Home რუბრიკები პოლიტიკა ვახტანგ მაისაია: საქართველოს ლიბანიზაცია ემუქრება

ვახტანგ მაისაია: საქართველოს ლიბანიზაცია ემუქრება

770

გასულ კვირას მედიის ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტმა მიიპყრო: საქართველოს ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ეწვია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებს იძიებს და მასში მონაწილე დამნაშავე პირების გამოვლენას ცდილობს.

სპეციალისტების აზრით, ის საქართველოდან ისე არ წავა, რომ საქმე ბოლომდე არ გამოიძიოს. კვირის ბოლოს კი საზოგადოების ყურადღების ცენტრშინაცმოძრაობააღმოჩნდა. სააკაშვილის თანაგუნდელებმა თავდაპირველად საპროტესტო აქციებით მიიპყრეს ყურადღება, მაგრამ ეს ხმაური ჩაახშო მათივე მმართველობის პერიოდში გადაღებულმა შემზარავმა ვიდეოჩანაწერებმა, რომელთა კადრებიც ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მოსახლეობას საჯაროდ აჩვენესსაქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ვახტანგ მაისაია.

_ გასულ კვირას საქართველოში ჩამოვიდა ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებში გარკვევასა და დამნაშავე პირების დადგენას ცდილობს. აგვისტოს ომის გამოძიებას ქართველი საზოგადოება, დიდი ხანია, ითხოვს და ძიებაც დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი დასკვნა არ გამოქვეყნებულა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ჯერ კიდევ ყოფილი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ცდილობდა ამ საქმის გამოძიებას და ჩვენც ცდა არ დაგვიკლია, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შევედითორატომ შეიქნა საჭირო ჰააგის პროკურორის ჩამოსვლა?

_ ამჟამინდელი ხელისუფლების განცხადებებს რომ ვისმენ, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს… აგვისტოს ომის გამოძიება დღის წესრიგში რომ დადგებოდა, 2013 წელს იყო ცხადი. ჰააგის სასამართლომ სწორედ 2013 წელს გააფრთხილა საქართველო, დაესრულებინა გამოძიება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალქსანდრე ბასტრიკინმა კი დაიწყო გამოძიება და დამნაშავეებიც დაისაჯნენ. ქართულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, ბოლომდე გამოეძიებინა ომისდროინდელი ფაქტები, მაგრამ გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანეს და საჭირო შეიქნა ჰააგის პროკურორის ჩარევა. ფატუ ბენსუდა გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს. ის ცდილობს, ყველა დეტალში გაერკვეს, რომლებიც 2008 წლის ივნისიდან 2008 წლის ოქტომბრამდე მოხდა, მას სწორედ ამ პერიოდში ჩადენილი დანაშაულები აინტერესებს.

საქართველო 2008 წლის ომზე ითხოვდა გამოძიებას, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისას. ბუნებრივია, რომ მხარეს, რომელიც ამ კუთხით ითხოვს ძიების დაწყებას და ბოლომდე არ მიჰყავს დაწყებული საქმე, საეჭვო ვითარება აქვს.

შემთხვევითი არ არის, რომ ფატუ ბანსუდა თბილისს ეწვია და არა მოსკოვს. და, საერთოდაც, ეჭვი მეპარება, რომ პროკურორი მოსკოვში ჩავიდეს. მან ძალიან მკაცრად დააყენა საკითხი _ რატომ ვერ მოახერხა გამოძიების ბოლომდე მიყვანა ქართულმა მხარემ.

ვარდისფერი სათვალით მზერა ქართველებს არაფერში გვარგებს, სჯობს, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. 2008 წლის აგვისტოს ომში სამივე მხარე თანაბრად დამნაშავეა.

ჰააგის ტრიბუნალი არ იძიებს საქმეს, რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ განაჩენს არ გამოიტანს, ძიება კონკრეტული პიროვნებებს მიმართ მიმდინარეობს და ქვეყანა არაფერ შუაშია. არადა, ყველა შიშობს, რომ ქვეყანას დაადანაშაულებენ. სამწუხაროა, რომ კვალიფიციური იურისტები არ გვყავს.

