Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველო ივანიშვილის შეცდომებს იმკის

საქართველო ივანიშვილის შეცდომებს იმკის

525

მარგველაშვილი პოლიტიკაშიც გამოცდილია, კარგი ანალიტიკოსია, კარგი ექსპერტი. ყველაზე მეტად, სადაც რა გამიჭირდება, გიორგის ვეძახი და ვეკითხები აუცილებლად, 2-3 კაცი მყავს ასეთი, რომლებთანაც ნებისმიერ საკითხზე შემიძლია საუბარი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ”.

ბიძინა ივანიშვილი, 2013 წ. მაისი


საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.”

ალექსანდრე ჭაჭია, 2013 წ. თებერვალი

მარგველაშვილის წარსული თავიდანვე რომ შეგვესწავლა, ის ახლა პრეზიდენტი არ იქნებოდა. მას ნაზად მიანიშნეს, რომ სასახლიდან გამოსულიყო, მაგრამ ყურად არ იღო… არაფრით დატვირთული არ არის”.

ბიძინა ივანიშვილი, 2015 წ. ოქტომბერი

24 ოქტომბერს საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, აწ უკვე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა თავისი მორიგი სატელევიზიო ინტერვიუთი კიდევ ერთხელ მოახერხა ქართველი საზოგადოების აღშფოთება. ივანიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ წაუკითხა ლექცია “წარმატების ფორმულაზე” და ისიც გვამცნო, რომ ხალხის ბედი აწუხებს, თორემ თვითონ “ნაძვნარში” ცხოვრობს და თავს შესანიშნავად გრძნობს.

მთავარი “მოქალაქის” კრიტიკის სამიზნეში პრეზიდენტი მარგველაშვილი აღმოჩნდა. ივანიშვილმა “ვაჟკაცურად” აღიარა თავისი დანაშაული და განმარტა, რომ შეეშალა და არ იცნობდა მომავალ პრეზიდენტს…

აქ გაგახსენებთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომლებიც მან 2013 წლის 11 მაისს საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენისას წარმოთქვა: ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, იდეალური ვარიანტი, ასეც ვიტყოდი. თუ რამე ღირსება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თანაც ამ პოსტზე, ყველა ღირსება მას აქვს ჭარბად. განათლება, მეცნიერება, კრეატიულობა, კრიზისულ სიტუაციაში უნიკალურია გიორგი, მენეჯმენტი, კარგი პრაქტიკა აქვს გავლილი, ამაშიც გამოცდილია, პოლიტიკაშიც გამოცდილია, კარგი ანალიტიკოსია, კარგი ექსპერტი. ყველაზე მეტად, სადაც რა გამიჭირდება, გიორგის ვეძახი და ვეკითხები აუცილებლად, 2-3 კაცი მყავს ასეთი, რომლებთანაც ნებისმიერ საკითხზე შემიძლია საუბარი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ”.

მანამდე კი, ვიდრე ივანიშვილი ამ ფრაზას წარმოთქვამდა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში (#6. 20-26 თებერვალი, 2013 წ.) თქვა: საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა.

ახალი პრეზიდენტი არაფრით უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების აღქმაში ომთან და სისხლთან ასოცირდებიან. სასურველია, რომ იგი მათთვის პოზიტიურად ცნობილი იყოს, თუმცა, შესაძლოა, ის იყოს აბსოლუტურად ახალი სახე. მთავარია, იგი აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას _ 1-2 წელიწადში ვითარების კარდინალურად შეცვლას…

სხვათა შორის, ვთავაზობდი, დაევალდებულებინათ პრეზიდენტი, უკვე 1-2 წლის შემდეგ ამ მიმართულებით თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები წარედგინა საზოგადოებისთვის. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტობაზე პრეტენდენტთა რაოდენობა არ იქნებოდა ორ-სამზე მეტი და მათთვისაც თხოვნა იქნებოდა საჭირო, კენჭი ეყარათ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობის კისერზე დასვას მაღალი რანგის უსაქმური, რომელიც დახვდება უცხოელ სტუმრებს, ხელს მოაწერს მთავრობის მიერ მომზადებულ ქაღალდებს და პერიოდულად ტელევიზორის ეკრანიდან მოგვიყვება, თუ როგორ ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს ეს ხელისუფლება.

