Home რუბრიკები ისტორია ატომური პილოტი

ატომური პილოტი

1006

6

არც ქალებს ულხინდათ ამ ომში. მიიჩნევენ, რომ დამხმარე კორპუსში მხოლოდ ქუჩის ქალები შედიოდნენ. მე ვიცი, რომ ეს ასე არ არის. იქ ყველანაირები იყვნენ: ჭკუიდან გადასული შინაბერები, რომანტიკოსი სტუდენტი ქალები, თავიანთი პატრონის ალერსისაგან დაღლილი მდივანი ქალები, ფერმერის გონებადამჯდარი ქალიშვილები შუა დასავლეთიდან. ჩვენს საავადმყოფოში მათ პირველი სართული აქვთ გამოყოფილი. 

არდენმა მათ უმრავლესობას ბოლო მოუღო; სხვები კიდევ უფრო ადრე გატყდნენ, პარიზში; ისინი ევროპაში ჩამოვიდნენ პატარპატარა სიამოვნებისათვის, რაც შინ არ ჰქონდათ _ “კოტისსუნამოებისათვის და პაკენისა და მეზონ ლავალეტის მოდელებისათვის, ევროპამ კი დამწვრის სუნითა და კრუპისა და რეინმეტალის მოდელის ბომბებით დააჯილდოვა.

ომი ქალების საქმე არაა!

როდესაც ვფიქრობ, რომ აირინიც და ლუსიც შეიძლებოდა ისეთი დავრდომილები ყოფილიყვნენ, როგორებიც ჩემი მეზობლები არიან პირველი სართულიდან, მაკანკალებს.

ქალების განყოფილებაში დეზინფექცია კეთდება. მე ვეხმარები მედდებს მწოლიარე ავადმყოფების გადაყვანაში. ისინი ძალიან მსუბუქნი არიან; სხეულები ჩამოხმობიათ; პერგამენტივით კანი აქერცვლიათ. უბადრუკი ცდები _ გაიახალგაზრდაონ თავი _ რაღაც ფოთლები აბურდულ თმებში, ღია ფერის პომადით შეღებილი ტუჩები.

_ მამაკაცი!

ჩემი გამოჩენა მათთვის მოვლენაა.

ისეთი აურზაური იქმნება, რომ მე უნებურად იძულებულს ვხდი მედდას, თითქმის ირბინოს ჩემთან ერთად საკაცით ხელში.

_ ღმერთო ჩემო! _ ვეუბნები მედდას, _ ვფიქრობდი, რომ ჯოჯოხეთის ფილიალი ჩვენთან, მე-10 განყოფილებაში იყო მოთავსებული; ახლა კი ვიცი, რომ ვცდებოდი.

ქალები, რომლებიც ყოველგვარ ქალურს მოკლებულნი არიან! არა ნახევრად იდუმალი არსებანი ნაზი ხელებით, არა თხელი გოგონები ბროუნინგის ტომით ხელში, არც კიდევ ის ულაზათოდ შეთითხნილი და თანაც თავხედი მეძავები, რომლებიც ასე ბევრნი იყვნენ ბერლინში ალექსანდრპლაცზე, არამედ მომღერალი, მტირალი, მკვნესავი, არანორმალურად მდუმარე არსებანი, რომელთა სქესს მხოლოდ გულუბრყვილოდ და ურცხვად გამოჩენილი დამჭკნარი მკერდი და სანთელივით სახეზე წასმული უბადრუკი კოსმეტიკა თუ ამჟღავნებს.

მეშინია.

მახსოვს, როგორები იყვნენ ისინი ბერლინში, გუამზე, ტოკიოში. სტანდარტულად თმადახვეულნი, სტანდარტულად მედიდურნი, სტანდარტულ ბლუზებსა და დაპლისულ ბოლო კაბებში, მუხლს ზევით რომ ადგათ. ომმა უკვე დაასვა მათ თავისი დაღი. მათ მიიღეს თავიანთი “კოტი” და კიდევ მრავალი სხვა და ბედნიერები იყვნენ კოლუმბისდროინდელი ადგილობრივი მკვიდრებივით, რომლებმაც თავიანთი ოქრო ბრჭყვიალა ნაყარნუყარზე გაცვალეს.

