Home რუბრიკები ისტორია როგორ შენდებოდა ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესი _ ენგურჰესი

როგორ შენდებოდა ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესი _ ენგურჰესი

1698

ხუდონჰესი რომ აგვეშენებინა, საქართველო უზარმაზარ სიძნელეებს ასცდებოდა

“ენგურის ჰიდროელექტროსადგური _ უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში… ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათასი კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათასი კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი #1 (სიმძლავრე 220 ათასი კვტ) და სამი 40 ათასი კვტ სიმძლავრის ჰესი.

ენგურჰესის საპროექტო სიმძლავრეა 1640 ათასი კვტ, საშუალო წლიური გამომუშავება _ 5,46 მლრდ კილოვატსაათი. ჰესის ნაგებობებში შედის 271,5 სიმაღლის უნიკალურ თაღოვანი კაშხალი, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის წყალსაცავს (მოცულობა _ 1 მლრდ კუბური მეტრი, სიგრძე _ 30 კმ); სადერიკაციო გვირაბი (დიამეტრი _ 9 მეტრი, სიგრძე _ 15 კმ), რომელიც მთავრდება მათანაბრებელი კოშკით (დიამეტრი _ 16 , სიმაღლე _ 167 ). სადერივაციო გვირაბი ჰიდროაგრეგატებს წყლით კვებავს 451 სიგრძის 5 სადაწნეო გვირაბის საშუალებით. ნაგებობათა კომპლექსში შედის, აგრეთვე, მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით. მისი ტურბინებიდან წყალი გამყვანი გვირაბით (სიმაღლე _ 13 , სიგრძე _ 3,2 კმ) მიემართება #1 ვარდნილჰესის წყალსაცავში. ვარდნილჰესებისთვის შექმნილია, აგრეთვე, გალის წყალსაცავი, მოცულობა _ 1-1,9 მლნ კუბური მეტრი”. (ქსე, . IV, გვ. 150).

_ ბატონო ბაკურ, ენგურჰესი საკავშირო მნიშვნელობის მშენებლობად იყო გამოცხადებული.

_ დიახ, ასე იყო. საბჭოთა კავშირში მცხოვრები 30 ეროვნების 12 ათასზე მეტი მუშა-მოსამსახურე ყოველდღე გამოდიოდა სამუშაოდ. 30 ათასზე მეტნი იყვნენ ოჯახების წევრების ჩათვლით, რომლებიც რამდენიმე დასახლებაში ცხოვრობდნენ და მათი (დასახლებების) არეალი ას კილომეტრზე მეტ მანძილზე ვრცელდებოდა.

_ იგულისხმება, რომ მათი კვალიფიკაცია უმაღლესი დონისა იყო.

_ რა თქმა უნდა. ისიც უნდა გითხრათ, რომ ათწლეულების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მშენებლობაზე ადგილობრივი კადრები გაიზარდა. და კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი მომენტი:

საბჭოთა კავშირის ელექტრიფიკაციის პირველი გეგმით (“გოელროს” გეგმით) ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აგება რამდენიმე სხვა ჰესთან ერთად იყო გათვალისწინებული. ეს იყო კავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური. მან შექმნა საქართველოში ენერგომშენებლების პირველი ეროვნული კადრების მომზადების უნიკალური სკოლა. მომდევნო წლებში საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული სამშენებლო ორგანიზაციები, რომლებიც მთელ ქვეყანაში და საზღვარგარეთაც აშენებდნენ ჰესებს. ერთადერთი გამონაკლისი ამ სივრცეში იყო საქართველო, რომელსაც ჰიდრომშენებლების ეროვნული კადრები ჰყავდა: ამ საფუძველზე ჩვენთან შეიქმნა სპეციალიზებული ორგანიზაციები, რომელთაც ჰიდროელექტროსადგურების თავიდან ბოლომდე აშენება შეეძლოთ.

დაგისახელებთ: “კაშხალმშენი”, “გვირაბმშენი”, ორგანიზაცია ძალოვანი კვანძის მშენებელი და .. ყველგან, მათ შორის უკრაინაშიც კი, ჰესებს საკავშირო ორგანიზაციები აშენებდნენ.

ზაჰესს კვალად მოჰყვა ჰესების მთელი წყება, ბოლოს _ რიონჰესი, ხრამჰესი, ორთაჭალჰესი, ლაჯანურჰესი და ენგურჰესი.