საერთოდ, ივანიშვილის ქცევიდან, მისი საკადრო პოლიტიკიდან, რიტორიკიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენი კონფლიქტების მოგვარება არც პირადად მისთვის და არც ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. თუ შენიშნეთ, აფხაზეთის თემა საქართველოს საჯარო პოლიტიკიდან შეუმჩნევლად ამოვარდა. არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არსებითად, ამ საკითხს არ ეხება. რაკი აცნობიერებენ, რომ მათგან ვერც ერთი ახერხებს, თუნდაც შეუდგეს ამ პრობლემების მოგვარებას, ცდილობენ, გვერდი აუარონ, ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლონ, არ გაამახვილონ საზოგადოების ყურადღება ამ, მათი აზრით, უიმედო თემებზე.

თუთიყუშივით იმეორებენ ივანიშვილის გაუგებარ სენტენციას: “ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ აყვავებულ საქართველოს”. რომელმა აფხაზმა გიწოდა ძმა? რომელი ოსი დაგთანხმდა ერთად ქვეყნის აშენებაზე?”

2015 წლის 24 ოქტომბერს კი ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილზე ვრცლად ისაუბრა: თავიდანვე რომ შეესწავლათ მარგველაშვილის ბიოგრაფია, ის ახლა პრეზიდენტი არ იქნებოდა. პრეზიდენტმა კონკრეტულ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ერთადერთი პირობა დამიყენა მარგველაშვილმა, როცა საუბარი იყო პრეზიდენტობის კანდიდატურაზე, მე დაცვით არ ვივლი, ხალხთან ახლოს უნდა ვიყოო და დანახარჯებიც ნაკლები იყოსო. თუ გავიხსენებთ ამ კაცის მოთხოვნებს პრეზიდენტობამდე, რომ მას უნდოდა დაცვის გარეშე სიარული, ეს კაცი იმ მარგველაშვილს უპირისპირდება, რომელიც პრეზიდენტი არ იყო. საკუთარ ხასიათს უპირისპირდება. მისი წარსული თავიდანვე რომ შეგვესწავლა, ის ახლა პრეზიდენტი არ იქნებოდა. მას ნაზად მიანიშნეს, რომ სასახლიდან გამოსულიყო, მაგრამ ყურად არ იღო… არაფრით დატვირთული არ არის, დიდი სტაფი მაგას არა ჰყავს. თავად რომ აცხადებს, რომ კონსტიტუციის დამცველი და დარაჯია, თვითონ უნდა დაიცვას კანონები. ასეთი სააკაშვილიც იყო”.

ფაქტია, ივანიშვილიც მარგველაშვილივით საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როდესაც ამბობს, რომ მარგველაშვილს არ იცნობდა, რადგან თვითონვე გამოგვიცხადა, რჩევას სწორედ მას ვეკითხებოდიო…

პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიას თვალით დანახულ საქართველოს პრეზიდენტსა და ივანიშვილის შერჩეულ კანდიდატს შორის სხვაობაზე დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე და პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე გვესაუბრებიან.

ვინ დაელაპარაკება ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც ივანიშვილი ამაიმუნებს?!”

ვასილ ჭიჭინაძე:

_ ბატონო ვასილ, რამდენიმე დღის წინათ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილს არ ვიცნობდი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე არ შემოგთავაზებდითო…

_ მართალს ამბობდა პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია თქვენს გაზეთთან ინტერვიუში: “საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება!”. პრეზიდენტს ჩვენი ფულით ვარჩენთ, მაგრამ ასეთი პრეზიდენტი გინდ ყოფილა, გინდ არა… რატომ გვაიძულებენ, ვარჩინოთ? ეს საპარლამენტო ქვეყანააო, _ გვარწმუნებენ, მაგრამ ასე არ არის. ეს ქვეყანა არც საპარლამენტოა და, საერთოდ, რა არის, არავინ იცის.

