Home რუბრიკები საზოგადოება პრეზიდენტი არაკომპეტენტურია ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში

პრეზიდენტი არაკომპეტენტურია ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში

607

დღეს დიდი აურზაურია ატეხილი ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის გარშემო და რასაგმირო საქმეებსარ მიაწერენ მას, რომ ის არის სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლთა მედროშე, და რომ მხოლოდ ის არის ერთადერთი მიუკერძოებული საინფორმაციო წყარო და მხოლოდ მისგან იტყობს მოსახლეობა სიმართლეს.

ვითარების დაძაბვა კი მოქმედი კონსტიტუციის შედეგია, რადგან ძირითადი კანონი ისეთი დაუბალანსებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო მუხლებს შეიცავს, რომ დღემდე ვერ გარკვეულან, ვინ არის ქვეყნის პირველი პირი და რა ფორმის მმართველობაა დღეს სახელმწიფოში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მისი დემოკრატიულობისა და დიდი მოთმინების გამო (ზოგიერთს ეს მის სისუსტედ მიაჩნია), ძალაუფლებას ეცილებიან: პრეზიდენტი, “ნაცმოძრაობა”, “რუსთავი 2”, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობოები.

ამ საკითხზე კონსტიტუციის სრული უცოდინარობა გამოამჟღავნეს, როგორც პრეზიდენტმა, ასევე ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ 5 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში პრეზიდენტის სტუმრობისას კითხვა-პასუხის დროს.

ჟურნალისტის კითხვიდან _ “რატომ არ დახვდა სახელმწიფოს მეთაურს აშშში საქართველოს ელჩი და რატომ არ ახლდა მას გადაადგილებისას და შეხვედრებისას?” _ გამოჩნდა, რომ მათ კონსტიტუცია, არათუ შესწავლილი, წაკითხულიც არ აქვთ.

და რადგან ასეა, მინდა, მათ კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ:

* სახელმწიფოს მეთაური უკვე აღარ არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, იგი საქართველოს წარმოადგენს ისეთივე უფლებებით, როგორითაც მთავრობის წევრები, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელი კი არის პრემიერმინისტრი, სწორედ ის ხელმძღვანელობს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და არა პრეზიდენტი. პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლება მთავრობის წარდგინების გარეშე დანიშნოს ან გაათავისუფლოს ელჩები და დიპლომატიური მისიის სხვა წარმომადგენლები.

ამის გარდა, მთავრობასთან შეუთანხმებლად სახელმწიფოს მეთაური:

* ვერ აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

* ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

* ვერ მიიღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას.

და რადგანაც პრეზიდენტის უფლებები საგარეო ურთიერთობების საკითხებში ასეთი შეზღუდულია და მას მთავრობის ნებართვის გარეშე ამ სფეროში დამოუკიდებელი მოქმედების პრაქტიკულად ყველა უფლება ჩამოერთვა, მაშინ თავისთავად ჩნდება კითხვა: რისთვის და რა მიზნით ჩავიდა გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში _ როგორც სტუმარი, თუ როგორც ტურისტი?

და რატომ უნდა ხლებოდა საქართველოს ელჩი აშშში, არჩილ გეგეშიძე, სამუშაო ვიზიტით ამერიკაში მყოფ პრეზიდენტს, მაშინ, როდესაც იქ იმავე პერიოდში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქვეყნის პირველი პირი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად?

რისთვის დასჭირდათ ჟურნალისტებსა და სხვებს ამ მარტივი საკითხის ასეთი პოლიტიზება?

ცნობისათვის: ისრაელში პრეზიდენტს არა აქვს უფლება, დატოვოს ქვეყანა ქნესეთის ნებართვის გარეშე, ხოლო ბრაზილიის პრეზიდენტს პარლამენტის ნებართვა სჭირდება იმისთვის, რომ საზღვარგარეთ 15 დღეზე მეტი დაჰყოს.

ჟურნალისტებსა ამ საკითხის პოლიტიზება იმიტომ ხომ არ დასჭირდათ, რომ საზოგადოება უარყოფითად დამუხტონ, შეცდომაში შეიყვანონ და ამით აეხსნათ მოსახლეობისათვის, აი თურმე, როგორ ჩაგრავს მთავრობა ქვეყნის პირველ პირსო (მათი აზრით)?

მხოლოდ ამ კითხვიდანაც კი საკმაოდ კარგად ჩანს ზოგიერთი ჟურნალისტის პროფესიონალიზმი, სახელმწიფოებრივი აზროვნების დონე და მიუკერძოებლობა.

დღეს პრემიერმინისტრი მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არათუ აშშში ვერ გაემგზავრებოდა, არამედ უკვე დიდი ხნის წინათ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლიდან გამობრძანებული და კანონებზე ხელის მოსაწერად თვითონ ჩავიდოდა ქუთაისში. ძალიან სახიფათოდ და უადგილოდ სარგებლობს ის პრემიერისა და პარლამენტის მოთმინებით.

მაგრამ ამ ვიზიტსა და ინტერვიუში ეს არ არის მთავარი.