_ როგორ უძლებთ ამას? _ ვეკითხები მედდას.

იგი დაღლილი ტუჩებით ოდნავ იღიმება.

_ მივეჩვიე.

ვწევ საკაცეს და საკუთარ თავს ვუმეორებ: “მივეჩვიე”.

ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. გუშინდელი სიბარიტი, გაკოტრების შემდეგ, მშვენივრად ახერხებს მეტროპოლიტენის ვენტილაციის ცხაურებზე ძილს. პატიოსანი ადამიანი ტყუილის თქმას ეჩვევა, უანგარო _ ქურდობას, პაციფისტი ტომ ლუჩეზეს რეკეტირზე უარესად როდი ესვრის მტერს, შეიძლება უკეთესადაც.

ყველაფერი ასეა! მაგრამ ადამიანი ცხოველურ ყოფას არ უნდა ეგუებოდეს! ძველი ხალხები ამბობდნენ: პოეტებად იბადებიან, ორატორები ხდებიან. მკვლელად ან პაციფისტად ჯერ არავინ დაბადებულა.

მიხარია, სანიტარს ზევით რომ მივყავარ. კონოლისთან ვწყნარდები და საღი აზროვნების უნარს ვიბრუნებ.

ომი ჯერ არ დამთავრებულა.

პოსტდამში დამისურიზეფარსი გათამაშდა. სახელმწიფო ბეჭდებით განმტკიცებული ქაღალდები იმაზე უფრო ნაკლები ღირდა, ვიდრე მათ დამზადებაზე იყო დახარჯული.

პოტსდამისა და ტოკიოს შემდეგ იყო ვიეტნამი, კორეა, ალჟირი, ლაოსი, კონგო. იყო ატომური და წყალბადის ბომბების აფეთქებანი ბიკინიზე და ენივეტოკზე. იყო ოცდასამი იაპონელი მეზღვაური _ “ბედნიერი დრაკონის” ეკიპაჟი, რომლებიც ლეიკემიით დაავადნენ გაშლილ ოკეანეში.

მეხსიერება ცუდი რამეა. მას ვერსად დაემალები. იგი სიზმარშიც კი “მუშაობს”.

აღარ მახსოვს, რამდენჯერ მინახავს სიზმარში ბიკინი. საშინლად რეალურად ვხედავ ლაგუნის უფერო, მომწვანო წყალს, დანისლულ მზეს და ტალღებზე მოქანავე განწირულ ფლოტს. ცენტრში უზარმაზარი, სურინჯით შეღებილი სახაზო ხომალდი “ნევადაა”, მის გვერდით _ სპილოსმაგვარი ტროფეი “ნაგატო”, ცოტა მოშორებით კი _ ულამაზესი გერმანული “ჯიშის” სახაზო ხომალდი “პრინცი ევგენია”.

ოცდაათი ათასი ფუტის სიმაღლიდან ძლივს მოჩანდნენ, შემდეგ თავისი ფრთებით დაფარა შავთავიანმა სოკოსებრმა თეთრმა ურჩხულმა. ყველაზე მუქი ლაქა მზეზე კაშკაშა იყო. გეიგერის მრიცხველები გამალებით მუშაობდნენ, პირუთვნელად ითვლიდნენ რენტგენებს.

ოპერაცია “ქროს-როდსი”.

მას მოჰყვა ოპერაცია “ეიბლი” და “ბეიკერი”…

1952 წლის 1 ნოემბერს კუნძულ ელუგელაბზემაიკიააფეთქეს, წყალბადის სუპერი სამი მეგატონა ტრინიტროტოლუოლის ეკვივალენტით. ელუგელაბი აორთქლდა. გეოგრაფებმა იგი თავიანთი რუკებიდან წაშალეს.