მთავრობისთვის, ალბათ, სასურველი იყო, მარგველაშვილი მორჩილი პრეზიდენტი ყოფილიყო, მაგრამ, წესით, მას მორჩილება არ ეკუთვნის. თანამდებობას ადამიანი ქმნის და არა _ თანამდებობა ადამიანს. მარგველაშვილი პლასტელინი არ გამოდგა, როგორც ივანიშვილს ეგონა. არადა, ბევრმა იცოდა, რომ მარგველაშვილი პლასტელინი არ იყო. ვინც ამის შესახებ იცოდა, ალბათ, იმ ადამიანებმა ივანიშვილს ვერ გაუბედეს ამის თქმა.

ივანიშვილს გააზრებული არ ჰქონდა, პრეზიდენტად ვის ნიშნავდა, მას მორჩილი კაცი უნდოდა, მაგრამ ასეთი პრეზიდენტი ქვეყანას რისთვის სჭირდებოდა, ეს უკვე აღარ ვიცი.

ამ შემთხვევაშიც მართალია ალექსანდრე ჭაჭია, ის ამბობდა: პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა”. საქართველოს არ სჭირდება უფუნქციო პრეზიდენტი. ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები აქვს დაკარგული, ამიტომ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი ენდობა და რომელიც შეძლებს, საერთო ენა გამონახოს აფხაზებთან, ოსებთან და მეზობელ ქვეყნებთანაც. კონსტიტუციით მას სწორედ საგარეო საქმეების აწყობა ევალება. გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ყველა დაელაპარაკება. ახლა მას არ ელაპარაკებიან, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ბიჭია, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა ამბობს, ის არაფერს წარმოდგენს, არავინ არისო. რომელი ქვეყნის პრეზიდენტი დაელაპარაკება პრეზიდენტს, რომელსაც თავის ქვეყანაში არავინ არაფერს ეკითხება? უფრო მეტიც, აგინებენ, აკრიტიკებენ. ვინ დაელაპარაკება ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც ივანიშვილი ამაიმუნებს?!

ძლიერი ადამიანი ამ თანამდებობაზე სხვანაირად მოიქცეოდა, მაგრამ ვაღიაროთ ისიც, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს _ საქართველო არშემდგარი ქვეყანაა.

საქართველოს მართავს ადამიანი, რომელსაც თანამდებობა არ აქვს, არაფერს აწერს ხელს, თუმცა ვაღიაროთ, რომ ივანიშვილი ხალხმა მოიყვანა, მას ცეცხლითა და მახვილით არ დაუპყრივართ, ჩვენ მივეცით ლეგიტიმაცია და ვაქციეთ “ბიძინად”… მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების აღიარების მეტს მისგან არაფერს ვისმენთ, ივანიშვილს მაინც სჯერა, რომ ხალხის “ჭარბი ნდობით” სარგებლობს. ამ ყველაფერის შემდეგ ამ ქვეყანას ქვეყანა ჰქვია?

ამდენი შეცდომის შემდეგ, რომლებიც ივანიშვილმა დაუშვა და რასაც საჯაროდ აღიარებს, მის ადგილას სხვა ადამიანი დაბრუნდებოდა და თავის გაფუჭებულ საქმეს მიხედავდა. ივანიშვილს სახლში ჯდომის უფლება არ აქვს!