ენგურჰესზე ტურბინების დაკომპლექტებისა და ელექტროსამონტაჟო სამუშაოებს, ასევე, სპეციალიზებულ სამუშაოებს საკავშირო ორგანიზაციები ასრულებდნენ. ძირითად სამუშაოებს ქართული ორგანიზაციები ეწეოდნენ, რომლებსაც ჰყავდა კვალიფიციური მუშათა და ინჟინერ-ტექნიკოსთა თავისი კონტიგენტი _ გვირაბგამყვანები, კაშხალმშენებლები და ა.შ.

_ სიტყვამ მოიტანა და, მოდით, გადავიდეთ წარმოების მეთაურებზე, მშენებლობის უფროსებზე. მათგან რამდენიმე უკვე დაასახელეთ _ ცისკარიშვილი, ესაკია

_ მიხეილ ცისკარიშვილი იყო მეათე უფროსი, რომლის ხელშიც ამოქმედდა სიმძლავრეები.

ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულმა გადაწყვეტილებამ ენგურჰესის მშენებლობის დაჩქარების შესახებ დიდი არევ-დარევა და მშენებლობის ვადების დარღვევა გამოიწვია. ამის გამო სხვადასხვა დროს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან მშენებლობის ცხრა უფროსი. გავრცელდა ხმები, რომ ენგურჰესზე იპარავდნენ, იტაცებდნენ სამშენებლო მასალებს და სწორედ ამის გამო ვერ სრულდებოდა გეგმები და მშენებლობაც ამიტომ ჭიანურდებოდა.

_ იქნებ, აქვე თქვათ, რა რეაქცია ჰქონდა ამ ბრალდებაზე საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას?

_ აუცილებლად გეტყვით, მაგრამ ჯერ დაწყებულ თემას მივყვეთ.

_ ნება თქვენია.

_ რა ხმებიც გავრცელდა, გითხარით, მაგრამ პრობლემა სხვა იყო, რომელიც კარგად იცოდა ენერგეტიკის საკავშირო მინისტრმა პეტრე ნეპოროჟნიმ. ამაზე წინა ინტერვიუში უკვე ვისაუბრეთ. ნეპოროჟნიმ მშენებლობის უფროსად ესაკიას ნაცვლად ცისკარიშვილი რომ მოიყვანა და კოლექტივს წარუდგინა დიდ თათბირზე, თქვა: მას (ცისკარიშვილს), კაცს თუ არ მოკლავს, ხელს არ ვახლებ, მან უნდა დაასრულოს მშენებლობაო.

გვერდს ვერ ავუვლი უაღრესად დიდ პიროვნებას _ ნიკოლოზ ესაკიას, გენერალ-მაიორს, საბჭოთა კავშირის გმირს, რომელიც ფოთელი გახლდათ. იგი აშენებდა დახურულ, გასაიდუმლოებულ ობიექტებს ციმბირში, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი გერმანიასთან ომისთვის ემზადებოდა. იქ მზადდებოდა მოედნები ომის შემთხვევაში საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილიდან სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების საწარმოების გადმოსატანად. სტალინის ეს გათვლა რეალობად რომ იქცა, ამან ბევრად განსაზღვრა ფაშიზმის წინააღმდეგ ომის ბედი. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი ნიკოლოზ ესაკიას ეკუთვნოდა. მის ამ დამსახურებაზე წერდა საბჭოთა კავშირის საშუალო მანქანათმშენებლობის მინისტრი, სამგზის სოციალისტური შრომის გმირი სლავსკი თავის წიგნში: დადგება დრო, როცა ეს ობიექტები განსაიდუმლოვდება, მოვლენ ახალი თაობები და ძეგლს დაუდგამენ ნიკოლოზ ესაკიას.

ეს კაცი ვასილ მჟავანაძემ მოძებნა და, როცა ენგურჰესის მორიგი უფროსი გაათავისუფლეს, მისი ადგილის დასაკავებლად მოიწვია. ესაკიამ სასწაულები მოახდინა მშენებლობაზე, როგორც დიდმა ორგანიზატორმა და უაღრესად ნიჭიერმა ხელმძღვანელმა. ურთულეს ამოცანებს წყვეტდა იმ კავშირების წყალობით, რომლებიც საკავშირო ხელმძღვანელ სფეროებში ჰქონდა.