1954 წლის 1 მარტს, დილით, არმიისა და ფლოტის გაერთიანებული ტაქტიკური ჯგუფი მრავალტანჯულ ბიკინიზე გადმოჯდა. გამოცდა “ბრავო” ყველაზე მძლავრი იყო დაგეგმილი სერიიდან. აფეთქების შემდეგ შავი სოკო 38 კილომეტრზე ავიდა ცაში. იგი ნელა მიიზლაზნებოდა. ადამიანები შიშით შესცქეროდნენ მას ჯავშნიანი სახომალდე კაზემატებიდან. ქარს იგი აღმოსავლეთისკენ მიჰქონდა. სულ უფრო და უფრო შორს. მაგრამ გემბანზე გამოჩენას ვერავინ ბედავდა: ბრავოარა მარტო ყველაზე მძლავრი, არამედ ყველაზეჭუჭყიანისუპერი გამოდგა. მან სტრონციუმ-90-ით დაასნებოვნა თვრამეტი ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობი. სოკო სულ უფრო შორს მიიწევდა აღმოსავლეთისაკენ, თან ტოვებდა უხილავ, მაგრამ აშკარა კვალს _ განადგურების კვალს.

ლოს-ალამოსში უკვე ახალ, გასტრონომიული სახელის მქონე ურჩხულზე _ “სოსისზე” მუშაობდნენ.

იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ სიზმრები მაწამებენ, ისეთივე რეალურები, როგორც ჩემი საკუთარი “მე”. მესმის მშრალი, მეთოდური, გულგრილი ხმა: “თხუთმეტი მეგატონა”. ოფლში ვცურავ.

“გალეული” 750-ჯერ ნაკლები სიმძლავრის იყო!

არც ერთმა ექსპერიმენტატორმა არ იცის ის, რაც მე: მე, რომელმაც ადამიანებზე გამოვცადე ფიზიკოსთა გენიალური უგუნურების ძალა.

იყო დრო, მძულდა სიცოცხლე. ახლა მიყვარს იგი _ ჩემი პატარა სიცოცხლე. იმ სამას ათას იაპონელს ჩემზე ნაკლებად როდი უყვარდა. ისინი არ ომობდნენ _ ეძინათ ძველი გაზეთებისა და ბამბუკისგან შეკოწიწებულ თავიანთ სახლებში, იოლად გადადიოდნენ ლიფსიტებზე და ფუძიამზე ლოცულობდნენ.

ბომბმა კი არ ამოხოცა, არა; მან ისინი ორთქლად, კვამლად, არარაობად აქცია, მხოლოდ შენობათა კედლებზე დატოვა ჩრდილები, გამქრალ სხეულთა მკრთალი ანაბეჭდები.

ღირს კი ცხოვრება ყოველივე ამის შემდეგ?

_ არა! _ ვთქვი მე.

და სანამ ეს “არა” შეიცვალა და გახდა “დიახ”, მარტო წლები კი არ გავიდა. რაღაც მნიშვნელოვანიც მოხდა, რამაც დამანახვა უცნაური სიმართლე: ხშირად თვით კანონი შობს დანაშაულს. რაც უფრო სასტიკია, მით უფრო ხშირად იწვევს იგი საპასუხო სისასტიკეს.

ჩვენ ათასობით ატომური და წყალბადის ბომბი შევქმენით.

მხოლოდ ახალშობილს შეუძლია, უზრუნველად დატკბეს სიცოცხლით. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ იგი გაჩენისთანავე გაწირეს. მისთვის უცხოა შიში, იმ ტერმინის მსგავსად, საკვებით დატვირთული რომ მიცოცავს გზაზე და არ იცის, რომ სადაცაა, გასრესს მექანიკური სატკეპნი, ადამიანი რომ მართავს.

მაგრამ ხდება ისეც, ტერმიტები აძევებენ ადამიანებს საცხოვრებლებიდან და ადამიანებიც ტოვებენ ყველაფერს, თვით მექანიკურ სატკეპნებსაც კი.

ჯო მეტყოდა, იდიოტი ხარო. ის ვერ იტანდა ფილოსოფიას. ვისკი დაეხმარა, მოეხმო მეხსიერება.

მე კი რა დამეხმარება?

რამდენიმე წლის წინათ ფერმკრთალმა, სათვალიანმა გოგონამ, საგანგებოდ სერიოზულმა და მეტისმეტად “მოწიფულმა”, დარეკა ზარი ჩემი სახლის კარზე და მთხოვა, ხელი მომეწერა სტოკჰოლმის მიმართვაზე. აღგზნებისაგან ენაც კი ებმოდა. მე გავაგდე იგი.

_ გოგონა, _ ვუთხარი, _ ჩემი გვარია ემრიჩი, დაიხსომეთ: ემრიჩი!