პრეზიდენტი _ უვარგისი, პარლამენტი _ უმაქნისი, დედაქალაქის მერი _ უუნარო… ყველა ისინი ივანიშვილის ხათრით არიან არჩეულნი, ის კი წავიდა და სახლში დაჯდა. ალექსანდრე ჭაჭიამ თავის ინტერვიუში თქვა: “ახალი პრეზიდენტი არაფრით უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან”. არადა, მარგველაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ “ნაცების” მეგობარი იყო, ის ყველგან ამბობს, რომ ლევან რამიშვილის უახლოესი მეგობარია. ასეთი კაცის ნდობა კი არ შეიძლებოდა. მარგველაშვილმა ივანიშვილის მიერ “გაკრეფილი შუა” შემოიკრიბა, ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნას ცდილობს, არავინ უსმენს, მაგრამ მაინც ცდილობს, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ასე რომ, ქვეყანა ივანიშვილის შეცდომებს იმკის. დღეს მარგველაშვილის იმპიჩმენტიც პრობლემაა…

მარგველაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არავინ იცნობდა, ის ახლა ცდილობს პოლიტიკოსის იმიჯის შექმნას, მაგრამ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის, სახელმწიფო საკითხების გადაწყვეტას ვერ შეძლებს. უბრალოდ, მას არც ერთი ქვეყნის ლიდერი არ აღიქვამს სერიოზულად. მარგველაშვილს საქართველოში წონა და გავლენა არ აქვს.

ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა მარგველაშვილის გაპრეზიდენტებით, მაგრამ პრეზიდენტიც მატყუარა გამოდგა. ყველაფერი, რასაც მანამდე ამბობდა, უკუღმა გააკეთა. მარგველაშვილმა ხალხი მოატყუა.

საქართველო დღეს გაუგებარ მდგომარეობაშია. ერი ვართ, მაგრამ სახელმწიფო არ ვართ. ტერიტორიები დაკარგულია, მეზობლებთან არ გვაქვს კარგი ურთერთობა, მოსახლეობის ერთი მესამედი სიღატაკის ზღვარს მიღმაა და დახმარების პროგრამაშია ჩასმული, ამდენივე ცდილობს, როგორმე მოხვდეს ამ პროგრამაში. ასეთ ქვეყანას რა ჰქვია? ქართველები არასასურველი ვართ ევროპისთვის, ნატოსთვის, არ გაქვს ურთიერთობა რუსეთთან და, საერთოდ, ქვეყანას, რომელსაც საზღვრები არ აქვს, რამე ჰქვია?

სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ისეთ ადამიანს არ უსმენენ, როგორიც ალექსანდრე ჭაჭიაა… ჩვენ მართლაც გვჭირდებოდა პრეზიდენტი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ააწყობდა, დაალაგებდა. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემით დაინტერესდებოდა, მეზობლებს შემოირიგებდა, დაელაპარაკებოდა. ევროპასთანაც ცალმხრივ ურთიერთობასა და ხვეწნას კი არ დასჯერდებოდა, არამედ სრულყოფილ ურთიერთობებს ააწყობდა.

გვჭირდება მთავრობა, რომელიც მხოლოდ ფურცელზე კი არ დაწერს, რომ ტერიტორიები დასაბრუნებელია, არამედ იმოქმედებს და შედეგსაც მიაღწევს.

_ ივანიშვილი პრეზიდენტის არჩევნებში რომ არ ჩარეულიყო, უკეთესი იქნებოდა?

_ შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, ხალხმა კარგად იცოდა ყველა კანდიდატის წარსული. საერთოდ, კარგი არ არის არჩევნებზე ზემოქმედება, მაგრამ, თუ ამას მაინც აკეთებ, პასუხისმგებლობა თავიდან არ უნდა აიცილო.

_ კვლავ სარგებლობს ივანიშვილი ნდობით? შეძლებს, თავისი კანდიდატები კიდევ ერთხელ მოგვახვიოს თავს?

_ ჭარბი ნდობით სარგებლობს თბილისში, “მწვანე ინტელიგენციაში”. მას ბევრი ემადლიერება, რადგან პენსიას დღემდე უხდის, თუმცა მეეჭვება, მისი დაკვეთით ხალხმა კიდევ ერთხელ აირჩიოს ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ განაცხადა, “ქართულ ოცნებას” სათავეში ჩავუდგებიო.