როცა ამ პიროვნებამ დაინახა, რომ დიდი მოჩვენებითობა თამაშდებოდა, და ხრუშჩოვის დროს გამრუდებულ საქმეს, რომელიც ინერციით გრძელდებოდა და დათქმულ ვადებში განხორციელება არ ეწერა, რადგან იმთავითვე ბლეფი იყო, მოიწვია მშენებელთა პარტიულ-სამეურნეო აქტივის კრება, სადაც განაცხადა, რომ მიდიოდა. ვერავითარმა თხოვნამ ვერ გაჭრა _ ვერც ვასილ მჟავანაძის, ვერც საკავშირო მინისტრის მუდარამ. თქვა და შეასრულა.

მოგვიანებით დათანხმდა კონსულტანტობას “თბილგვირაბმშენში”, სადაც, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის ურთულეს პერიოდში, მაგრამ ეს უკვე ცალკე თემაა…

კაშხალმშენს ხელმძღვანელობდნენ მირიან ებრალიძე, ნოდარ ემხვარი, ნოდარ შარტავა და სხვა ცნობილი ჰიდრომშენებლები. გვირაბმშენს სათავეში ედგა სტალინური პრემიის ლაურეატი გიორგი წულეისკირი, ასევე, ხონძი შელია, ჯემალ ჭანტურია და სხვები. ძალოვანი კვანძის, ანუ მიწისქვეშა სადგურის მშენებლობას _ ასევე ცნობილი ჰიდრომშენებლები _ უშანგი გოჯიაშვილი, ივერი მაისურაძე, მოველი ჭაავა, რენალდ დგებუაძე, ავთანდილ ჩალაძე, გიორგი ცნობილაძე და ა.შ.

საკავშირო ხელმძღვანელობა საკუთარი შეცდომების გამართლებას მშენებლობის მთავარი ინჟინრისა და გადამწყვეტი უბნების ხელმძღვანელების გაშვებითა და სხვა რესპუბლიკებიდან კადრების ჩამოყვანით შეეცადა. სახელოვანი ქართველი ჰიდრომშენებლების ჩანაცვლებას ჩემი მხრიდან (მოგეხსენებათ, პარტკომის მდივანი ვიყავი) ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. რაც შეიძლებოდა, ეს მწვავე პრობლემა გავანეიტრალეთ.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი მოგვარდა, მშენებლობა სასურველი ტემპით წარიმართა და 1978 წელს სიმძლავრის გაშვებით დამთავრდა, თუმცა შესასრულებელი შემდეგაც ბევრი იყო.

_ ახლა შეიძლება ქართველების მიერ სამშენებლო მასალებისმოპარვისამბავზე გადახვიდეთ?

_ ჩემს ბიოგრაფიაში ერთი ასეთი საინტერესო მომენტია. ვმუშაობ საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და ხშირად მიწევს მოსკოვში მივლინებით ჩასვლა. საქართველოს წარმომადგენლობიდან (ფალიაშვილის ქუჩაზე) ერთხელ რომ გამოვედი, ვხედავ, შესასვლელთან დგას წეროსავით მაღალი და ლამაზი კაცი _ ირაკლი აბაშიძე. გამიკვირდა, რადგან ჩემი ხანგრძლივი დაკვირვებით, პოეტები ასე ადრე არ დგებიან. მივესალმე დიდი სიყვარულით. შემომხედა აშკარად რაღაცით შეწუხებულმა და მითხრა:

_ ცუდი ამბავი უნდა გითხრა. ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე გარდაიცვალა. არ მითხრა, თათბირზე მივდივარო. მოდი, ერთად წავიდეთ და პატივი მივაგოთო.

ცხადია, დავრეკე საგეგმო კომიტეტში, ავუხსენი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ დამაგვიანდებოდა. გავყევი ირაკლი აბაშიძეს და დავესწარი გამოსათხოვარ მიტინგს.

_ სამგლოვიარო მიტინგს?

_ გამოსამშვიდობებელს: ცხედარი თბილისში უნდა გადმოესვენებინათ. მიტინგს ესწრებოდნენ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ყოფილი წევრები, მოქმედი წევრებიდან იყო მხოლოდ არვიდ პელშე _ დამკრძალავი კომისიის ხელმძღვანელი. სიტყვებით გამოსულები, ყველანი ტრადიციული, ტრაფარეტული კლიშით შემოიფარგლნენ, რომ გარდაცვლილი 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა და ა.შ. მაგრამ ერთი კაცის, უკრაინის ცეკას ყოფილი პირველი მდივნის, პოლიტბიუროს ყოფილი წევრის _ პეტრე შელესტის გამოსვლა სხვებისგან გამორჩეული იყო.

