Home რუბრიკები საზოგადოება მამა ზაქარია: სჯობს, ამერიკის ელჩი ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს გაეცნოს, ვიდრე...

მამა ზაქარია: სჯობს, ამერიკის ელჩი ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს გაეცნოს, ვიდრე არაკორექტული განცხადებები აკეთოს

3770

რამდენიმე დღის წინათ რელიგიური უმცირესობის რვა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. 

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელისტურბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიანადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, წმინდა სამების ეკლესია და ქრისტეს ეკლესია; მათ ინტერესებს კი საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (დამაარსებელი _ კახაბერ ბენდუქიძე), აგრეთვე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი. მოსარჩლები ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების გაუქმებას, რომლებიც, მათი აზრით, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების, ანუ .. კონკორდატის საფუძველზე საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს მართლმადიდებლებს. ამ საკითხზე გვესაუბრება სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე.

_ მამაო, რელიგიური უმცირესობის რვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრივილეგიები, რომლებიც აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას საგადასახადო სფეროში, ქმნის უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს. რა ასეთი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობთ?

_ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არავითარი განსაკუთრებული პრივილეგიები არ აქვს. ეკლესია აწარმოებს ნივთებს, მაგალითად, ჯვრებს, ხატებს, სანთლებს და ა.შ. და მათი რეალიზაციიდან შემოსული თანხა სახელმწიფოს მიერ არ იბეგრება.

_ მამაო, დავუშვათ, ეკლესიამ დაიწყო ველოსიპედების წარმოება, მაშინ თუ დაიბეგრება გაყიდვიდან შემოსული მოგება?

_ რა თქმა უნდა, დაიბეგრება.

_ ნებისმიერი ტაძარი მომხმარებელია დენის, ბუნებრივი აირის, წყლის და .. კომუნალური გადასახადებიდან თუ ხართ გათავისუფლებულნი?

_ არა, არ ვართ გათავისუფლებული. უბრალოდ, უმრავლეს შემთხვევაში, კომუნალურ გადასახადებს იხდიან კერძო ორგანიზაციები ან კერძო პირები.

_ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ აფინანსებენ ეკლესიას?

_ წლევანდელი ბიუჯეტიდან სახელმწიფომ ეკლესიას 25 მილიონი ლარი გამოუყო. ამ თანხის არც ერთი თეთრი არ მოხმარებია ტაძრების მშენებლობას და სასულიერო პირებს. ეს ფული, ძირითადად, იხარჯება სასულიერო აკადემიაში, სემინარიებსა და ეკლესიის მიერ დაარსებულ უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სათნოების სახლებში მომუშავე პერსონალის ხელფასებზე.

_ რელიგიურ უმცირესობებს თუ უხდიან ბიუჯეტიდან?

_ მათზე გამოყოფილია სამი მილიონი ლარი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაგ უმცირესობებს უხვად აფინანსებენ დასავლეთის ქვეყნები და იქაური საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

_ ერთი იღებს 25 მილიონ ლარს, დანარჩენებზე კი მხოლოდ სამი მილიონი ლარი ნაწილდება. თქვენი აზრით, ეს არ არის უთანასწორობა?

_ მოდი ასე გეტყვით: დავუშვათ, არის ადამიანი, რომლის შრომითი სტაჟი 50 წელია, მეორესი კი _ მხოლოდ სამი. ამასთანავე, ორივე საპენსიო ასაკისაა. ვის ეკუთვნის უფრო დიდი პენსია?

_ წესით, იმას, ვისაც უფრო მეტი სტაჟი აქვს.

_ აგაშენათ ღმერთმა! დედაეკლესიას უდიდესი დამსახურება აქვს ქართული სახელმწიფოს წინაშე. ჩვენი კულტურა, ძირითადად, მართლმადიდებლურია. აღარაფერს ვამბობ ეკლესიის იმ თავგანწირვაზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა. გეკითხებით, რა დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუნდაც ერთად აღებულ იმ რვა მოსარჩელეს?

_ ჩემი აზრით, არავითარი, მაგრამ, მამაო, ისინი ხელს იშვერენ ევროპული კანონმდებლობისკენ.

_ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არ იციან ევროპული კანონმდებლობა. ავიღოთ ეუთოს 1999 წლის საცნობარო დოკუმენტი: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება: კანონი, რომელიც გავლენას ახდენს რელიგიურ გაერთიანებათა სტრუქტურაზე”, მასში წერია: “დღეისათვის ამგვარი განსხვავება (პრივილეგიები _ ავტ.) არ არღვევს თანასწორი მოპყრობის კანონებს, ალბათ, იმის გამო, რომ თვით ასეთ სისტემაში არსებული შეხედულებები ბუნებრივად გამომდინარეობს ისტორიიდან, ტრადიციებიდან, გარემოებებიდან”. იყო ასეთი გახმაურებული საქმე _ “იგლესია ბატისტა და ორტეგა მორატილა ესპანეთის წინააღმდეგ”. ევროპულმა სასამართლომ დისკრიმინაციად არ მიიჩნია ის საგადასახადო შეღავათები, რომლებითაც ესპანეთში სარგებლობს მხოლოდ და მხოლოდ კათოლიკური ეკლესია. და ეს ბუნებრივია, რადგან მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ესპანური სახელმწიფოს აღმშენებლობაში.

_ მსმენია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ხელისუფლებამ აუნაზღაურა ის ზარალი, რომელიც მას მიაყენეს ბოლშევიკებმა.

_ არ ვიცი, რას ეძახიან ანაზღაურებას. ბოლშევიკებმა 20-იან წლებში უამრავი ტაძარი დაანგრიეს, ეკლესიას წაართვეს სახნავ-სათესი მიწები, ტყეები, მამულები, საწარმოები… და, მთავარი _ წაართვეს ხატები, ჯვრები, ბარძიმ-ფეშხუმები, რომლებიც დღემდე მუზეუმებშია გამომწყვდეული.

_ რას იტყვით იმ ფაქტზე, რომ მოსარჩლეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ ათეისტი კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ანუ, ფაქტობრივად, ლგბტ თემის ინტერესების დამცავი ორგანიზაცია.

_ რა უნდა ვთქვა?! ხომ გსმენიათ: მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენო!

_ ამერიკის ელჩმა საქართველოში მხარი დაუჭირა რელიგიური უმცირესობების ორგანიზაციებს. თქვენი აზრით, რატომ?

_ ვფიქრობ, ბატონ ელჩს უცოდინარობის გამო მოუვიდა ეს. ეტყობა, მან არ იცის, რა ქვეყანაში ჩამოვიდა. სჯობს, ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს გაეცნოს, ვიდრე აკეთოს არაკორექტული განცხადებები. თუ არ ვცდები, ის ახალდანიშნულია, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ გაგვიცნობს, სხვაგვარად შეგვხედავს.

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

1 COMMENT

  1. გარდა იმისა, რომ \\\’დიდი სტაჟი\\\’ აქვს, ნუთუ ის არ არის გასათვალისწინებელი, თუ რამდენი ყავს მრევლი მართლმადიდებელ ეკლესიას და რამდენი ჩამოთვლილ დანარჩენ რვას.

  2. სტაჟის გარდა მოსახლეობის უმრავლესობა თან აშკარა უმრავლესობა, მართლმადიდებელია.შესაბამისად პროპორციული წილიც სწორია

  3. მოვითხოვ, დისკრიმინაციული კანონი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ უნდა გაუქმდეს. რას ჩადიან ეს ძალათ დემოკრატიას ამოფარებული პალამენტარები, ბიუჯეტის ხარჯზე სხვა რელიგიები, ე.ი. ჩემი ფულით ისინი არ უნდა ფინანსდებოდნენ.. ქართულმა ეკლესიამ უზარმაზარი მსხვერპლის და საკუთარი სისხლის ხარჯზე ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა. ჩვენი ძალა ჩვენს საუკუნოებრივი ტრადიციების სიძლიერის ხარჯზეა. იაპონიამ, ამ უდიდესი კულტურის ქვეყანამ მთელ მსოფლიოს გააცნო და უველგან დაამკვიდრა თავისი საუკუნოვანი ტრადიციები, ჩვენ საქართველომ გრანტებსა და საეჭვო ღირებულებებს ვაყოლეთ სამშობლო. სანამ უვიცი და მუცელს გადაყოლილი მთავრობა გვეყოლება არ იქნება ჩვენი საშველი. უნიჭიერესი ერი ვართ და ლენჩები მართავდნენ ქვეყანას სააკაშვილების უთავმოყვარო და უღირსი მკვლელებით. მოვითხოვ ქართული ეკლესიის ღირსების დაცვას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here