_ შესაძლოა, დანაშაულის კვალი ისეთ ადამიანებზე გადის, რომელთა დანაშაულის აღიარებაც არ სურთ და ხელს აფარებენ

_ არ ვიცი, ვისთვის სურთ ხელის დაფარება, მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ბრძანება შუა ღამისას გაიცა და ქართული სოფლები დაიბომბა, გამოყენებული იყო კასეტური ბომბები. გასარკვევია, ვინ მიაგდო ბედის ანაბარა ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა. არის კიდევ უამრავი ნიუანსი, რომლებიც გასარკვევია. ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მოსახლეობის დაცვა. ეს უდიდესი დანაშაულია, იმაზე დიდი, ვიდრე ომის დაწყება.

იმხანად საქართველოში დიქტატორულ-ავტორიტარული რეჟიმი იყო, ასეთივე იყო ოსეთშიც, ამიტომ ომის დაწყების ბრძანების გაცემაც შესაბამისად მოხდა. ბრძანების გაცემის მოთავეები იქნებიან დამნაშავეებიც. ამ საქმეს ჰააგის ტრიბუნალი რომ იძიებს, საქართველოსთვის მაინცდამაინც კარგი არ არის. ძიების პროცესში დამნაშავე ბევრი აღმოჩნდება, საქართველოსაც ბევრი დამნაშავე ეყოლება.

დანაშაულის ელემენტები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება. ყოფილი პრეზიდენტი საჯაროდ მოუწოდებდა ჯარს კონსტიტუციური წესრიგის დამყარებისკენ, რასაც სამშვიდობოების იმჟამინდელი სარდალი მამუკა ყურაშვილი ადასტურებდა. ერთ-ერთი დიდი დანაშაული სამშვიდობოებზე თავდასხმა იყო. თავდასხმა სამშვიდობო ჯარზე, ვისიც უნდა იყოს, დიდი დანაშაულია.

ასე რომ, ჰააგის პროკურორს, არა მგონია, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილთან მშვიდი საუბარი ჰქონოდა. მათი საუბარი მძიმე იქნებოდა და კიდევ უფრო დამძიმდება ძიების პროცესში.

_ რამდენიმე დღის წინათ ნაცმოძრაობისდროინდელი კიდევ ერთი შემზარავი ფარული ჩანაწერი მოსახლეობას საჯაროდ აჩვენეს

_ ეს კადრები ნანახი მაქვს. მსგავსი კადრები 2013 წელს რომ გამოჩნდა, პირველად თქვენს გაზეთთან ინტერვიუში ვთქვი, რომ ეს ასლები იყო და ორიგინალები სხვაგან, ქვეყნის გარეთ ინახებოდა. იმხანად ეს ვერსიად ჩათვალეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი.

სანამ ამ ჩანაწერების შესახებ შევიტყობდით რამეს, უკრაინაში გაიმართა კონფიდენციალური შეხვედრა ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და ყოფილი კუდ-ის უფროს ირაკლი კოდუას შორის, შემდეგ გამოქვეყნდა ეს კადრები.

რისთვის დასჭირდათ ეს ყველაფერი? “ნაცმოძრაობის” შიგნით დამსჯელი ზონდერების შემადგენლობაში, ანუ “სიკვდილის ესკადრონების” რიგებში ბზარები გაჩნდა, შესაბამისად, მათ ყოფილი “პატრონების” წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება. ეს ნაბიჯი მეგის ქარდავამ და ირაკლი კოდუამ გადადგეს. კოდუა დიდხანს დაძრწოდა ხან აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხან _ თურქეთში, ხან _ უკრაინაში, თავს ვერაფერი უშველა და ბოლოს ეს გადაწყვეტილება მიიღო. კოდუამ ეს კადრები უკრაინელი საზოგადოებისთვის გაავრცელა, პირველად იქ აჩვენეს. კადრებს დიდი გამოძახილი ჰქონდა, იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენთან. მოტივი იყო სააკაშვილის კარიერის დასრულება.

“ნაცმოძრაობა” მარტივ მამრავლებად იშლება და ვირთხები გემიდან გაქცევას ცდილობენ.