მან თქვა: “შენმა ხალხმა არ იცის, ვასილი პავლოვიჩ, რომ ხარ შენი ქვეყნის ეროვნული გმირი. შენ ბევრჯერ გადაარჩინე მშობლიური ხალხი შენი პირადი რისკის ფასად. დარწმუნებული ვარ, როცა ქართველი ხალხი ამას გაიგებს, გმირად გამოგაცხადებს.”

საქმე ის არის, რომ შელესტი თავისი მაღალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ლოიალური იყო უკრაინის ეროვნული მოძრაობის მიმართ, გულისტკივილიც გამოთქვა იმ სიტყვაში.

პრობლემა, რომელიც დღეს უკრაინაში ასეთი სიმწვავით გამჟღავნდა და უბედურებად შემოუბრუნდა ქვეყანას, საკმაოდ ძველია. სიმშვიდის შენარჩუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ ისეთი პოლიტიკის განხორციელებით, რომელიც პარიტეტს, ბალანსირების მეთოდს ეფუძნებოდა. ნებისმიერ მხარეს გადახრა, უბედურებას მოიტანდა. დღევანდელმა დღემ დაგვანახვა, რომ ეს შიში უსაფუძვლო არ იყო.

მჟავანაძე თბილისში ჩამოასვენეს. იმ დღეებში თბილისში ჩამოდის ენგურჰესელებისთვის კარგად ნაცნობი, მშენებლობის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი შუქრი ქირია. შემოდის ჩემთან კაბინეტში და მეუბნება, რომ თბილისში ვასილ პავლეს ძის დაკრძალვაზე იყო ჩამოსული.

_ კი, მაგრამ, თქვენ ხომ არასოდეს გქონიათ ახლო ურთიერთობა?! _ ხუმრობით გავიკვირვე.

მან მიპასუხა:

_ ენგურჰესის მშენებლობაზე რომ ჩამოვიდა მჟავანაძე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილთან და ცეკას მდივან ბორის გიგიბერიასთან ერთად, მე მათ წინ გზის გამკვლევივით მივუძღოდი, მაგრამ ცალი ყურით იმას ვუსმენდი, რას ლაპარაკობდნენ. ახალგაზრდა კაცი ვიყავი და ამ მაღალი თანამდებობის ადამიანების საუბარი მაინტერესებდა.

ესაკია ეუბნებოდა მჟავანაძეს, რომ ადგილობრივები იპარავენ ყველაფერს _ ხეტყეს, რკინის ნაწარმს, ხრეშს, ქვიშას. ასეთი უცნაური ხალხი არ მინახავსო.

მჟავანაძე ხმას არ სცემს.

ბეტონის ქარხანაში რომ მივიდნენ, ესაკია მჟავანაძეს ეუბნება, ბეტონსაც იპარავენო.

_ უცნაური კაცი ხარ შენ, ნიკოლოზ, _ უპასუხებს მჟავანაძე, _ ბეტონი, როგორც ვიცი, დიდხანს ვერ ძლებს და შეიკვრება.შორს ვერ წაიღებ.

ესაკიამ დაუდასტურა,_ კიო.

_ მაშასადამე, სადღაც ახლომახლო გამოიყენებენ. სოფლის მოსახლეობა ან ხიდბოგირს გააკეთებს (არავინ იცოდა, რომ ეს სამხედრო კაცი ამგვარ ტერმინოლოგიაში ერკვეოდა), ან ღობეს, ან სახლს აიშენებს, ბოლოს და ბოლოს. ჰესი ისეთი გიგანტური მშენებლობაა, რომ ასეთი წვრილმანი არც შეეტყობა. არ გინდა, რომ ხალხი აშენდეს და დასახლდეს?! დაანებე თავი, სხვა რამეზე ილაპარაკე!

_ ეს ჩემთვის,_ მითხრა შუქრი ქირიამ,_ მთელი მსოფლმხედველობის გადატრიალება იყოო: ერთი მანქანა ხრეშისა და ქვიშის “არადანიშნულებით” გამოყენებისთვის ესაკია გვიჭერდა.