იგი სატირლად მოემზადა. აირინი მე დამაცხრა თავს.

_ რას შვრები, კლოდ?

მან ხელი მოაწერა ქაღალდს და მთელი დღე არ მელაპარაკებოდა.

ღამით ვცადე მასთან შერიგება.

_ აირინ, ძვირფასო, _ ვუთხარი, _ ეს მტირალა არ ღირს იმად, რომ მის გამო ვიჩხუბოთ. ჩემი ხელმოწერა არავის დაეხმარება. არ მჯერა, რომ მტირალა ქალიშვილები რაიმეს მიაღწევენ. მათთვის ეს ყველაფერი თამაშია, ჰიროსიმა კი ყოველთვის ფაქტად დარჩება.

აირინი ატირდა.

_ ბომბმა ლუსი რომ მოკლას?

დილით სახლიდან წავედი, რომ აღარ დავბრუნებულიყავი, საღამოთი კი დაუტენავი პისტოლეტი მივადე მუცელზე მსუქან პოლისმენს, ბანკს რომ იცავდა. ვფიქრობდი, იგი მომკლავდა და ყველაფერი დამთავრდებოდა, მან კი თავისი კოლტი მომცა.

და მეც დავბრუნდი.

აირინს არაფერი გაუგია. ფიქრობდა, რომ ნაწყენი ვიყავი. და კიდევ, ფიქრობდა, რომ სულაც არ ვიყავი მართალი. პატარა მაგიდაზე იდო რალფ ლეპის “ახალი ძალა”, რომელშიც ლუსის ლენტით ჩანიშნული იყო ხაზგასმული სტრიქონები: “1. მეგატონის სიმძლავრის წყალბადის ბომბი იწვევს დიდ ნგრევას 60 კვ. მილის ფართობზე და მნიშვნელოვან ნგრევას 110 კვ. მილის ტერიტორიაზე. იგი იძლევა ისეთი ინტენსიურობის სინათლესა და ტემპერატურას, რომ ყველაფერს წვავს 10 კვ. მილის ფართობზე”.

საყვარელო, გულუბრყვილო აირინ! შენ იმედი გქონდა, რომ ჭკუაზე მომიყვანდი.

ადრეა, ძალიან ადრე… შენ არ იცოდი მთავარი: მე სიცოცხლე არ მინდოდა…

მსოფლიო განაგრძობდა ჰიროსიმაზე ლაპარაკს. საბაყლოში კითხულობდნენ, რას ფიქრობდა მისტერ ემრიჩი ჰიროსიმაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. ფოსტალიონი სულ იმას კითხულობდა, თუ რამდენად მძლავრი იყო “მაიკი” “გალეულზე”. მერძევემ შეწყვიტა ჩვენთან რძის მოტანა _ იგი რომელიღაც ანტიატომური კავშირის წევრი იყო; გაზეთში მას გმობდნენ, როგორც მოღალატეს. მეზობელი, მისის კროუ, გვეთათბირებოდა: ღირდა თუ არა ინდივიდუალური თავშესაფრის მშენებლობა. ლუსი კითხულობდა: ვგრძნობდი თუ არა შიშს, როცა ჰიროსიმისაკენ მივფრინავდით.

ჰიროსიმა… ჰიროსიმა… ჰიროსიმა…

მე უკვე იშვიათად გამოვდიოდი სახლიდან და ისიც მხოლოდ საღამოობით. ხალხი მაინც მცნობდა: ქუჩაში მიაბიჯებდა ეროვნული გმირი, ატომური პილოტი, მაიორი კლოდ ემრიჩი, რომლის პორტრეტიც ქალაქის საუკეთესო ფოტოგრაფის ვიტრინაში ეკიდა.

ატელიეს პატრონს კარგად გადავუხადე და შევიძინე მისგან ეს პორტრეტი და ნეგატივები. გამოთხოვებისას ვურჩიე, სანაცვლოდ მერილინ მონროს პორტრეტი გამოეფინა. იგი ჩაფიქრდა _ ეს კარგი იდეაა. მე სადღაც ვნახე პლაჟზე გადაღებული მისი სურათი. გადაბეჭდვაც შეიძლება.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here