბოლოოდ გადაწყვეტა.

_ რომ არ დაღგალოთ, მოკლედ მიპასუხეთ: თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, რას იღონებდით?

_ ოჰ! (ამოიოხრა).

_ საქართველოს მთლიანობაზე გეკითხებით.

_ მესმის.

_ შეიძლება, გულიდან ამონათქვამით _ ოჰ! დავამთავროთ საუბარი და დავსვათ წერტილი?

_ შეიძლება, როგორ არა… მაგრამ მაინც ვიტყვი: ორივე მხარემ თავის დროზე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. რომ არ ყოფილიყო კიტოვანის ლაშქრობა აფხაზეთზე, არ დაღვრილიყო ამდენი სისხლი ორივე მხრიდან, კონფლიქტი ომში არ გადაიზრდებოდა და პრობლემად არ ჩამოყალიბდებოდა

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. \\\”ქერონეას ბრძოლა მაკედონელთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. ათენელთა დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა. ფილიპე II-მ ბრძანება გასცა გაეთავიუფლებინათ ისინი. ათენელები ადგილიდან არ იძროდნენ და ითხოვდნენ წართმეული მოსასხამების დაბრუნებას. ფილიპეს შეატყობინეს ტყვეთა მოთხოვნა, რაზეც მეფემ ღიმილით უპაუხა: ათენელებს ხომ არ ჰგონიათ, რომ კოჭის თამაში წააგეს.\\\” აი პასუხი პოლონელების (და ნაწილობრივ ჩვენს) მოთხოვნებზე რუსეთისადმი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here