უმძიმესია საკადრო შეცდომა, რომელიც დაუშვა ბიძინამ მარგველაშვილის გაპრეზიდენტებით”

ჯუმბერ კირვალიძე:

_ სრულიად ვეთანხმები ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას მოსაზრებას პრეზიდენტის ინტიტუტის შესახებ, რომელზეც 2012 წლიდან საუბრობდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სიტყვები ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა.

აი რას ამბობდა ის წლების წინათ: საქმე ისაა, რომ ეკონომიკაში სწრაფი წარმატებები ვერ მოხდება, მიღწევათა შედარება ჯერჯერობით ამ ხელისუფლების სასარგებლოდ ვერ იქნება, სულიერ-ზნეობრივ სფეროშიც, როგორც უკვე ვისაუბრეთ, სერიოზული ძვრების იმედი არ უნდა გვქონდეს, ხმაურიანი სასამართლო პროცესების მეშვეობით შესაძლებელია ხელისუფლების რეიტინგის შენარჩუნება, მაგრამ დიდი ხნით _ არა”. დიახ, დღეს ზუსტად ის შედეგია, რომელზეც ალექსანდრე ჭაჭია საუბრობდა 3 წლის წინათ. აბსოლუტურად ვიზიარებ ბატონი ჭაჭიას ამ მოსაზრებასაც: ახალმა ხელისუფლებამ ნდობის შესანარჩუნებლად პოზიტიურ შედეგებს უნდა მიაღწიოს იმ მიმართულებით, რომელშიც წინა ხელისუფლებამ სრული კრახი განიცადა. ეს მიმართულებაა რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების აღდგენა”. სხვათა შორის, ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება ჯერ კიდევ 2013 წლის მარტსა და მაისში გამოვთქვი ჩემს ორ სტატიაში.