_ ისლამურმა სახელმწიფომ რუსეთს ჯიჰადი გამოუცხადა. გვემუქრება თუ არა ჩვენ საფრთხე? საქართველოს საზღვრები დაცული არ აქვს, ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, ზოგიერთი უკან ბრუნდება

_ ჯიჰადი ამერიკასაც გამოუცხადეს, ქართველები კი ნატოს ჯარებშიც ბევრნი არიან… საფრთხე ძალიან დიდია _ საქართველოს ლიბანიზაცია ემუქრება. საქართველო ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც 1982 წელს ლიბანი იყო. ლიბანს, ვისაც არ ეზარებოდა, სატრანზიტო დერეფნად იყენებდა. პალესტინა კი იქიდან ისრაელზე თავდასხმებს აწყობდა, ისრაელმაც ნახევარი ლიბანი დაიკავა და უშიშროების ზონა შექმნა, შეიჭრა სირიაც და გაერკვეული ტერიტორია ჩაიგდო ხელში. ამას გარდა, ლიბანში მოქმედებდნენ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები და ა.შ. 1976 წლიდან ლიბანი შავი ტრანზიტის ქვეყანაა და ამ ყველაფერს ლოგიკური გაგრძელებაც მოჰყვა, იქ ისრაელისა და არაბეთის მე-6 ომი დაიწყო, რის გამოც, უკვე 1982 წელს ნატოსა და საბჭოთა კავშირის ჯარების ჩარევა გახდა საჭირო.

ყველაფერი იქით მიდის, რომ საქართველო ე.წ. შავი ტრანზიტის მნიშვნელოვან არეალად გადაიქცეს. “ისლამურ სახელმწიფოს” საქართველო სჭირდება, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, სურს, თავისი მებრძოლები ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში გადაისროლოს.

საქართველოში ყველას შეუძლია შემოსვლაც და გასვლაც, ჩვენ დაცულები არ ვართ.

რამდენიმე დღის წინათ გაჩნდა კადრები, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია. სირიიდან წამოსულმა მოჯაჰედებმა, რომლებმაც საქართველოს ტერიტორია გაიარეს, ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმართეს და განაცხადეს, რომ იწყებენ გააქტიურებას. ვიდეო გაავრცელა ვინმე ხამზატმა, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ერთერთი თავკაცია. სირიიდან ჩავიდა ახალი ძალა და მას შეუერთდა. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის, რომ მოჯაჰედებმა საქართველოს ტერიტორია გაიარეს.

_ საქართველოს ხელისუფლება თუ ატარებს პრევენციულ ზომებს?

_ ამ ხელისუფლების კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახმედ ჩატაევის საქმეს იძიებდა და მათ ის გაათავისუფლეს. შეიძლება, სამართლებრივად მისი გათავისუფლება სწორი იყო, მაგრამ კონტრდაზვერვა იმისთვის არსებობს, რომ რისკები გათვალოს. ახმედ ჩატაევი ტერორისტთა სიაშია

რაც შეეხება იმას, პრევენციულ ზომებს იღებს თუ არა ხელისუფება, ვერ გეტყვით, როგორც სპეციალისტს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, მსგავსი რამ არ შემიმჩნევია. შესაძლოა, ისეთ მაღალ დონეზე მუშაობენ, რომ ამას ვერ ვამჩნევთ და ეს კარგიც არის, მაგრამ მეეჭვება.

_ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და საქართველოვართ კი ადეკვატურები?

_ ადეკვატურობაზე რა მოგახსენოთ. ჩვენგან 600 კილომეტრში რეგიონული კონფლიქტი მიმდინარეობს, მისი მასშტაბები განუსაზღვრელია და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო სირაქლემის პოზაშია. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებები მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად არასოდეს აფასებდნენ.

სირიაში, ჩვენგან ასე ახლოს, ომია და რომელი ქართული ეროვნული ტელევიზია აშუქებს მიმდინარე პროცესებს, თანაც რეალურად? ვინმემ იცის, დეტალურად რა ხდება მსოფლიოში? სულ რამდენიმე გამოცემა წერს ამ თემაზე და ერთ-ერთი თქვენი გაზეთია, რაც მისასალმებელია.

ყველაფერი ძალიან ცუდად არის. არადა, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, ეს ქართული სიბეცეა. როგორც დიდი ილია ამბობდა, ვმალოთ ყველაფერი და რამდენად წაგვადგება, ვნახოთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. მაისაია ჭკვიანი კაცია, საკვირველია რომ მისი ცოდნის რეალიზაცია ნაკლებათ ხდება. ჩვენ გვძინავს და როცა საჭიროა ვერ ვიღვიძებთ. სანამ ჭკვიანი ხალხი სახლში გვეჯდება საქმეს არ ეშველება, ქვეყანა \\\”ქეთუსიებისა და მაიების \\\” განსასჯელი გახდა. მარტო მაისაია \\\”გაზაფხულს\\\” ვერ მოიყვანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here