რა თქმა უნდა, სიმკაცრე საჭირო იყო, მაგრამ, როცა საქართველოს ცეკას პირველი მდივნისა და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატისგან გაიგებ, _ ხალხმაც ისარგებლოსო, სრულიად მოულოდნელი და მანამდე წარმოუდგენელი რამე იყო.

ეს ამბავი ენგურჰესის მშენებლობაზე ჩემს მისვლამდე მოხდა. შუქრის კი სხვა ამბის მოყოლით გამოვეხმაურე.

მე ვიყავი იმ მანქანაში, რომელშიც შოფრის გვერდით იჯდა ცეკას მდივანი, შემდგომში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, ენგურჰესის მშენებლობის კურატორი ზურაბ პატარიძე, უკანა სავარძელზე კი _ მე და დამზადების იმჟამინდელი მინისტრი, შემდგომში ცეკას მდივანი შოთა ჭანუყვაძე ვისხედით.

ზუგდიდიდან რომ გამოვედით და ულამაზეს, წელში გამართულ სოფლებს რომ ჩავუარეთ, ზურაბ პატარიძე შემომიბრუნდა და მეუბნება:

_ კაცო, სანამ მშენებლობა დაიწყებოდა, ამ სოფლებში ქოხმახები იდგა. ახლა, ხედავ, რა სახლები წამოუჭიმავთ?!

უხაროდა ამ იმერელ კაცს.

ჭანუყვაძემ ჩამილაპარაკა გურული კილოკავით:

_ ბიჭო, თქვენ ხომ ხელს არ უშლით ამაში?

_ არა-მეთქი.

_ ჰოდა, არ შეუშალოთ. აშენდეს ხალხი, აშენდეს.

მივხვდი, რომ ვასილ მჟავანაძეს თავისი დამოკიდებულება მხოლოდ იმ სამი კაცისთვის კი არ უთქვამს (მიეხმარეთ ხალხსო), არამედ ასეთი იყო საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკა!

დღეს ვინმე თორთლაძის მომზადებული კანონით აკრძალულია ვასილ მჟავანაძის სახელის მინიჭება ქუჩისთვის, რადგან იგი (სახელი) ხალხს კომუნისტურ წარსულს გაახსენებსო.

არადა, ისინი დიდი პატრიოტები იყვნენ და მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, როგორ იცავდა ვასილ მჟავანაძე საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს.

ენგურჰესზე საუბარი ამით დავამთავროთ.

დასასრულ, ერთი პრობლემა აღვნიშნოთ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი რესპუბლიკა, რომელსაც ელექტროენერგეტიკული ბალანსი დადებითი არ ჰქონდა.

_ ენგურჰესმა ვერ შეავსო დანაკლისი?!

_ ამ ჰესის გარდა საბაზისო თბოელექტროსადგური უნდა აგვეშენებინა, რაც დღემდე ვერა და ვერ მოხერხდა.

_ ენგურჰესის მშენებლობის გაჭიანურებამ უთუოდ მისი გაძვირება გამოიწვია.

_ რა თქმა უნდა. ენგურჰესის მშენებლობა დაჯდა დაახლოებით ერთი მილიარდი მანეთი, რომელიც, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, დღევანდელი კურსით 8-10 მილიარდ აშშ დოლარს უდრის. ამის დასადასტურებლად რამდენიმე ციფრს დაგისახელებთ. ერთი კუბური მეტრი ხეტყე ღირდა 6 მანეთი და 70 კაპიკი, არმატურა _ კილოგრამი 19 კაპიკი, ცემენტი _ ტონა 5 მანეთი. კუბური მეტრი მიწის დამუშავება, ყველაზე ღრმად, 3 მანეთი ჯდებოდა. ასეთი ფასებით შედგა მილიარდი მანეთი.

მოდი, ერთი სატკივარიც გავანდოთ თქვენს მკითხველებს.

_ ბრძანეთ!

_ ხუდონჰესი, რომლის მშენებლობა დაწყებული იყო, რომ დაგვემთავრებინა, .. მწვანეთა მოძრაობას რომ არ შეეჩერებინა, ეს ბოროტება არ ჩაედინა, 700 მეგავატის სიმძლავრის ხუდონჰესი რომ აგვეშენებინა, საქართველო უზარმაზარ სიძნელეებს ასცდებოდა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სწორედ ამ მშენებლობის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მიუთითებდა ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას საკავშირო მთავრობის თავმჯდომარე ნიკოლაი რიჟკოვი.