დღეს აფხაზებისთვის, ისევე, როგორც ოსებისთვის, სულერთია, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, არც ელაპარაკებიან მას, მით უმეტეს, მარგველაშვილის მსგავს დემაგოგს, რომელსაც იმ გუნდშიც კი არ აქვს ავტორიტეტი, რომელმაც იგი პრეზიდენტად “დასვა”. ამ კონტექსტში გავიხსენოთ მარგველაშვილის “გაპრეზიდენტების” პერიპეტიები. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტობის პირველი კვირებიდანვე მარგველაშვილი ცდილობს საპრეზიდენტო ინსტიტუტის როლის გაზრდას სახელმწიფო მმართველობის ვერტიკალში. არადა, ბიძინა ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად მარგველაშვილის დასახელება ემსახურებოდა სულ სხვა მიზანს, რომ მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტს, ხელი შეეწყო საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის, ანუ მარგველაშვილი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი-არბიტრი და არა _ მთავარი პოლიტიკური ფიგურა სახელმწიფოში, რის ამბიციებსაც მარგველაშვილი სულ უფრო მზარდად ავლენს. საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის ინიცირებაც სააკაშვილის პერიოდში დაიწყო და რომელიც ითვალისწინებდა პრემიერმინისტრის როლის ამაღლებასა და პრეზიდენტის ფუნქციების მაქსიმალურად შეზღუდვას, ახალ პრეზიდენტს მოღვაწეობა მოუწევდა, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაც მარგველაშვილმა კარგად იცოდა. ეს ნიუანსები შეთანხმებული იყო იმჟამინდელ პრემიერთან. აქედან გამომდინარე წამოაყენა ივანიშვილმა მარგველაშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში და სწორედ მისი მხარდაჭერის შედეგად აირჩიეს პრეზიდენტად მარგველაშვილი.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მარგველაშვილს ამბიციები გაუჩნდა, პლასტელინობას შეეშვა და ივანიშვილთან კონფლიქტმაც არ დაახანა. ივანიშვილ-მარგველაშვილის ეს შემთხვევა “პოლიტიკური გადაგდების”კლასიკური მაგალითია, სადაც ივანიშვილი “ცამდე მართალია” საპრეზიდენტო ინსტიტუტზე “მზრუნველ” მარგველაშვილთან. ამას ერთვის ქვეყნის პირველ პირებს შორის ანტაგონიზმი, რომელიც განპირობებულია მარგველაშვილის ფაქტორით. პრეზიდენტი უპირისპირდება გუნდურ გადაწყვეტილებებს და ცდილობს, “დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის შექმნას”, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის საგარეო იმიჯზე, ხოლო ქვეყნის შიგნით ზრდის მოსახლეობის უნდობლობას ხელისუფლებისადმი. ამიტომ მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, მითუმეტეს, როცა ორიოდე დღის წინათ მარგველაშვილმა პირდაპირ დაადანაშაულა პრემიერი ღარიბაშვილი ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბულობის ინსპირირებაში, პრეზიდენტთან თანამშრომლობა უნდა იქნას მაქსიმალურად შეზღუდული და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ამას ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები მოითხოვს, უნდა მოხდეს ურთიერთობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მეორე და მესამე დონის თანამშრომლების მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ პრეზიდენტ მარგველაშვილთან ისეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორიც მოძალადე პრეზიდენტ სააკაშვილთან, როცა ის წლის განმავლობაში, 2013 წლის ოქტომბრამდე, “კოჰაბიტირებულად” იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას. ჩემი აზრით, ამ დღეებში მარგველაშვილის ინიციატივით ავლაბრის სასახლეში მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციების მთავარი მიზანი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაა, რათა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მარგველაშვილმა მხარდამჭერი საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი შეაკოწიწოს. დააკვირდით, მარგველაშვილი ყველა პოლიტიკურ ძალას წითელ კოჭს უგორებს დევიზით: “ყველა, მინუს “ქართული ოცნება!”, რომელთანაც საშვილიშვილოდ გაიფუჭა ურთიერთობა და ეს მან ბრწყინვალედ იცის. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში ქართული ოცნების” დამოკიდებულება მარგველაშვილისადმი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც სააკაშვილისადმი. თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საშუალებას მისცემს “ქართულ ოცნებას”, რომ განხორციელდეს მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც დღეს შეუძლებელია, მაშინ ეს პროცედურა ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე უნდა დაიწყოს.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის შერჩევისას აუცილებელია ყველა იმ მოსაზრების გათვალისწინება, რომლებზეც ალექსანდრე ჭაჭია ამახვილებდა ყურადღებას თავის სამი წლისწინანდელ ინტერვიუში, რადგან ჩვენი ქვეყნის ურთულესი პრობლემების გადასაჭრელად პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ მაღალი პასუხისმგებლობის, განათლებისა და პროფესიონალიზმის მქონე პიროვნებაა საჭირო, რომელსაც შესაბამისი ავტორიტეტი და ურთიერთობები აქვს კონფლიქტის ყველა მხარესთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსთვის სასიცოცხლო პრობლემის მოგვარებას _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

საზოგადოდ კი, უმძიმესია საკადრო შეცდომა, რომელიც დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილის გაპრეზიდენტებით.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. ეს ის შემთვევაა როცა ბიძინაზე მეტი გამოცდილება გაქვს ურთიერთობის საკითხებში და ვერ გაუზიარებ, წვდომის გარეშე. \\\”არ შეიძლება დაეყრდნო იმას, რაც წინაღმდეგობას არ გიწევს\\\”, ბრმა შემსრულებელი პოტენციალური მოღალატეა, – დაიმახსოვრე ბიძინა.. ეს განსაზღვრა გენიალურ კაცს ეკუთვნის, ძალიან დიდ კაცს, ბუმბერაზ კაცს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here