მთავარი ის არის, რომ ამით ზუსტად დადგინდა: პრეზიდენტი არაკომპეტენტურია ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში _ იმ მომენტში, როდესაც ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი (ეს პირველმა გენერალ-ლეიტენანტმა გურამ ნიკოლაიშვილმა შეამჩნია) და, მიუხედავად საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევისა, გადაედო გამგზავრება, პრეზიდენტმა მაინც მიატოვა ქვეყანა (შეგნებულად, თუ შეუგნებლად _ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის გასარკვევია) და უცხოეთში გაემგზავრა. ასე დარჩა ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები პირების გარეშე. ამ ქმედებით პრეზიდენტმა დაადასტურა ქვეყნისა და ძირითადი კანონისადმი უპატივცემულობა, და, ალბათ, დაავიწყდა, რომ კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაური არის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი (და არა კონსტიტუციის) და მის განსაკუთრებულ უფლებაში შედის გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, რომელსაც პრემიერმინისტრის კონტრასიგნაცია არ სჭირდება.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტის უფლებას შეადარებ საპრეზიდენტო სახელმწიფოების პრეზიდენტების (მაგალითად საფრანგეთის) უფლებამოსილებას ამ საკითხში, ადვილად მიხვდებით, თუ რა დაბალია წინა მოწვევის პარლამენტარების აზროვნების დონე (ზოგიერთის გამოკლებით), რადგანაც საფრანგეთის პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ “პრემიერ-მინისტრთან, პალატების თავმჯდომარეებთან, საკონსტიტუციო საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ” (მ. 16).

ხოლო თურქეთის პრეზიდენტი: “პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შეკრებილ მინისტრთა საბჭოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხედულებათა გათვალისწინებით შეუძლია გამოაცხადოს სამხედრო მდგომარეობა” (მ. 122).

ჩვენთან კი პრემიერმინისტრს, რეალურად ქვეყნის პირველ პირს, ძირითადი კანონის 73′- მუხლის მე-3 პუნქტმა წაართვა ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება.

პარლამენტარები და შესწორებების ავტორები ისე ზერელედ მოექცნენ ამ და სხვა მუხლებს, რომ ვერც კი შეამჩნიეს, თუ როგორ მიანიჭეს პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის გაუქმების უფლება, რომელიც ადრე პარლამენტს ეკუთვნოდა (მ. 50, პ. 3′).

ან რა, პარლამენტარები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, არასამთავრობოები და იურისტები ვერ ამჩნევენ, რომ:

* პრეზიდენტი ფიცის დადების მაგივრად განცხადებას აკეთებს?

* ძირითადი კანონის რომელი მუხლი ითვალისწინებს პრეზიდენტის ან პარლამენტის მონაწილეობას მთავრობის წევრების თანამდებობებზე დანიშვნაგანთავისუფლებაში?

* კონსტიტუცია გარანტირებულ დამარცხებაზე ორიენტირებული დოკუმენტია?

ამას ნამდვილად ვერ ხედავენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოითხოვენ მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების წესის გაუქმებას, მაგრამ სხვები კარგად ამჩნევენ, რომ მათ ეს აურზაური მხოლოდ ხელისუფლებაში მოსახვედრად სჭირდებათ.

და, რადგანაც მოქმედი კონსტიტუცია კონკრეტულ პიროვნებაზეა მორგებული და სახელმწიფოსათვის ბევრ სახიფათო რისკს შეიცავს, რაც დღევანდელმა სიტუაციამაც დაადასტურა, მიზანშეწონილია:

კონსტიტუცია დაუბრუნდეს თავის პირვანდელ ვარიანტს, მანამდე კი შესწორებებია შესატანი 50-, 69-, 71-, 73-, 98- და მე-100 მუხლებში, რომლებიც ეხება ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საკითხებს.

რაც შეეხება პრეზიდენტს, მისი უფლებამოსილებიდან მიზანშეწონილია ამოღებულ იქნას:

 * მთავრობასთან, ან სხვა კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა;

 * შეზღუდოს მოქალაქეობისა და თავშესაფრის მიცემის უფლება უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

და რადგანაც შესწორებები კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილზე იყო მორგებული, რომელიც 100% იყო დარწმუნებული, რომ მხოლოდ ის იქნებოდა მომავალი პრემიერმინისტრი (ის, რომ შესწორებები კონკრეტულ პიროვნებაზე იყო გათვლილი, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა).

ან იარაღის სამალავების არსებობა რად ღირს! ეს თემა დღესაც ძალიან აქტუალურია. რისთვის ემზადებოდა და რისთვის სჭირდებოდა იარაღი “ნაცმოძრაობას”? გასაოცარია, რატომ არ არის გამოძიებული დღემდე ეს დანაშაული. ყოფილი თავდაცვის მინისტრის _ დიმიტრი შაშკინის მტკიცება, რომ ეს იარაღი პარტიზანული მოძრაობისათვის იყო განკუთვნილი, კრიტიკას ვერ უძლებს. დასადგენია კიდევ სად იმალება იარაღი. იქნებ ისევ შაშკინისგან შევიტყოთ.

ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიკიდან, ხასიათიდან და ქმედებებიდან გამომდინარე გამორიცხული იყო, რომ ძირითადი კანონი დემოკრატიული და სიტყვის, ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი ყოფილიყო. ის ხომ პარლამენტს დასცინოდა, აბუჩად იგდებდა, პარლამენტარებს კი თავმოყვარეობა წაართვა (ზოგიერთის გამოკლებით).

და, თუ დღეს პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები და იურისტები ვერ ერკვევიან, ვინ ვინ არის, ეს წინა პარლამენტის, პრეზიდენტის, ვენეციის კომისიის, გერმანელი ექსპერტებისა და ევროპის სახალხო პარტიის ბრალია. ასეთი კონსტიტუცია დიქტატურის დასამყარებლად უფროა მომზადებული, ვიდრე დემოკრატიის ზეიმისთვის.

პატივისცემით,

ალექსანდრე ტოლსტოი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here