_ საკავშირო სახსრებით?

_ დიახ. იმავეს გვეხვეწებოდა ცნობილი არკადი ვოლსკიც, საკავშირო ცეკას მძიმე მანქანათმშენებლობის განყოფილების გამგე, რომელიც ენგურჰესის მშენებლობას კურატორობდა. იგი სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში და დაინტერესებულ პროფესიონალებსა და სხვებს განუცხადა: გინდათ, დამოუკიდებელი ქვეყანა იყავით, თქვენი ნებაა, მაგრამ ენგურჰესი და ხუდონჰესი თქვენ გჭირდებათ. 700 მილიონი რუბლი დაჯდებოდა ეს მშენებლობა. ამაზე ლაპარაკი იყო ჯერ 80-იან, შემდეგ 90-იან წლებშიც კი.

ახლა რა მამასისხლად და სვანეთის მოსახლეობის როგორ შეურაცხყოფად გვიჯდება ხუდონჰესის მშენებლობის გაგრძელება, თქვენმა მკითხველებმა კარგად იციან.

ყველა საკითხი მოგვარებული იყო, ნულოვანი ციკლი _ დამთავრებული და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ასეთი შესაძლებლობა, ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით. ეს შეცდომა ჩვენი იმჟამინდელი მთავრობის სინდისზეა. იგი აჰყვა ქუჩაში გამოსულ მომიტინგე ახალგაზრდობას, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ქვეყნის ენერგეტიკულ პრობლემებზე.

ერთსაც დავუმატებ.

1991 წელია. ვარ საქართველოს პრეზიდიუმის წევრი. შევდივარ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან, ვცდილობ, მრჩევლის როლი ვითამაშო და ერთი დეტალის შესახებ ვიწყებ ლაპარაკს.

ეს ის პერიოდია, როცა იგი ახლოს არ იკარებდა იმ მოძრაობებს, რომლებიც “მრგვალ მაგიდაში” არ იყვნენ გაერთიანებულნი, მათ შორის, “მწვანეებს”:

_ ბატონო ზვიად, _ ვეუბნები, _ იქნებ, შეარბილოთ მათ მიმართ თქვენი დამოკიდებულება. ახლოს გყავდეთ, გაიარონ რაღაც სკოლა, თორემ ქუჩაში გდებით სახელმწიფოს მართვის ვერავითარ გამოცდილებას ვერ მიიღებენ და, როცა ხელისუფლებაში მოვლენ, ქვეყანას თავზე დაგვამხობენ.

მომისმინა და მეკითხება:

_ ვინ გყავს მხედველობაში?

_ მაგალითად, “მწვანეები”.

_ ეგენი მწვანეები კი არა, მავნეები არიან, _ მიპასუხა და ამით დაამთავრა საუბარი.

ზვიად გამსახურდიამ ეს თქვა იმმწვანეებზე”, რომლებმაც გააჩერეს არა მხოლოდ ხუდონჰესი, არამედ კახეთში სამელიორაციო სისტემების, დალის, ილტოს წყალსაცავებისა და მათი შესაბამისი ქსელების მშენებლობა.

მწვანეებისლოზუნგი, რომ ამით ისინი თითქოს საქართველოს ბუნების გადასარჩენად იღვწოდნენ, ცრუ იყო. სინამდვილეში ისინი ცდილობდნენ, დაემკვიდრებინათ საკუთარი თავი, როგორც საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აქტიურ მებრძოლებს; მოქცეულიყვნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც ძალა, რომელსაც ხელისუფლება ანგარიშს უწევს. პროპაგანდისტული დატვირთვის გარდა, მათ აქციებს სახალხოსამეურნეო არავითარი დატვირთვა არ ჰქონია. პირიქით, მაშინ ეს იყო მავნე მოძრაობა.

ეროვნული მოძრაობის პიკზე ზვიად გამსახურდიას მათთვის ხელი არ შეუშლია, რადგან ისინი საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდნენ, მაგრამ, როცა თვითონ გახდა ხელისუფალი, ნახეთ, როგორ შეაფასა? _ მავნეები არიანო. მათი იმჟამინდელი მავნებლობა დღესაც იჩენს თავს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here